"დიმა ჯაიანი ცრუობს" - კვირის პალიტრა

"დიმა ჯაიანი ცრუობს"

"მოსკოვში მყოფმა ზოგიერთმა ქართველმა თავი მოიტყუა"

არჩევნების საკითხებზე მოლაპარაკების პროცესი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გასულ კვირას ჩაიშალა, სხდომა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დატოვა. ხელისუფლება "ალიანსის" წინადადების მიღებაზე უარს ამბობს, მაგრამ დათმობას არც ოპოზიცია აპირებს. როგორ შეიძლება გაგრძელდეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უცხოელთა დიდი ძალისხმევით დაწყებული კონსულტაციები და როგორია სახელისუფლებო გუნდის მიერ დანახული მიმდინარე პროცესები, გია როინიშვილთან ინტერვიუში შეიტყობთ, რომელთან საუბარშიც სახელოვნებო სფეროში პოლიტიკურ ნიადაგზე წამოჭრილ დაპირისპირებებსაც შევეხეთ:

- დიალოგი ულტიმატუმებს გამორიცხავს და არ ნიშნავს, რომ მხარეები ყველა საკითხზე შეთანხმდებიან. დიალოგისაკენ ხელისუფლებამ გადადგა პირველი ნაბიჯი, როდესაც პარლამენტში დავუშვით უფლებამოსილებაშეწყვეტილი ოპოზიციონერი დეპუტატები.

- მაგრამ ოპოზიციონერ დეპუტატებს არ უთქვამთ, რომ პარლამენტში დაბრუნება სურდათ. მათ ხელისუფლების ჟესტი მიიღეს როგორც დასავლეთისთვის საჩვენებელი.

- როდესაც ხალხმა აგირჩია და გსურს ხალხის სამსახური, შეიძლება გააკეთო ისეთი რამ, რაც შესაძლოა, არც გსიამოვნებდეს. ილაპარაკონ, რომ ეს ვიღაცის საჩვენებლად დავუშვით. ჩემი აზრით, ეს ხელისუფლების ინიციატივა იყო და ოპოზიციას ეს უნდა გამოეყენებინა. ბარიერის საკითხი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია. თავიდან ეს საკითხი არც იდგა. ხელისუფლება წავიდა დათმობაზე და ოპოზიციას 30%-იან ბარიერზე შესთავაზა მოლაპარაკება. ეს არ იყო კომპრომისი? 45% ოპოზიციის ლიდერებმა იმისთვის წამოაყენეს, რომ იციან, პირველ ტურში საჭირო ხმებს ვერც ერთი ვერ დააგროვებს და  მეორე ტურში ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო კანდიდატის გამოყვანა სურთ.  რატომ უნდა ეშინოდეს ხელისუფლებას თბილისში ბარიერის აწევის, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი მას უჭერს მხარს?

- მაგრამ პრეზიდენტმაც კი აღიარა, ლევან გაჩეჩილაძეს თბილისში მერის არჩევნებს ვინ მოუგებსო.

- რას მელაპარაკებით? რაღაცებს იგონებთ!

- დაუსაბუთებელი ბრალდებაა. ეს განცხადება პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას გააკეთა და უნდა გცოდნოდათ.

- არ მახსოვს, პრეზიდენტს ასეთი რამ ეთქვა საჯაროდ. შესაძლოა, პირად საუბარში გაეხუმრა ლევან გაჩეჩილაძეს. ჩემი აზრით, ეს არ არის ოფიციალური განცხადება.

-  ცხინვალში ისევ ტყვეობაში რჩება ოთხი მოზარდი.  ხელისუფლება რას აკეთებს მათ გასათავისუფლებლად?

- ადამიანთა გატაცება ახლა არ დაწყებულა. 20 წელიწადია ამ დღეში ვართ, მაგრამ მოზარდების გატაცება აქამდე არ მომხდარა. ეს ამაზრზენი ქმედება და უზნეობის აპოგეაა. უსუსურობისა და ამორალურობის გამოვლინებაა, 14 წლის ბავშვს ჩანთაში ყუმბარებს რომ ჩაუწყობ და აფეთქების მცდელობას დააბრალებ. რუსეთის ხელისუფალნი ქუჩის ბიჭებივით რომ  მეტყველებენ, რამდენიმე დღის წინაც გამოჩნდა, როდესაც პუტინმა ქართველ და უკრაინელ ხალხთან ერთად რუს ხალხსაც მიაყენა შეურაცხყოფა უკბილო ხუმრობით. გული მწყდება, რომ ჩეხოვის, ტოლსტოისა და ჩაიკოვსკის ქვეყანას ასეთი დონის პოლიტიკოსები, "შპანა" მართავს. ისინი უპირველესად რუსეთს დააქცევენ.  საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ბავშვების დასაბრუნებლად. ოთხი ქართველი მოზარდის დატყვევება უნდა გამიკვირდეს იმ ხელისუფლებისაგან, რომელმაც თავის მოქალაქეებს ბესლანის ტრაგედია მოუწყო და ასობით ბავშვი ამოხოცა?

- რას იტყვით რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მიერ ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე წარმოთქმულ სადღეგრძელოზე?

- ვისაც სჯერა, რომ რუსეთის პრემიერი საქართველოს  ტერიტორიულ მთლიანობაზე ფიქრობს, გაიხსენოს საქართველოს წინა პრეზიდენტი. რუსეთს ვუმღერეთ კიდეც, ვუცეკვეთ კიდეც, ხაჭაპურებიც ვაჭამეთ, მაგრამ მისგან ვერაფერი მივიღეთ და ვერც მივიღებთ. პუტინმა "ვოსსოედინენიე გრუზიი" ახსენა, რაც საქართველოს მიერთებას ნიშნავს და არა საქართველოს გამთლიანებას, როგორც ზოგმა გაიგო. ზოგიერთმა იქ მყოფმა ქართველმა სტუმარმა მოსკოვში ყოფნა რომ გაემართლებინა, თავი მოიტყუა და ვითომ ვერ გაიგო ამ ნათქვამის არსი.

- პრიმაკოვის იუბილეში  ქართველი მომღერლების მონაწილეობაზე რას იტყვით?

- ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება. ვიღაცის სიმღერითა და ცეკვით როგორ  შეიძლება პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა?  ამ ფაქტს ვერც რუს და ქართველ ხელოვანთა შეხვედრას დავარქმევთ. პრიმაკოვია ხელოვანი თუ პუტინია კარგი მოცეკვავე? სხვათა შორის, არც ერთ რუს ხელოვანს არც ოფიციალურად და არც პრივატულ საუბარში არ უთქვამს, ხელისუფლების დამპყრობლურ პოლიტიკას ვემიჯნებით, სამაჩაბლო და აფხაზეთი თქვენიაო. ეს იმიტომ, რომ თვითონაც იმპერიალისტურად აზროვნებენ.

- შეგახსენებთ რეჟისორ ნეკრასოვის  ფილმს "რუსული გაკვეთილები".

- ნეკრასოვები ძალიან ცოტა არიან რუსეთში და მათ იქ აღარც დაედგომებათ.

- საქართველოს საპატრიარქომ გასულ კვირას კიდევ ერთხელ განაცხადა, ზოგიერთ ძალას ეკლესიის დაპირისპირებაში ჩართვა სურსო.

- ბეცია ის პოლიტიკოსი, ვინც   ეკლესიის დაპირისპირებასა თუ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ცდილობს. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ფრთხილად იყოს ყველა ამ თემაზე საუბრისას. მინდა ყველას მოვუწოდო, - თავი დაანებონ ეკლესიის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას.

- მოარული ფრაზა, - ხელისუფლებას ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი აღიზიანებსო, არ გაგიგონიათ?!

- ეს არასწორი შეფასებაა. ეკლესიასთან რომელიმე პოლიტიკური ძალის შედარება წარმოუდგენელი სიბრიყვეა.

- სოხუმის თეატრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჯაიანმა განაცხადა, რომ მას "მეგობრულად ურჩიეთ", ნებით დაეტოვებინა თანამდებობა.

- ეს ტყუილი და ჟურნალისტების აგორებული თემაა.

- ეს განცხადება ბატონმა დიმამ სწორედ ჟურნალისტების თანდასწრებით გააკეთა.

- არ მინდა დავიჯერო, რომ ეს დიმამ თქვა, მაგრამ რაკი განცხადება მოგისმენიათ, გეტყვით, რომ ის ტყუის. ჩვენ ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ეგ არის, მე დღეს პოლიტიკოსი ვარ, ის კი - მსახიობი.

- მხოლოდ პოლიტიკოსად მიიჩნევთ თავს და არა მსახიობად? თქვენ ხომ კიდევ გამოდიხართ სცენაზე?

- თეატრში უწინდელივით აქტიური აღარა ვარ. ისე, მსახიობის და პოლიტიკოსის პროფესია ერთმანეთს ჰგავს. ორივე აზარტულია და ხალხს ემსახურება. შეიძლება ჩემს მაგალითზე მალე ისიც კი თქვან, მსახიობები კარგი პოლიტიკოსები არიანო. ეს ფორმულირება უფრო მომწონს ვიდრე ძველი - პოლიტიკოსები კარგი მსახიობები არიანო.

- ე.ი. ჯერ არ გითქვამთ, "რა მინდოდა წვენებში", ანუ პოლიტიკაშიო.

- არა და რაც დრო გადის, ვრწმუნდები,  სწორად მოვიქეცი, პარლამენტში რომ ვარ. დღეს მე პოლიტიკა მაინტერესებს.

- პოლიტიკამ ძველ მეგობრებსა და კოლეგებთან ხომ არ გაგიფუჭათ ურთიერთობა? მაგალითად, სცენაზე თქვენს პარტნიორ ნინელი ჭანკვეტაძეს ოპოზიციური განწყობა აქვს.

- არავითარი კონფლიქტი არ გვაქვს. თეატრში ვხვდებით ერთმანეთს და ვთამაშობთ სპექტაკლებს. თუმც მიზეზთა გამო, ის ურთიერთერთობა აღარა გვაქვს, რაც უწინ.