ღირსებააყრილი ღირსების ორდენი - კვირის პალიტრა

ღირსებააყრილი ღირსების ორდენი

ლახუნდარელის ბუხართან

ბოლოს ისე მოხდება, ღირსების ორდენს ყველა "დავიკიდებთ"!

როცა უსაქმურობისგან ისევ ჩემს საყვარელ ბუხარს მივუჯექი და ჩემი "კვირის პალიტრა" გადავშალე, სტუმრის მოწვევაზე ფიქრი არ დამჭირვებია - საკარნავალო სცენაზე მიუნჰაუზენის კოსტიუმში გამოჭიმული პრეზიდენტი რომ დავინახე, მივხვდი, ვინც უნდა მომეწვია აგიზგიზებულ ბუხართან, თანაც გამიხარდა, რომ მკითხველის აზრი ჩემსას დაემთხვა - "პალიტრის კარნავალზე" ხალხმაც ფანტაზიორ და მატყუარა მიუნჰაუზენში მიხეილ სააკაშვილი ამოიცნო. მოკლედ, საუცხოო სუფრა გავშალე და საპატიო სტუმრის მოსაწვევად ის იყო დარეკვა დავაპირე, რომ ეს ჩვენი პრეზიდენტი "ლაივში" არ გამოიჯგიმა ეკრანზე?.. ნუ იტყვი და, ამჯერად, თავად ღირსეული სააკაშვილი ღირსების ორდენს ღირსეულად თანამდებობის დამტოვებელ ქალბატონს გადასცემდა, რომელიც თურმე იმიტომ წამოსულა სამსახურიდან, რომ "ჯაშუშებისა" და "ქვეყნის მტრების" ციხიდან გამოშვება ვერ აუტანია... რა მექნა, დავრჩი გაშლილ სუფრასთან მარტო და ღირსებასა და ღირსების ორდენების მატარებლებზე დავიწყე ფიქრი...

საქართველოში ღირსება ყოველთვის ადამიანის პიროვნულ თვისებად ითვლებოდა, მაგრამ ძლიერნი ამა ქვეყნისანი მუდამ ცდილობდნენ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანები რაიმეთი დაეჯილდოებინათ. თუ ეს ადრე აზნაურის ან თავადის ტიტულის მინიჭება იყო, დღეს არსებობს ორდენები, რომლებსაც ამა თუ იმ ადამიანს განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცემენ.

1992 წლის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით ერთ-ერთ უმაღლეს ორდენად ღირსების ორდენი იქნა შემოღებული. ღირსების ორდენის არსებობის განმავლობაში ათი ათასზე მეტი ადამიანია ამ ორდენის კავალერი და მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როცა ორდენზე უარი განაცხადეს. პირველი იყო ცნობილი მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი და მეორე აჭარის "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, მომკალი და გვარი არ მახსოვს, ალბათ, მეპატიება.

ღირსების ორდენის ისტორიაში ყველაზე დიდი ლაქა მაინც 2007 წლის შემოდგომაა, როდესაც მუსიკოს ზუმბას მიერ შექმნილ სიმღერაზე "გამარჯობა, აფახაზეთო შენი", კლიპი გადაიღეს და კლიპში მონაწილე ყველა მომღერალს ღირსების ორდენი გადასცეს. ამ ერთი შეხედვით არაფრის მთქმელმა ფაქტმა საბოლოოდ აჰყარა ღირსება ღირსების ორდენს. ჩემთვის, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისათვის, მიუღებელია, "პლეიბოისთვის" გაშიშვლებულ ნინა წკრიალაშვილს ღირსების ორდენის კავალერი ერქვას და კახელ გლეხს, რომელსაც გაჭირვებამ აიძულა, საკუთარი ხელით ვენახი აეჩეხა - მოღალატე, მაგრამ საქართველო ხომ პარადოქსების ქვეყანაა და შესაბამისად, გასაკვირიც არაფერია.

ღირსების ორდენი ნელ-ნელა სკოლის მედალს ემსგავსება, რომელიც მასწავლებლის შვილს გარანტირებული ჰქონდა, ოღონდ ორდენის შემთხვევაში საჭიროა ერთ კონკრეტულ პარტიასთან იყო შეხმატკბილებული და ორდენსაც ჩამოგკიდებენ და ამ ორდენისთვის განკუთვნილ პრემიასაც დაუბეგრავად მოგცემენ.

16 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა შსს-ს ერთ-ერთ თანამშრომელს, პოლიციის კაპიტან ქალბატონს, კარინ გრიგორიანს. არადა, ამ ადამიანს ერის წინაშე მხოლოდ ის "დამსახურება" აქვს, რომ თანამდებობა დატოვა, რადგან მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა "ჯაშუშებისათვის" პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება და შემდეგ მათი გათავისუფლება. საინტერესოა, მაშინ, როცა ამ ადამიანების უმრავლესობას უკანონოდ აპატიმრებდნენ და ჯაშუშებად ნათლავდნენ სად იყო ეს ადამიანი?! ანდა, ვინც მაშინ სავსებით სამართლიან პროტესტს გამოხატავდა, მათ არ ეკუთვნით ღირსების ორდენი?! ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ამ ნაბიჯით საბოლოოდ დაასამარეთ ღირსების ორდენი და ხაზი გაუსვით იმას, რომ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის საწინააღმდეგოდ აზროვნებთ.

ნოდარ დუმბაძის გენიალური პერსონაჟი ბერძენი იანგული ამბობს: "სამშობლო მარტო გულზე დაწერილი ტექსტი არაა, ის უფრო შიგნით და ღრმადაა". ასეა ღირსების ორდენიც - კავალერობა მარტო მედლის გულზე ჩამოკიდება არაა, განა ამ ორდენის კავალერი დიანა ღურწკაია არ იყო აგვისტოს ომის შემდეგ რუს ჟურნალისტებთან ქართველებზე არცთუ კორექტულად რომ ილაპარაკა? ამიტომაა, რომ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფო ჯილდოების ჩამორიგება, თორემ ბოლოს ისე მოხდება, რომ ღირსების ორდენს ყველა "დავიკიდებთ"!

ღირსების ორდენი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან მოქალაქენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში - მმართველობის, თავდაცვის, კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანდაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის. დამტკიცებულია 1992 წლის 24 დეკემბრის პარლამენტის დადგენილებით.

(საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დებულება)

ლადო გოგოლაძე