ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტის ქმედებები სულ უფრო იძენს საბოტაჟის ხელწერას, მეტიც, რჩება შთაბეჭდილება, რომ მან სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტმა, არამედ როგორც მოქალაქემ და ნებისმიერი ფორმით მზად არის გადაუხადოს სამაგიერო არა მარტო ახალ ხელისუფლებას, არამედ უპირველესად, საკუთარ ხალხს 1-ლი ოქტომბრის არჩევანის გამო.

პრეზიდენტი სეპარატიზმის რეჟიმში

მივყვეთ თანამიმდევრულად: სამეგრელოში რეზიდენციის გადატანის სააკაშვილისეული ინიციატივა სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული: სამეგრელო თავისთავად ყველაზე ფაქიზი რეგიონია, რომელმაც ყველაზე მეტი იწვნია საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების პროცესში და საიდანაც ყოველთვის იღებდა სათავეს რევოლუციური განწყობები; სამეგრელოშივე, მთელ წინასაარჩევნო პერიოდში არ წყდებოდა ინფორმაციები, რომ „ნაციონალებს“ ჰყავდათ კრიმინალებით და ყოფილი პარტიზანებით დაკომპლექტებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც რეალურად არსად წასულან. კომპრომატის ძებნაში გამობრძმედილ ნაციონალებს, დიდი ალბათობით, მათზეც ექნებათ დაგროვილი ისეთი ფაქტები, რომელთა გამოყენებითაც მათი უკანონო ქმედებებზე იძულებაც არ უნდა გაუჭირდეთ. და უმთავრესი - უშუალო სიახლოვე აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სამეგრელოს ისეთ ზონად აქცევს, სადაც ნებისმიერი ექსტრავაგანტური ქმედება სერიოზულ პროვოკაციად შეიძლება შემობრუნდეს. თავისი ექსცენტრიკულობით ცნობილი სააკაშვილის რეზიდენციის სამეგრელოში გადატანა კი ნამდვილად არის ისეთი მოვლენა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მაღალი რისკის მქონე ქმედებად უნდა დაკვალიფიცირდეს. მით უფრო, როცა გვახსოვს, როგორი მაპროვოცირებელი აღმოჩნდა ოსური მხარისთვის ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები იყო განლაგებული.

სეპარატიზმის სუნი უდის პრეზიდენტის ქუთაისში გაკეთებულ განცხადებასაც, როდესაც ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში დაბრუნებას დასავლეთ საქართველოს სიკვდილის ტოლფასად აფასებს, რითიც ის ირიბად აპირისპირებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოსა და თბილისს. სწორედ ამგვარი ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტი დღითი დღე იხსნის პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე.

ამას მოწმობს სააკაშვილის ბოლო და უჩვეულო პრესკონფერენციაც, როცა მან გაბედა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ და საკუთარი მაუწყებლების გარდა დამოუკიდებელი ტელევიზიების ჟურნალისტებიც მიიწვია. პრესკონფერენციაზე სააკაშვილი, ფაქტობრივად, შეეცადა, საქართველოსთან დაეპირისპირებინა ან, სულ მინიმუმ, ეჭვები გაეჩინა ჩვენს ყველა მეზობელთან - სომხეთთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან - ურთიერთობაში. საქართველოს პრეზიდენტი ისე ჟონგლიორობს ჩვენი უახლოესი მეზობლებისთვის მტკივნეული თემებით და ისე ადანაშაულებს ამაში საკუთარ ქვეყანას, რომ სულ არ ფიქრობს შედეგებზე. გამომდინარე აქედან, უნდა ვიფიქროთ, რომ  სააკაშვილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირველი პირიდან თანდათან რისკის შემცველ სერიოზულ ფაქტორად შეიძლება იქცეს.

აფხაზეთის რკინიგზა -საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარი თუ მახვილი?!

ასეთ ვითარებაში გაცილებით მეტი სიფრთხილე მართებთ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს ისეთი ინიციატივების გაჟღერებისას, როგორიცაა აფხაზეთის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, რომელსაც ძალიან ბევრი დაინტერესებული სუბიექტი ჰყავს. ეს არის თემა, რომელსაც ძალიან დიდი ამპლიტუდა აქვს, იქცეს საქართველოსთვის დიდი ხიფათიდან დიდ შანსად. ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღებას უნდა უძღოდეს მოლაპარაკებათა რთული და ხანგრძლივი პროცესი, სადაც განსახილველ თემათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. უპირველესი, მათ შორის, ბუნებრივია, არის საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების თემა, რომელიც გლობალურად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხია.

რა თქმა უნდა, ლაპარაკი იმაზე, რომ სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი იქცეს სასაზღვრო გამსვლელ პუნქტად საქართველოსა და აფხაზეთს შორის, ზედმეტია. სამაგიეროდ, თუ ქართველი მებაჟეები და მესაზღვრეები ჩადგნენ აფხაზეთის მხრიდან საქართველო-რუსეთის დე იურე საზღვარზე, ეს იმგვარი ეპოქალური გარღვევა იქნება, რომელზეც დღეს მხოლოდ ოცნება შეგვიძლია, რაც რეალურად ნიშნავს რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების გაუქმებას. რატომ დათანხმდება რუსეთი ამას და რისი დათმობა მოუწევს სანაცვლოდ საქართველოს?! ამ კითხვებზე ცალსახა პასუხი, დღევანდელი გადასახედიდან, არ ჩანს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ პროცესია, გაურკვეველი პასუხებით და ბუნდოვანი შედეგებით, თუმცა თავად მოლაპარაკების პროცესის დაწყება ღირს თუნდაც იმად, რომ გავიგოთ, არსებობს თუ არა რეალური რესურსი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე. ფაქტი ერთია - რაციონალური პოლიტიკა ეგზალტირებულს ნამდვილად სჯობს. სამწუხაროდ, შედეგი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ არსებული სტატუს კვოდან გამოსვლა პროცესის დაძვრის გარეშე შეუძლებელია.