მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

რატომ არ ჰყავს ახალ ხელისუფლებას ოპოზიცია

ხშირად გაიგონებ, თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას" ისეთი ძლიერი ოპოზიცია რომ ჰყოლოდა, როგორიც ახლა "ოცნებას" ჰყავს, ამდენ შეცდომას არ დაუშვებდნენო. არადა, მე თუ მკითხავთ, "ოცნებას" საერთოდ არ ჰყავს ოპოზიცია. თქვენ მეტყვით, აბა, "ნაცები" ვინ არიან, ბამბის მჩეჩავებიო? დროა, ბამბის ჩეჩვა ისწავლონ, რადგან ოპოზიციონერებად ძალიან სუსტები არიან. აბა, როგორ არიან სუსტებიო, - იკითხავთ, - ლამის ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ შეარჩინონ ხელისუფლებას, ყველაფერზე აკრიტიკებენ, არაფერს უთმობენო. და მერე? რა მერე, რომ ყველაფერზე აკრიტიკებენ? რა არის ამის ფასი?

ყველაფერი ხომ იმით განისაზღვრება, რამდენად მოაქვს შედეგი? და რა შედეგი მოაქვს "ნაციონალებისგან" "ოცნების" კრიტიკას? მე თუ მკითხავთ, შედეგი არის ნული. ზოგჯერ, პირიქით, მინუსებშიც მიდის. ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: "ნაციონალური მოძრაობისგან" გაკრიტიკება, ჩემი დაკვირვებით, საზოგადოების განწყობაზე გავლენას საერთოდ ვერ ახდენს. ხალხი ეგრევე იწყებს ყვირილს, თქვენ ხმას როგორ იღებთ, თქვენ ხომ უარესად იქცეოდითო. როდესაც "ნაცები" ხელისუფლების კრიტიკას იწყებენ, ხალხის დიდ ნაწილს მაშინვე მათ მიმართ აგრესია უჩნდება და ყველას ავიწყდება ხელისუფლების შეცდომები. რაც უნდა მართალს ამბობდნენ, ხალხს მათი პირიდან წამოსული სიმართლისაც აღარ სჯერა, ხოლო იმ ოპოზიციის ფასი, რომლის კრიტიკასაც საზოგადოებრივ აზრზე გავლენა არა აქვს, კაპიკია, გინდ ყოფილა, გინდ არა. ამიტომაც ვამბობ, ახალ ხელისუფლებას ოპოზიცია არ ჰყავს-მეთქი. ოპოზიციის გარეშე კი შეიძლება იგივე დაემართოთ, რაც თავის დროზე "ნაციონალებს" მოუვიდათ.

კარტოფილი და სინდისი

აღარაფერს ვამბობ პრეზიდენტის კრიტიკაზე, რომელიც სულ უფრო არაადეკვატური და გამაღიზიანებელი ხდება. ძველით ახალ წელს მიშამ და ბიძინამ საპატრიარქოში ერთმანეთს ჭიქები რომ მიუჭახუნეს, ვიფიქრე, აჰა, დაიწყო ჭეშმარიტი კოჰაბიტაცია-მეთქი, მაგრამ როგორც ჩვენი ვადაგასული იტყოდა: ნურას უკაცრავად! როგორც კი საპატრიარქოდან ფეხი გამოდგა, ჩვეულ ამპლუას დაუბრუნდა. მანამდე ჩვეულ ამპლუაში ივანიშვილი იყო. როგორც სჩვევია, უკბილოდ ხუმრობდა, პატრიარქს უთხრა, ჯერ მიშა გააცილეთ, ეს ხომ ჩემზე მეტად გიყვართო. უთხრას ამ კაცს ვინმემ, რომ ხუმრობები და ანეკდოტების მოყოლა არ გამოსდის და ის აკეთოს, რაც გამოსდის, არ შეიძლება? მიშას დავუბრუნდეთ: მიშამ საპატრიარქოდან ფეხი გამოდგა თუ არა, მაშინვე დაიწყო: ჩემს აშენებულ ქვეყანას ანგრევენ, რამდენი მიტანჯია და მიწვალია, ესენი კიდევ ანადგურებენო, რაც მე მოგეცით, ყველაფერი უკან მიაქვთო. და რა მოგვცა მიშამ? ეს თავად ჩამოთვალა ქუთაისში: "დღეს ძალიან მოდაშია "ნაციონალური მოძრაობის" და ჩემი ლანძღვა, მაგრამ ის, რომ დღეს არის დენი, თქვენ არ გართმევენ ქრთამს, არ გძალავენ 2 და 3 ლარს, არ არიან ქურდები და ქართული ოჯახების ერთადერთი საჭმელი არ არის კარტოფილი და პური, გავაკეთეთ მე და "ნაციონალურმა მოძრაობამ". აი, ასე! ეს ყოფილა სააკაშვილის მთელი 9 წლის ნაღვაწი. შესანიშნავია! სხვა რომელი მთავრობა შეძლებდა ამას 9 წელიწადში?! ვერც ერთი! ახლა კი ახალ ხელისუფლებას ამ ყველაფრის განადგურება უნდა, - უნდა შუქი წაგვართვას, მექრთამე პოლიციელები და ქურდები დააბრუნოს, კარტოფილის ამარა დაგვტოვოს. მგონი, დროა, ისევ "ნაცები" დავაბრუნოთ, თორემ რა ჭამს კარტოფილს მთელი სიცოცხლე?! მალე მიშა, ალბათ, ყველა გამოსვლას ასე დაიწყებს: მოგენატრათ კარტოფილის ლოღნა? ჯერ სად ხართ!

თქვენ გგონიათ, სინდისი შეაწუხებს? მან კვირის ბოლოს ისე დაგმო იმ ვიდეოფირის გამავრცელებელი, სადაც ზოგიერთ პირთა პირადი ცხოვრებაა ასახული, რომ არც კი გახსენებია მათი გადამღები და შემკვეთი, ვიდრე ჟურნალისტებმა არ შეახსენეს. თან, ისე ირწმუნებოდა, ჩემს დროს არავის პირად ცხოვრებას არ შევხებივართო, წარბიც არ შეუხრია. პრინციპში მართალია: მას ხომ არ უთქვამს, ჩვენ არ ვიღებდით სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველ ფირსო, მან თქვა, არ ვაქვეყნებდითო. ასე რომ, ნუ აღშფოთდებით! ჩვენი პრეზიდენტი არ იტყუება. უბრალოდ, ვადაგასულია!

პოლიტპატიმრები თუ ჯაშუშები?

როგორც იქნა, დასრულდა პოლიტპატიმრების საგა. ისინი ციხეებიდან გათავისუფლდნენ, მაგრამ ძველი ხელისუფლება ამტკიცებს, მათი ნაწილი რუსეთის ჯაშუში იყო და მათი გამოშვება სამარცხვინოაო. ეს არ არის მარტივი თემა. რაც უნდა თავისუფალი იყო, რთულია ქვეყნის მოღალატისა და ჯაშუშის იარლიყის ტარება. ამიტომ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მათი გამოშვება, არამედ სიმართლის გარკვევაა. გამიხარდა, რომ ჯაშუშობაში ბრალდებულთა დიდი ნაწილი მათი საქმეების გადახედვას ითხოვს, თუმცა, ერთი პრობლემაა: მათ საქმეებს ხშირად გრიფი "საიდუმლო" ადევს, მის მოხსნას კი რატომღაც არც ახალი ხელისუფლება ჩქარობს. არადა, ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, მართლა ჯაშუშები გამოვუშვით თუ, პირიქით, უდანაშაულო ადამიანები ისხდნენ ციხეებში. თუ უდანაშაულონი ისხდნენ, მაშინ ის ხალხი უნდა დაისაჯოს, ვინც მათ იჭერდა, დაწყებული გამომძიებლით და დამთავრებული მოსამართლით. ასე სადაა: აცხადებ, რომ 200-მდე პოლიტპატიმარი გყავს და ამის გამო არავის სჯი! თუ ხალხს უკანონოდ ყრიდნენ ციხეებში, უნდა შერჩეთ? ამიტომ არის აუცილებელი ყველა პოლიტპატიმრის საქმის თავიდან გადახედვა, ხოლო ჯაშუშობის საქმეებზე გრიფის მოხსნა. შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც საქმეებს შეისწავლის და თუ რომელიმე მართლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საიდუმლოს შეიცავს, არ გაასაჯაროოს, მაგრამ, რომელიც არ შეიცავს, გვაჩვენოს. თუ მართალია, რომ ეს ხალხი ციხეში ტყუილად იჯდა, მაშინ განსაკუთრებულ საიდუმლოს შეთითხნილი საქმეები, როგორც უწოდებენ, არ უნდა შეიცავდეს. ველოდებით ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებას.