"პუტინი წინასწარდაგეგმილ და დასმულ კითხვაზე კრემლისთვის დამახასიათებელი უზრდელობით პასუხობს" - კვირის პალიტრა

"პუტინი წინასწარდაგეგმილ და დასმულ კითხვაზე კრემლისთვის დამახასიათებელი უზრდელობით პასუხობს"

"რუსეთი საქართველო არ არის, რომ შესაძლებელი იყოს პარლამენტის შენობაში შევარდნა"

რუსეთში არსებულ ვითარებაზე, ევგენი პრიმაკოვის საიუბილეო ვახშამზე, ვლადიმირ პუტინის სენსაციურ განცხადებაზე, იმაზე, თუ რა რესურსი აქვს პრიმაკოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და პუტინის დავალების შესასრულებლად, რას შეიძლება ნიშნავდეს კრემლის ეს განცხადება, ცნობილ რუს პუბლიცისტსა და ექსპერტს, მატვეი განაპოლსკის ვესაუბრებით:

- ბატონო მატვეი, იზიარებთ თუ არა რუს ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებას, რომ პუტინის სისტემა ჩიხშია, რომ რუსეთი კატასტროფისკენ მიექანება, პუტინისა და მედვედევის კლანებს შორის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და სულ ნაკლები შანსი რჩება პროცესების არარევოლუციური გზით განვითარებისათვის?

- ამაზე ლაპარაკი თვალებში ნაცრის შეყრაა. საქმე ის არის, რომ არაფერია იმაზე სტაბილური, ვიდრე რუსეთი. ვისაც ეჭვი ეპარება, ვურჩევ ყურადღებით გადახედონ რუსეთის ისტორიას. რუსეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა, ის საქართველო არ არის, რომ შესაძლებელი იყოს პარლამენტის შენობაში შევარდნა, ხელისუფლების გადაყენება, წყობილების დამხობა და ქვეყნის ახალ რელსებზე გადაყვანა, როგორც ეს სააკაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად გააკეთა.

რუსეთში 11 დროის სარტყელია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ უდიდესი ქვეყანაა და ამას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში, ქალაქსა თუ დაბაში არსებობს თავისი ელიტა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ძნელად რეგულირებადი და მართვადი ქვეყანაა. არის რეგიონები, რომლებიც პუტინის ვერტიკალს არც ემორჩილებიან. ამიტომ რუსეთში რევოლუციურ ცვლილებებზეც კი ლაპარაკი წარმოუდგენელია.

ლაპარაკია პუტინისა და მედვედევის გარემოცვაში მყოფ პირთა დაპირისპირებაზე. მაგრამ იმის გამო, რომ ამაზე ჩვენ ზუსტად არაფერი ვიცით, შეგვიძლია მხოლოდ იმაზე ვიმსჯელოთ, რაც რეალურად ხდება. მაგალითად, მედვედევმა ჯერ გამოაქვეყნა სტატია "რუსეთო, წინ!", შემდეგ მიმართვით წარდგა ფედერალური კრების წინაშე, სადაც ქვეყნის განვითარების თავისი ხედვა გააცნო საზოგადოებას. საინტერესოა, რომ მედვედევი რუსეთის მომავალს იმდაგვარად ხედავს, როგორც საქართველო, ანუ დინამიკურად განვითარებადსა და გარდაქმნილს, სადაც დაბალი იქნება კორუფციის დონე და სხვ.

ამის შემდეგ, ნაცვლად იმისა, მედვედევი შესულიყო კაბინეტში და ხელი მოეწერა 2-3 კანონპროექტისათვის, რომელიც უზრუნველყოფდა რუსეთის ამ მიმართულებით განვითარებას, თვითმფრინავში ჩაჯდა და ობამასა და სხვა ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. ცხადია, ობამასთან შეხვედრაზე ის გადატვირთვაზე ისაუბრებდა. მაშინ, როცა ობამა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის გადატვირთვისათვის რაღაცებს აკეთებს, ამასობაში რუსეთში არაფერი იცვლება. ამავდროულად, პუტინი უკრაინაში ხვდება ტიმოშენკოს და პრესკონფერენციაზე იუშჩენკო-სააკაშვილის შეხვედრის შესახებ წინასწარ დაგეგმილ და დასმულ კითხვაზე კრემლისათვის დამახასიათებელი უზრდელობით პასუხობს. კრემლი სხვა ქვეყნის ორ პრეზიდენტზე ტრამვაის მგზავრთათვის დამახასიათებელ გამონათქვამებს კადრულობს. ასეთია რუსული რეალობა. ლაპარაკი რუსეთში დაწყებულ ცვლილებებზე სიყალბეა. იმისათვის, რომ რუსეთში ცვლილებები დაიწყოს, ჯერ კრემლში უნდა შეიცვალოს ყველაფერი. ამის მსგავსი კი რომ არაფერი ხდება, ფაქტია.

- ბევრი მიიჩნევს, რომ პუტინი დროს აჭიანურებს, კრემლთან დაახლოებულ კლანებს შორის, ძალოვნებსა და ლიბერალებს შორის თამაშობს. თქვენი აზრით, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს პუტინის თამაში?

- ვინც ამას ამბობს, როგორც ჩანს, ეს თავად პუტინმა უთხრა. იმის შესახებ, რომ პუტინი დროს აჭიანურებს, მე არაფერი მსმენია. დროს აჭიანურებს მედვედევი, რომელიც რეფორმებს არ იწყებს. უამისოდ განვლილი ყოველი დღე პუტინის მომხრეების რიცხვს ზრდის. იცით, რატომ მოიხსენიებენ რუსეთში დემოკრატებს ყოველთვის ცუდად? იმიტომ, რომ დემოკრატები მთელ მსოფლიოში ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ბედნიერებისა და კეთილდღეობის რუსეთში დასამყარებლად არაფერი გაუკეთებიათ.

მედვედევი ინოვაციებსა და ნანოტექნოლოგიებზე კი ლაპარაკობს, მაგრამ ამისათვის რეალურად არაფერს აკეთებს. ამიტომაა, რომ რუსეთში დემოკრატებზე ირონიულად და ღიმილით ლაპარაკობენ. ამის გამო ბევრი ფიქრობს, რომ საქმე გვაქვს კრემლისთვის ჩვეულ გაბრიყვებასთან. მედვედევი მოდერნიზაციის გზებზე საგანგებოდ ლაპარაკობს, რომ საზოგადოებაში ინოვაციური განვითარების იდეის დისკრედიტაცია გამოიწვიოს.

ნიშანდობლივია, ჟურნალ Forbes-ში გამოქვეყნებული მსოფლიოს პოლიტიკოსთა გავლენის რეიტინგების სია. ამ სიაში, ობამასა და ხუ ძინ ტაუს შემდეგ, პუტინი მესამე ადგილზეა, მედვედევი კი - 43-ეზე. ვფიქრობ, მედვედევმა უნდა შეისწავლოს ეს სია და გაარკვიოს, რატომ არის 43-ე ადგილზე. რეფორმების დაუწყებლობითა და დაყოვნებით ხომ იგი ამცირებს შანსს პრეზიდენტის რანგში მართოს ქვეყანა 2012 წლის შემდეგაც.

- ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე პუტინმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზე სენსაციური განცხადება გააკეთა და ამ საქმის მოგვარება "პლეხანოველ" პრიმაკოვს საზეიმოდ დაავალა. რას უნდა ნიშნავდეს ეს და რა რესურსი აქვს ბატონ პრიმაკოვს საიმისოდ, რომ დავალება შეასრულოს?

- პრიმაკოვს, როგორც პუტინის შემდეგ ნებისმიერ მეორე პირს, არავითარი რესურსი არა აქვს. ეს აბსოლუტურად ყველამ უნდა გაიგოს. პუტინის შემდეგ ნებისმიერი მეორე პირი ნულია. ტყუილად კი არ ხუმრობენ, უცნობია, როგორ შექმნა პუტინმა ვერტიკალი, მაგრამ ფაქტია, ყველა ნულზე გაამრავლა და შესაბამისი შედეგიც მიიღოო.

პუტინი რუსეთის ერთპიროვნული პატრონია. ადამიანის ჭეშმარიტი გეგმები მისი მოქმედებებით განისაზღვრება. პუტინმა შეიძლება ყველაფერზე ილაპარაკოს, მაგალითად, როგორ გახდება სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტი, რომ შეუძლია აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ან ისიც თქვას, რომ მარსზე ვაშლის ბაღები ყვავის, მაგრამ საქმე ის არის, რას გააკეთებს სინამდვილეში. კრემლის  მმართველთა შემყურემ, შემიძლია ვთქვა, - მნიშვნელობა არა აქვს, რას ამბობენ ისინი, მთავარია, რას აკეთებენ.

პრიმაკოვი რუსეთის პოლიტიკაში "მერსედესია", მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძალზე ფრთხილია, პრიმაკოვი მხოლოდ ისე იმოქმედებს, როგორ დავალებასაც მისცემენ. ვინაიდან პრიმაკოვი არ მოქმედებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის არაფერი დაუვალებიათ.

- ქართულ პოლიტიკაში რუსეთში მცხოვრები არაერთი ქართველი ცდილობს დამკვიდრებას, თუნდაც ებრალიძე გავიხსენოთ. თქვენი აზრით, მოსკოვი მათზე ფსონს მართლაც დებს თუ ესეც თამაშია?

-  ყველა მათგანი ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებას იმისთვის ცდილობს, რომ რუსეთის ფედერაციისგან ფული მიიღოს. თუმც, ამის სურვილი რომ აქვთ, ეს კიდევ არაფერს ნიშნავს. პუტინს ისინი ისევე ეზიზღება, როგორც ყველა მოღალატე. პუტინმა ერთხელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადამიანებს მტრებად და მოღალატეებად ყოფს. მისი აზრით, მოღალატეები უფრო სახიფათონი არიან, ალბათ, ამიტომაა, რომ პუტინს ისინი მთელი არსებით სძულს. ხოდორკოვსკი იმიტომ კი არ ზის ციხეში, რომ მტერია, არამედ იმიტომ, რომ მას კრემლის გვერდის ავლით რუსეთის ნავთობისა და გაზის ზოგიერთ საბადოზე ამერიკელებთან ხელშეკრულებების გაფორმება უნდოდა და, შესაბამისად, პუტინი მას მოღალატედ მიიჩნევს.

გასაგებია, რომ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ქართველებს არ უყვართ სააკაშვილი და მისი მოწინააღმდეგე არიან, ქმნიან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და უნდათ თავიანთი საქართველოს შექმნა, მაგრამ მათ ვერ გაუგიათ, რომ თუ ისინი ვინმეს ეზიზღება, უპირველესად, პუტინს. ის მზვერავია და კარგად იცის, რა არის ღალატი. ისიც იცის, რომ იმ ქართველების გამოყენება, რომლებიც სამშობლოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ლეგიტიმური, არჩეული სააკაშვილის წინააღმდეგ შეიძლება, მაგრამ შემდეგ ყველანი ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებიან. ღალატის ერთხელ ჩამდენებს შეუძლიათ მეორეჯერაც ჩაიდინონ, ამიტომ მათი ფასი კაპიკია.

რა კავშირების აღდგენაზეა ლაპარაკი, როცა პუტინი ქვეყნის პრეზიდენტის არაკორექტულად მოხსენიებას არ ერიდება.

მთელი რუსული პოლიტიკა იმიტაციაა. გარდაქმნებისა და სხვა სახელმწიფოებთან  ნორმალური ურთიერთობების პოლიტიკა არ არსებობს. იმიტაცია არ არის მხოლოდ ნავთობი და გაზსადენები, სხვა ყველაფერი სრული იმიტაციაა. ამიტომ ვამბობ, საფუძველი არა მაქვს ვირწმუნო, რომ კრემლს თბილისთან ურთიერთობის აღდგენა და დიალოგის დაწყება სურს.

კობა ბენდელიანი.

"ინტერპრესნიუსი"