ეჰ, იულია, იულია!.. - კვირის პალიტრა

ეჰ, იულია, იულია!..

რა თქმა უნდა, პუტინი დღეს გამარჯვებულია და შეუძლია დაგვცინოს კიდეც. უფრო სწორად, ჩვენს პრეზიდენტს დასცინოს, მაგრამ აქ ასეთი დაყოფა არ გამოდგება. როდესაც შენი ქვეყნის პრეზიდენტს უცხო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საჯაროდ დასცინის, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მოგწონს თუ არა შენი პრეზიდენტი. შენ ვალდებული ხარ, სულ ცოტა, ამ ხუმრობაზე არ გაიცინო. რა თქმა უნდა, არ მომწონს, როდესაც ისეთი პრეზიდენტი მყავს, ვისაც დასცინიან, მაგრამ ასჯერ მეტად არ მომწონს უცხოტომელი, ვინც მას დასცინის. მე შეიძლება ბევრჯერ მიხუმრია სააკაშვილის მისამართით, ბევრჯერ გამიშარჟებია მისი მოქმედებები თუ სიტყვები, ბევრჯერ მიცინია მის ხშირად აბდაუბდა ლაპარაკზე, მაგრამ არ ვაპირებ ვიცინო პუტინის ხუმრობაზე. არადა, ჩემ ირგვლივ ბევრი ვნახე, ვისაც პუტინის ის ხუმრობა გულზე მალამოდ დაედო. ვინც არ იცის, ვეტყვი, რაშია საქმე. უკრაინაში სააკაშვილის ვიზიტს პუტინის ვიზიტიც დაემთხვა. სააკაშვილს კიევში იუშჩენკო მასპინძლობდა, პუტინს იალტაში - ქალბატონი ტიმოშენკო. ჰოდა, ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას იტყვით სააკაშვილის კიევში ვიზიტზეო. პუტინმა კი განაცხადა: სასურველია, იუშჩენკო ვახშამზე უჰალსტუხოდ თუ მივა, თორემ იქნებ მის სტუმარს მისი ჰალსტუხი შემოეჭამოს კიდეცო. პუტინის საქმე გასაგებია, მაგრამ საინტერესო იყო ერთ დროს სააკაშვილის უპირველესი მეგობრის, ქალბატონი ტიმოშენკოს რეაქცია. - ჰო, ჰო, ჰო, - მორცხვად ჩაიცინა მან და პუტინს მხარი აუბა: - მე ნამდვილად შემიძლია ვახშამზე უჰალსტუხოდ მისვლაო. თავად მინახავს, კიევში, საპარლამენტო არჩევნების ღამეს, გამთენიისას, როდესაც ქალბატონი ტიმოშენკო პრესკონფერენციას ატარებდა, მოულოდნელად როგორ მიუახლოვდა დაცვის წევრი და ტელეფონი მიაწოდა. ტიმოშენკომ საუბარი შეწყვიტა და იქ დამსწრე ჟურნალისტებს გაბრწყინებული სახით გამოგვიცხადა, - პრეზიდენტი სააკაშვილი მირეკავსო.  ჟურნალისტების თანდასწრებით აღფრთოვანებული იღებდა მის მილოცვას. არ დამავიწყდება, რა ბედნიერი სახე ჰქონდა მაშინ იულიას. იმ დროს სააკაშვილი ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის გმირი იყო. იულია კი - ჯერ კიდევ ნარინჯისფერი დედოფალი.

ეჰ, ნანი ნანი!..

ქართული ესტრადის დედოფალი კია, მაგრამ თქვენის ნებართვით ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს ერთ კითხვას დავუსვამ, - ქალბატონო ნანი, მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია თუ სამშობლო? არა, მართლა მაინტერესებს. ნანი ბრეგვაძეს როდესაც ჰკითხეს, პრიმაკოვის იუბილეზე რამ ჩაგიყვანაო, ასე უპასუხა: - 1957 წლიდან ვიცნობ, ვმეგობრობ და მის იუბილეს ვერ დავაკლდებოდიო. და თუ ის თქვენი წინა საუკუნის მეგობარი თქვენი ქვეყნის მტერია, მის იუბილეს მაინც ვერ დააკლდებოდით? ახლა არ მითხრათ, პრიმაკოვი მტერი არ არისო. ყველა რუსი ჩინოვნიკი, ვინც რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის მხარდამჭერია, საქართველოს მტერია. თან თუ სუფრაზე ჩვენ გვერდით ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი მტერიც აღმოჩნდება? ჩვენ მაინც ვუმღერებთ მას "თბილისოს" და მერე ვიტრაბახებთ, რომ ჩვენს ნამღერზე თურმე რუსებს თვალზე ცრემლი მოადგათ (ზოგს შეიძლება ნერწყვიც წამოუვიდა, რადგან საქართველოში ნაჭამი ინდაურის რამდენიმე ასეული ბარკალი გაახსენდა). ფრთხილად ვიყოთ, თორემ, რუსებს ისევ მოვენატრებით და მერე ისინიც მოსაფერებლად და გულში ჩასახუტებლად მე-11 ან 58-ე არმიას გამოგვიგზავნიან...

აბა, გამოიცანით, რაზე ილაპარაკეს ბაიდენმა და სააკაშვილმა...

19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც და თეთრმა სახლმაც ამ საუბრის შესახებ ოფიციალური ინფორმაციები გაავრცელეს. ჯერ ვნახოთ, რა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ:

19 ნოემბერი, 2009/17:00

2009 წლის 18 ნოემბერს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტ ბატონ მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ბატონ ჯო ბაიდენს შორის. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები, ისევე როგორც საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების ქარტიის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა. განხილულ იქნა აგრეთვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ყურადღება მიაპყრო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებების გახშირებულ ფაქტებს. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სოფელ ტირძნისში გატაცებული და დატყვევებული ოთხი ქართველი მოზარდის საკითხზე. საქართველოს პრეზიდენტმა სთხოვა აშშ-ს, გამოიყენოს მთელი თავისი ავტორიტეტი და მოახდინოს ძალისხმევის კონსოლიდაცია მოზარდების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად.

საქართველოს პრეზიდენტის

ადმინისტრაციის პრესსამსახური

ახლა იმავე საუბრის ამერიკული ვერსიაც ვნახოთ: 2009 წლის 19 ნოემბერს ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს დაურეკა, რათა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განეხილა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დემოკრატიული რეფორმების ვალდებულების მნიშვნელობას, რათა ვარდების რევოლუციის დაპირება შესრულდეს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველა მხარემ უნდა დაიცვას 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება და თავიდან აიცილოს მადესტაბილიზებელი მოქმედებები.

აბა, ახლა გამოიცანით, რაზე ილაპარაკეს ბაიდენმა და სააკაშვილმა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ საუკეთესო შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ტყუილი კი არ გაავრცელა, უბრალოდ, ყველაფერი არ გაავრცელა(!), ანუ აქცენტი იმაზე გააკეთა, რაზეც უნდოდა. საწყენია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბაიდენის მხრიდან დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ და ვარდების რევოლუციის დაპირებების შესრულებისკენ მოწოდება იმდენად უმნიშვნელო საკითხი აღმოჩნდა, რომ რელიზში არც მოახვედრა.

ბელადი!

სააკაშვილს ბევრ სხვასთან ერთად ერთი უცნაურობაც სჭირს. თითქოს საბჭოთა მემკვიდრეობას ებრძვის, მის განადგურებას ცდილობს, სინამდვილეში კი მის გაცოცხლებას ახდენს. პიონერთა ბანაკების ანალოგიური პატრიოტთა ბანაკები ხომ შექმნა, სადაც მთავარი მიზანი ბავშვების დასვენება კი არა, მათი იდეოლოგიურად დამუშავებაა. ახლა კიდევ ერთი კეთილი კომუნისტური ტრადიცია აღადგინა. წარჩინებული სწავლისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების დარიგებას ვგულისხმობ. შეიძლება ამაში არც არაფერი იყოს დასაძრახი, რომ არა ერთი უცნაურობა: თუ ძველ მედალზე ლენინის თავი ეხატა, ახალ მედალს სააკაშვილის ხელმოწერა ამშვენებს. ლენინის შემთხვეევა გასაგებია: დიდ ბელადს საბჭოთა ხალხების გულებში ყველაზე დიდი ადგილი უნდა დაეჭირა. აი, კარგი სწავლისთვის გაცემულ ოქროს მედალთან სააკაშვილის ხელმოწერა რა კავშირშია, ცოტა რთული მისახვედრი აღმოჩნდა. იქნებ ისიც ჩვენი ბელადია და ვერ გაგვიგია, ა?