"რატომ გამორიცხავთ, რომ ეს ომი ვინმეს ხელისუფლების შესანარჩუნებლად სჭირდებოდა" - კვირის პალიტრა

"რატომ გამორიცხავთ, რომ ეს ომი ვინმეს ხელისუფლების შესანარჩუნებლად სჭირდებოდა"

"როდესაც ოპოზიცია საკუთარი თავის კრიტიკულად შეფასებას იწყებს, ეს ძალზე დადებითი მოვლენაა"

ხშირად გაიგონებთ, საზოგადოებამ პოლიტიკოსებზე გული აიცრუა, ინერტული გახდაო, მაგრამ ასე არ ფიქრობს  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი:

- ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება ინერტული გახდა, მხოლოდ აქტიურობის ერთი ფორმა შეიცვალა მეორით. ხალხის განწყობა ისეთივეა, როგორიც  ქუჩაში დგომისას იყო. პოლიტიკოსების მოწოდებაზე ბევრი გამოვიდა. მერე კი დადგა საკითხი, - შენს დაძახებაზე გამოვედი, მაგრამ რას აკეთებო. გასაკეთებელი კი არაორგანიზებული ჰქონდა ოპოზიციას. მაქსიმალისტური ლოზუნგით გამოსვლა - "გადადგეს პრეზიდენტი" - შეცდომა იყო.

- მაგრამ ამას ხალხი ითხოვდა.

- ხალხმა მოითხოვა ის, რაც პოლიტიკოსებმა თქვეს. პოლიტიკოსებს გათვლილი უნდა ჰქონოდათ, მათი ლოზუნგი თუ არ გაამართლებდა, მერე რას გააკეთებდნენ. როგორც გაირკვა, მეორე გეგმა ოპოზიციას არ ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, ხელისუფლებას აქვს პრობლემები, მაგრამ ოპოზიციაში მეტი პრობლემებიაო. ლევან გაჩეჩილაძის, რომელიც საზოგადოებრივი გამოსვლების მთავარი ორგანიზატორი იყო, განცხადება გულისხმობს, რომ მისი ნაბიჯები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შედეგს მიაღწიოს. მან თქვა, დროა, გადავდოთ პიროვნული ამბიციები და უფრო რაციონალური გზა მოვძებნოთო. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ოპოზიცია იწყებს გააზრებას, - ხომ არ სჯობია ვიფიქრო სხვა გზებზე და არა მხოლოდ მასობრივ დემონსტრაციებზეო. როდესაც ოპოზიცია საკუთარი თავის კრიტიკულად შეფასებას იწყებს, რაც ხელისუფლებას არ დაუწყია, ეს ძალზე დადებითი მოვლენაა და თუკი ოპოზიცია რაციონალურად გააგრძელებს შეცდომების გააზრებას, მოიგებს. პოლიტიკური ფიგურის ქცევა ნებისმიერ სიტუაციაში დიალოგის უნარს გულისხმობს. ამიტომაც განაცხადი, არავის დაველაპარაკებიო, პრინციპული შეცდომაა.

- ბურჯანაძე აცხადებს, დიალოგს აზრი არა აქვს, რადგან მათთან მოლაპარაკებით ვერაფერს მივაღწევთო.

- ბურჯანაძე არის ის ფიგურა, რომელსაც დიალოგის უნარი არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონია, ოპოზიციაში გადასულს კი უნდა გაამართლოს პოლიტიკური წარსული და უკიდურესად პოპულისტურ,  მასაზე გათვლილ განცხადებებს აკეთებს. ეს მისთვის რენომეს აღდგენის მცდელობაა. ბურჯანაძეს არაფერი უშლიდა ხელს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე 7 ნოემბერს გამოსულიყო და ხალხთან დამდგარიყო. ზოგჯერ რადიკალიზაცია რაღაცის დასამალავად გჭირდება და ეს მომენტი დომინირებს ბურჯანაძესთანაც.

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართველი საზოგადოება ბოლო 20 წელია ერთ ადგილს ტკეპნის.

-  ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდა გამსახურდია, რომელმაც სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანა, უმრავლესობა იყო შევარდნაძე, რომელმაც კორუფციის არნახულ დონემდე და სტაგნაციამდე მიგვიყვანა და უმრავლესობა იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 7 ნოემბრამდე და 7 აგვისტომდე მიგვიყვანა. ასეთი უმრავლესობით ხელისუფლების არჩევა ქმნის პრობლემას, მაგრამ უმრავლესობა არ ნიშნავს, რომ ის უმრავლესობად დარჩება, რაღაც ეტაპზე ის მინიმალურ უმცირესობამდე დადის. არც ხელისუფლებაში მყოფი პირები წარმოადგენენ აბსოლუტურ უმრავლესობას. მაგალითად, ჰიტლერი გერმანიის ხელისუფლებაში მოვიდა ამოცანით, რომ გერმანიისთვის ძველი დიდება დაებრუნებინა, მაგრამ თავისი ქმედებით იმას მიაღწია, რომ გერმანია თითქმის 40 წელი გაყოფილი იყო. 2003 წელს მოსულ სააკაშვილის მთავრობას უჭერდა მხარს მოსახლეობის 96%, მაგრამ ეს არ არის გარანტია იმისა, რომ 6 წლის შემდეგაც იგივე რაოდენობა შენარჩუნდება. ამწუთას მას არა აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. მეტიც, სააკაშვილი აღარ არის პოპულარული. გამსახურდიასაგან განსხვავებით, სააკაშვილს ჰყავს ერთგული ძალისმიერი სტრუქტურები და შევარდნაძისაგან განსხვავებით (რომელსაც 2003 წელს გადადგომა ხელს აძლევდა), ახლა წასვლა არ უნდა.

ტყუილია, რომ შევარდნაძეს ჯარი არ ემორჩილებოდა და ამიტომ გადადგა. მან არ გასცა ხალხის დარბევის ბრძანება და ამიტომაც ცხოვრობს დღეს მშვიდად. გადადგომით მან ნიველირება გაუკეთა ყველა იმ პრეტენზიას, რაც შესაძლოა მისთვის ქართველ ხალხს წაეყენებინა.

9-11 აგვისტოს შინდისში 17-მა ჯარისკაცმა სიცოცხლე გასწირა,  რომ თავისი ქვეყნის ერთი ნაწილი (რკინიგზის სადგური დაეცვა) და  რა ხდებოდა ამ დროს თბილისში? თბილისში იყო დემონსტრაცია და კონცერტი. ჩემთვის ეს არის საუკეთესო ფაქტი იმაში გასარკვევად, უნდა ვენდო თუ არა ხელისუფლებას. ჯარისკაცს ქვეყნის დაცვა ევალება, ხელისუფლების ვალი კი ისაა, როდესაც ჯარისკაცი კვდება, კონცერტი გამართოს?

საზოგადოება უნდა იყოს აქტიური. როდესაც ვიღაც არ მოგწონს, უნდა იბრძოლო, ლანგრით არავინ მოგიტანს, რაც გინდა. მანამდე ომია დასასრულებელი. სანამ ომია, იქნება ადამიანების მოტაცება, შანტაჟი, კონტრაბანდა და ომის კვალობაზე გამდიდრებული ხალხი, იქნება ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობა. ეს ომის თანმხლები პროცესებია.

- რაკი ომით ხელის მოთბობის თემას შეეხეთ, გკითხავთ, ხელოვნურად ხომ არ მიიყვანა ვინმემ პროცესები აქამდე?

- მაიკლ ჰეჩტერს აქვს მშვენიერი წიგნი "ნაციონალიზმის შეჩერება", სადაც  წერს, რომ სუსტი ქვეყნების მთავრობები, როდესაც ამოწურავენ ხელისუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას, პოპულისტურ გადაწყვეტილებებს  მიმართავენ და იწყებენ ომს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რატომ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც გაეკეთებინა ეს, რადგან 2007 წლის ნოემბრის შემდეგ მას ხელისუფლების შენარჩუნების პრობლემა ჰქონდა. ამას როგორც თეორიულ შესაძლებლობას, ისე განვიხილავ, მაგრამ ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება...

ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა ჩვენს პოლიტიკური მეცნიერების წარმომადგენლებს უთხრა, ტონი ბლერის კარიერა შეეწირა განცხადებას, რომ ერაყში იყო მასობრივი განადგურების იარაღი, მაშინ როდესაც ინგლისის დაზვერვის ინფორმაცით ეს ცნობა არ დასტურდებოდაო. ქართველმა   მეცნიერებმა ვერ გაიგეს, როგორ შეიძლებოდა ასეთი უმნიშვნელო მიზეზის გამო ბლერის პოლიტიკური დისკრედიტაცია. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რა ნორმას უწესებს საზოგადოება თავის პოლიტიკურ ლიდერს. პირი, რომელიც ქვეყანას მართავს, თქვენი და ჩემი ჯიბიდან ფინანსდება, ამიტომაც უნდა მოვითხოვდეთ, რომ აკეთოს ის,  რაც ქვეყანას წაადგება.