"ნუ გვაიძულებთ, "ბუნაგებში" შემოგივარდეთ!" - კვირის პალიტრა

"ნუ გვაიძულებთ, "ბუნაგებში" შემოგივარდეთ!"

ახალი სატელევიზიო არხის, "პირველი კავკასიურის" დაფინანსების თემა ისევ გაუმჭვირვალეა. "ფინანსები მე არ მეხება, ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის", - აცხადებს არხის გენერალური პროდიუსერი ზურაბ დვალი. სამწუხაროდ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობა არ ცდილობს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს უპასუხოს (გიორგი ჭანტურიასთან დაკავშირება არაერთხელ ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ).

მაშ ასე, ვის სახელს უკავშირდება საქართველოში RTVI-ს ცნობილი სახის, იულია ლატინინას ჩამოყვანა და ვინ დააფინანსა რუსეთ-საქართველოს ომზე ანდრეი ნეკრასოვის ფილმი, ამის თაობაზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრა.

- თქვენი გაზეთის მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ  სააკაშვილს მინდა მივმართო და ვთხოვო, აუცილებლად წაიკითხოს ეს ინტერვიუ. ვფიქრობ, მას გარემოცვა ბევრ საჭირო ინფორმაციას ან არ აწვდის, ან შეგნებულად უმახინჯებს. რა თქმა უნდა, ყველგან არიან გულწრფელი და პატრიოტი ადამიანები და ალბათ პრეზიდენტის გარემოცვაშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ის წრე მყავს მხედველობაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს.

წესია, პრეზიდენტმა თვითონაც უნდა იცოდეს, რომ ბერეზოვსკი ბოლოს იყო რუსეთის ფედერაციის  უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც უშუალოდ კურირებდა ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესებს. ამის შემდეგ ის აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა და ლონდონში გაემგზავრა. ასე რომ, თამაშგარე  მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბერეზოვსკი, თავისი მილიარდების მიუხედავად, დიდი პოლიტიკისთვის საინტერესო პერსონა ვერ აღმოჩნდა. ის მუდმივად ეძებდა თემებს, რომლებიც გლობალური პოლიტიკური პროცესების ინტერესს წარმოადგენდა და ამით ცდილობდა აქტიურ ფიგურად ქცეულიყო. რუსეთის ტერიტორიაზე მას იქაური სპეცსამსახური გაქანების საშუალებას არ აძლევდა. ამიტომ ბერეზოვსკიმ სცადა რუსეთის ოპოზიციის გაძლიერება, თუმცა სასურველი შედეგი ვერც აქ მიიღო. იგი ცდილობდა ცივილიზებული დასავლეთისთვის თავი კავკასიაში გავლენით მოეწონებინა.

ჩემი ღრმა რწმენით, ახალი სატელევიზიო არხი "პირველი კავკასიური" რტვი-ს ფილიალი იქნება.

საქართველოში იმყოფება RTVI-ს ცნობილი სახე იულია ლატინინა. რამდენადაც ვიცი, მას შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტთან. საუბარი ახალ სატელევიზიო არხს შეეხებოდა. ლატინინა   ცნობილია თავისი კრიტიკული შეხედულებებით. სიმართლე გითხრათ, ხანდახან ისეთ უჩვეულო დასკვნებსაც აკეთებს კავკასიური პოლიტიკის შესახებ, რომ მე მაგალითად, მგონია, ГРУ-ს კაბინეტებში დამუშავებულ ინფორმაციებს ვისმენ.…

- თუმცა, RTVI ГРУ-ს გავლენას არ განიცდის...

- გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ, ზოგადკავკასიური ერთიანობის თემა იყოს იარაღი კერძო პირის, მით უმეტეს საქართველოსა და კავკასიის ფარგლებს გარეთ მცხოვრებთა ხელში.…ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ლატინინამ განაცხადა: - ბოლოს კავკასიაში ან იქნება ბარდაგი, ან საამიროებიო. მან ფუნდამენტური ისლამური სახელმწიფოების გაერთიანება იგულისხმა. ეს ГРУ-ში დამუშავებულ მოსაზრებას ძალზე წააგავს. შეგახსენებთ, როდესაც ჯოჰარ დუდაევმა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსეთის სპეცსამსახურმა  ჯერ "ბარდაგი" მოაწყო ჩრდილო კავკასიაში და მერე იქ რადიკალური ისლამი შეუშვა. ეს გააკეთა იმიტომ, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე  თავი ემართლებინა გადამეტებული რუსული სამხედრო ძალის ამ რეგიონში ყოფნის გამო.  იულია ლატინინასაც და მის თანამოაზრეებსაც შევახსენებ, რომ არის მესამე გზაც, რომელიც კავკასიელ ხალხთა კონფედერაციას გააჩნია. კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია გულისხმობს დამოუკიდებელი კავკასიური სახელმწიფოების ნებაყოფლობით გაერთიანებას კონკრეტული მიზნის გარშემო. ამ საქმეში თუ დასავლეთი აქტიურად ჩაერთვება, უახლოეს ათ წელიწადში მივიღებთ ევროკავშირის კავკასიურ ვარიანტს.

მაინტერესებს, რატომ ივიწყებენ ისინი ამ ე.წ. მესამე გზის არსებობას?! აი, ეს არის უმთავრესი საკითხავი. ამასთან შედარებით "პირველი კავკასიურის" ბერეზოვსკის მიერ დაფინანსება უმნიშვნელოა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რათა ეს ტელევიზია კერძო პირის ხელში იარაღი არ გახდეს, რომლითაც შემდეგ მავანი ეცდება რუსეთთან ივაჭროს, პირად სარგებელში გაგვცვალოს და გაგვყიდოს.

- რა ურთიერთობები აქვს ბერეზოვსკის დემოკრატიული პრესის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში ხშირად ჩამოდიან?

-  ბერეზოვსკის აქვს ურთიერთობები იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც დემოკრატიული პრესის ბირთვად არიან მიჩნეულები რუსეთში. უნიჭიერესი რეჟისორი და პუბლიცისტი, ანდრეი ნეკრასოვი დღეს ლონდონში ცხოვრობს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნეკრასოვის ფილმი პუტინის აღზევებასა და პოსტსაბჭოური მენტალიტეტის კრემლში მობრუნებაზე ბერეზოვსკიმ დააფინანსა. რამდენადაც ვიცი, ფილმი "რუსეთის გაკვეთილები", რომელიც ჰაერივით სჭირდებოდა ქართველ ერს, ასევე ბერეზოვსკიმ დააფინანსა.

- რამდენად სარწმუნოა თქვენი ინფორმაცია?

- ეს ინფორმაცია ძალზე სერიოზული წყაროებიდან მივიღე, თუმცა პირობა დავდე, რომ მათ ვინაობას არ დავასახელებდი. დაე, ბერეზოვსკის ადვოკატმა შეიტანოს სასამართლოში საჩივარი, თუ ჩემი ნათქვამი სიმართლეს არ შეეფერება. ვნახოთ მერე, რაც მოხდება.

მე ახლა უფრო მთავარ საკითხზე მიგანიშნებთ. ამ ტელევიზიის გარშემო აუცილებლად ატყდება აჟიოტაჟი, რომელიც სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს რეგიონში და ზოგადკავკასიური ერთიანობის თემა პუტინთან ან მედვედევთან რომელიმე  ერთი  პერსონისთვის ვაჭრობის საგანი გახდება. ვერ ვხვდები, რა მიზანი აქვს ისეთი ტელევიზიის შექმნას, რომელიც ჩრდილო კავკასიას ვერ დაფარავს. მაუწყებლობა გავრცელდება მხოლოდ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ამ შემთხვევაში რაღა საჭიროა ამხელა ხარჯის გაწევა? რაც შეეხება დაფინანსებას, სულ სამი ვერსიის შესახებ მოვისმინე: პირველის თანახმად, - ხელისუფლება ბერეზოვსკის სახელს იყენებს, ფულს კი თვითონ დებს ამ საქმეში. სიმართლე გითხრათ, ამ ვერსიის ნაკლებად მჯერა, რადგან არა მგონია, ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ფული თავადვე ჩადონ ზოგადკავკასიური ერთიანობის იდეისთვის ბრძოლის საქმეში. მეორე ვერსიით, კახა ბენდუქიძე და მისი გარემოცვა გაიღებს ფინანსებს სატელევიზიო არხის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის. სხვათა შორის, იულია ლატინინა საქართველოში  კახა ბენდუქიძემ ჩამოიყვანა. და მესამე ვერსიით, ბერეზოვსკი აფინანსებს "პირველ კავკასიურს".

მე პრეტენზია მაქვს იმ პერსონებთან, რომლებსაც ამ შემთხვევაში უნდათ, რომ კავკასიაში ითამაშონ, თანაც ისე, რომ კავკასიელებს არაფერს ეკითხებიან... ბატონებო, ნუ გვაიძულებთ, "ბუნაგებში" შემოგივარდეთ! ქვეტექსტს ყველა თავადვე მიხვდება.…

ამ თემაზე დაახლოებით გაზაფხულისთვის საგანგებო განცხადებას გავაკეთებთ. "ბუნაგებში შევარდნასთან" დაკავშირებით კი განვმარტავ, ამით ავტორიტეტული კავკასიელების დანაბარები გავახმაურე.…

- დაბოლოს, ხომ ვერ გვეტყვით თქვენეულ ვერსიას, ვლადიმირ პუტინი "ერთიან საქართველოზე" რატომ ალაპარაკდა?

- მომეჩვენა, რომ ვლადიმირ ვლადიმირის ძე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. მას უნდა სტალინელის იმიჯი შეიცვალოს და ცივილიზებული დასავლეთისთვის მედვედევის შემდეგ უფრო მისაღები აღმოჩნდეს. ის თუ მართლაც ისევ გაპრეზიდენტდა, რუსეთში კოსმეტიკური დემოკრატიული რეფორმების გატარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველებთან, კავკასიელებთან ურთიერთობების დალაგებას შეეცდება. რუსეთში "ერთიან საქართველოზე" როცა ლაპარაკობენ,  საქართველოს კონფედერაციულ მოწყობას გულისხმობენ, სადაც ადგილი დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვისაც მოინახება. ჩვენც დაახლოებით იმავე ქარგას ვთავაზობთ დასავლეთს, ოღონდ იმ პირობით, რომ ჩვენს ტერიტორიებზე რუსეთის გავლენა შემცირდება.

 

p.s. 2008 წელს, ომის დროს, ოლეგ პანფილოვი საქართველოს უშიშროების საბჭოში, კახა ლომაიასთან  კონსულტანტად მუშაობდა, - ამბობს  ეროსი კიწმარიშვილი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ განცხადებამ ლამის შოკში ჩააგდო ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი თანამოაზრენი, რომლებსაც პანფილოვი  ბერეზოვსკის წრის ადამიანად მიაჩნდათ და სჯეროდათ, რომ პატარკაციშვილი და ბერეზოვსკი "პარტნიორები" იყვნენ.…თუმცა ახლა, როცა საქართველოს ხელისუფლებასა და ერთ დროს მტრად შერაცხილი ოლიგარქის ურთიერთობები დათბა, ყველაფერს ნათელი მოეფინება.