ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი: "ქართული ოცნების" ნაციონალური" სუსხი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი: "ქართული ოცნების" ნაციონალური" სუსხი

გასულმა კვირამ რამდენიმე ისეთი ტენდენცია გამოკვეთა, რომელზე პოზიციის დაფიქსირებაც აუცილებელია იმ საზოგადოებისგან, რომელმაც 9-წლიანი ბრძოლის შემდეგ შეძლო და დაასრულა "ნაციონალური რეჟიმი". მე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი გახლდით ორი ფაქტორის გამო: პირველი იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყო სასიკვდილო საფრთხე ჩემი და ჩემნაირი ათიათასობით ქართული ოჯახისთვის, ხოლო ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩვენ შეგვეძლო ამ საფრთხის თავიდან მოშორება და მეორე: ბიძინა ივანიშვილი იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდი და შემდეგ უკვე პრემიერის რანგში გვპირდებოდა იმგვარი მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის ფორმირებას, რომელშიც თანაბარი პირობები შეექმნებოდა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს კონკურენციისა და განვითარებისთვის.

გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილის მიერ გამარჯვებამირთმეულ კოალიციაში მოიხარშა სამი ინიციატივა, რომლებიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება პრემიერის მიერ დაპირებული თანაბარი პირობების შექმნას მრავალპარტიული სისტემის ფორმირებისთვის. ესენია: საარჩევნო კოდექსის რეფორმის ჯგუფის დაკომპლექტება მხოლოდ პარლამენტში შემავალი პარტიებით; პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული კასტრირება და პარტია "ქართული ოცნების" სურვილი, იხილოს ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ. როგორც ჩანს, კოალიციაში შემავალი ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები მიეცნენ რა ძალაუფლებით დაუმსახურებელ ტკბობას, უკვე  გეგმავენ საკუთარ მომავალს ბიძინა ივანიშვილის გარეშე და შეძრწუნდნენ რა საკუთარი უსუსურობით, გადაწყვიტეს დამატებითი ადმინისტრაციული ბერკეტები დღესვე იგდონ ხელთ, რათა ხვალ ხელისუფლების შენარჩუნება გაუადვილდეთ.

ბატონო პრემიერო, სანამ სხვა საკითხების განხილვაზე გადავიდოდე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სიმართლეს არ შეეფერება ლამის კიჩად ქცეული ფრაზა, რომ საქართველოში საკადრო შიმშილია. საკადრო შიმშილი ნამდვილად არის გამარჯვებულ კოალიციაში და სწორედ მისი კვალიფიკაციითა და ინტელექტით ნაკლებად დახუნძლული ნაწილის ინტერესებშია საკადრო ვაკუუმის შექმნა, რათა მათ დაუმსახურებელ პერსპექტივას არაფერი დაემუქროს. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, ქვეყანაში უამრავი, არ შემეშინდება ამ სიტყვის, უამრავი კვალიფიციური და გონიერი ადამიანია, რომელთაც დანახვა და გზის მიცემა სჭირდება.

საერთო "ეროვნულიდან  - ვიწრო" პარტიულობამდე

ბატონო ბიძინა, ხალხმა ცხრაწლიანი ტანჯვით, ზოგმა აქტიური, ზოგმა პასიური პროტესტითა და ბრძოლით დაიმსახურა, რომ თქვენი სახით გამოჩენილიყო ლიდერი, რომელიც მათ გამარჯვებამდე მიიყვანდა. ამიტომ, ცოტა არ იყოს, უსამართლოა პარტია "ქართული ოცნების" სურვილი, თქვენ მაინცდამაინც და მხოლოდ ერთი კერძო პარტიის თავმჯდომარედ გიხილონ. თავად თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ ამ პარტიაში შემავალი პერსონები არაფრით გამორჩეულები არ არიან სხვებისგან და ამიტომ თქვენი თავმჯდომარეობით მათთვის სრულიად დაუმსახურებელი პერსპექტივის შექმნა გაუგებარია. მესმის ის მოტივაციაც, რომ როცა კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური სუბიექტები გამხეცკბილებული იბრძვიან რეგიონებში ადმინისტრაციული ბერკეტების ხელში ჩასაგდებად, რაც ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ ვიტყვი, სამარცხვინო ფორმებს იღებს, ჩნდება ბუნებრივი სურვილი, რომ მათი დაბალანსების მიზნით სხვა პარტიაც, იგივე "ქართული ოცნება" გაძლიერდეს. მაგრამ ამისთვის სხვა გზის მონახვა უფრო სამართლიანი და ეფექტური იქნებოდა, მაგალითად, ამ პარტიაში იმავე ახალი კონკურენტული და კვალიფიციური სახეების მოზიდვა და მათით გაძლიერება, რაც პერსპექტივის თვალსაზრისით გაცილებით მომგებიანი და სიცოცხლისუნარიანია. რატომ არის აუცილებელი ივანიშვილი საერთო-ეროვნული ლიდერიდან ვიწროპარტიულ ლიდერად მოგვევლინოს?! მით უფრო იმ პარტიის, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის ბრძოლაში რაიონებში უკვე საკმაოდ გაიტეხა სახელი.

"ქართული ოცნების" ნაციონალური" სუსხი

რაც შეეხება ორ დანარჩენ ინიციატივას საარჩევნო კოდექსსა და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით...

ამ ინიციატივების გაჟღერებით, პირდაპირ ვიტყვი, ქვეყანაში "ნაციონალურის" მსგავსმა სუსხმა დაჰბერა.

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ, მიუხედავად საპარლამენტო არჩევნების ფორმატისა, მანდატი მისცა რეალურად ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს, ანუ უფრო ნათლად თუ ვიტყვით, "ქართული ოცნების" 83-ივე (რეალურად გაცილებით მეტი) საპარლამენტო მანდატი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და არა რომელიმე სხვა პარტიის ან მაჟორიტარის.

მაშ, რატომ აძლევენ თავს უფლებას კოალიციაში შემავალი პარტიული სუბიექტები კვლავ თავის თავზე მოირგონ საარჩევნო კოდექსი?!

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ჯგუფის მხოლოდ პარლამენტში შემთხვევით მოხვედრილი პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტება სხვა არაფერია, თუ არა საარჩევნო კოდექსის მათ ინტერესებზე მორგების მცდელობა.

სასურველია, რომ ამ ჯგუფმა პარლამენტის სამზარეულოდან პრემიერთან გადაინაცვლოს და მის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შევიდნენ, ერთი მხრივ, პარტიების, მეორე მხრივ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები, რადგან სამართლიანი საარჩევნო კანონმდებლობის გარეშე ბიძინა ივანიშვილის დაპირებული კონკურენტული, მრავალპარტიული პოლიტიკური გარემო კვლავ ფიქციად დარჩება.

ავი ტრადიცია - პრეზიდენტობიდან პრემიერობისკენ

და კიდევ ერთი: კასტრირებული პრეზიდენტის თემა. ქვეყანაში, სადაც არსებობს ავი ტრადიცია პრეზიდენტის განუსაზღვრელი ძალაუფლების მიერ ხელისუფლების ყველა სხვა შტოს გადაფარვისა, ვინ და რა იქნება იმის გარანტი, რომ პარლამენტის მიერ არჩეული კასტრირებული პრეზიდენტის პირობებში, ახლა უკვე პრემიერის ხელში არ აღმოჩნდება განუსაზღვრელი ძალაუფლება და მივიღებთ რეალობას, სადაც ბოროტებას მხოლოდ თანამდებობა შეეცვლება. მავანი იტყვის, რომ სანამ პრემიერი ბიძინა ივანიშვილია, ამის საშიშროება არ არსებობს, მაგრამ კარგი და, 4 თუ 8 წლის მერე იმ სხვა, ახალ პრემიერს რომ განსხვავებული მადა და გემოვნება აღმოაჩნდეს, მერე კვლავ ვცვალოთ ეს ჩვენი ძუძუს ბავშვივით უსუსური კონსტიტუცია?!

ვფიქრობ, სწორედ რომ პრემიერის მიერ დეკლარირებული მრავალპარტიული გარემოს შექმნას ემსახურება პრეზიდენტის არჩევის ის წესი და უფლებამოსილებები, რომლებიც 2013 წლიდან არის კონსტიტუციაში ჩადებული. რა თქმა უნდა, სააკაშვილს ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ახლა სწორედ ივანიშვილის მიერ გაცხადებული მრავალპარტიული გარემოს შექმნაზე ასხამს წყალს. იმიტომ რომ, დღეს საქართველოში არ არის არც ერთი პოლიტიკოსი (რა თქმა უნდა, თავად ივანიშვილის გარდა), რომელსაც უაპელაციოდ შეუძლია მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები.

ამიტომ მივუშვათ და გამოავლინონ თავიანთი დღემდე დაფარული შესაძლებლობები და უნარები ძველმა თუ ახალმა პოლიტიკოსებმა. სულაც აღარ იქნება საჭირო ხელოვნურად რომელიმე პარტიის გადამისამართება ოპოზიციურ ფლანგზე. თავისთავად შეიქმნება ახალი პარტიები თუ კონგლომერატები, მით უფრო, რომ ოპოზიციური ფლანგი უკვე ითხოვს ახალ, საინტერესო, სიცოცხლისუნარიან შევსებას. ბიძინა ივანიშვილმა უნდა მოირგოს საერთო-სახალხო ლიდერის როლი და მისცეს ასპარეზი პოლიტიკურ ძალებს განვითარებისთვის. ამ პოლიტიკური ძალების კონკურენცია კი თავისთავად დააბალანსებს და დაასტაბილურებს პოლიტიკურ გარემოს ქვეყანაში. მრავალი თანაბარძალოვანი პარტიის თანამშრომლობისა თუ კონკურენციის გზით პოლიტიკური პროცესების მართვა გაცილებით უმტკივნეულო, დემოკრატიული და ეფექტური იქნება, ვიდრე უკვე გაცვეთილი გზით სიარული. ამ ტიპის პოლიტიკური გარემო თავად მიუჩენს ადგილს მავანთა და მავანთა დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ ამბიციებს. ხელოვნური სასათბურე პირობების შექმნა კი, რასაც სხვადასხვა ფორმით ცდილობენ "ქართული ოცნების" გარკვეული სუბიექტები, ნამდვილად არ ემსახურება საერთო-პოლიტიკური ფონის გაჯანსაღებას ქვეყანაში.