"თუ რომელიმე ქვეყანა მისცემს ზურაბ ადეიშვილს პოლიტთავშესაფარს, არ ნიშნავს, რომ ის პოლიტდევნილია" - კვირის პალიტრა

"თუ რომელიმე ქვეყანა მისცემს ზურაბ ადეიშვილს პოლიტთავშესაფარს, არ ნიშნავს, რომ ის პოლიტდევნილია"

"აშკარაა, რომ ივანიშვილი თავის კოალიციაში შედარებით ყველაზე პროდასავლური ორიენტაციის გუნდს უმცირებს მართვის ბერკეტებს"

"ქუთაისი იქნება გაცილებით დეპრესიული ქალაქი, ვიდრე დღესაა"

რატომ შევიდა ხაშურის რაიონში არჩევნებზე სპეცრაზმი, გახდება თუ არა ქუთაისი მკვდარი ქალაქი და მედიაზე ზეწოლის რა ფაქტებზე ახდენს დღევანდელი უმცირესობა რეაგირებას, ამ და სხვა საკითხებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გოგა ხაჩიძეს ვესაუბრეთ:

- ბატონო გოგა, რამდენად სწორი იყო, რომ თქვენი ხელისუფლება ავღანეთში ჯარისკაცების დაღუპვას ასაიდუმლოებდა და მას მხოლოდ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ ამხელდა.

- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ავღანეთში დაღუპული რომელიმე სამხედროს გარდაცვალება გასაიდუმლოებული იყო და შესაბამისი პატივის გარეშე დაკრძალულიყო. არსებობს ჩამოსვენების კადრებიც, სადაც ყველანაირი სამხედრო წესი სრულდებოდა.

- მაგრამ არსებობს კადრებიც, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ საიდუმლოდ კრძალავენ ერთ-ერთ ჯარისკაცს. ალბათ, გემახსოვ+რებათ ნანა ლეჟავას "კვირის რეპორტაჟი"... ამ თემაზე ჩვენს გაზეთშიც ხშირად იბეჭდებოდა სტატიები...

- ნანა ლეჟავას მე ჭეშმარიტების გარანტად ვერ ვაღიარებ, მის რეპორტაჟებში ხშირად აღმომიჩენია სიცრუე. რეპორტაჟები, რომლებშიც ძალიან დიდ ფულს იხდის ბიძინა ივანიშვილი, ვერ იქნება სიმართლის მედროშე. ტენდენცია, რომ ჯარისკაცების გარდაცვალება გასაიდუმლოებული იყო, ნამდვილად არ მახსოვს.

- პრეზიდენტმა, პარლამენტის გადმოტანის შემთხვევაში, ქუთაისს მკვდარ ქალაქად გადაქცევა უწინასწარმეტყველა.

- პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეას მოჰყვა აეროპორტის გარემონტება და ბევრი სამშენებლო პროექტი, ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პარლამენტის გადატანა არ იყო ერთჯერადი აქცია. პარლამენტი ქუთაისში გადატანილი არ არის, ჩვენ ჩავდივართ იქ ერთ ლამაზ შენობაში, ვწევთ ხელს, მაგრამ ეს არ არის პარლამენტის გადატანა. ქუთაისში პარლამენტის გადასვლა სრულად მაშინ მოხდება, როცა იქ განთავსდება პარტიის ოფისები, გაიხსნება სასტუმროები... ვიმეორებ, ამ ეტაპზე გადატანის პროცესი შეჩერებულია. კი, ქუთაისი იყო მკვდარი ქალაქი, სადაც არ იყო დენი, წყალი ახლაც ჭირს, ავტობანი, პროექტის მიხედვით, ქუთაისს გვერდს უვლის, ყოველივე ამის შემდეგ გეტყვით, რომ ქუთაისი დღევანდელზე დეპრესიული ქალაქი იქნება.

- სააკაშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში მედიაზე ზეწოლაა, არადა, პრეზიდენტს არასოდეს უსაუბრია 7 ნოემბერს "იმედის" დარბევაზე, ხოლო "პალიტრამედიაში" ფინანსური სამსახურის შესვლაზე...

- დღეს მედიაზე ზეწოლაა. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ თანამდებობა ივანიშვილის ზეწოლით დატოვა, ჯერაც მიმდინარეობს "რუსთავი 2"-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა. პრეზიდენტი მედიაზე ზეწოლის ფაქტებს ყოველთვის ეხმაურებოდა, მეტიც, 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ მიიღო უპრეცედენტო გადაწყეტილება და ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა, რადგან მან აიღო პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე.

- თუმცა პრეზიდენტი "პალიტრამედიაში" ფინანსური სამსახურის შესვლას არასოდეს გამოხმაურებია.

- ეგ როდის ხდებოდა?

- 2011 წელს.

- მნიშვნელოვანია, რა მომენტში აკეთებ შემოწმებას, საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდნენ იმ კრიტიკულ, არჩევნების შემდგომ მყიფე მომენტში, როცა ცოტა გაუგებარი იყო შემოწმების დაწყება, თორემ ტელევიზიაც უნდა შემოწმდეს და ნებისმიერი სხვა ორგანიზაციაც, რაც შეეხება "პალიტრამედიას", ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტია, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი მსმენია(?!).

- საოცარია... ამ ფაქტმა ხმაური გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ წრეებშიც. დავით ბაქრაძემაც გამოხატა თავისი მოსაზრება, აშშ-ის ელჩმა თანადგომა გამოგვიცხადა, თქვენ მთავრობის წევრი იყავით და ცოტა უცნაურია, რომ არაფერი გსმენიათ...

- ქვეყანაში ძალიან ბევრი რამე ხდებოდა და ხდება. ბუნებრივია, ყველაფერს ყურადღებას ვერ მიაქცევ...

შეიძლება რაღაც გამოგრჩეს, მაგრამ რაც მთავარია, ფინანსური შემოწმების გამო შეფერხება არ გქონიათ...

- სწორედ აშშ-ის ელჩის ჩარევამ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიურობამ ითამაშა დიდი როლი..

- ძალიან კარგი, თუმცა, სამწუხაროდ, არ ვიცი ეს ფაქტი.

- ევროსაბჭოში გამოსვლისას პრეზიდენტმა უარყო პოლიტპატიმრების არსებობა...

- რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა პოლიტპატიმრების არსებობა? არის კონკრეტული წყარო? არც ერთ საერთაშორისო დოკუმენტში არ წერია სიტყვა "პოლიტპატიმარი".

- თქვენ თვლით, რომ ქვეყანას არ ჰყავდა პოლიტდევნილები?

- პოლიტდევნილობა და პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა სრულიად სხვადასხვა პროცესია. პოლიტთავშესაფრის მიცემა არ ნიშნავს, რომ ის პოლიტიკური მოტივით არის დევნილი. ეს ერთი კონკრეტული ქვეყნის ნებაა. მაგალითად, თუ რომელიმე ქვეყანა მისცემს ზურაბ ადეიშვილს პოლიტთავშესაფარს, არ ნიშნავს, რომ ის პოლიტიკური მოტივით დევნილია...

- არჩევნების დროს ხაშურის რაიონში, საარჩევნო უბანში სპეცრაზმი შეიჭრა, თუმცა ამ ფაქტზე არავითარი უკმაყოფილება არ გამოგიხატავთ დღევანდელი უმცირესობის არც ერთ წევრს.

- არჩევნები ყველას აღიარებით ჩატარდა დემოკრატიულად, ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში, თან ისეთ ურჩხულებთან ორთაბრძოლაში, როგორიც ჩვენ ვიყავით. ხაშურის საარჩევნო უბანში (რომელშიც მხოლოდ 500-მდე ამომრჩეველი შედის), გეტყვით, რატომაც გახდა საჭირო სპეცრაზმის შესვლა: მთელი დღის განმავლობაში, მეუფე იობის კურთხევით, სასულიერო პირები რას ქადაგებდნენ, ყველამ კარგად ვიცით (ვიდეოკადრებიც არსებობს), სასულიერო პირები იმ კონკრეტულ უბანში შევიდნენ, კარები შიგნიდან ჩაკეტეს. გაჩერდა საარჩევნო პროცესი, ფაქტობრივად იშლებოდა არჩევნები. ამას მოჰყვა სპეცრაზმის შესვლა.

- რა საჭირო იყო სპეცრაზმის ჩარევა, რამდენიმე სასულიერო პირის გამკლავებას ადგილობრივი პოლიცია ვერ მოახერხებდა?

- ადგილობრივმა პოლიციამ ეს ვერ მოაგვარა და ამიტომაც გახდა სპეცრაზმის დახმარება საჭირო, თორემ სხვა რა პრინციპით, ან რა ლოგიკით უნდა შესულიყო სპეცნაზი 500-ხმიან უბანზე. ეს იყო ჩვეულებრივი უკანონობა, რომელიც სახელმწიფომ აღკვეთა. სხვათა შორის, სხვაგვარად რომ დასრულებულიყო არჩევნები, მოხდებოდა ხაშურის რაიონის სრული რეაბილიტაცია, მაგრამ ისევე, როგორც ჩვენ მიერ დაწყებული სხვა პროექტები, ახალმა ხელისუფლებამ ეს პროცესიც შეაჩერა.

- ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ვიცეპრემიერის თანამდებობიდან გაათავისუფლა ირაკლი ალასანია. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება?

- ძალიან გაურკვეველი ამბავია, თუმცა აშკარაა, რომ ივანიშვილი თავის კოალიციაში შედარებით ყველაზე პროდასავლური ორიენტაციის გუნდს აცლის ხელიდან მართვის ბერკეტებს და იმ სადამსჯელო ღონისძიებას ატარებს, რაც მის ხელშია... მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრს თავდაცვის მინისტრის გადაყენება არ შეუძლია. თანაც, როცა პრემიერი ხსნის პირველ ვიცე-პრემიერს, ჯვარი სწერია და, პრემიერ-მინისტრს რომ შეჰქმნოდა რამე პრობლემა, ძალიან გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნებოდა...

უმრავლესობა კი ამტკიცებს, ეს სავსებით ნორმალური პროცესიაო, მაგრამ ჩემთვის მთლად ასე ვერ გამოიყურება. ისიც გასაკვირია, რომ არჩევნებიდან სამი თვის თავზე კოალიციაში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე იწყება უთანხმოება.

ლადო გოგოლაძე