"სააკაშვილს უთითებენ, სად არის მისი ადგილი!" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს უთითებენ, სად არის მისი ადგილი!"

"რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და ეს სამუდამო მეზობლობაა"

"ეს კაცი მახათას მთაზე პირდაპირ პატრიარქის სავარძელში ჩავარდა და იქიდან გაღიმებული იყურებოდა"

"უნდა ზუგდიდში წავიდეს, უნდა ქუთაისში და უნდა ბებიას ჩაუჯდეს კალთაში"

"როდესაც სააკაშვილს პუტინი გორში მოელანდა, ღობის ძირში ვიპოვეთ"

"ეს ცრუპატრიოტები გამეცადინებული არიან, რუსეთთან რკინიგზა არ გაიხსნას, რომ იქიდან დოსტოევსკი არ შემოგვეპაროს"

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოში კოჰაბიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა, ოპონენტებზე ისე ისაუბრა, ყველას მკაფიო წარმოდგენა შეექმნა იმაზე, თუ რას გულისხმობს კოჰაბიტაცია ქართულად. Aამ თემით დავიწყეთ საუბარი პოეტ დავით მაღრაძესთან:

- მოსახლეობამ ზნეობრივი გარდატეხა მოახდინა ქვეყანაში და ბიულეტენებით, კენჭისყრით მოუგო არჩევნები იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვებს ესროდა. ლოგიკური იყო, რომ ქართველ ხალხს გაემარჯვა იმ უზნეობასა და ძალადობაზე, რომელიც "ნაცმოძრაობამ" დაამკვიდრა ქვეყანაში.

სააკაშვილმა საერთაშორისო ტრიბუნიდან თქვა, რომ კოჰაბიტაცია საჭიროა, მაგრამ ამის მერე რაც ილაპარაკა, სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ კოჰაბიტაცია ჩაშლილიყო. თუმცა, ეს პროცესი ვერ ჩაიშლება, რადგან თანაცხოვრებასა და განსხვავებული აზრის პატივისცემას საქართველოში საუკუნეების ისტორია აქვს. ქართველი ხალხი შეურაცხყოფას, აბუჩად აგდებასა და წინაპრის შეურაცხყოფას არასოდეს შეიწყნარებს...

ადამიანების ჩეხა და ცოცხებით წამება პოლიტიკა აღარ არის. არ ვამბობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველა ერთნაირად აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე, რადგან იქაც არიან ადამიანები, რომელთაც გააცნობიერეს, რომ სააკაშვილი მათთვისაც ზედმეტია.  Aამ კაცს გამეტებული ჰყავს თავისი მომხრეების მცირე ჯგუფი. ურჩევნია, ციხეში გაგზავნოს ისინი, რომ მერე კომენტარები გააკეთოს. სააკაშვილი თავის მომხრეებს უშლის ხელს ცხოვრებაში, თორემ ის საქართველოსთვის პრობლემა აღარ არის. უნდა ზუგდიდში წავიდეს, უნდა ქუთაისში და უნდა ბებიას ჩაუჯდეს კალთაში.

- როდესაც მაღალი ტრიბუნიდან სააკაშვილი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოში დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხეზე ლაპარაკობს, ესეც არ არის პრობლემა?

- შეპყრობილი ადამიანის ასეთ უსუსურ და უმწეო გამოსვლას იუმორით უნდა შეხედო.  სააკაშვილი ის ადამიანია, ვისაც არავინ მოუყვა, რა არის საქართველო, რომ საქართველო მოდის კოლხეთიდან, იბერიონიდან, რომ აქ მეოთხე საუკუნეში მოციქულთა სწორი წმინდა ნინო შემოვიდა და მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მოქცევით დაიწყო ქრისტიანობა. ეს ყველაფერი დაუმალეს ამ კაცს და მანაც არაფერი იცის. გენიალურმა მოაზროვნემ და პოეტმა შოთა რუსთაველმა ოროსან სააკაშვილს რაბათის ციხესთან საქვეყნოდ ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა და ქართულ კულტურაზე საუბრის უფლება. ეს კაცი არც ქრისტიანობის ისტორიას იცნობს, არც კათალიკოსის ინსტიტუტს და არც ავტოკეფალიაზე აქვს წარმოდგენა. ყველამ დაინახა, რომ ეს კაცი მახათას მთაზე პირდაპირ პატრიარქის სავარძელში ჩავარდა და იქიდან გაღიმებული იყურებოდა.

- ახალ ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური კურსის შეცვლის გამო აკრიტიკებს. თქვენ თუ ხედავთ საგარეო ვექტორის რუსეთისკენ გადახრას?

- წინა ხელისუფლებას კურსი საერთოდ არ ჰქონდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე არავის დავენახეთ. როდესაც ადამიანის უფლებებს სააკაშვილივით გათელავ, იქ ნატოსა და ევროპაზე აღარ არის ლაპარაკი.  რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და ეს სამუდამო მეზობლობაა. ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი პუტინის ლანძღვით საქართველოს აძლიერებდა? მან ჩვენი მიწა-წყალი დაკარგა და ხელი მოაწერა კაპიტულაციას.

ბოლო ათწლეულებში მოდაში იყო გაცხადებული პატრიოტიზმი, სამშობლოს აღვირახსნილი სიყვარული. ასეთ აღვირახსნილ სიყვარულში შემჩნეული ადამიანები აფხაზეთის ომის დროს სადღაც დაიმალნენ, გულწრფელი ხალხი კი ომში წავიდა და დაიღუპა. ეს ფიურერები კი კაბინეტებში დარჩნენ.

ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია განსწავლული ადამიანების საქმეა და, როგორც იქნა, სერიოზული ადამიანი მოვიდა ბიძIინა ივანიშვილის სახით.

კარგია, რომ საპატრიარქოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხში მკაფიო პოზიცია აქვს, ინარჩუნებს ურთიერთობას რუსულ ეკლესიასთან. პატრიოტიზმის მოტივით პატრიარქს ეს ურთიერთობა შუა გზაზე არ მიუგდია და დიდი სიბრძნით მოქმედებს. ეს ცრუპატრიოტები კი გამეცადინებული არიან, რუსეთთან რკინიგზა არ გაიხსნას, რომ იქიდან დოსტოევსკი არ შემოგვეპაროს ან ვიღაცამ რუსული წიგნი არ გადმოიტანოს. ვერც ერთი პრეზიდენტი და მთავრობა ვერ შეძლებს, რომ კულტურის გზაზე ჩააყენოს მილიტარისტული ბლოკპოსტი. ვერასოდეს დავკარგავ ანა ახმატოვათი და მარინა ცვეტაევათი აღტაცებას. ეს რომ დავკარგო, მოვკვდები არა როგორც პოეტი, არამედ აღარ ვიარსებებ როგორც ადამიანი. თუმცა ერთი საფრთხე მაინც არის ჩვენს საზოგადოებაში. სააკაშვილისთვის რომ ესიამოვნებინათ, ხელოვანი ხალხი რუს კოლეგებს აღარ ესალმებოდა. ცოტა მაფრთხობს, რომ ახლა არ დაიწყოს ხბოს აღტაცების ენთუზიაზმი ამ ურთიერთობის გზაზე. ჩრდილი ადგება ქვეყნის ღირსებას, როდესაც ლაქიებივით გარბიან ვიღაცები, რომლებიც წინათაც იყვნენ რუსეთში სირბილს მიჩვეული. რაც იყო, ის აღარ იქნება, ახლა ღირსეულმა ადამიანებმა უნდა დაალაგონ ურთიერთობა.

- ანუ უსაფუძვლოა სააკაშვილის "შეშფოთება", მეზობლის გამო საქართველოს ხელისუფლებამ ხალხის მიერ არჩეულ კურსზე თქვა უარიო?

- ბატონი ბიძინა ყველა თავის საჯარო გამოსვლაში მკაფიოდ აცხადებს, რომ ჩვენი გზა მიდის ევროპისა და ნატოსკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსეთ-საქართველოს შორის გაუთავებელ ომს, რადგან ამას საქართველო ვერ გაუძლებს. ხელისუფლის სიბრძნე ის არის, რომ არსებული რეალობიდან საუკეთესო გზა იპოვოს, თავისი ხალხი აარიდოს ომსა და დევნილობას. პოლიტიკა ესაა. თორემ ყველა ნაღმზე თუ აფეთქდი, ამას პოლიტიკოსობა კი არა, ბედოვლათობა ჰქვია. პუტინის ლანძღვას ის მოჰყვა, რომ როდესაც სააკაშვილს ის გორში მოელანდა, ღობის ძირში ვიპოვეთ. აი, ასეთია ფრაგმენტი ჩვენი მთავარსარდლის გმირული თავგადასავლიდან.

- ახალ ხელისუფლებაში ნაკლს რას ხედავთ?

- რამდენადაც ვიცნობ ბატონ ბიძინას, მინდა მთავრობის სხვა წევრებს ვუსურვო მისგან ისწავლონ მხნეობა და ყველა პრობლემის სიღრმეში ჩაწვდომა. ტყუილს საგანგებოდ ამბობს ზოგიერთი "ობიექტური" ტელევიზიის ჟურნალისტი - ივანიშვილი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებსო და პარალელურად მერაბიშვილს აქებენ. შეგნებულად ეძებენ ივანიშვილის ნათქვამში რაიმე არასწორს, რაც, მათი აზრით, პრემიერ-მინისტრს არასასარგებლოდ მოუტრიალდება. მაგრამ ბატონი ბიძინა ნატოში ინტეგრაციაზეც მკაფიოდ, ხეირიანად და კარგი ქართულით ლაპარაკობს, ევროპისკენ სვლაზეც და რუსეთთან ურთიერთობასაც ფრთხილი ოპტიმიზმით ახსენებს. რადგან ეს ჟურნალისტები ხელმოსაჭიდს ვერ პოულობენ, ძალიან არიან განერვიულებული.

რამდენიმე დღის წინ "იმედის" დილის გადაცემაში ვიყავი და თავისუფალი, მშობლიური გარემო დამხვდა, სადაც 7 ნოემბრის მერე აღარ მივუწვევივარ.

ვინც ხელისუფლებაში არა ვართ, ჩვენს აზრებს საჯაროდ გამოვთქვამთ და ხელისუფლების ნებაა, გაითვალისწინებს თუ არა. საქართველოს მარადიული პრობლემა ის არის, რომ მაღალჩინოსნები კაბინეტებში გამოიკეტებიან ხოლმე. ჩაბურული მანქანისა და კაბინეტის მინებიდან კი სამშობლო კარგად აღარ ჩანს. ბატონ კახი კალაძეზე იუმორით ვთქვი რაღაც და ძალიან სერიოზულად აღიქვეს. Aარ ველოდი ამას, რადგან განზრახვაში არ მქონია ჩრდილი მიმეყენებინა იმ კაცისთვის, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. კახეთში გამიგონია ასეთი ნათქვამი: მე სალხინოთა ვთქვი და რა გულზე მაიხვედრეთო. ასე იყო კახი კალაძის შემთხვევაში.

არსებობს პერიფერიული აზროვნების კატეგორია და როდესაც ასეთი ადამიანები რაიმე თანამდებობას დაიკავებენ, ფიქრობენ, რომ მათი დრო მოვიდა. მეც ვყოფილვარ ხელისუფლებაში და ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობ. ადამიანმა არასდროს არ უნდა იფიქროს, - ჩემი დრო მოვიდაო. პასუხისმგებლობის ამღებ ადამიანს ევალება იცოდეს, რომ ჩვენ ღვთაებრივ დროში ვცხოვრობთ და "ჩემი დროს" ცნება არ არსებობს.

- რამდენიმე დღის წინ ირაკლი ალასანიას პირველი ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლება კოალიციაში განხეთქილების ნიშნად მიიჩნია ზოგმა.

- გულში ვის რა უდევს, არ ვიცი. საჯაროდ კი ალასანიას არ უთქვამს, მე მინდა პრეზიდენტობაო. მან მკაფიოდ თქვა, რომ კოალიციას შეთანხმებული კანდიდატი ეყოლება. არაფერი სკანდალური ამაში არ არის. სულ რომ სენსაცია და სასწაულები გვინდა, ესეც პერიფერიული აზროვნების სინდრომია.

- მაგრამ ირაკლი ალასანიამ არ დამალა, რომ პრემიერთან მძიმე საუბარი ჰქონდა.

- საქართველო ხომ შვეიცარია არ არის, რომ იოლი საუბრები ჰქონდეთ მთავრობაში. მათ ისეთი მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ, სულ მძიმე საუბრები ექნებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე მძიმდება. საუბარი იმიტომაა მძიმე, რომ საქმე გაიოლდეს და წინ წავიდეს. ბატონმა ირაკლიმ თქვა, რომ მასსა და ბატონ ბიძინას შორის გაუგებრობა არ არსებობს. თუ ბატონი ბიძინა მიიჩნევს, რომ რაღაც ფაქტმა რეზონანსი გამოიწვია, ე. ი. მართლაც ასე ყოფილა. ირაკლი ალასანიას პატივს ვცემ და პერსპექტიულ პოლიტიკოსად მიმაჩნია, მაგრამ ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის გამართულ დებატებთან დაკავშირებით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, - 1 ოქტომბერს ზნეობრივ ბრძოლაში გამარჯვება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომაც დღეს მათი სიტყვაა გადამწყვეტი!

- განხილვის საგანი გახდა ახალ წელს პრეზიდენტისა და პრემიერის საპატრიარქოში შეხვედრა, როცა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს მიუთითა, სად უნდა დამჯდარიყო.

- მოქალაქე სააკაშვილს ქართველმა ხალხმა მკაფიოდ მიუთითა თავისი ადგილი 1-ელ ოქტომბერს და თუ მაინც ვერ დაინახავს, მერე ბატონი ბიძინა მიუთითებს. მან აიღო ვალდებულება, რომ ქართველი ხალხის ნება გამოხატოს და რადგან სააკაშვილს არ ესმის ქართველი ხალხის ენა და ცელქობს, მასაც უთითებენ, სად არის მისი ადგილი.

- როგორც ვიცი, რომში მიემგზავრებით, სადაც სენატში თქვენი წიგნის წარდგენა გაიმართება.

- სენატის ხელშეწყობითა და მსოფლიო პოეზიის აკადემიის ინიციატივით, რომის სენატის წმინდა იუსტინიანეს დარბაზში ეწყობა ჩემი ნაწარმოების "ჯაკომო პონტის" პრეზენტაცია. გადაწყვეტილი აქვთ, ამ დღეს მსოფლიო პოეზიის აკადემიის წევრადაც ამირჩიონ. "ჯაკომო პონტი" 2012 წელს გამოვიდა ქართულად (სხვათა შორის პირველად ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრაში" გამოქვეყნდა) და წლის ბოლოს უკვე ინგლისში, თურქეთსა და იტალიაში გამოიცა. ადამიანი ნაწარმოებს იმიტომ აქვეყნებს, რომ უნდა საქვეყნო გახადოს თავისი ტკივილი და დღესასწაული. როდესაც შენი ნაწერი მართლაც საქვეყნო ხდება, მადლიერება და სიხარული ისადგურებს შენში. ახალი ნაწარმოები დავწერე - "ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან", რომელიც თებერვალში "ლიტერატურულ პალიტრაში" დაიბეჭდება. ეს ვრცელი ლექსი ჩვენს ქვეყანას, მის აწმყოს, წარსულსა და დღევანდელ ეპოქას ეხება.

"შეიძლება ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება მთელი ერი გააბრიყვო დროებით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ერის სამუდამოდ გაბრიყვება"

აბრაამ ლინკოლნი