მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: ალასანიას ჩამოლაბორანტება - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: ალასანიას ჩამოლაბორანტება

რა შეშურდებოდა ნათელაშვილს

როდესაც სააკაშვილმა განაცხადა, ოპოზიციონერი პრეზიდენტი ვარო, სულ ვფიქრობდი, ეს რას ნიშნავს-მეთქი და წინა კვირას მივხვდი. სწორედ კვირის დასაწყისში გამოვიდა პრეზიდენტი სტრასბურგში და საკუთარი ქვეყანა და მისი ახალი მთავრობა მიწასთან გაასწორა. ოპოზიცია რომ აკრიტიკებს საკუთარი ქვეყნის მთავრობას საერთაშორისო ტრიბუნიდან, გასაგებია, მაგრამ პრეზიდენტი? დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: საქართველო ნატოსკენ აღარ მიდის, რუსეთისკენ იხედებაო, თვითმმართველობებს აშანტაჟებენო, ახალი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს და მას "მეცხრე არხთან" აერთიანებსო, საპარლამენტო ოპოზიციას ყოველდღე ეუბნებიან, გაჩუმდით, თორემ ციხეში ჩაგსვამთო...

მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ დღეს საქართველოს პირსისხლიანი დიქტატორული რეჟიმი მართავს. მან ესეც არ იკმარა და ახალ მთავრობას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. მე რუსული ენაც კი უკეთ ვიცი, ვიდრე ახალმა პრემიერმაო. თუმცა ყველაზე გენიალური მაინც ის განცხადება იყო, რომელიც მან ამ ყველაფრის შემდეგ "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა. "საკუთარი ქვეყნის დაკნინება კარგ შედეგს არავის მოუტანს", - თქვა პრეზიდენტმა ივანიშვილის გასაგონად, რომელმაც რუს ბიზნესმენებს უთხრა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში მაღალი ადგილები სააკაშვილის ტყუილების დამსახურებააო. მოკლედ, წინა კვირას პრეზიდენტი და ივანიშვილი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო ცუდს იტყოდა საკუთარ ქვეყანაზე. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ მხრივ სააკაშვილმა ივანიშვილს აშკარად აჯობა. მან სტრასბურგში საკუთარი ქვეყნის მთავრობა ისე ლანძღა, ნათელაშვილსაც კი შეშურდებოდა. თუმცა ერთი სიმართლე მაინც თქვა: როდესაც ჰკითხეს, რა იყო თქვენი მმართველობის პერიოდში თქვენი საუკეთესო გადაწყვეტილებაო, უპასუხა: საუკეთესო, რაც გავაკეთე, ისაა, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგები ვაღიარეო.

ალასანიას ჩამოლაბორანტება

თუ ენაგრძელი პარტიის წევრები გყავს, ჩუმად პრეზიდენტობაზე ოცნებას უნდა შეეშვა! იმიტომ, რომ ჩუმად აღარ გამოდის. ასევე, თუ იმის ერთი ადგილი არ გაქვს, როდესაც ოცნებას გაგიგებენ და ამის გამო დაგსჯიან, თანამდებობიდან წახვიდე და ოცნების ასასრულებლად დამოუკიდებლად იბრძოლო, გენერლობაზე ფიქრს დროებით მაინც უნდა შეეშვა. საერთოდ, ალასანიას უდროო დროს პრობლემების შექმნა სჩვევია. ჯერ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია დაშალა, მერე ე.წ. პოლიტიკური ექვსიანიდანაც წავიდა, ახლა კიდევ დამოუკიდებლად მოინდომა პრეზიდენტობისთვის ბრძოლა. თან ამბობს, მხარს საპრეზიდენტო რესპუბლიკას ვუჭერო. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში, მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი არც ისე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ამის გარდა, ეს ამბავი ივანიშვილს "გაფუჭებული ტელეფონით" მიუვიდა: ჯერ ოზურგეთში ჩავიდა, იქიდან კი თბილისში დაბრუნდა და ასე მიაღწია პრემიერის ყურამდე. მოკლედ, ივანიშვილს საკმარისზე მეტი საფუძველი ჰქონდა გაბრაზებულიყო, თუმცა ჩემი აზრით, შეეძლო მხოლოდ საყვედურით შემოფარგლულიყო და ყველაფერი კოალიციის შიგნით მოეგვარებინა. ივანიშვილის განცხადება, რომ ალასანია რეგიონების საყურადღებოდ მოვხსენიო, მე ასე გავიგე: რადგან რეგიონებში ხმა გავრცელდა, მომავალში პირველი პირი ალასანია იქნებაო, ამიტომ ყველას ვაჩვენე, ვინ არის აქ უფროსიო. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ ეპიზოდმა კარგად არც ალასანია წარმოაჩინა და არც - ივანიშვილი. ყველაზე მეტად კი ივანიშვილის ფრაზა არ მომეწონა: ოზურგეთში "ქართული პარტიის" თავმჯდომარედ ჩემი თანაკურსელი აურჩევიათო. ხო, სულ შემთხვევით მოხდა, რომ მაინცდამაინც მისი კურსელი აირჩიეს. თუ გულწრფელი ხარ, ბოლომდე იყავი! თქვი, რომ ოზურგეთში პარტია თანაკურსელს ჩავაბარეო.

ორი უცნაურობა

ჩვენს ქვეყანაში ბევრი უცნაურობა ხდება, მაგრამ ამჯერად ორ ეპიზოდზე მოგიყვებით, პირველი კახეთში კომპენსაციების დარიგებას ეხება. გასაგებია, რომ ამ პროცესში ყველა კმაყოფილი ვერ გეყოლება. ამაზე არ ვსაუბრობ. ვსაუბრობ, იმაზე, რომ რამდენიმე ადამიანს ისეთი კომპენსაცია მისცეს, ჯობდა, საერთოდ არ მიეცათ. მაგალითად, ერთმა კახელმა გლეხმა კომპენსაციის სახით 12 ლარი მიიღო. საინტერესოა, კომისიამ ეს ზარალი როგორ დაადგინა? როგორ გამოთვალა, რომ მას მხოლოდ 12 ლარის ზიანი მიადგა? ერთი ქათამი მოუკლა ქარიშხალმა? ამას განა არ ჯობია, საერთოდ არ მისცე კომპენსაცია?

მეორე ეპიზოდს კი მგონი, კომენტარი საერთოდ არ სჭირდება. მარტო იმ ინფორმაციის გაცნობაც კმარა, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა:' აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მისი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე თანაპარტიელებისა და თანამებრძოლების საფლავების მონახულების ტრადიციის დანერგვის ინიციატივით გამოვიდა და მისი განხორციელებაც დაიწყო. Facebook-ში საბჭოს ოფიციალურ გვერდზე შესაბამისი ინფორმაცია და საფლავებზე მისული დეპუტატების ამსახველი ფოტომასალა უკვე გამოქვეყნდა.

"12 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ინიციატივით, დეპუტატები და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, თანაპარტიელებისა და თანამებრძოლების საფლავებზე მათი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად მივიდნენ. 12 საფლავზე სანთლები დაანთეს და ყვავილებით შეამკეს. რამდენიმე საფლავზე, დიდთოვლობის გამო, მისვლა ვერ მოხერხდა და თანამებრძოლებისთვის პატივგება გაზაფხულისათვის გადაიდო. ცხოვრებიდან ადრე წასული იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფა, ვისთვისაც სამშობლო ძვირფასი სალოცავი, ხოლო თავისუფლება მთავარი ღირებულება იყო, ამგვარი ფორმით ამიერიდან ტრადიციად დამკვიდრდება" - ნათქვამია Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა გითხრათ? საფლავებზე გასვლა და გარდაცვლილთათვის პატივის მიგება საშური საქმეა, მაგრამ ეს რატომ არის ოფიციალური ინფორმაცია? მესმის, რომ აჭარას მხოლოდ ფორმალური ავტონომია აქვს და მის საკანონმდებლო ორგანოს შეიძლება ბევრი საქმე არ აქვს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საფლავებზე ჭიქის წაქცევა ადგე და "ნიუსად" აქციო?