როგორ მოვიპაროთ 112 მილიონი? - კვირის პალიტრა

როგორ მოვიპაროთ 112 მილიონი?

"ოფშორული კომპანიის უკან კეზერაშვილი და მერაბიშვილი დგანან"

"საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი კოკა გუნცაძე ირწმუნება, რომ 112 მილიონის "მოხსნის" თაღლითური სქემა გამოააშკარავა. მისი მტკიცებით, მოხსნილი მილიონები ყოფილ მაღალ თანამდებობის პირებს შორის ნაწილდებოდა. რომელ მაღალ თანამდებობის პირებს გულისხმობს კოკა გუნცაძე და რამდენად მნიშვნელოვანია მის ხელთ არსებული მასალა? ჩვენ ამ თემით დავინტერესდით.

- ჩემი განცხადებების შემდეგ შპს "ვაგონშემკეთებელმა კომპანიამ" გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ჩემს განცხადებაში მოყვანილი არც ერთი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება, თუმცა, რატომ, არ აუხსნიათ. როგორც შევიტყვე, ამ თემაზე პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან გაუჭირდებათ.  2012 წლის 7 ივლისს "საქართველოს რკინიგზასა" და ვაგონშემკეთებელ კომპანიას შორის  კონტრაქტი დაიდო, სადაც გრაფიკით გაიწერა მიმწოდებლის, ე. ი. შპს "ვაგონშემკეთებელი კომპანიის" ვალდებულებები, რაც არ შესრულებულა. კონტრაქტის ღირებულება 112 მილიონს აღემატება, აქედან ავანსად კომპანიას უკვე მიღებული აქვს "საქართველოს რკინიგზისგან თანხის 50% - 56 მილიონზე მეტი.

"ვაგონშემკეთებელ კომპანიას" ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებით 290 ახალი ხორბალმზიდის მოწოდება და 1207 ვადაგასული ვაგონის კაპიტალური შეკეთება ევალება. კომპანიას 2012 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა მოეწოდებინა "საქართველოს რკინიგზისთვის" 290 ხორბალმზიდიდან 30 მაინც, ხოლო 1207 ვადაგასული ვაგონიდან 160 კაპიტალურად შეეკეთებინა. ვაგონშემკეთებელ კომპანიას დღემდე არც ერთი ხორბალმზიდი არ მოუწოდებია, 160 ვაგონიდან კი მხოლოდ 35-ია რეგისტრირებული სატვირთო გადაზიდვების საინფორმაციო ბაზაში, თუმცა, ისიც მიღება-ჩაბარების აქტისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გარეშე.  მაინტერესებს, როცა 56 მილიონზე მეტს იღებს კომპანია ავანსად, გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებების 5% მაინც ხომ უნდა შეასრულოს?

კონტრაქტის ვადა ორწლიანი იყო. ტრანშის პირველი ნაწილი, როგორც გითხარით, 2012 წლის დასაწყისში გაიცა, მეორე 2013 წლის დასაწყისში უნდა გაცემულიყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შესრულდა, "საქართველოს რკინიგზამ" დარჩენილი თანხის გადარიცხვა შეაჩერა და პროკურატურას ამ საქმის შესწავლა სთხოვა.

ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ერთი სატვირთო ვაგონის კაპიტალურ შეკეთებას 39 ათასი დოლარი სჭირდება, ეს ფასი 35-ზე რომ გადავამრავლოთ, 1.365.000-ს მივიღებთ. ერთი ამდენი რომ დავუმატოთ შრომით მომსახურებას და სხვა ხარჯებს, 3 მილიონ დოლარს მაინც არ აჭარბებს, დანარჩენი ფული სად წავიდა საქართველოს რკინიგზის გადარიცხული 56 მილიონიდან?

- დავაზუსტოთ, იმას ედავებით, რომ შპს "ვაგონშემკეთებელმა კომპანიამ" ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა თუ "ატკატი" გაკეთდა?

- ჩვენ ვაცხადებთ, რომ თაღლითური სქემის არსებობაზე გვაქვს ეჭვი. ამიტომ საზოგადოებას შევახსენებ, თუ როგორ დაიწყო ეს მეტად საეჭვო გარიგება: ვიდრე  ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვას აწარმოებდა "საქართველოს რკინიგზა", მომსახურების შესყიდვებზე 6 ტენდერი გამოცხადდა. ექვსივე ჩაიშალა. მაშინ "ვაგონშემკეთებელმა კომპანიამ" წერილი მისწერა რკინიგზის დირექტორთა საბჭოს და სთხოვა, იქნებ ერთ ლოტად გააერთიანოთ ერთმანეთისგან განსხვავებული სხვადასხვა შესყიდვაო. ამან საშუალება მისცა "ვაგონშემკეთებელ კომპანიას" ჩამოეშორებინა კონკურენტები და მხოლოდ თავად გამხდარიყო ტენდერში მონაწილე ერთადერთი სუბიექტი. კომპანიამ არგუმენტად ის მოიყვანა, რომ ერთი სუბიექტის მიერ ყველა შესყიდვის გაკეთება უფრო იაფი დაჯდებოდა, ვიდრე რამდენიმე კომპანიის მიერ სხვადასხვა შესყიდვისა. თუ რატომ ფიქრობდა ასე, მის წერილში დასაბუთებული არ არის. "საქართველოს რკინიგზამ" ეს პირობაც დააკმაყოფილა, მაგრამ, ამის შემდეგაც რამდენჯერმე შეცვალა ტენდერის პირობები, მომსახურების შესყიდვის ფასები, შესასყიდი ობიექტების რაოდენობა, პირობების შესრულების ვადები და ანგარიშსწორების ფორმა. თუმცა, მოხდა ისე, რომ ვაგონშემკეთებელმა კომპანიამ ამ ტენდერში მაინც ვერ გაიმარჯვა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში კი "საქართველოს რკინიგზამ" ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გააფორმა კონტრაქტი იმავე "ვაგონშემკეთებელ კომპანიასთან" და როგორც უკვე ვთქვი, ავანსად გადაურიცხა 56 მილიონზე მეტი ლარი.

- რით ხსნით იმას, რომ კომპანიამ ტენდერში ვერ გაიმარჯვა?

- არ ვიცი, ტენდერის მიმდინარეობისას რაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა, განვითარებული მოვლენები მიგვანიშნებს, რომ მათი მოლაპარაკება "წარმატებით დასრულდა" და  გაფორმდა 112-მილიონიანი კონტრაქტი. სწორედ ამის შემდეგ სატვირთო გადაზიდვების დირექტორმა დავით ჯინჯოლიამ, ვისი ინიცირებულიც იყო ახალი ხორბალმზიდებისა და ვაგონების კაპიტალური შეკეთების შესყიდვა, ტრანშის პირველი ნაწილის ავანსად გადარიცხვისთანავე დატოვა თანამდებობა "საქართველოს რკინიგზაში" და ვაგონშემკეთებელი კომპანიის წილის მფლობელ ოფშორულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. ფაქტობრივად, ეს პერსონა "საქართველოს რკინიგზიდან" გადარიცხულ ფულს გაჰყვა და დახვდა იქ, სადაც გადაირიცხა. ჩვენი ინფორმაციით, ამ ოფშორული კომპანიის უკან კეზერაშვილი და მერაბიშვილი იდგნენ, ხოლო ასეთი დიდი ოდენობის თანხის გამოყოფისა და განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებები ზურაბ ადეიშვილის გარეშე არ მიიღებოდა.

- ე.ი. ფიქრობთ, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა მოხსნილი თანხა გაინაწილეს?

- ეს ფული ქეშად აქციეს და შემდეგ გაინაწილეს თუ არა, ამას გამოძიება დაადგენს. ჩვენ პროკურატურას გადავცემთ ყველა დოკუმენტს და თუ კვალს დაადგება, აუცილებლად გახსნის მილიონობით თანხის მითვისების საქმეს.