არშემდგარი ტერაქტი ბუშზე: სასჯელს უდანაშაულო ადამიანი იხდის? - კვირის პალიტრა

არშემდგარი ტერაქტი ბუშზე: სასჯელს უდანაშაულო ადამიანი იხდის?

"მოვითხოვ, ვიდეომასალა გაიხსნას, რითაც ჩემი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდება"

"ფული თუ ავიღეთ, სად წავიღეთ?!"

ჯორჯ ბუშზე არშემდგარი ტერაქტისთვის გასამართლებული ვოვა არუთინიანის დედა მისი შვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებას ითხოვს. ჯერჯერობით მისი მოთხოვნა არავინ დააკმაყოფილა, თუმცა, გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არ გამორიცხა, რომ პროკურატურამ ამ საქმესაც შეიძლება გადახედოს. ვოვა არუთინიანის დედა, ანჟელა არუთინიანი "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- იქ, სადაც ჯორჯ ბუში იდგა, პერიმეტრზე ამერიკული დაზვერვის ფარული კამერები მუშაობდა და შესაბამისად, არსებობს ვიდეომასალაც, სადაც კარგად ჩანს ჩემი შვილიც და, ალბათ, ისიც, ვინც ყუმბარა დადო. მოვითხოვ, ეს ვიდეომასალა გაიხსნას, რითაც ჩემი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდება. გაირკვევა, ვინ დააგდო ჯორჯ ბუშთან ახლოს ცხვირსახოცში გახვეული ყუმბარა.

- წულუკიანმა თქვა, რომ შესაძლებელია ეს საქმეც გადაიხედოს.

- მე წერილი მივწერე ქალბატონ თეა წულუკიანს, ასევე, მთავარ პროკურორ, არჩილ კბილაშვილს და მოვითხოვე ამ საქმის გადახედვა. ჩემს შვილს ტყუილ-უბრალოდ აქვს მისჯილი უვადო პატიმრობა. ან სად გინახავთ, არშემდგარი ტერაქტისთვის ვინმესთვის უვადო პატიმრობის მისჯა?

- ვოვა არუთინიანის აყვანისას დაიღუპა კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ქვლივიძე.

- ჩვენს ეზოში მოხდა ეს ყველაფერი, შინ არ ვიყავი, თუმცა, გადმოცემით ვიცი. ზურაბ ქვლივიძემ რამდენჯერმე ესროლა ვოვას, ჩემი შვილი სისხლისგან იცლებოდა, როცა ქვლივიძეს ზურგიდან მოხვდა ტყვია. იმ დროს ვოვასგან ზურგშექცევით ის არც მდგარა, მას სხვა სპეცრაზმელის ბრმა ტყვია მოხვდა. ამ ამბიდან ძალიან მალე ვოვა საავადმყოფოში წაიყვანეს, 7-საათიანი ოპერაცია გაუკეთეს, 2 ტყვია ამოუღეს.

- გინდათ თქვათ, რომ თქვენს შვილს იარაღი არ ჰქონია, წინააღმდეგობა არ გაუწევია?

- ვოვას შინ იარაღი არ ჰქონდა... მე მივმართე პროკურატურას, რომ გადახედონ ამ საქმეს, მაგრამ ვოვა ისეთ დღეშია, შეიძლება სასამართლო პროცესზეც არ გავიდეს, ძალიან განერვიულებულია და ჯერ მკურნალობა სჭირდება.

- ფსიქიკური პრობლემები ხომ არა აქვს? ეჭვი ამის თაობაზე ადრეც გამოითქვა.

- უბრალოდ ძალიან განერვიულებულია. ამ საქმეზე საერთოდ ვერ ველაპარაკები. როცა პაემანზე მივდივარ, მხოლოდ მეგობრებზე, ახლობლებზე ვლაპარაკობთ.

- ამბობდნენ, რომ ვოვას ჯორჯ ბუში ეზიზღებოდა.

- ვერ ვხვდები, რა ესაქმებოდა ბუშთან. რომ მითხრეს, ბუშს შეაგინაო, გამიკვირდა, ერთი სიტყვაც არ იცოდა ინგლისურად. არ ვიცი, რატომ ან როგორ გაეხვია ასეთ შარში. ამბობენ არუთინიანი ამ პროვოკაციაში ფულის სანაცვლოდ გაეხვიაო. არადა, როგორც გვიჭირდა, ისე გვიჭირს დღესაც, ფული თუ აიღო ჩემმა შვილმა, სად წავიღეთ? 17 წელიწადია სადგურის მოედანზე დავდივარ და ცხვირსახოცებს ვყიდი, ამით ვინახავ საკუთარ თავსაც და ჩემს შვილსაც. ვოვა 8 წლის იყო, როცა მამამისი გარდაიცვალა. რა გაჭირვებით გამოვზარდე, ვერ აგიწერთ. ჩვენ ორი უპატრონო ადამიანი ვართ, პატრონი რომ გვყოლოდა, ჩემს შვილს ადვოკატიც ეყოლებოდა და ახლა გარეთაც იქნებოდა.

- თუ ვოვას პოლიტიკა არ აინტერესებდა და არც ბუშის მიმართ ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება, რატომ წავიდა იმ აქციაზე, თანაც სცენასთან ძალიან ახლოს იდგა?

- ყველა იმ ღონისძიების სანახავად იყო წასული და რა გასაკვირია, ჩემი შვილიც წასულიყო? აქციიდან ასე, 5 საათისთვის დაბრუნდა. სხვა დროს მთელ დღეებს სახლში ატარებდა, სამუშაო არ ჰქონდა.

- თვითონ ვოვაზე რას გვეტყვით, მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით.

- ახლა 34 წლის არის, 27-ისა იყო, როცა დაიჭირეს. ვოვას ბავშვობიდან კითხვა უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საშუალო განათლება აქვს, საკმაოდ ნაკითხია. კარგად წერს ქართულადაც და რუსულადაც.

- ციხიდან გწერთ წერილებს?

- რა თქმა უნდა. ეს მხოლოდ პირადი წერილებია. როგორც უკვე გითხარით, არასდროს ლაპარაკობს და მით უმეტეს, არ წერს იმ საქმეზე, რომლის გამოც დააკავეს. ეს მისთვის ტაბუდადებული თემაა.

"ახლა რასაც ვამბობ, სკანდალურიც კი არის"

პრეზიდენტის დაცვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ გიგოლაშვილი "კვირის პალიტრის" 2010 წლის 10 მაისის ნომერში აცხადებდა: "სწორედ იმ ადგილას ვიჯექი, საიდანაც პოლონელმა ჟურნალისტმა გადაუღო არუთინიანს ფოტო. ჩემ გვერდით ისხდნენ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები, ე.ი. მთელი "ამერიკული მანქანა" და გამორიცხული იყო, ჩვენ ცხვირწინ რამე მომხდარიყო. მეტიც, ფარული კამერები იღებდა ყველაფერს. მერწმუნეთ, რასაც ახლა ვამბობ, სკანდალურიც კი არის. ამერიკელებმა მთხოვეს, საიდუმლოდ დარჩენილიყო და ამიტომაც ვიდეომასალის შინაარსს ვერ გავახმაურებ. შეიძლება დადგეს დრო, როცა თავად გაამჟღავნებენ ყველაფერს".