"წაიყვანეს ჩემი როზა..." - კვირის პალიტრა

"წაიყვანეს ჩემი როზა..."

"ციხის კადრები უკვე ყველამ ნახა, ჩემს ფილმში საზოგადოებისთვის უცნობი დეტალები იქნება..."

რეჟისორ ელდარ შენგელაიას ახლახან 80 წელი შეუსრულდა და განვლილ წლებს ჩვენთან ერთად გადაავლო თვალი..

- ბავშვობიდან ცოტა "შერეკილი" ვიყავი... ძალიან ცუდად ვსწავლობდი, სულ ორები მყავდა და დედაჩემს ვტანჯავდი.

- უჩვეულო ბავშვს სიყვარულიც შესაბამისი გექნებოდათ...

- პირველ კლასში გვერდით ერთი გოგონა რომ მომიჯდა, შევხედე და უცებ შემიყვარდა... ჩემი მეორე სიყვარული ქურთის გოგო როზა იყო, რომელიც ჩვენს ეზოში ცხოვრობდა. მე 9 წლის ვიყავი, ის - 14-ის, მაგრამ ძალიან მიყვარდა. ერთ დილას ზურნის ხმა გავიგონე, გავიხედე და... ჩემი როზა არ თხოვდება?!.. წაიყვანეს ჩემი როზა, ძალიან მეწყინა, მაგრამ რაღა გაეწყობოდა?! ერთი კვირა საოცრად სევდიანი ვიყავი...

არიადნა... არიადნა ძალიან ლამაზი იყო... იმ პერიოდში დავქორწინდით, როცა ეკლესიაში არავინ დადიოდა, მაგრამ ჩვენ წავედით მოსკოვში, დიდ ეკლესიაში სანთლები დავანთეთ და შემდეგ პატარა ვახშამი გვქონდა რესტორან "არაგვში"...

- თქვენი ცხოვრება ტრაგედიითაც აღსავსეა...

- დიახ... ჩემი პოლიტიკიდან წასვლა ორმა რამემ განსაზღვრა - პირველი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება იყო. ადრეც მინდოდა პოლიტიკიდან წასვლა, მაგრამ ზურა სულ მეხვეწებოდა, ცოტა ხანს დარჩით, პოლიტიკაში გვჭირდებითო.. შემდეგ ჩემს თავს დიდი უბედურება დატრიალდა, დაიღუპა ჩვენი ქალიშვილი ელენე და პოლიტიკა საბოლოოდ დავტოვე...

ზურაბი ჩემზე უმცროსი იყო, მაგრამ ყოველთვის ჩემზე უფროსად აღვიქვამდი. ძალიან ჭკვიანი და ინტელიგენტი კაცი იყო. ვიცი, უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკა ჭუჭყიანი საქმეა, მაგრამ ზურას ტყუილი არ სჩვეოდა, ყოველთვის სიმართლეს ამბობდა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძოდა. ზურა მაღალი ზნეობის ადამიანი იყო, მაგრამ უმეტესობა მას არ ჰგავდა. მაშინ არ ვიცოდი, მერე გავიგე, რომ ბევრი მათგანი ფულს აკეთებდა, აგარაკებს იძენდა...

- ნანობთ, პოლიტიკაში რომ იყავით?

- არა, ცხოვრება ყოველთვის გამოცდას გიწყობს და ღირსეულად უნდა გაიარო. მალე ფილმების გადაღებას დავიწყებ და ყველაფერი იქ აისახება...

- რა იგულისხმა პრეზიდენტმა, როდესაც 80 წლის იუბილე ხატოვნად მოგილოცათ?

- მან "შერეკილებიდან" გამოიყენა სიტყვები და ალბათ ასეც სწამს, რომ საქართველო ერთ დღეს გაფრინდება... ეს გაფრენა "შერეკილებში" თავისუფლებისკენ გაფრენაა..

- ციხის კადრებმა საქართველო შეძრა... ამბობთ, რომ ფილმს გადაიღებთ პოლიტიკურ თემაზე, ხომ არ მოხვდება ციხის კადრებიც?

- ეს კადრები ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვა... არა მგონია ციხის კადრები ფილმში მოხვდეს, ეს უკვე ყველამ ნახა, ფილმში საზოგადოებისთვის უცნობი დეტალები იქნება...

მანანა გაბრიჭიძე