თავგანწირული 17! - კვირის პალიტრა

თავგანწირული 17!

"შესვით გმირების სადღეგრძელო"

ისინი ელიავაზე მუშაობენ, პროფილაქტორიუმში. აქ ჭერზე სამი-ოთხი მსუბუქი მანქანაა ჩამოკიდებული და ისინი ქანჩებით საათობით უჩხიკინებენ მწყობრიდან გამოსული მანქანების ფსკერს. მერე იქვე, მაზუთით გაშავებულ  რკინაზე ჩამოსხდებიან და ნათითურებიანი სიგარეტის კოლოფიდან სიგარეტს იღებენ. აქ, პროფილაქტორიუმში, ყველა ეწევა, ყველაზე მეტს ისინი. სხედან და დუმან. მე არ მიკითხავს მათთვის, იგონებენ თუ არა ამ დუმილისას აგვისტოს ომს. აზრი არ აქვს, უთუოდ შემოგიბღვერენ. მხოლოდ გვერდით მივუჯექი და ფურცელი გავშალე. ჩემს ფურცელსაც შავი მაზუთი აჰყვა. მომიბოდიშეს, რომ ასეთ გარემოში მიმიყვანეს სასაუბროდ. იქით უნდა მოგიხადოთ ბოდიში, რომ სამშობლოს თქვენ და თქვენისთანები უფრო მეტად უნდა დაეფასებინეთ-მეთქი. უცნაურად შემათვალიერეს, ვითომ მართალი არ ვარ? მათ ფიქრადაც არ გაუვლიათ, უთანასწორო ომში რა გვინდოდაო! ზოგი ვერ გადარჩა. ვინც გადარჩა, ახლა ცხოვრებას ეომება...

- მინდა, იმ ჩვიდმეტი გმირი ქართველის ამბავი მიამბოთ, რომელმაც ცხინვალთან ახლოს, შინდისში რუსული ბატალიონი შეაჩერა და რუსებს ქუდი მოახდევინა. ეს ამბავი შემთხვევით კაჭრეთში გავიგე, სუფრაზე, ავთო ხიმშიაშვილი იყო თამადა და იმან დალია იმ 17 გმირის სადღეგრძელო.

- ვინა, მამაჩემმა?! - აქეთ მეკითხება მიხეილი, ჰო, დალევდა. კახეთში ხუთი წელიწადია, მაგათი სადღეგრძელო ისმება. მე ჩავიტანე ეგ ამბავი კახეთში, ცხინვალიდან რომ გამოვედი.

- ჰოდა, მამაშენმა მომასწავლა, რომ ელიავაზე მეპოვე.

- ჰო. აქა ვართ. მეცა და ილია ხიზანიშვილიც. მეოთხე ბრიგადაში კონტრაქტით ერთად ვიყავით.

- მერე?

- რა, მერე? ვიომეთ. შინდისიდან ცხინვალამდე ბრძოლით მივიწევდით. ჩვენ იქით მივდიოდით, იქიდან კი ჩვენი დახოცილი ბიჭები გამოჰყავდათ. აი, ისინი იყვნენ გმირები! ცხინვალში რომ შევედით, გულიდან დაგროვილი ბოღმა ამოინთხა... მაგარი სიხარული იყო, ვერ აღვწერთ, ღირდა ამისთვის სიკვდილი. ამიტომაც დატოვეს ჩვენმა ბიჭებმა სიცოცხლე იქ. ღმერთმა აცხონოს იმათი სულები. აგე, ილიამ 50 კაცი ჩამოასვენა ცხინვალიდან ორი კვირის შემდეგ. ასე არ იყო, ბიჭო?

- ასე იყო, - პასუხობს ისიც.

- მერე თქვი, ბიჭო, რას გაჩუმებულხარ!

- ჰო, ასე იყო. ჩვენი ბერ-მონაზვნები რომ შევიდნენ ომის შემდეგ ბიჭების გამოსასვენებლად ცხინვალში, ბრიგადაში მოვიდნენ, - ვინ წამოხვალთო? თხუთმეტი კაცი წავედით. ცხინვალის გორაზე ჰყავდათ ბიჭები ოსებს დამარხული. ბიჭები ისე იყვნენ დაფლეთილები, ამოსაცნობად იდენტიფიკაცია დასჭირდათ.

- ის 17 გმირიც მათ შორის იყო?

- არა, ისინი შინდისთან დაიხოცნენ. 17-ივე ერთად დაიხოცა.

- ეს როგორ მოხდა? ჩვენ ომში დამარცხებული ერი ვართ. დამარცხების ტკივილის წაშლას კი გმირულად დამარცხების ამბავი აუცილებლად სჭირდება.

- როგორ და... მოკლედ, 17-ნი დარჩნენ მარტო და ორი საათის განმავლობაში შეაჩერეს რუსული სადესანტო დანაყოფი. ეს ძალიან დიდი დროა. რუსებს  დახმარება უთხოვიათ, - გვიშველეთ,  ქართველთა ჯარი გვიტევს, წინააღმდეგობა ვერ დავძლიეთო. გამოუგზავნეს დამხმარე. როცა ქართველები დაწყდნენ, რუსებმა დაითვალეს და სულ 17 კაცი აღმოჩნდა... რუსმა მეთაურმა, - ყველანი ერთად დაასვენეთ და სწორდითო. დაასვენეს. ახლა ქუდი მოუხადეთ ამ ბიჭებს, მსგავსი ვაჟკაცები არსად მინახავს. ასეთი ბიჭები რომ მყოლოდა, ჩეჩნეთს ერთ დღეში ავიღებდიო.

- მერე?

- რა, მერე? ამას რაღა გაგრძელება უნდა? - ამბობენ მოუთმენლად, - ახლა უნდა წავიდეთ, ვიმუშაოთ. არა გვცალია.

ამბობენ და რატომღაც გამურულ ტილოზე შენაწმენდ ხელებს ისევ თავიდან იწმენდნენ. მეც ფურცლებს ვკეცავ და მოვდივარ. სად? მომავალში, - ქართველები ისევ დალევენ გმირი წინაპრების სადღეგრძელოს. ესენი რომ არ გვყოლოდნენ, ისე ხომ მომავალიც არ გვექნებოდა...