მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ვანოს ფიქრები

სულ ვფიქრობ, რისი იმედი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". მათ მომავალს ოპოზიციაშიც ვეღარ ვხედავ, ისინი კი, თურმე ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადებიან. აი, რა განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა: "ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით ოთხ წელიწადს". შემდეგ დაამატა: ""როგორც კი დავბრუნდებით, ყველაფერს აღვადგენთ დაახლოებით ექვს თვეში". ვისაც კომპიუტერული თამაშები უთამაშია, იცის, რომ პირველად არის თამაში ძნელი, თორემ მეორედ ადვილად გადადიხარ ტურიდან ტურში". აი, ასე! ვანო ამბობს, რომ დაბრუნდებიან და თანაც ამას არჩევნებამდე გააკეთებენ. ნეტავ, როგორ მოახერხებენ ამას? რაღაცებს მერაბიშვილი თავად აზუსტებს: "ეს რომ ყოფილიყო შედარებით ნორმალური ხელისუფლება, თუნდაც გაჩეჩილაძეზე იყოს საუბარი, გაჩეჩილაძეზე კარგი აზრის არა ვარ, მაგრამ შეიძლებოდა თქმა, ოთხი წელი დაველოდოთო. ამ მთავრობას ოთხ წელიწადს ვერ ვაცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ სახელმწიფო გადატრიალებას მოვაწყობთ, მაგრამ არ უნდა მივცეთ საშუალება, ის გეგმები, რაც აქვთ, როგორიც მინიმუმ საქართველოს დასუსტებაა, დავუშვათ. ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს მაინცდამაინც, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩავატაროთ. ამის სხვადასხვა მეთოდი არსებობს - რეალური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება, ადამიანების გადაბირება".

როგორც ხედავთ, დიდი გეგმები ჰქონიათ... თან ამ ყველაფერზე ბატონი ყოფილი ხერხემალი ისე ლაპარაკობს, ვითომც აქ არაფერიო. ამავე გამოსვლაში ის არც მიტინგებს გამორიცხავს, უბრალოდ, ჯერ ზამთარია და ხალხს სცივაო: "ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევავიწროოთ ეს ხელისუფლება და დავაჩქაროთ ამ ხელისუფლების ცვლილება. როგორი ფორმით, ამას აჩვენებს დრო და ის საშუალება, რომლებიც გვექნება. დღეს ვართ დაკავებული რესურსების შენარჩუნებით, ადამიანების გამხნევებით. ზამთარია და ქუჩის აქციები ჯერ ადრეა. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი, როგორც ვირტუალური, ასევე პრაქტიკული, რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას".

კარგია, ეს ყველაფერი ყოფილმა ხერხემალმა ხმამაღლა რომ თქვა. გვეცოდინება, რას უნდა ველოდოთ. კაცი იმედით ცოცხლობს, მით უმეტეს - პარტია. ასე რომ არ ილაპარაკოს, "ნაციონალური მოძრაობა", ალბათ, დაეშლება. გაამხნევონ ერთმანეთი, სხვა რა გზა აქვთ! მხოლოდ ის მაშინებს, მერაბიშვილს ეს ყველაფერი კომპიუტერული თამაში რომ ჰგონია.

P.S. მე მაინც ვფიქრობ, რომ ხერხემალი დისკოზიანი აღმოჩნდა.

გიგის ფიქრები "ჩუკენობაზე"

რაზე ფიქრობდა ამ დროს თბილისის მერი? ჩუკენობაზე. ეს ძველქართული სიტყვა, რომელიც მასტურბაციას ნიშნავს, მას პროკურატურაში მისი თანამშრომლების დაბარებამ გაახსენა. "ამ მთავრობასთან დიალოგი შეუძლებელია, ამიტომ რიტორიკულ კითხვას დავსვამ: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა ამ ჩუკენობას და როდის გადავა რეალური საქმის კეთებაზე?" თქვა და ატყდა ამბავი: რა იკადრა თბილისის მერმაო. ზოგმა საერთოდ ვერ გაიგო, რას გულისხმობდა, თუმცა მისმა არაკორექტულობამ ყველა აღაშფოთა. საგამოძიებო უწყებებმა კი მოწოდება, ჩუკენობას თავი დაანებეთ და რეალურ საქმეზე გადადითო, კვირის ბოლოს პირნათლად შეასრულეს და თავად დაიბარეს დაკითხვაზე. მოკლედ, გაირკვა, რომ დასუფთავების სამსახურს თავის ერთ-ერთ შპს-ში ფიქციურად ჰყავდა გაფორმებული "ნაცმოძრაობის" 700 აქტივისტი. ამაზე დიდხანს აღარ შევჩერდები, ისედაც იცით უბრალოდ, ერთს დავამატებ - გამოძიებამ ასევე გაარკვია, რომ ამავე სამსახურში ალპინისტ-დამგველების თანამდებობაზე გაფორმებული ჰყავდათ თეატრალურის კვარტეტის წევრები. კარგი, დავუშვათ ამ შემთხვევაში კეთილ საქმეს აკეთებდი და მომღერლებს ეხმარებოდი, რაღა მაინცდამაინც ალპინისტ-დამგველებად აფორმებ?! განა დაგვის დროს არ არის საჭირო სიმღერა? ჰოდა, გააფორმე მეეზოვეთა გამამხნევებლად, ან გამღვიძებლებად, ჩააწერინე სიმღერა დასუფთავებაზე, მერე კლიპი გადაუღე და ეგაა! სწორედ ეგ საქმე არ გეშლებოდათ "ნაციონალებს", ყველაფერზე კლიპებს იღებდით. არადა, ბოლოს ისე გაზარმაცდით, ტვინის განძრევა აღარ გინდოდათ. ჰოდა, ახლა ილაპარაკეთ ჩუკენობაზე.

"ბებიკოს ბიჭის" ფიქრები

რომ არსებობენ "დედიკოს ბიჭები", სააკაშვილს თამამად შეიძლება ეწოდოს "ბებიკოს ბიჭი". მხოლოდ იმას არ ვგულისხმობთ, რომ მან თავის გამოსვლაში ბებია ახსენა, საუბარი იმას შეეხება, რომ დეპუტატ გია ცაგარეიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტისას ბებია ახლდა. ადამიანი ბებიას პატივს რომ სცემს, ამას რა სჯობია, მაგრამ აქ მთავარი კითხვა ასე ისმის: რა თანხით დადის პრეზიდენტის ბებია? თუ ბიუჯეტის თანხით, სიტუაცია იცვლება.

ვანო თუ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ფიქრობს, მიშას აზრები, როგორც ირკვევა, ისევ გაფრენას უტრიალებს. "ყველანი გავფრინდებით და საქართველო ისეთი იქნება, როგორიც ერთაოზს წარმოედგინა!" - ასე მიულოცა მან ელდარ შენგელაიას დაბადების 80 წლის იუბილე. ერთაოზი და შენგელაიას "შერეკილები", ალბათ, ყველას გახსოვთ, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ, როგორი საქართველო წარმოედგინა ერთაოზს... კიდევ ერთი ადამიანი, ვისაც პრეზიდენტის ფიქრები დასტრიალებდა, გუბაზ სანიკიძეა. მან მისი სურათი ქუთაისელებს აჩვენა, აი, ნახეთ, სხდომაზე როგორ სძინავს თქვენს მაჟორიტარ დეპუტატსო. ვერ მივხვდი, რა პრობლემაა პარლამენტის სხდომაზე ძილი. გუბაზს პირველი ქვა იმან ესროლოს, ვისაც მილიონერობაზე ოცნებაში არ ჩასძინებია. რა იცით, სიზმარში რას ხედავდა?! უფრო სწორად - რამდენს ხედავდა?!