ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
04-02-2013
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
ახალი ქართული იდეა

ქვეყანაში არსებული დაპირისპირების, "ნაციონალების" მხრიდან განუწყვეტელი პროვოკაციის, მეორე მხრიდან საპასუხო რეაქციის - თავის მართლების, საზოგადოებაში ყოფილ მმართველთა მიმართ კიდევ უფრო გამძაფრებული აგრესიის პირობებში იკარგება მთავარი - დრო, რომელიც "ნაციონალურ" რეჟიმს გადარჩენილი საქართველოს სახელმწიფოს შენებას უნდა მოვახმაროთ. დამეთანხმებით, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, საით მივდივართ, რაში და როგორ ვიყენებთ თუ ვფლანგავთ იმ შანსს, რომელიც 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად მივეცით საკუთარ ქვეყანას და ჩვენს მომავალს, ვიდრე ზოგიერთი "ნაციონალის" ავადმყოფური
ლექსიკის მასობრივი განხილვა და დამნაშავეთა გრძელი რიგის დაბარება-არდაბარების საკითხი პროკურატურაში. თუმცა სამართალი უდავოდ უნდა აღსრულდეს და სახელმწიფო სამსახურსაც უნდა ჩამოშორდნენ ისინი და მათი მსგავსნი, ვისი საქმიანობაც, ძირითადად, მათ მიერვე გამოყენებული ლექსიკური მარაგით შემოიფარგლება.
ჩვენ კი დროა დავიწყოთ მთავარი - ფიქრი და რეალიზაცია ახალი ქართული იდეისა.
რა შეიძლება იყოს ის, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, საით მივდივართ, ჩვენ ჯერ ეს არ გაგვირკვევია, ჯერ მხოლოდ ის ვიცით, როგორი ქვეყანა და ხელისუფლება არ გვინდა.

ლექსიკამდიდარი "ნაციონალებისთვის" რომ გეკითხა, საქართველოს სახელმწიფოებრივი იდეა ნატოსა და ევროკავშირში შესვლა გახლდათ. ამერიკელს ან ფრანგს რომ უთხრა, ნატოში ან ევროკავშირში შენი ქვეყნის ყოფნა თქვენი ნაციონალური იდეააო, გაკვირვებისგან თვალები შუბლზე დაასხდება, რადგან ნებისმიერი საერთაშორისო კავშირი თუ ორგანიზაცია არის მხოლოდ ინსტრუმენტი ამა თუ იმ ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური, სამხედრო თუ პოლიტიკური გამოწვევების დასარეგულირებლად და არა რომელიმე ერის არსებობის საბოლოო მიზანი. ასეთი მიდგომა მხოლოდ ჩვენს პროვინციალიზმს და არაკვალიფიციურობას უსვამს ხაზს. კი ბატონო, ჩვენ შევალთ ევროკავშირში და ნატოშიც, შეიძლება იმაზე უფრო მალეც, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. ისტერია ახალი ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლის თაობაზე, ერთი მხრივ, "ნაციონალური" ბლეფია, მეორე მხრივ, თავად "ქართული ოცნების" კომუნიკაციური არხების გაუმართაობის შედეგი. მაგრამ, ევროკავშირისკენ მიმქროლავ მერანზე ამხედრებულებმა ვიცით კი, გარდა უვიზო რეჟიმისა, რა ბენეფიტებს და რა შეზღუდვებს გვიწესებს ჩვენთვის ასეთი საოცნებო ევროპული ოჯახი?! რა უფრო მნიშვნელოვანია: დუჟმორეულ "ნაციონალთა" მორიგი კლოუნადის ყურება თუ საჯარო დისკუსიების ინიცირება ასეთ სასიცოცხლო თემებზე, რათა არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ საზოგადოებამაც დაიწყოს მზადება ევროპული სივრცისთვის: ევროკავშირული ცხოვრების წესი არა მხოლოდ უფლებები, არამედ პასუხისმგებლობებიც არის, რომელთან შეგუებაც შეუჩვეველ ქართველ საზოგადოებას წინასწარი მზადების გარეშე ნამდვილად გაუჭირდება.

განხეთქილების ვაშლიდან დაბალანსებულ სივრცემდე

რა იწვევს ახალი ხელისუფლებისთვის დროებით პრობლემებს საგარეო პოლიტიკურ არეალზე? არა საგარეო კურსის, არამედ მიდგომების ცვლა. კერძოდ, "ნაციონალების" საგარეო პოლიტიკა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ყველა საგარეო პოლიტიკურ პარტნიორთან თუ მეზობელთან ურთიერთობაში, იყო კაპიტულანტური, ანუ მხოლოდ და მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესების გატარების ხარჯზე საკუთარი თავის შენარჩუნება ხელისუფლებაში. ასეთ ვასალურ დამოკიდებულებას მიჩვეულ ევრო-ამერიკულ თუ მეზობლურ ყურს, რა თქმა უნდა, ეხამუშა ახალი ხელისუფლების ინტონაციები, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება გამოიხატოს: თქვენ დაიცავით საქართველოს ინტერესები, ჩვენ გავატარებთ თქვენს ინტერესებს. იმავე ყარსი-ახალქალაქის თუ აფხაზეთის რკინიგზის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სწორედ ამ ახალი მიდგომის გამოძახილია - საქართველოს ინტერესების გატარება ისე, რომ საუკეთესო შემთხვევაში თანხვდეს ჩვენი პარტნიორების ინტერესებს ან სულ მცირე, არ დააზარალოს ისინი.

ღირსების დაბრუნება საგარეო პოლიტიკაში - ეს უნდა იყოს საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ახალი ხელისუფლების მიმართ, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს დაპირისპირების არეალიდან, ანუ განხეთქილების ვაშლიდან დაბალანსებული ინტერესების თანაარსებობისა თუ თანამშრომლობის არეალად ქცევას. ჩვენ თუ მოვისურვებთ, შევძლებთ იმას, რომ საქართველო სწორედ ამით გავხადოთ საინტერესო ყველა დაინტერესებული მხარისთვის და მოვიშოროთ წვერწამახული იარაღის ჩვენთვის დამანგრეველი როლი. დასახული ამოცანის რეალობად ქცევაში თავად მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე ტენდენციები შეგვიწყობს ხელს. მარტო ის რად ღირს, რომ რამდენიმე წელიწადში ამერიკა, რთულად ასათვისებელი გაზისა და ნავთობის მარაგების ათვისებით, ფაქტობრივად, გადატრიალებას მოახდენს მსოფლიო ენერგეტიკასა და შესაბამისად, პოლიტიკაში და ისე როგორც არასდროს, მიიბამს რუსეთის ინტერესებსაც. ამ პროცესში ჩვენ ორი რამ გვევალება: ღირსეულად გვეჭიროს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დროშა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების ზუსტი ანალიზის შედეგად შევეცადოთ მოვქსოვოთ ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების სარტყელი, რომლის მთავარი დუღაბი ჩვენი პარტნიორების ინტერესები იქნება.
reziko
10 თებერვალი 2013 14:37
გამკვირვებია კომენტარების ავტორებისა: კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. ქ-ნი ლაგაზიძე უძლიერესი ანალიტიკოსია, რომელიც არავის უკმევს გუნდრუკს და სხვათაშორის, ყოველთვის უზუსტეს პროგნოზებს აკეთებს. ახალ ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყენდა მისი ყურისგდება. არც ქართულ საზოგადოებას, სხვათაშორის!
იმდენი თუ არ შეგიძლიათ, გაიგოთ, რას ამბობს, ის მაინც მოახერხეთ, რომ თქვენი უნიჭო პასკვილები არ წეროთ.
მე, მაგალითად, თუნდაც სხვა აზრი გამაჩნდეს, მისი ნააზრევი მაინც მაინერესებს, რადგან ძალიან კვალიფიციური ექსპერტია.
.
06 თებერვალი 2013 00:41
ღირსება საგარეო პოლიტიკაში????? აზერებს ბოდიში უხადეს ერთი კვირა სომხებს კიდე კოჭი უგორეს იმდენივე ხანი,,,ევროპაში და ამერიკაში კი თავზე დაასხეს სერიოზული,,, ნეტა ამ ქალმა ღირსება რა არის საერთოდ თუ იციიის???????ამას თუ ღირსეული წარსდგომა ქვია,,, საინტერესოა უღირსობა რაღაა???
და ბოლოს რა უნდა ,,,?? ალბათ ნეიტრალიტეტზე საუბრობს საბოლოოოდ?????
თბილისელი
05 თებერვალი 2013 11:57
1. არასოდეს უთქვამს წინა ხელისუფლებას, რომ დასავლური ინტეგრაცია თვითმიზანია. შესაძლოა ზოგიერ გამოსვლაში ვინმემ ასეც მობოდა, მაგრამ ზოგადად, პოზიცია ასეთი იყო, რომ ნატოსა და ევროკავშირში შესვლა საქართველოსთვის "ევროპაში დაბრუნების" შესაძლებლობაა და არა მიზანი.
მით უმეტეს, ტერმინი "სახელმწიფოებრივი იდეა" - იმ კონტექსტში რომ თურმე ასეთი იდეა იყო ნატოსა და ევროკავშირში შესვლა - უცნობია, სად მოისმინა ან სად ამოიკითხა პატივცემულმა ავტორმა. შესაძლოა ასე ეპალარაკებოდნენ მას რომელიმე სამზარეულოს პოლიტოლოგები, ან დომინოსა და ლუდის ექსპერტები თბილისურ ეზოებში, მაგრამ ასეთი რამ ოფიციალურ დონეზე არ მახსენდება.

2. "გაპრავებასაც" ცოდნა უნდა. ბიძინა ივანიშვილის ე.წ. გამოხდომა, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით, დასრულდა სრული ფიასკოთი და ბოდიშობანათი ბაქოში. ხოლო აფხაზეთის რკინიგზის გახსნის დაპირება დიახაც მეტად საეჭვო პროჟექტია და ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არის თუ არა სასარგებლო ქვეყნისთვის.
ამიტომ, თუ არ პრავდება, გაჩუმება ჯობს. პროფესიული ღირესბის ამბავია, სხვა თუ არაფერი.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?