"არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული "
04-02-2013
"არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული "
გიგი უგულავა დამალვას არ აპირებს"

"რა შეგზავნილი ხალხი და რის აგენტები?"

"გვაქვს წინადადება, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კვორუმი 3/4-მდე აიწიოს"

"დანაშაულია, რომ მერმა იმაზე მეტი ადამიანი დაასაქმა, ვიდრე სჭირდებოდა?"


უმცირესობის ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის იმ განცხადებით დავიწყეთ, რომელმაც არაერთი ანალიტიკოსი შეაშფოთა იმის გამო, რომ მათ მერაბიშვილის ნათქვამში ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ცვლილების განზრახვა დაინახეს:

- როდესაც მერაბიშვილი აცხადებს, ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც საპარლამენტო არჩევნები უნდა
ჩავატაროთო, ეს როგორ უნდა გავიგოთ?

- როდესაც ხელისუფლებაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი დადგება, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით.

ვანო მერაბიშვილი ლაპარაკობდა არა იმაზე, ხელისუფლებაში არჩევნებით მოვალთ თუ არა, არამედ ვადაზე, ეს 4 წელიწადში მოხდება თუ უფრო ადრე. უფრო ადრე კი ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნებია. თეორიულად არც
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული. თუ პროცესები ქვეყანაში წავიდა არეულობისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისკენ, თუ ეკონომიკა ჩამოიშალა, პოლიტიკური პროცესები შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს. არანაირ არაკანონიერ და არაკონსტიტუციურ გზას ჩვენ არ განვიხილავთ.

- "ნაციონალური მოძრაობა" საგარეო ვექტორის შეცვლის გამოც შეშფოთებულია, მაშინ, როდესაც ივანიშვილის გუნდი აცხადებს, რომ მისი პროდასავლური კურსი შეუქცევადია.
- ჩვენთვის გაუგებარია ხელისუფლების კონფრონტაციული და ისტერიული რეაქცია უმცირესობის შეთავაზებაზე, რომ საგარეო კურსის შესახებ ჩვენი პოზიცია კონსტიტუციაში ასახულიყო. არადა, ბევრ ქვეყანას კონსტიტუციაში აქვს ასახული თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. საქართველოს 1918 წლის კონსტიტუციაშიც წერია, რომ საქართველო ნეიტრალური და მიუმხრობელი ქვეყანაა. მაგალითად, ლიტვის კონსტიტუციაში წერია, რომ ის არ უნდა იყოს პოსტსაბჭოთა გაერთიანებების წევრი. როდესაც არის მუდმივი კონფრონტაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, უნდა ვეძებოთ თემები, სადაც შევძლებთ საერთო ენის გამონახვას. ერთ-ერთი ასეთი თემა საგარეო პოლიტიკაა. თუ საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი გაკეთდება, ეს იქნება სიგნალი მეგობრებისთვის, რომ ჩვენი კურსი გრძელდება და ეს იქნება სიგნალი ჩვენი არამეგობრებისთვისაც, რომ მათ მუშაობას ჩვენი კურსის შეცვლისთვის აზრი არა აქვს. არ მინდა იმაზე ვიფიქრო, რომ ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ აპირებს უარი Bთქვას ევროპაზე. თუ რუსეთი ამ მოთხოვნას დააყენებს, რა არგუმენტით უპასუხებს ჩვენი ხელისუფლება? არ არსებობს იმაზე უკეთესი არგუმენტი, ვიდრე უთხრას, რომ ჩვენთან საგარეო კურსის თაობაზე უკვე შედგა პოლიტიკური ძალების შეთანხმება, ეს პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში და ამ თემაზე არც ვისაუბრებთ. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ გახდა ეს წინადადება კონფრონტაციული?

- ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციამ დსთ-ის თემაც უსაფუძვლოდ გააცოცხლა, - ჩვენ არც გვიფიქრია თანამეგობრობაში დაბრუნებაზეო.
- ეს თემა ჩვენ არ გაგვიცოცხლებია, ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის კომენტარი, რომელიც ორი დღის მერე უარყვეს.

არც მინდა დავიჯერო, რომ ეს ხელისუფლება გაცვლის და გაყიდის ევროპის კურსს, მაგრამ ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადება ისმის კოალიციიდან, ამიტომ ვთავაზობთ ინიციატივას, რითაც ეს თემა დაიხურება.

- ძნელი წარმოსადგენია თანამშრომლობა, როდესაც ვანო მერაბიშვილი ლაჩარს უწოდებს ირაკლი ალასანიას.
- კოჰაბიტაცია ძალიან რთული პროცესია. სწორედ ამიტომ უნდა ვეძებოთ ის თემები, რაშიც შევძლებთ საერთო ენის მონახვას, მაგრამ ხდება ისე, რომ ვიღაც ვიღაცას სიტყვაზე გამოეკიდება, ვხედავთ კონკრეტულ მოქმედებებსაც. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა თქვა, რომ თურმე შეუთვალეს, თუ ხმას არ მისცემდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, პრობლემები შეექმნებოდა, დაიჭერდნენ და ამ ყველაფერს მისი მოადგილის დაკავებით დაიწყებდნენ. მისი მოადგილე ბატონი სიბაშვილი მართლაც დააკავეს. ვახტანგ ლემონჯავამაც განაცხადა, რომ მასაც უთხრეს, ან ხმას მისცემ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ან ფოთში შენი მერობის პერიოდში არსებულ დარღვევებს გამოვიძიებთ და პრობლემებს შეგიქმნითო. ძალიან ბევრი ასეთი მაგალითია უმცირესობაში.

- როდესაც პროკურატურას აქვს მასალები კონკრეტული თანამდებობის პირთა დანაშაულზე, არ უნდა მისცეს მსვლელობა საქმეს იმის გამო, რომ ეს პოლიტიკურ დევნაში არ ჩაეთვალოს?

- დანაშაული გამოძიებული უნდა იყოს და დამნაშავე დასჯილი, მაგრამ როდესაც ამბობენ, თბილისის მერი იმიტომ არის დასაჭერი, რომ ხალხი ჰყავდა დასაქმებული და ხელფასებს გასცემდაო, ეს იმდენად აბსურდული ბრალდებაა, რომ ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს.

- კითხვის ნიშანს ის არ ტოვებს, რომ დასუფთავების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში 700-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული?
- რამდენიც სჭირდებოდათ, იმდენი თანამშრომელი ჰყავდათ. იმაზე ხომ არ არის საუბარი, რომ ეს ხალხი ფორმალურად იყო აღრიცხული და მათ ხელფასებს მერია იღებდა. დანაშაულია, რომ მერმა იმაზე მეტი ადამიანი დაასაქმა, ვიდრე სჭირდებოდა? შეგახსენებთ ძალიან ცნობილ სტრატეგიას, რომელსაც მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა რუზველტმა ეკონომიკური დეპრესიის დროს. ის ერთ კაცს ავალებდა ამოეთხარა ორმო, მეორეს ავალებდა ორმოს მიწით ავსებას და ორივეს ხელფასს აძლევდა. ამ სტრატეგიით ეკონომიკური დეპრესიის დროს საბიუჯეტო სახსრებით სამუშაო ადგილები გააჩინა.

- მაგრამ გიგი უგულავამ დაასაქმა არა რიგითი მოქალაქეები, არამედ "ნაცმოძრაობის" კოორდინატორები.
- ეს უკვე გადადის ისეთი კატეგორიის მსჯელობაში, რომ საჯარო მოხელეების დაყოფა ხდება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებად და არამხარდამჭერებად. დღეს უგულავას ბრალდება ის არის, რომ მას ჰყავდა დასაქმებული ხალხი და უხდიდა ხელფასს. არსად მსოფლიოში ასეთი ბრალდებით მთავრობის წევრი არ დაუჭერიათ. რა მნიშვნელობა აქვს, რა პოლიტიკური შეხედულების ხალხი დაასაქმა? იურიდიული არგუმენტი უგულავას მიმართ ისაა, რომ ხალხი ჰყავდა დასაქმებული და ხელფასს უხდიდა.

- თუ იურიდიულად გამართულია უგულავას პოზიცია, რატომ არ მივიდა დაკითხვაზე?
- თუ აპირებდნენ, გიგი უგულავა დაკითხვაზე შაბათს დაებარებინათ, ღამის 11 საათზე არ უნდა მიეტანათ შეტყობინება. გიგი უგულავა დამალვას არ აპირებს.

- კოალიცია აცხადებს, რომ მათთან აგენტები შეგზავნეთ.
- რა შეგზავნილი ხალხი და რის აგენტები? კოალიციას აერთიანებდა პირადად ივანიშვილი და "ნაცმოძრაობის" დამარცხების სურვილი და როგორც კი "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა, კოალიციაში არსებული წინააღმდეგობები ზედაპირზე ამოვიდა.

"ნაციონალური მოძრაობა" ახლა დაკავებულია პარტიის შიდა გარდაქმნით და ნამდვილად არ მაინტერესებს, რა ხდება კოალიციაში. რაც ხდება, იმასთან ჩვენ არანაირი კავშირი არა გვაქვს. მაგრამ კოალიციაში რომ დაპირისპირებაა, ამის დანახვას დიდი დაკვირვება არ სჭირდება. 

- "ნაციონალური მოძრაობა" კი ჩანს ერთიანი, მაგრამ თამარ ჩერგოლეიშვილმა თავის "ფეისბუკში" დაგიწუნათ როგორც ლიდერი. ეს რისი სიმპტომია?
- ეს არაფრის სიმპტომი არ არის, გარდა შეხედულებების სხვადასხვაობისა. ეს განსხვავება ეხებოდა იმ კანონპროექტს, რომელიც საპატრიარქომ შემოიტანა პარლამენტში, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით შეიძლება საკამათო იყო, მაგრამ რადგან ეს საპატრიარქოს თხოვნა იყო, მივიჩნიე, რომ ამ კანონპროექტისთვის მხარი უნდა დაგვეჭირა. ეს შეეხებოდა ცვლილებას კანონში "განათლების შესახებ", რაც საპატრიარქოს უფლებას აძლევს, საღვთისმეტყველო საგნებში სტანდარტები დააწესოს.

- დღეს კოალიცია და "ნაციონალური მოძრაობა" მართლაც მკვეთრად არიან დაპირისპირებული. სადამდე შეიძლება ეს მივიდეს?
- პოლიტიკოსმა ის უნდა ეძებოს, რაც აერთიანებს და არა ის, რაც ყოფს. პრეზიდენტმა ილაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. შევეცადოთ ეს თემა გამოვიყენოთ ერთიანობისთვის და არა დაპირისპირებისთვის. საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პაკეტია შემოსული: პირველზე, რაც ქუთაისს უკავშირდება, ალბათ, შეთანხმება ვერ მოხერხდება, მაგრამ მეორე ცვლილება, რომელიც შეეხება მთავრობის დათხოვნის მექანიზმს, არის თემა, რაც მთავრობას აშფოთებს. თუ მთავრობას აწუხებს, რომ აპრილში რაიმე პრობლემა შეიძლება შეექმნას, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ იმ ცვლილებას, რომლის თანახმად მთავრობას გარანტირებული ექნება, რომ აპრილში არაფერი მოხდება, მაგრამ ჩვენც გვინდა, რომ შეწყდეს ჩვენი დეპუტატების დაშანტაჟება და გვაქვს წინადადება, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კვორუმი 3/4-მდე აიწიოს. ასეთი საკონსტიტუციო კვორუმი ოქტომბრის შემდეგ ისედაც ამოქმედდება, მაგრამ ხელისუფლებას ვთავაზობთ, ამოქმედდეს ახლავე, რადგან ახლა ძალიან მგრძნობიარე პერიოდში ვართ. თუ კვორუმი აიწევს, ეს ნიშნავს, რომ გამოირიცხება ზეწოლა უმცირესობის წევრებზე. ჩემი აზრით, ხელისუფლებას ძალზე კონსტრუქციულ წინადადებას ვთავაზობთ, სამაგიეროდ, ჩვენ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს იქნება სწორედ კოჰაბიტაციის კლასიკური მაგალითი.
dali
07 თებერვალი 2013 06:09
რა კომენტარი გავაკეთო არ ვიცი ,ესეც კარგი მაგარი უსინდისო ყოფილა ე.ი.მომღერლები რომ ალპინისტ-დამსუფთავებლად ჰყავდა გაპორმებული რა მოხდა?
ნეიტრალური
06 თებერვალი 2013 12:59
ეს გაბეყებული აღარ უნდა გაჩერდეს? რა გონია თავი, ვის ელაპარაკება, მაგის უაზრო ბოდიალი ვერ უშველის გიგუნია ბიჭს
ორივე და კიდევ ბევრი დასადუმებლები არიან, მაგათი სახეები აღარ უნდა დაინახოს ქართველმა ხალხმა
azri
06 თებერვალი 2013 11:16
ბაქრაძე, შენ ვიღაცას ეგონე შედარებით საღი აზრის მქონე პიროვნება, მაგრამ ძაან ცდებოდნენ. შენ ხარ ტიპიური სახე მონისა და ეს შენთვის შეურაცყოფა არ უნდა იყოს, რადგანაც შენ თავთან მარტო რომ რჩები, ძაან განიცდი, მაგრამ მონობა გირჩევნია, იმიტომ რომ ეს შენი ბუნებაა.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?