საუკუნის ღალატი ანუ პატარა ჩინური ავტონომია თბილისში - კვირის პალიტრა

საუკუნის ღალატი ანუ პატარა ჩინური ავტონომია თბილისში

"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც თბილისის ზღვაზე, ჩინური დასახლების პროექტია ასახული. ბაღათურიას ინფორმაციით, ყოფილმა ხელისუფლებამ, 2012 წელს ფარული ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩინური ქალაქის მშენებლობას და 127 ათასი ჩინელის ჩამოსახლებას ითვალისწინებს.

ვიდეორგოლი ჩინურ ენაზეა და ჯონდი ბაღათურიას ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეორგოლი უკვე გადის ჩინეთის ტელევიზიებით და ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს შესახებ უამბობს. ვიდეომასალაში ასევე დეტალურადაა აღწერილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და პროექტი, თუ როგორი იქნება აღნიშნული ტერიტორია ჩინელების ჩამოსახლების შემთხვევაში. ბაღათურიას განმარტებით, კლიპში ასევე ჩანს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება.

ჯონდი ბაღათურია, "ქართული დასის" ლიდერი: "ამ ეტაპზე ვერ გაგიმხელთ, საიდან ჩამივარდა ეს ვიდეორგოლი ხელთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ერთმა კარგმა და პატრიოტმა ადამიანმა მომაწოდა, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ამ ინფორმაციაზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა: პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, ეროვნული ბანკის მოქმედმა პრეზიდენტმა ირაკლი ქადაგიძემ, მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ და მცხეთა-თიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა ჩინეთის მოქალაქეთა ჯგუფთან ფარულად გააფორმეს მსხვილი კორუფციული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ჩინელთა მფლობელობაში უნდა გადავიდეს უზარმაზარი ტერიტორია მცხეთა-თბილისში. ეს არის მიწები, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვიდან მცხეთა-თიანეთის მიმართულებით, სადაც, პროექტის თანახმად, უნდა აშენდეს უზარმაზარი ქალაქი, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ჩინური სოფლები. სადაც ჩამოსახლებული იქნება 127 ათასი ჩინელი, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების გარანტიით.

- სად გადის ეს კლიპი, ჩინეთის ტელევიზიებით?

- ეს კლიპი დამზადებულია ჩინური ტელეკომპანიებისთვის, რითაც კეთდება პრომოუშენი და ჩინურ საზოგადოებას აცნობენ, თუ სად მოჰყავთ ეს 127 ათასი ადამიანი. ჩინური ქალაქი და ჩინური სოფლები კლიპებში 3D ფორმატშია წარმოდგენილი, სადაც ადმინისტრაციულ შენობებსაც კი ჩინური წარწერები ამშვენებს. ხელშეკრულება გაფორმებულია და პირობის დამრღვევს საჯარიმო სანქციებსაც აკისრებს. თუმცა, არის გარკვეული მექანიზმები, რითაც შესაძლებელია წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული ამ დანაშაულის გამოსწორება. ეს არის ღალატი, კანონის და კონსტიტუციის დარღვევა, ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და არ მესმის, ჯაშუშობა სხვა რა უნდა იყოს. ეს ფაქტობრივად სახელმწიფო წყობის შეცვლაა. 127 ათასი ჩინელი რომ ჩამოდის ხმის უფლებით, ეს რას ნიშნავს? 10 წლიწადში მათი რაოდენობა 1 700 000 იქნება! ამის გამო ყოფილი ხელისუფლების წევრებს ქუჩაში გამოსვლის უნდა ეშინოდეთ.

- ამბობენ, რომ ეს მიწა ოფიციალურად სიმბოლურ ფასად გაიყიდა - კვადრატული მეტრი 1 ლარად...

- ამჟამად დეტალების დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, კეთილმოსურნე ადამიანები გვაწვდიან ამ ინფორმაციას. ახლა ის შემიძლია გითხრათ, რომ ყოფილი ხელისუფლების ჩამოთვლილ მაღალჩინოსნებს რამდენიმე ასეული მილიონი პირადი, მერკანტილური ინტერესების გამო აქვთ აღებული.

- ახლა რა მდებარეობს იმ ტერიტორიაზე?

- არის საძოვრები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, სხვათა შორის, ძალიან ნაყოფიერი. ამ ტერიტორიაზე მოქცეულია თბილისის ზღვის სანაპიროს დიდი ნაწილი. პროექტის თანახმად, ეს ფაქტობრივად იქნება ზღვისპირა ქალაქი, რომელიც გაგრძელდება მცხეთა-თიანეთის ტერიტორიაზე და გარშემო აშენდება ჩინური სოფლები. ვიდეორგოლში ყველაფერი ჩინური კულტურისა და არქიტექტურის შესაბამისად არის გაკეთებული. პატარა ჩინური ავტონომია კეთდებოდა ამ პროექტის მიხედვით თბილისში.

- დასრულებულია ხელშეკრულების გაფორმება, გასხვისებულია უკვე ტერიტორია?

- დიახ, ეს ტერიტორია უკვე გასხვისებულია. სწორედ ამიტომ უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამ ტერიტორიების გასხვისებას მოაწერა ხელი. საქართველოს მოქალაქეებმა ამ ადამიანების მიმართ დაუფარავად უნდა გამოხატონ ზიზღი და სიძულვილი. ეს არის საუკუნის ღალატი. გულახდილად გეტყვით, ეს დოკუმენტები რომ არ მენახა და დამატებით კიდევ სხვა ინფორმაციები რომ არ მქონდეს, რასაც ახლა მიზეზთა გამო ვერ გაგიმხელთ, მეც კი, ვისაც ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს ყოფილ ხელისუფლებაზე, გამიჭირდებოდა ამის დაჯერება. ამ ხელშეკრულების გაუქმება შესაძლოა ფინანსური ჯარიმებიც დაგვიჯდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ გარიგების გადახედვა, რომლის შინაარსი პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში კანონთან და კონსტიტუციასთან. გარდა ამისა, ჩვენ უნდა მივიღოთ კანონი მიგრაციის შესახებ, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს და ადგილობრივ შრომის ბაზარს დაიცავს მიგრანტებისგან. ასეთი კანონი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს არის უზარმაზარი, 300-მილიონიანი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უძლიერესი ეკონომიკა, ბევრი სამუშაო ადგილი, მაგრამ თავის მოქალაქეებს იცავს მიგრანტებისგან. ასეთი ხელშეკრულებები რატომღაც იდებოდა კონფიდენციალურად და ახლა აუცილებელია მათი გასაჯაროება, რათა ხალხმა დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე. ნახოს, რომ წინა ხელისუფლებამ მთელი სამშობლო, მთელი ქვეყანა გაყიდა".

P.S. ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა "ხუალინის სპეციალური ეკონომიკური ზონის" შექმნის შესახებ. მემორანდუმის თანახმად, "სინძიანის ხუალინის სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფი" ვალდებულებას იღებდა, რომ თბილისში, "ხუალინის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში" ააშენებდა 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატის ჩასატარებლად მოწყობილ დამხმარე საცხოვრებელ სასტუმროს, რომლის საერთო ფართი არ უნდა აღემატებოდეს 65 000 კვ.მ-ს. ასევე მოიცავდა ბაზრის ტერიტორიას, საწარმოო და სასაწყობე ფართს, საცხოვრებელ კომპლექსს, სარეკრეაციო და დასასვენებელ ზონას და ა.შ. ჩინური მხარის ინვესტიცია უნდა ყოფილიყო არანაკლებ 150 მლნ აშშ დოლარი. თავის მხრივ, ქართული მხარე წამოწყებული ინვესტირების განხორციელებისა და პროექტის მშენებლობის უზრუნველსაყოფად, ჩინელ ინვესტორებს უშუამდგომლებდა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე არანაკლებ 420 ჰექტარი მიწის ფართის შეღავათიან ფასებში მიყიდვაზე.

ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)