მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

არა ძალადობას!

ვფიქრობ, ყველაფერი ადვილად გასაგებია: ადამიანებს აქვთ უფლება, გამოხატონ პროტესტი, მათ ასევე აქვთ უფლება, გამოხატონ ზიზღი ყოფილი ხელისუფლების მიმართ. მათ, ჩემი აზრით, აქვთ უფლება, ესროლონ ამ ადამიანებს კვერცხები და პომიდვრები, რადგან ვფიქრობ, რომ იმ საგნების სროლა, რაც ადამიანს არ აზიანებს, აზრის გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ უფლება, ეცემათ ადამიანები და იმედი მაქვს, ყველა, ვინც კანონი დაარღვია, დაისჯება, განსაკუთრებით ის ადამიანი, ვინც ჩიორა თაქთაქიშვილს სახეში ხელი ჩაარტყა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ჰქონდათ უფლება, თავისუფლად შესულიყვნენ ბიბლიოთეკაში და ამაში მათთვის ხელი არ უნდა შეეშალათ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ უფლება, მოქცეულიყვნენ პროვოკაციულად. ის, რაც გიგი უგულავამ გააკეთა, როდესაც ისედაც გაღიზიანებული ხალხი კიდევ უფრო გააღიზიანა თავისი გამომწვევი ქცევით, პროვოკატორობა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო, დაეცვა მოქალაქეთა უსაფრთხოება და წესრიგი, რაც მან ვერ გააკეთა. ალტერნატიულ კორიდორებზე საუბარი სხვა თემაა. კი ბატონო, "ნაცები" წავიდნენ პროვოკაციაზე, მაგრამ ეს რომ გამოუვიდათ, შსს-ს ბრალია. როდესაც უამრავი პოლიციელის თვალწინ ადამიანების ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფს თავ-პირს ამტვრევს, პოლიციას ტაშს ვერ დავუკრავთ. ამდენ ხალხს არ ველოდითო, ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. ეს არ არის გამართლება. მით უარესი, თუ არ ელოდნენ. ღარიბაშვილი არ უნდა მორიდებოდა იქ სპეცრაზმის მიყვანას. ეს არ ნიშნავს, რომ სპეცრაზმს მიტინგი უნდა დაერბია, უბრალოდ, იგი პატრულზე უკეთ გააკეთებდა კორიდორს და აღკვეთდა ძალადობას. სპეცრაზმს მომიტინგეების გაღიზიანება რომ არ გამოეწვია, შეიძლებოდა თავად მინისტრი მისულიყო მათთან ერთად და უშუალოდ ეხელმძღვანელა ოპერაციისთვის.

დასასრულ, ვერ გავიგე, რა უნდოდა "ქართულ ოცნებას", როდესაც პრეზიდენტს პარლამენტში მისვლის უფლება არ მისცა. ამით რა მოიგეს? ქვეყანაში ვითარება მხოლოდ გამწვავდა. თან, ჯერ თქვეს, მოვიდესო, მერე - აღარ მოვიდესო. არათანამიმდევრულობა პოლიტიკურ ძალას ყოველთვის უარყოფითად წარმოაჩენს. იმედი მაქვს, ძალადობის დაგმობაში მაინც იქნებიან თანამიმდევრულები და შსს-ს ყველაფრის ობიექტურად გამოძიებას და ყველა დამნაშავის დასჯას მოსთხოვენ.

ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა

ამ კვირაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა რწმენა, რომ ივანიშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. გეთანხმებით, შედარებაც არ შეიძლება - ადრე უფრო მეტ უცნაურ რაღაცას ამბობდა, მაგრამ ხანდახან მაინც გაეპარება ისეთი რამ, რასაც მერე მისი მომხრეები მისი გულწრფელობით ხსნიან. გულწრფელობა კარგია, ვიდრე ის საქმეს არ ვნებს. რატომ უნდა აჰყვეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტს ჭორაობაში და ისაუბროს იმაზე, ვინ ვის ცოლთან ერთად სად დაფრინავს და შემდეგ თქვას ასეთი ფრაზა: "ქართველები ზოგჯერ ცოლებს ღალატობენ"? მერე კი დაამატა, ირაკლი ალასანია არ მყავს მხედველობაშიო, მაგრამ რაღა დროს? ნათქვამ სიტყვას უკან ხომ ვერ დააბრუნებ? ვიცი, მისი მომხრეები მეტყვიან, კი მაგრამ, მანამდე ხომ თქვა გასაგებად, არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევიო.

სწორედ ეს არის საქმე, ბატონებო, - კარგ რამეს რომ იტყვი, წერტილი უნდა დასვა, თორემ მერე ყველაფერს აფუჭებ, ისევე, როგორც ნეპოტიზმზე საუბრის დროს მოხდა: როდესაც ჟურნალისტმა  ჰკითხა, ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, როგორ ნიშნავენ ან ანიშვნინებენ პრემიერის გუნდის წევრები ადამიანებს ნათესაობის და ნაცნობობის მიხედვითო, მეგონა, საკმაოდ მკაცრად უპასუხებდა,  რომ ის აუცილებლად გამოიკვლევს ამ ფაქტებს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს, რომ ასეთ რამეებს მისი ხელისუფლება არ დაუშვებს. მან კი ისეთი განცხადება გააკეთა, თავისუფლად შემიძლია ამას ნეპოტიზმისთვის მწვანე შუქის ანთება ვუწოდო. შეიძლება, რაც მან ამ თემაზე თქვა, სიმართლეა, შეიძლება კონკურსის დროსაც ადამიანმა უპირატესობა ნათესავს ან ნაცნობს მიანიჭოს, შეიძლება მართალია, რომ ჩვენ ქართველები ვართ და საზოგადოება ორ დღეში ვერ გარდაიქმნება. შეიძლება ფრანგებიც ანიჭებენ უპირატესობას ნაცნობობით დანიშვნას (თუმცა სულ სხვაა ნათესაობით დანიშვნა), მაგრამ ამას პრემიერ-მინისტრი არ უნდა ამბობდეს -  მისი ნათქვამი ხომ გზავნილია დაბალი რანგის მოხელეებისა თუ თანაგუნდელებისთვის და ის მკაფიოდ ჩამოყალიბებული უნდა იყოს. დღეს კი რა მივიღეთ:

უკვე ლამის მთელი საქართველო ლაპარაკობს, რომ ახმეტაში ზვიადაურმა საკუთარი სანათესავო დაასაქმა. ჟურნალისტები წერენ, რომ აჭარაში სხვადასხვა თანამდებობაზე ნათესავები დანიშნა  მურმან დუმბაძემ, მანანა კობახიძისა და მაია ფანჯიკიძის შვილებიც მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ, პრემიერი კი ქართულ ხასიათსა და ფრანგულ ტრადიციებზე მსჯელობს.

ვიცი, აქაც მეტყვიან ივანიშვილის მხარდამჭერები: კი მაგრამ, მანამდე ხომ თქვა, რომ ის უპირატესობას კონკურსს ანიჭებსო. კი, თქვა, მაგრამ მერე რაც მოაყოლა, იმან ყველაფერი წყალში ჩაყარა. მას მოკლედ უნდა მოეჭრა, რომ ასეთ ფაქტებს არ დაუშვებს. სხვა ყველაფერი ჩემთვის მწვანე შუქის ანთებად აღიქმება, თორემ იმავე ლოგიკით ჩვენ შეიძლება კორუფციასთან ბრძოლასაც მივუდგეთ. ვერც კორუფციას დაამარცხებ ბოლომდე, საფრანგეთშიც არის კორუფცია, ამიტომ რა ვქნათ, უნდა გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და თქვას: ქართველები ვართ, ქრთამის მიცემა ჩვენი მოგონილია, ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთო?

აქ მხოლოდ განცხადებებზე არ ვსაუბრობთ, აქ არის კონკრეტული ფაქტებიც, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნეპოტიზმი უკვე იქცა ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად.