ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

"ნაციონალური კარნავალი" ბუკითა და ნაღარით

საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად შორს დგას საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი საჯაროობისგანაც და ბიბლიოთეკისგანაც. გუდიაშვილის ქუჩაზე მოწყობილი "ნაციონალური კარნავალი" მიზნად ისახავდა„მეოცნებეთა“ პროვოცირებას, რათა მომხდარიყო მათი ნათლობა“მიტინგის დარბევის და თავისუფალი აზრის დევნის კუთხით. მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში "ნაციონალები" თავისთვის პოლიტიკური ტერორის მსხვერპლთა მანტიის მორგებას იმედოვნებდნენ, მეოცნებეთათვის კი დასავლეთის რისხვის მორიგი ტალღის აგორებას. სწორედ ამიტომ არ ისარგებლეს "ნაციონალებმა" პატრულის მიერ სპეციალურად დაცული ორი კორიდორით, რომლებიც უშუალოდ საჯარო ბიბლიოთეკის ორ ალტერნატიულ შესასვლელთან მიდიოდა და პირდაპირ მათ მიერვე წლების განმავლობაში დატერორებული, ნაწამები და დასახიჩრებული ხალხის შუაგულში შეაჭრეს. რადგან "ნაციონალური" ხელწერისგან ინოვაციებს არავინ ელოდა, საკითხი ისმის ასე: შეეძლო თუ არა ახალ ხელისუფლებას ამ პროვოკაციის პრევენცია?

რა თქმა უნდა, შეეძლო: მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრი დილითვე საჯაროდ რომ გამოსულიყო და პრეზიდენტისთვის შეეთავაზებინა: შენ არაფრის შეგეშინდეს, მიხეილ, ბიჭო, მე თავად მოვალ ექვსის ნახევარზე შენს რეზიდენციაში და ხელჩაკიდებულს წამოგიყვან საჯარო ბიბლიოთეკამდე, გზაში "გალუსტუკის" ჭამის სურვილი რომ არ მოგეძალოსო. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ასეთი განცხადების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ამ შეთავაზებას არ დასთანხმდებოდა, "ნაციონალური კარნავალიც" აზრს დაკარგავდა და სააკაშვილიც სამუდამოდ გადაიქცეოდა იმ უსუსურ ბიჭად, რომელსაც ფსიქიკური და მორალური სიმშვიდის შესანარჩუნებლად ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟი მუდმივად დასჭირდებოდა. რამდენად სწყდება გული მას ამაზე, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ღარიბაშვილმა სააკაშვილის პირადი მეურვის საპატიო სტატუსი ხელიდან გაუშვა.

ესეც ნახევრად ხუმრობით, რეალურად კი ახალ ხელისუფლებას მართებს გააცნობიეროს ის, რომ "ნაციონალური ტომი" მათი ბელადითურთ უკვე წარსულია, თავად კი სერიოზულად მართებთ დაფიქრდნენ საკუთარ იმიჯზე დასავლეთის თვალში.

ახალი გეოპოლიტიკური ფარვატერი

მაშინ, როცა ჩვენ შეიძლება მოწმენი გავხდეთ რუსეთ-ამერიკის უპრეცედენტო თანამშრომლობისა სირიაში, მოკლე ხედვის მქონე ქართველი პოლიტიკოსები საქართველოს კვლავ ამ ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების პოლიგონად განიხილავენ. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოისურვებს სირიაში გაეროს სამშვიდობოების ეგიდით თავისი ჯარების, უფრო ზუსტად, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარების შეყვანას, ამერიკა მხარს დაუჭერს. როგორც ინფორმაციის წყარო იტყობინება, ამერიკის პოზიცია ეფუძნება იმას, რომ სირიაში რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს სისხლის ღვრა, ამიტომ ოღონდ კი ვინმემ შეიყვანოს იქ წესრიგის აღდგენის მიზნით ჯარები, ეს ისევ ამერიკას ნუ დააწვება ტვირთად და თუნდაც რუსული ჯარი იყოს ზემოხსენებული ეგიდით. მართლაც რომ ახალ გეოპოლიტიკურ ეპოქაში შევდივართ, რომელიც ამერიკული პოლიტიკური ელიტის პრაგმატიზმს ეფუძნება. ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ასეთი გეოპოლიტიკური პრაგმატიზმის“შედეგია საქართველოში 1-ლი ოქტომბრის შედეგების აღიარება და მხარდაჭერა ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთის მხრიდან. და მინდა გითხრათ, რომ ასეთი მიდგომა საქართველოს აძლევს საშუალებას, მრავალმხრივ მომგებიანი საგარეო მიდგომები შეიმუშაოს და განახორციელოს.

ამ გადასახედიდან განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი თურქეთში, რომელიც სულ უფრო ხშირად ამადლის თავს“ ევროპას და ახსენებს, რომ თურქეთისთვის ევროკავშირი სულაც არ არის პანაცეა, მაშინ როცა არსებობს არანაკლებ მიმზიდველი მიმართულებები, მაგალითად, შანხაის ორგანიზაციის სახით. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ თუ თურქეთი ასცდება ევროპულ პერსპექტივას, საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება არა საერთო-ევროპული სტრატეგიის, არამედ უშუალოდ თურქეთის პოლიტიკური ხედვის ინტერესების გამოვლინება იქნება.

მსხვილი რეგიონული ცენტრების მადის ზრდა და მათ შორის გავლენის სფეროებისთვის მიმდინარე კონკურენცია საქართველოსთვის პრაგმატული პოლიტიკის წარმოების შანსს ერთიორად ზრდის.