კაცი პროვოკაცია?! - კვირის პალიტრა

კაცი პროვოკაცია?!

არცთუ დიდი ხნის წინ, როდესაც ბალტიისპირეთის რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს, მოსკოვმა საპასუხოდ ინტერფრონტები”შექმნა. მათ ასეთი ტაქტიკა ჰქონდათ, - დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე აქციებზე მიდიოდნენ და საბჭოთა სიმბოლიკებს აფრიალებდნენ. პროვოკატორები მიზანს ხშირად აღწევდნენ - ინტერფრონტელების პარალელური აქციები ხშირად ცემა-ტყეპით მთავრდებოდა, რის შემდეგაც პროვოკატორები აძლევდნენ გულის ამაჩუყებელ ინტერვიუებს იმის შესახებ, თუ როგორ თარეშობენ ბალტიისპირელი გავეშებული ნაციონალისტები.

ეს შორეული ამბავი 8 თებერვალს, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ განვითარებულმა მოვლენებმა გამახსენა. განსაკუთრებით ქალაქის მერისა და "ნაცაქტივისტების" ქმედებამ, რომლებსაც მაინცდამაინც ხალხის მასის "გაჭრით" სურდათ ბიბლიოთეკის შენობაში მოხვედრა. კარგი, ვთქვათ, არ იყო ალტერნატიული დერეფნები. ისიც გასაგებია, რომ აქციის მონაწილეებს თავი უნდა შეეკავებინათ, მაგრამ, ჩვენ შორის დარჩეს და, სულ ერთი თვის წინ ციხეებიდან გამოსული გამწარებული ხალხისთვის "ნაციონალთა" ლიდერების დანახვისას (რომლებიც მათ ჯაშუშებსა და კრიმინალებს უწოდებენ), თავშეკავებისკენ მოწოდება იგივეა, ხარს რომ მოუწოდო, თავი შეიკავოს წითელი ნაჭრის დანახვაზე.

მოკლედ, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან იყო ხარი და საჭირო იყო წითელი ნაჭერი. ოღონდ ამ ნაჭრის მოვალეობა ვინმეს  ნებაყოფლობით (თუმცა, შესაძლოა, როლები უკვე განაწილებულიც იყო) უნდა შეესრულებინა. პირველი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი თენგიზ გუნავა. მან შეძლო შეკრებილების გარღვევა და მიაღწია ბიბლიოთეკამდე. თვითმხილველები ამბობენ, რომ გუნავას სამართალდამცავები მოუწოდებდნენ, ბიბლიოთეკაში შესულიყო, თუმცა ის დემონსტრაციულად დადგა შესასვლელთან, რასაც შეხლა-შემოხლის ახალი ტალღა მოჰყვა.

ამ დეტალზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ დაახლოებით ათ წუთში მივიდა აქციაზე "ნაციონალების" ჯგუფი გიგი უგულავას მე(რ)თაურობით. ამ ათი წუთის განმავლობაში, ალბათ, შეუძლებელია, არ სცოდნოდათ, რა შედეგი მოჰყვა აქციაზე გუნავას სადაზვერვო მანევრებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ვთქვათ, მართლაც არ იყო ალტერნატიული დერეფნები (არადა, თვითმხილველების თქმით, იყო).  იმის განსაზღვრას რაღა უნდოდა, რა მოჰყვებოდა აქციაზე გიგისა  და მისი რაზმის გამოჩენას. მაგალითად, ვანო მერაბიშვილმა ეტყობა განსაზღვრა და არც გამოჩენილა.

ისიც დავუშვათ, რომ უგულავასთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ბიბლიოთეკაში მოხვედრა. მაგალითად, ამ სტატიის ავტორი მის ადგილზე ასე მოიქცეოდა, - მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას  დაელოდებოდა, სანამ სამართალდამცველები მისი უსაფრთხოების ზომებს მიიღებდნენ და შემდეგ ნელ-ნელა შეეცდებოდა ბიბლიოთეკაში შეღწევას.

მაგრამ ვიდეომასალაზე ვხედავთ, რომ უგულავა ხელების ქნევით, სწრაფი ნაბიჯებით, შეძახილებით: "აბა, ჰე, დადგით შოუ", "აბა, წავიდა, მიდით", "დავაი, დავაი, ჰე", - პირდაპირ იმ ადგილას შევარდა, სადაც ხალხმრავლობა იყო. შედეგი ცნობილია. სხვათა შორის, ეს საინტერესოდ შეაფასა დავით უსუფაშვილმა: "პროვოკაციას აწყობდა გიგი უგულავა, გაილახა ჩიორა თაქთაქიშვილი".

თავად გიგი უგულავა ასეთ განმარტებას აკეთებს: "ხელით მოწოდება ეკუთვნოდათ ჩვენს თანმხლებ დეპუტატებს, რათა ერთად გვევლო, იმისათვის, რომ ნაკლები ყოფილიყო ინდივიდუალურად მათზე თავდასხმის საფრთხე. რაც შეეხება სიტყვა "შოუს", მე ის მას შემდეგ წარმოვთქვი, რაც იქვე მდგომ პოლიციელებს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით, დაემყარებინათ წესრიგი და ემოქმედათ კანონის შესაბამისად, რის პასუხადაც მხოლოდ მათი უმოქმედობა მივიღე. სწორედამას მოჰყვა ჩემი აღშფოთება, რაც შემდეგი ფრაზით გამოვხატე: "როგორც ჩანს, თქვენ შოუ გინდათ".

შესაძლოა, მართალიც არის თბილისის მერი, მაგრამ ისეთი სწრაფი ტემპით მოძრაობდა, რომ პოლიცია კი არა, დაცვა ვერ ასწრებდა ნორმალურად რეაგირებას, წინ მიმავალი ოპერატორიც კი გადათელა შემთხვევით. თუმცა მთავარი სხვა რამ არის - როდესაც საჯარო მოხელე ხარ, მით უმეტეს, თბილისის მერი, გაღიზიანებული ხალხის თავყრილობას უნდა მოერიდო, რათა არც შენ გაეხვიო შარში და არც სამართალდამცველებს გაუჩინო თავსატეხი. ამას სტატუსი გავალდებულებს. უამრავი აქცია გამართულა მერიის წინ და უგულავა მომიტინგეებთან გამოსული რატომღაც არავის უნახავს.

ამიტომაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაცას ქართულ და უცხოურ პრესაში სჭირდებოდა სათაურები: "თბილისის მერს სასტიკად გაუსწორდნენ", "გავეშებული ბრბო ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა" და ა.შ.

ასეთ სათაურებს პოლიტიკაში, როგორც წესი, კაცი პროვოკატორი, ანუ კაცი პროვოკაცია უზრუნველყოფს ხოლმე. არ ვამტკიცებთ, რომ მაინცდამაინც ამ კატეგორიას მიეკუთვნება გიგი უგულავა, მაგრამ ამ ტერმინის მნიშვნელობა მან კარგად იცის ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც "კმარელებთან" ერთად დაახლოებით ისე მოქმედებდა, როგორც 8 თებერვალს.

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

რა სიტყვებით მიმართავდა გიგი უგულავა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილებს

გიგი უგულავას აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ