"ჯერჯერობით ბატონი ბიძინა კარგად მექცევა" - კვირის პალიტრა

"ჯერჯერობით ბატონი ბიძინა კარგად მექცევა"

"იქნებ გამოვაცხადოთ, - ფრთხილად, ქალაქში პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობაა", კომენდანტის საათი შემოვიღოთ, რომ ემანდ ვინმეს ხელი არ წაუცდეს "ნაციონალებზე"

"რა იცის ლომაიამ, განათლებასთან ოდნავ შეხება ჰქონია როგორც განათლების სუბიექტს ან ობიექტს?"

"ფაკულტეტების დაფინანსება  შეეხება მათ, ვინც წელს გახდება სტუდენტი"

"იმედოვნებენ, რომ თავს მოგვაჩვენებენ ჩაგრულებად"

"ჯერჯერობით ბატონი ბიძინა კარგად მექცევა"

უპრიანი იქნებოდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილთან საუბარი განათლების თემით დაგვეწყო, მაგრამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ჩვენი საუბრის შინაარსზეც აისახა:

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ხელისუფლება კი არა, ხალხი წამოაგეს პროვოკაციაზე და ქვეყანა აზარალეს.

- თუმცა ოპოზიცია აცხადებდა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული აქციის ორგანიზატორი ახალი ხელისუფლება იყო. ეს ე. წ. პოლიტპატიმრები (და სინამდვილეში კრიმინალები) ჩვენთან დასაპირისპირებლად გამოუშვა ხელისუფლებამ ციხიდანო.

- ახალი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი იმის ორგანიზატორი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გაქანებული ხტებოდნენ ციხიდან ახლახან გამოსული გამწარებული პოლიტპატიმრების რიგებში? ბიბლიოთეკასთან შეკრებილები იყვნენ არა კრიმინალები, არამედ პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები.

"ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის გია ბარამიძე, ძალიან მშვიდად შევიდნენ ალტერნატიული შესასვლელებით, რომელსაც თურმე არ კადრულობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა უმრავლესობა. იქნებ გამოვაცხადოთ, - ფრთხილად, ქალაქში პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობაა", კომენდანტის საათი შემოვიღოთ და ხალხი შევიყვანოთ სადარბაზოებში, რომ ემანდ ვინმეს შემთხვევით ხელი არ წაუცდეს "ნაციონალებზე".

"ნაციონალური მოძრაობა" ძალზე დისკრედიტირებულია. იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულა დაიწერონ ქვეყნის გარეთ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აირიდონ, პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავენ. იმედოვნებენ, რომ შეხლა-შემოხლის ხარჯზე თავს მოგვაჩვენებენ ჩაგრულებად, დიქტატურის მსხვერპლებად და პოლიტიკურ ამნისტიას მიიღებენ, მაგრამ როგორ გამოუვათ ეს, ვერ ვხვდები. ეგენი რომ უსაფრთხოდ იყონ, ღარიბაშვილს მოუწევს თითოეულს 30 კაცი მაინც დაუყენოს დაცვად.

- ვანო მერაბიშვილმა შს მინისტრს მუშაობა დაუწუნა, - 9 წლის მერე პირველად დავინახე დაბნეული პოლიცია და შიში შს მინისტრის სახეზეო.

- მერაბიშვილის პოლიციისგან განსხვავებით, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ უნდა მოეკლა, ეწამებინა, პერიმეტრი ისე შეეკრა, რომ ხალხი ჩაეჩეხათ და ეცემათ, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მობილიზებული პოლიცია ცდილობდა ადამიანები დაეცვა. პირიქით, პოლიცია ძალიან ორგანიზებული იყო.

იმ მომენტში, როდესაც შენი მოქალაქეები ერთმანეთთან შეხლა-შემოხლაში არიან, რა თქმა უნდა, პოლიციაც და მინისტრიც შეწუხებული იქნებოდნენ. თორემ მერაბიშვილს რა შეაწუხებდა? Mმან მხოლოდ ის იცოდა, როგორ ერტყა, ესროლა ხალხისთვის.

მინდა ყოფილ შს მინისტრს შევახსენო, რომ როდესაც თავშეყრის ადგილებში ადამიანების ჯანმრთელობას ეხება საქმე, განსაკუთრებით შს მინისტრი უნდა იყოს შეწუხებული და არა ისეთი კმაყოფილი, როგორიც თავად დადიოდა რუსთაველზე 7 ნოემბრის აქციის დაშლის ან ტელევიზიების დარბევის მერე. ეს კმაყოფილება არის დიქტატორის კმაყოფილება, ღარიბაშვილის შეწუხება კი დემოკრატი შს მინისტრის მდგომარეობაა.

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს პიარში მოგვიგოს. უნდათ, მთავარი თემა - საკონსტიტუციო ცვლილებები დაგვავიწყონ, დაგვავიწყონ პრეზიდენტის ის ამბიციები, რაც დაფიქსირებულია კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც, იგი არც ხალხს უნდა დაეკითხოს არაფერს და არც პარლამენტს. აი, ასეთი ტიპის ინციდენტებით უნდათ მთავარი თემის მიჩქმალვა. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან საზიზღარი ქმედებებით მოახერხეს, რომ ერთი დღით გაგვქცეოდნენ მთავარი პოლიტიკური თემიდან, - ამბობს თუ არა პრეზიდენტი უარს დიქტატორობაზე და თანხმდება თუ არა კონსტიტუციაში დიქტატორული ჩანაწერის გაუქმებას, უბრუნებს თუ არა ხალხს უზურპირებულ უფლებებს, მაგრამ ჩვენ მათ ისევ დავაბრუნებთ მთავარ თემასა და ამ მთავარ კითხვასთან. მთავარი კითხვა ეს არის და არა ის, რატომ არ მოინდომა "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრმა კორიდორით სარგებლობა.

- მიხეილ სააკაშვილმა გარკვეულწილად დაჩაგრულის როლში ჩაიყენა თავი, - გინახავთ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს რეზიდენციიდან გასვლას უკრძალავდნენო?

-  ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება და გაარკვიეთ, სად დადის და როგორ დადის პრეზიდენტი. ვინ უკრძალავს გადაადგილებას? ჩართავ "რუსთავი 2"-ს და დაინახავ, რომ სააკაშვილი სადღაც ხან გადაყრილ მანდარინს პოულობს და ხანაც არმატურას. სააკაშვილი 24 საათი ხან ერთ კაფეშია, ხან მეორეში. კაცი მთელ საქართველოს არის მოდებული.

ერთი ეს ვიცი, რომ მათ ძალიან ცუდისკენ მიჰყავთ პროცესები. წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტმა, რომელიც პოპულარობით არ სარგებლობს, მართლა გადააყენა მთავრობა და პრემიერ-მინისტრად დააბრუნა მერაბიშვილი და დანარჩენები. თვითონაც იციან, ამას რა შეიძლება მოჰყვეს და ისეთი მარტივებიც არა მგონიან, ეს გააკეთონ, თუმცა რაღაც ბოროტულს რომ ფიქრობენ, ცხადია.

- განათლების ექსმინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ  ერთ-ერთ ბოლო წერილში ივანიშვილის სომხეთში ვიზიტი განიხილა და აღნიშნა, - პრემიერი სომხურ მხარეს დაჰპირდა, რომ საქართველოში არსებულ სომხურ სკოლებში სომხეთის ისტორიის სწავლება დაიწყებაო. ლომაიამ დასვა საკითხი, - რომელი სახელმძღვანელოებით ისწავლიან? მოგეხსენებათ, რომ ისტორიულ მოვლენებს თუ ფაქტებს სომეხი და ქართველი ისტორიკოსები უმეტესწილად განსხვავებულად აფასებენ.

- სულ არ მინდა ლომაიაზე, შაშკინსა და ასეთ პერსონაჟებზე ვილაპარაკო, მაგრამ იქნებ დაფიქრდეს ლომაია და განათლების სისტემაზე ლაპარაკს თავი დაანებოს. თავისი პოლიტიკური ბიოგრაფიიდან გაიხსენოს უფრო სხვა, სასიამოვნო პერიოდები. განათლების სისტემაში ბევრ ისეთ რამეს ვხედავ, რაზეც მიზანმიმართულად არ ვლაპარაკობ, რადგან არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ნეგატივზე უნდა ვილაპარაკოთ.  ჩვენი პოლიტიკური ძალის ამოცანა არ არის, ვილაპარაკოთ, რა კოშმარი იყო ლომაია ან შაშკინი. ჩვენ არც იმაზე ვლაპარაკობთ, განათლების სამინისტრო 3-4-ჯერ როგორ აფინანსებდა ნამინისტრალების განათლებას და სხვა სასაცილო ფაქტებს. მაგრამ თუ ლომაია განათლების სისტემაზე ლაპარაკობს, გეტყვით, რომ პრემიერს ასეთი რამ არ უთქვამს. ბატონ ბიძინას მართლაც დაუსვეს კითხვა სომხეთის ისტორიის სწავლაზე და უპასუხა, ამ საკითხზე მუშაობაა საჭიროო.

წინა ხელისუფლებამ რუსეთთან ბრძოლას გადააყოლა რუსული ლიტერატურა, ეს იყო ხელისუფლება, რომელმაც რამდენიმე პროფესორთან ბრძოლას გადააყოლა საქართველოს ისტორია. ინსტიტუტები დახურეს იმის გამო, რომ იქ მომუშავე ადამიანები არ მოსწონდათ. თუ ვინმეს სადღაც ქრთამი აუღია, ამის გამო უნივერსიტეტებში ტერორი ჩაატარეს.

ამ მენტალიტეტის ხელისუფლება გველაპარაკება? პრემიერმა ის თქვა, რომ სომხური სახელმძღვანელოები ჩამოიტანეთ და საქართველოში ვასწავლითო? რა იცის ლომაიამ, განათლებასთან ოდნავ შეხება ჰქონია როგორც განათლების სუბიექტს ან ობიექტს? იქიდან გამომდინარე, რაც განათლების სისტემაში გააკეთა, ჩანს, რომ განათლებასთან კავშირი არ ჰქონია.

განათლებაში ძალიან მძიმე მდგომარეობა დამხვდა. ეს იყო რაღაც სამწყობრო სისტემა, ჯარი, რაც დღემდე ვერ დავძლიე. ეს გასამხედროებული სისტემა შექმნეს ამ ადამიანებმა. ძალიან არ მომწონს წარსულისკენ დაბრუნება, მაგრამ არ ჩერდება ეს ხალხი. გაჩერდი რა, შენს საქმეს და ცხოვრებას მიხედე.  მენტორის ტონით როგორ უნდა ელაპარაკონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სასკოლო სისტემაში მილიონები დახარჯა?

ივანიშვილზე ლაპარაკობს ლომაია, რომელსაც კონტროლის პალატამ 40-მილიონიანი გარღვევა უპოვა და რის გამოც მთელი კონტროლის პალატის თანამშრომლები დახსნეს.

არა ვარ ასეთ თემებზე კონცენტრირებული და როგორც კი ჩემთან შემოდის ეს საკითხი, შესაბამის უწყებებთან გადამაქვს. მე იმას ვფიქრობ, როგორ მივცე მასწავლებლებს მეტი ხელფასი, წიგნები გავაიაფო და სტუდენტების დაფინანსებას ვუშველო. მალე ადმინისტრაციულ რეფორმას დავიწყებთ, სადაც პედაგოგს მეტი უფლებები ექნება.

- საგულისხმო ინფორმაცია მომაწოდეს, - სკოლების სამეურვეო საბჭოებში "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები ინიშნებიან, რომლებსაც მერია 500-500 ლარით აფინანსებს. ასევე მაცნობეს, რომ რამდენიმე დღის წინ ტარას შავშიშვილმა (მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილემ) ქუთაისში დაიბარა სკოლების დირექტორები და კატეგორიულად მოსთხოვა, ფული გადარიცხონ სინდიკატში (განათლების სისტემის ერთ-ერთ პროფკავშირულ ორგანიზაციაში), რომლის დამფუძნებელიც თვითონ არის. როგორც მითხრეს, ის განათლების სამინისტროს სახელით მოქმედებს.

-  სკრუპულოზურად ვსწავლობთ ყველა მსგავს ფაქტს, მაგრამ სადაც ყველაფერი ცხადია, იქ ერთმნიშვნელოვნად მკაცრ პოზიციას ვიკავებთ. თუმცა შაშკინისგან განსხვავებით,  ჩვენ ვერ დავიბარებთ ადამიანებს კაბინეტებში, ვერ გავჩხრეკთ, ვერ გავაშიშვლებთ და ვერ ვეტყვით, ესა და ეს გააკეთეო. ჩვენ ყველაფერს კანონის დაცვით ვაკეთებთ, რაც პროცედურის დაცვას გულისხმობს. ვაკვირდებით ყველა პროცესს და ვაანალიზებთ.

- როგორც ვიცი, სახელმწიფომ გადაწყვიტა, სრულად დააფინანსოს 14 ფაკულტეტზე სწავლება. რატომ ჩაითვალა ეს სპეციალობები პრიორიტეტულად და კიდევ, ამავე ფაკულტეტის მეორე, მესამეკურსელებიც უფასოდ ისწავლიან?

- სახელმწიფომ გადაწყვიტა, დააფინანსოს ფუნდამენტური დარგები, რაც საბაზრო თვალსაზრისით ყოველთვის მომგებიანი არ არის. მაგალითად, სტუდენტი უფრო დიდი ხალისით ხდება იურისტი ან დანტისტი, ვიდრე ფიზიკოსი ან ქიმიკოსი, მაგრამ კომპიუტერული ტექნოლოგიისა და სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის უცილებელია ქვეყანაში არსებობდეს ფუნდამენტური მეცნიერების სკოლები. აქედან გამომდინარე შეირჩა დარგები: ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა, ქიმია, ბაკალავრიატის დონეზე დაფინანსდა ფილოლოგია, ისტორია და არქეოლოგია. არის მეცნიერებების მესამე ჯგუფი, რომელიც გამომდინარეობს არა სამეცნიერო კონცეფციიდან, არამედ კონკრეტულად ამჟამინდელი სამთავრობო პოლიტიკიდან. ეს არის ეკონომიკა, მანქანათმშენებლობა, ტექნიკური და საინჟინრო დარგები და ასევე სოფლის მეურნეობა, რომელიც ასევე დავაფინანსეთ. ინჟინრები და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ქვეყანას მალე დასჭირდება და განათლების სისტემამ გადაწყვიტა, ამ მოთხოვნას უპასუხოს. ეს არის არა სტუდენტის, არამედ ფაკულტეტების დაფინანსება, რომელიც დაიწყება 2013 წლის სექტემბრიდან და შეეხება მათ, ვინც წელს გახდება სტუდენტი. ჩვენ სოციალურად დაუცველებსაც მოვუმატეთ დაფინანსება.

- ბატონო გიორგი, უკვე ოფიციალურად დაინიშნეთ ვიცე-პრემიერად. Aაქედან გამომდინარე, ალბათ, ვალდებულებებიც გაგეზრდებოდათ. არადა, მახსოვს თქვენი წუხილი, მინისტრობამ ბევრ რამეში, ჩაცმულობაშიც კი შემზღუდაო.

- მე კიდევ დაშინება მინდა? ვიცე-პრემიერობა პრემიერ-მინისტრის დავალებების შესრულებას გულისხმობს. ჯერჯერობით ბატონი ბიძინა კარგად მექცევა და არაფერს მავალებს. ეს მიხარია და იმედია, კარგა ხანი ასე გაგრძელდება, თუ სიმართლე გინდათ, ისე ნამდვილად არ მეშინია, როგორც თქვენ მაშინებთ.

- ირაკლი ალასანია პირველი ვიცე-პრემიერი იყო. თქვენც ეს სტატუსი გაქვთ?

- ეგ არც მიკითხავს, ალბათ, პირველი ვიცე-პრემიერი კახი კალაძე იქნება, როგორც უფრო გამოცდილი. მას ხომ ვიცე-პრემიერის სტატუსი უფრო დიდი ხანია აქვს.