"ეტყობა, ხელისუფლება ფიქრობს ჩვენს ცოცხლად გატყავებაზე" - კვირის პალიტრა

"ეტყობა, ხელისუფლება ფიქრობს ჩვენს ცოცხლად გატყავებაზე"

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იმის ნიშანია, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონეთა თანაცხოვრება არცთუ წარმატებულად მიმდინარეობს. პრეზიდენტის ესკორტს სამეგრელოში კვერცხი ესროლეს და წყალი მიასხეს. ამ და სხვა თემებზე საპარლამენტო უმცირესობის წევრს, მიხეილ მაჭავარიანს ვესაუბრეთ:

- სამეგრელოში ერთი ჯგუფი მუდმივად აწყობს პროვოკაციას. დავინახეთ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის დედა, რომელიც ამ პროვოკაციაში მონაწილეობდა. კოჰაბიტაცია ჩვენთვის გამოწვევაა და კარგია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული მოლაპარაკება მიმდინარეობს.

- უმრავლესობის წინადადებით პრეზიდენტი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უნდა გამოსულიყო.

- ეს წინადადება კი არა, ულტიმატუმი იყო, რასაც წინ უძღოდა საპარლამენტო დებატები. უმცირესობის პოზიცია კარგად იყო არგუმენტირებული. ეჭვი მაქვს, უმრავლესობა ამაზე გაბრაზდა და გადაწყვიტა, პრეზიდენტი პარლამენტში აღარ მოსულიყო. ამას მოჰყვა 8 თებერვალი და მცდელობა, რომ ყველაფერი თბილისის მერს და უმცირესობის დეპუტატებს გადააბრალონ.

- გიგი უგულავას ხელების ქნევა და შეძახილები არ იყო გამომწვევი?

- გიგი რომ ხელს აქნევდა, ამიტომ მოხვდა ჩიორა თაქთაქიშვილს ცხვირში? სანამ უგულავა მოვიდოდა, მანამდე ვინ ცდილობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ცოცხებით შესვლას? იმედი მაქვს, ხელისუფლებაში არიან საღად მოაზროვნენი. ამ იმედს მიჩენს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიმდინარე მოლაპარაკება.

- არ კონკრეტდება საკითხები, რაზეც მოხდა შეთანხმება.

- ლაპარაკია იმაზე, რომ მთავრობას ჰქონდეს გარანტიები და აღარავინ ნერვიულობდეს, რომ აპრილში მთავრობას დაითხოვენ. გვინდა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს ჩვენი ისტორიული არჩევანი (საგარეო კურსი) და ის, რომ საქართველო აღარ დაბრუნდება ძველ კავშირებში. ვცდილობთ, ხელისუფლებასთან ძირითად საკითხებზე შევთანხმდეთ.

- თუმცა რამდენიმე დღის წინ უმცირესობისა და უმრავლესობის ურთიერთობა კარგად ნახა საზოგადოებამ დავითაშვილი-რატიანის ჩხუბის დროს.

- რაც მოხდა, არც მე მომეწონა, არც სერგო რატიანს, მაგრამ პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფთ მეტი აქვთ. ჩვენს აქტივისტებს კი კვლავ იბარებენ პროკურატურაში. უკვე 5 ათასზე მეტი კაცია დაკითხული.

- დაკითხვაზე კარგა ხანს არ მიდიოდა გიგი უგულავა და არ მიდის ზოგიერთი დეპუტატი.

- მიღებული პრაქტიკაა - გამომძიებლები თვითონ მიდიან დაკითხვაზე. არაერთი დეპუტატი, ყოფილი მინისტრი და გუბერნატორი გამოცხადდა დაკითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ივანიშვილი და მერე პარლამენტის თავმჯდომარე ლაპარაკობდნენ ყოფილ თანამდებობის პირთა პოლიტიკურ ამნისტიაზე. ეტყობა, ეს თემა აღარ არის ხელისუფლებისთვის აქტუალური. სიძულვილის ენაზე ჩვენ არ დაგვიწყია საუბარი. გაიხსენეთ ლუკა კურტანიძის ნათქვამი ოპოზიციაზე, ეგენი ცოცხლად უნდა გაატყავოო, რაზეც იუსტიციის მინისტრმა თქვა, რაზეც ვფიქრობთ, ხმამაღლა არ უნდა ვთქვათო. ეტყობა, ხელისუფლება მართლაც ფიქრობს ჩვენს ცოცხლად გატყავებაზე. ცუდი ვიყავით თუ კარგი, ვცდილობდით ქვეყნისთვის რაღაც გაგვეკეთებინა და გული მწყდება, რომ ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემები - დასაქმება, ჯანდაცვა, ტარიფები მეხუთეხარისხოვანი გახდა. ოპოზიციის ვალია, ზოგიერთ საკითხზე შევთანხმდეთ ხელისუფლებასთან, რომ ეს ხალხი საქმის კეთებაზე გადავიდეს.

- ხელისუფლებასაც აქვს განცდა, რომ ოპოზიცია მოწადინებულია, იმიჯი შეულახოს ქვეყნის გარეთ. ევროპარლამენტის წარმომადგენელს ინციდენტიდან მეხუთე დღეს ლოგინში ჩაწოლილი დახვდა ჩიორა თაქთაქიშვილი, 8 თებერვალს კი პრეზიდენტის გამოსვლას გულისყურით უსმენდა.

- პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ექიმმა ჩიორას ერთი კვირით წოლითი რეჟიმი დაუნიშნა, რადგან ტვინის შერყევა აქვს. მას მერე ჩიორა აღარ მოსულა ოფისში. თანაც

ჩიორას ბინაც არა აქვს თბილისში, ნაქირავებში ცხოვრობს.