"ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ივანიშვილისთვის ხაფანგია" - კვირის პალიტრა

"ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ივანიშვილისთვის ხაფანგია"

"ჩვენ ზუსტად კიდევ არ ვიცით, რაზე შეთანხმდნენ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა"

"შეიძლება, გარანტიებს ითხოვდეს სააკაშვილი, რადგან იცის, როდესაც პრეზიდენტი აღარ იქნება,

შესაძლოა, მასაც დაუსვან კითხვები"

თუ უმცირესობის ლიდერის განცხადებას დავუჯერებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ფინალისკენ მიდის. დღეს კოალიციისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით სააკაშვილს ჩამოერთვას მთავრობის (და პარლამენტის) დათხოვნის ბერკეტი. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით პრეზიდენტს აღარავითარი უფლებამოსილება აღარ ექნება, აღარ ექნება მთავრობის გაუქმების უფლება. ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს ახალი კონსტიტუციის ნაწილი (რაც ეხება პრეზიდენტსა და მთავრობას, მთავრობასა და პარლამენტს, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ურთიერთობას) დღესვე ამოქმედდეს და არა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ. ისე ჩანს, რომ ამ შედეგით კოალიციამ მეტად იხეირა, მაგრამ ასე არ ფიქრობს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი:

- ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ბიძინა  ივანიშვილისთვის ხაფანგია. ამ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ვინაიდან პარლამენტის დათხოვნა უფრო გართულებულია, "ნაციონალური მოძრაობა" იცილებს პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ალბათობას, რითაც პარლამენტში შეინარჩუნებს ადგილებს და 4 წელი გარანტირებულად იქნება საპარლამენტო უმცირესობის როლში.

"ქართული ოცნების" ინიცირებული ცვლილებები ითვალისწინებს სააკაშვილისთვის იმ ბერკეტების ჩამორთმევას, რაც მან 2004 წელს მიითვისა, მაგრამ ჩემი აზრით, "ნაცმოძრაობა" ცდილობს მოლაპარაკება გააჭიანუროს, რათა თუ საშუალება მიეცემა, გამოიყენოს კონსტიტუციური ბერკეტი (პრეზიდენტმა დაითხოვოს მთავრობა) და მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია.

- "ნაციონალური მოძრაობა" ასევე ითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კვორუმი ახლავე გაიზარდოს 3/4-მდე (ეს ნორმა საპრეზიდენტო არჩევნების მერე უნდა ამოქმედებულიყო).

- კვორუმის აწევით კონსტიტუციას კეტავენ. 3/4 ძალზე მაღალი ცენზია, რაც გაართულებს შემდგომში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას.

2013 წლის ოქტომბრის შემდგომ ასამოქმედებელი მოდელით ძალიან გაიზრდება პარლამენტის როლი. მთავრობის თავმჯდომარეს ექნება მაღალი უფლებამოსილება, მაგრამ მისი ბედი დამოკიდებული იქნება პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერაზე. დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობას თუ გავაანალიზებთ, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრობა დამოკიდებული იქნება იმაზე, შეინარჩუნებს თუ არა "ქართული ოცნება" კოალიციურ ერთიანობას. "ნაციონალური მოძრაობა" ამ ცვლილებების ამოქმედებისთანავე "ქართული ოცნების" დაშლისთვის იმუშავებს.

- შეძლებს "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციის დაშლას?

- "ქართულ ოცნებაში" არის პრობლემები.  ერთი-ორი წლის შემდეგ გამოჩნდება, რომ მთავრობა ვერ შეასრულებს ყველა დაპირებას, რაც ივანიშვილის რეიტინგზე იმოქმედებს. შესაძლებელია, პარლამენტში  ზოგიერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან რაღაც საკითხებზე ივაჭროს. პარლამენტისთვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომ მთავრობის ბედი მთლიანად  დამოკიდებული იყოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთიანობაზე, მთავრობისთვის სახიფათოა.  ჩვენ ვიცით, როგორი ტაქტიკით მუშაობს "ნაციონალური მოძრაობა". დღესაც კი, როდესაც "ქართული ოცნება" უმრავლესობაშია, ზოგიერთ საკითხზე სათანადო ოპონირებას ვერ უწევს "ნაციონალურ მოძრაობას". წარმოიდგინეთ, როდესაც მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობა უმრავლესობის ერთიანობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეიძლება ეს ვაჭრობის საგანი გახდეს.

მთლად ისე არ არის, რომ  ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით პრემიერი ხდება ძლიერი. პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტიც გაძლიერდებიან, სუსტდება პრეზიდენტი, მაგრამ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება. Aამიტომ შესაძლოა დღევანდელ სახიფათო კვერცხზე (მთავრობის დათხოვნის შესაძლებლობა) მეტად "ნაციონალურ მოძრაობას" ერჩივნოს ხვალინდელი ქათამი: 4 წლის განმავლობაში გახლიჩონ უმრავლესობა და მერყევი გახადონ პრემიერის თანამდებობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი, როდესაც კრიზისის შემთხვევაში პრეზიდენტი არის არბიტრი.

- ამ ცვლილებებით მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" ხომ არ იღებს მისთვის სასარგებლო ცვლილებებს, თავის ინტერესს "ქართული ოცნებაც" იკმაყოფილებს.

- "ნაცმოძრაობა" დღეს ბევრს არაფერს იგებს ამ ცვლილებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მოიგებს 2013 წლის შემდეგ, როდესაც კონსტიტუციური ცვლილებებისთვის 3/4-მდე იზრდება ცენზი.

ჩვენ არ გვიცხოვრია ისეთ მოდელში, როგორსაც დღეს გვთავაზობენ, ჩვენ არ ვიცით, ეს მოდელი როგორ იმუშავებს და როდესაც დღეს ვკეტავთ კონსტიტუციის შეცვლის საკითხს, ეს ნიშნავს, რომ თუ ეს მოდელი ვერ გაამართლებს და ქვეყანაში კრიზისი დაიწყება, ამ მოდელის შესაცვლელად საჭირო იქნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ვაჭრობა. დღეს 2/3-ია საჭირო ისეთი ხიფათის თავიდან ასაცილებლად, რომელიც სააკაშვილს შეუძლია შექმნას და ამას ვერ აგროვებს უმრავლესობა და 3/4-ის შემთხვევაში ხომ წარმოგიდგენიათ, რა ვითარება იქნება.

- უმრავლესობა ამბობს, რომ აქვს საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო 2/3.

- თუ აქვს, რატომ დადის "ნაცმოძრაობის" ხუშტურებზე?  მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, ჩამოართვას პრეზიდენტს მთავრობის ერთპიროვნული დათხოვნის უფლებამოსილება და შემდგომ  კომისიამ შეიმუშაოს სწორი კონსტიტუციური მოდელი ყველა პოლიტიკურ ძალასთან შეთანხმებით, რაც  ჩვენი ქვეყნისთვის ეფექტური იქნება.

კოალიცია "ნაცმოძრაობას" დათანხმდა ისეთ მოლაპარაკებაზე, რომელიც მხოლოდ დროის გაჭიანურებას ემსახურება. ეს ყველაფერი ქმნის ილუზიას, რომ "ნაცმოძრაობა" კარნახობს "ქართულ ოცნებას" პირობებს და "ნაცმოძრაობა" ქმნის პოლიტიკურ ამინდს პარლამენტში. თუ "ქართულ ოცნებას" მართლაც აქვს კონსტიტუციური ცვლილებისთვის საკმარისი 100 ხმა, ჩამოართვას ბერკეტები სააკაშვილს. გაუგებარია, რატომ ერთვება "ნაცმოძრაობის" თამაშში?

ჩვენ გვახსოვს "ქართული ოცნების" პოზიცია, არასერიოზულია კონსტიტუციაში საგარეო კურსის თაობაზე ჩანაწერიო, მაგრამ დღეს თანახმაა, ასეთი ჩანაწერი იყოს კონსტიტუციის პრეამბულაში.

- თქვენი ვარაუდით, რატომ ელაპარაკება "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე, თუკი უმისოდაც შეუძლია ამ ცვლილების გატანა პარლამენტში?

- ან არა აქვთ საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის და არ უნდათ ამაში გამოტყდნენ, ან ვეჭვობ, მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" კი არა, კოალიციაში მყოფ ზოგიერთ ძალას უნდა, ახლავე ამოქმედდეს ის ცვლილებები, რაც ოქტომბრის შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო (პარლამენტის გაძლიერებას ვგულისხმობ).

- კოალიციიდან რომელი პოლიტიკური ძალის ინტერესში შეიძლება იყოს პარლამენტის როლის გაძლიერება?

- "ქართული ოცნების" ფრაქცია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, ალასანიას გუნდი  დაძაბულია, რესპუბლიკელები კი კომფორტულად გრძნობენ თავს, მათია პარლამენტის თავმჯდომარეც და  ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტისაც. ამით რესპუბლიკელები ზურგს იმაგრებენ. მათ გადაწყვეტილებასა და კოალიციაში ყოფნაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ჩვენ ზუსტად კიდევ არ ვიცით, რაზე შეთანხმდნენ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" და რა გარანტიები მისცეს "ნაციონალებს".

- რა გარანტიებს გულისხმობთ?

- თუნდაც პირადი უსაფრთხოების გარანტიებს. შესაძლოა, ითხოვეს, რომ შეწყდეს ძველი თანამდებობის პირების საქმიანობის სამართლებრივი შეფასება და მათი დაკითხვაზე დაბარება. შეიძლება გარანტიებს ითხოვდეს სააკაშვილი, რადგან იცის, როდესაც პრეზიდენტი აღარ იქნება, შესაძლოა, მასაც დაუსვან კითხვები. "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება საკონსტიტუციო ცვლილებებით მიიღოს ქონებრივი ხელშეუხებლობის გარანტიაც. მათი პოზიცია გასაგებია, მაგრამ გაუგებარია, როდესაც საკმაო ხმა გაქვს საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რა საჭიროა ამ ყველაფრის დათმობა, თუ ძალიან არ გაწყობს ის საკონსტიტუციო მოდელი (პარლამენტის გაძლიერება), რომელიც ახლაა ინიცირებული. ეს კი, მოგახსენეთ, ყველაზე მეტად კოალიციის რომელ სუბიექტსაც აძლევს ხელს.