"სააკაშვილს სამეგრელოში კუბო დავუდგით და უკვე ცოცხლად დავმარხეთ" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს სამეგრელოში კუბო დავუდგით და უკვე ცოცხლად დავმარხეთ"

"სააკაშვილს იმდენად შეეშინდა ნარაზენში 100 კაცის პროტესტისა, რომ თბილისში შვეულმფრენით გადაფრინდა"

"სამეგრელოში ანტიმიშისტური მოძრაობა დაიწყო. სადაც ჩამოვა, ყველგან პროტესტით დავხვდებით. ვადაგასული სააკაშვილი აუტანელია მეგრელებისათვის", - აცხადებს "დაიცავი საქართველოს" წევრი კახა მიქაია:

- სააკაშვილი გაბრაზებულია იმ პროტესტით, თბილისელები რომ გამოხატავენ და ამიტომ გამოაცხადა, სოფელ-სოფელ ვივლიო. უნდოდა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში ჩასვლით პიარი გაეკეთებინა, მაგრამ სამეგრელოდან გაქცევამ მოუწია. პროტესტი დღითი დღე მატულობს სამეგრელოში, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები მოიგო. სააკაშვილს სურდა სოფელ ნარაზენის ცენტრში კრივის კლუბში შეხვედროდა მოსახლეობას. მე და ჩემი მეგობრები ამ შეხვედრაზე იმ მიზნით მივედით, რომ მისთვის დაგვესვა კითხვები. გვინდოდა გვეკითხა, ვინ არის მეგის ქარდავა ან კრიმინალი გუნავა, რომელიც გუბერნატორად დანიშნა. სააკაშვილმა დაინახა საშიშროება, რომ მწვავე კითხვებზე მოუწევდა პასუხის გაცემა და შეხვედრის ფორმატი შეცვალა. ვიღაც თოდუას ოჯახში შეხვდა 12 დევნილს. არც ერთი ნარაზენელი არ დასწრებია იმ შეხვედრას. ის დევნილები ხეცერის მეურნეობიდან მოიყვანეს და მომზადებული კითხვები დაასმევინეს. სააკაშვილს იმდენად შეეშინდა ნარაზენში 100 კაცის პროტესტისა, რომ თბილისში შვეულმფრენით გადაფრინდა. სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა კი არა, ყველანაირად გაუვიდა ყავლი. ის უკვე ნერვებს უშლის საზოგადოებას და ხალხი ამიტომ გამოხატავს პროტესტს. მის ესკორტს ამიტომაც მიასხეს წყალი და კვერცხები ესროლეს. სააკაშვილს სამეგრელოში კუბოც დავუდგით და უკვე ცოცხლად დავმარხეთ.

მიუხედავად იმ ტერორისა, რაც სამეგრელოში სუფევდა კოდუების, ახალაიების, ლომაიების, გოროზიების და ქობალიების წყალობით, ხალხს აღარ ეშინია.

დღეს მთელი სამეგრელოს მოსახლეობა ბოთლიდან ამოსული ჯინივით არის და თავის ემოციას გამოხატავს. ამას ხელი არავინ  უნდა შეუშალოს და ბუნებრივად დაწყნარდება ყველაფერი. ნარაზენი კახა ლომაიას მშობლიური სოფელია და სიმბოლურია, რომ სააკაშვილი სწორედ ამ სოფლიდან გაიქცა.

მარი ზანდუკელი