მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ასტეროიდი და ჩიორა

მთელ მსოფლიოს ასტეროიდმა შაბათს, გამთენიისას ჩაუარა, ჩვენ კი მხოლოდ ოქტომბერში ჩაგვივლის. ახლა საკითხავია, ეს ისევე მშვიდობიანად მოხდება, როგორც შაბათს გამთენიისას, თუ ისეთივე ცუდი შედეგი ექნება, როგორიც მანამდე რუსეთის თავზე მოსულ მეტეორიტების წვიმას. საერთოდ, ასტეროიდის ტრაექტორიის განსაზღვრა შესაძლებელია და მეცნიერებმაც ზუსტად იცოდნენ, რომ ის დედამიწას ზიანს არ მოუტანდა. აი, ჩვენი ასტეროიდი კი ისეთი არაპროგნოზირებადია, რომ წვიმად მოგვევლინება, ქარიშხლად თუ მიწისძვრად, არავინ იცის. მე ჯერ არ ვკარგავ იმედს, რომ ასტეროიდი, სახელად მიხეილ სააკაშვილი, მაინც მშვიდობიანად ამჯობინებს ჩავლას. ეს იმედი წინა კვირას მისმა და "ნაციონალური მოძრაობის" იმ ინიციატივამ გამიჩინა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების დაგეგმილზე ადრე ამოქმედებას და პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას ეხება.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ისინი იმაზე მეტზე არიან თანახმა, ვიდრე ჩვენ ვითხოვდითო. ამის გამგონემ გავიფიქრე, მგონი, "ნაციონალები" უკვე ხვდებიან, რომ აგრესიული ტაქტიკით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ-მეთქი, თუმცა ბოლოს მათ გულწრფელობაში ეჭვი მაინც შემეპარა. უპირველესად იმიტომ, რომ ისინი იშვიათად დგამენ ნაბიჯს, რომელიც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ისინი საერთაშორისო ასპარეზზე ისევ ცდილობენ, თავი მსხვერპლად წარმოადგინონ, ახალი ხელისუფლება კი - მოძალადედ.

ჯერ შუა კვირაში "ევროპის სახალხო პარტიამ" გააკეთა განცხადება, მერე, კვირის ბოლოს, სულაც ამერიკელი კონგრესმენების განცხადება გამოქვეყნდა. ორივე შემთხვევაში საქართველოში მიმდინარე მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, როგორ ინტერპრეტაციასაც მათ "ნაციონალური მოძრაობა" უკეთებს. კიდევ კარგი, იმ ამერიკულმა გაზეთმა, რომელმაც კონგრესმენების მიმართვა გამოაქვეყნა, სტატიის ბოლოს მიაწერა: "სააკაშვილის მთავრობამ დაიქირავა ლობისტები თავისი, როგორც საქართველოს წამყვანი ოპოზიციური პარტიის, ინტერესების წარმოსაჩენად აშშ-ის კონგრესისა და ობამას ადმინისტრაციის წინაშე". კიდევ კარგი, ეს დაწერეს, თორემ "ნაციონალები" ისევ გულუბრყვილო სახით დაგვიწყებდნენ მტკიცებას: "თქვენ გგონიათ, იმდენი ძალა გვაქვს, რომ მთელ მსოფლიოს ვატყუებთ?"

მათი სურვილი - მსოფლიოს თავი მსხვერპლად წარუდგინონ - იქამდე მივიდა, რომ საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარს ჩიორა თაქთაქიშვილი ლოგინში ჩაწოლილი დაახვედრეს. არადა, ქალბატონი ჩიორას დაშავებიდან რამდენიმე დღე იყო გასული და პირველ ხანებში მას სალოგინე არაფერი ეტყობოდა, უფრო მეტიც - ესაუბრებოდა ჟურნალისტებს, თამამად აცხადებდა, რომ "ნაციონალებს" ვერ შეაშინებენ, დაესწრო პრეზიდენტის გამოსვლას... მართალია, როგორც ამიხსნეს, თეორიულად არსებობს შესაძლებლობა, რომ მას მოგვიანებით დაუდგინდა ტვინის შერყევა, მაგრამ როგორიც უნდა იყოს თავად ფაქტი, როგორ მიიყვანეს ლოგინში ჩაწოლილ პარლამენტართან ევროპარლამენტარი, უკვე მეტყველებს "ნაციონალების" ბუნებაზე, რომ ისინი ვერასოდეს გადაეჩვევიან "პიარშჩიკობას".

სწორედ ამიტომ, ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, ეჭვის თვალით ვუყურებ. დარწმუნებული ვარ, ასე მოიქცევა ახალი ხელისუფლებაც, თუმცა ვფიქრობ, რომ '"ქართული ოცნება" 'იმით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას ეხვეწება, ხელოვნურად ანიჭებს "ნაციონალურ მოძრაობას"' იმაზე მეტ მნიშვნელობას, ვიდრე მას დღეს აქვს ქართულ პოლიტიკაში, და რატომ აკეთებს ამას მმართველი გუნდი, ვერ მივხვდი. იმისთვის, რომ ასტეროიდმა მშვიდად ჩაგვიაროს? ვითომ ეს უშველის? რა გითხრათ... კო(ჰ)აბიტაცია ფრანგული სიტყვაა და იმედი მაქვს, ქართულად '"ხალხის ზურგს უკან გარიგებას" არ ნიშნავს.

P.S. კვირის ბოლოს სოციალური ქსელით გავრცელდა ირაკლი კაკაბაძის ინფორმაცია: "სააკაშვილის ლობისტები ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებენ, უახლოეს დღეებში კონგრესს მიაღებინონ გადაწყვეტილება საქართველოს ბლოკადის შესახებ, რათა საქართველოს შეუწყდეს საერთაშორისო დახმარება." არ ვიცი, მართალია თუ არა ეს, მაგრამ ჩვენი ასტეროიდისგან პირადად მე აღარაფერი გამიკვირდება. ვფიქრობ, უპირველესად ის უნდა გავარკვიოთ, "ნაციონალურ მოძრაობას" დღესაც საიდან აქვს ლობისტების დასაქირავებელი ფული.

კიდევ ერთხელ: არა ძალადობას!

სერგო რატიანს, ალბათ, ბავშვობაში არ უჩხუბია ამდენი, რაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ჩხუბობს. ჯერ ბიბლიოთეკასთან იქნია მუშტები, შემდეგ - "მაესტროს" ეთერში. არა მგონია, ახლა მტყუან-მართლის გარკვევა მნიშვნელოვანი იყოს, მხოლოდ ერთს ვიტყვი: მართალია, კობა დავითაშვილს აღშფოთების და გაღიზიანების სერიოზული საფუძველი ჰქონდა (რთულია, როდესაც გეუბნებიან, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სასიკვდილოდ გაგიმეტეს, წარსულზე ნუ ვისაუბრებთო), მაგრამ მას სერგო რატიანი ისეთი სიტყვებით მაინც არ უნდა გაელანძღა, როგორითაც გალანძღა.  რატიანსაც მეტი მოთმინება უნდა გამოეჩინა და წამყვანის წინ ჭიქა არ უნდა დაეფშვნა. მოკლედ, იმ დღეს ვერც სერგო და ვერც კობა კარგად ვერ წარმოჩნდნენ...

ისე, "სერგო და კობა" რა ისტორიულად და საბედისწეროდ ჟღერს!.. რატიანმა საზოგადოებას მაინც მოუხადა ბოდიში, დავითაშვილმა ესეც არ გააკეთა. შეიძლება "ნაცებთან" საბოდიშო მას არაფერი აქვს, მაგრამ ასეთი საქციელის შემდეგ პოლიტიკოსი მაყურებელს კი უნდა უხდიდეს ბოდიშს. თუმცა მთავარი პრობლემა საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიაა. 8 თებერვალმაც და "მაესტროს" სტუდიაში მომხდარმა ამბავმაც აჩვენა: მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დიდი ხნის წინ დამთავრდა, პოლიტიკური ტემპერატურა ისევ მაღალია. რა არის ამის მიზეზი?  ვფიქრობ, ის, რომ არჩევნების შემდეგ ყველგან ირკვევა, ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ წავიდა. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ კი, ფაქტობრივად, ორივე ძალა ხელისუფლებაშია, ამიტომ, ვნებებიც ისევ დუღს. ამის გარდა, "ნაციონალები" აგრესიულად მოქმედებენ და გაღიზიანებულ ხალხს კიდევ უფრო აღიზიანებენ. ამიტომ, რადგან დღეს ხელისუფლება მაინც "ოცნებას" ჰქვია, ინიციატივა ხელში მან უნდა აიღოს, არც თავად უნდა აჰყვეს პროვოკაციებს და არც მოსახლეობას მისცეს ძალადობის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას, ანუ "ოცნებას" დაეკისრება.