ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ნაციონალთა ტრანსფორმაციის რეალური მიზეზები

პოლიტიკურ შოუებში ჭიპმოჭრილი ქართველი მაყურებლისთვისაც კი ძნელად ასახსნელია იმგვარი ტრანსფორმაცია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო დღეებში გვთავაზობს: ერთ დღეს რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარს ამბობს, მეორე დღეს მზადყოფნას აცხადებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციით გათვალისწინებული შეზღუდვები დღესვე აამოქმედოს; ერთ დღეს რომ დაუნანებლად ლანძღავს მთავრობას, მეორე დღეს - საგარეო პოლიტიკურ კურსს უწონებს და ა.შ.

რეალურად რა ხდება?! ზუსტად იმ დროს და იმ საათზე, 8 თებერვალს, როცა "ნაციონალთა" ლიდერები საჯარო ბიბლიოთეკის წინ იმყოფებოდნენ, დღემდე მათ მიერ კონტროლირებადი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გამოვიდა ინიციატივით საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის 1%-მდე დაწევის თაობაზე. პირველი შთაბეჭდილება ის გახლდათ, რომ ამით "ნაციონალებმა", ფაქტობრივად, საკუთარი თავის ლუსტრირება მოახდინეს და ირიბად აღიარეს, რომ მათ დღეს არსებული 7%-იანი ბარიერიც კი აფრთხობთ. ცოტა უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, ეს შემოთავაზება მათი მხრიდან პოლიტიკური ლანდშაფტის მათთვის სასარგებლოდ გადაწყობის კიდევ ერთი მცდელობაა. კერძოდ: 1. დღევანდელი "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა, სახეებს და სახელს შეიცვლის და დაბალი ბარიერის და საინფორმაციო სივრცის დიდი სეგმენტის კონტროლის პირობებში, იოლად შეაღწევს პარლამენტში; 2. ამავე მიზნით გაააქტიურებს დაკონსერვებულ პარტიებს: ედპ-ს, ლეიბორისტებს, პაატა დავითაიას და სხვა მსგავს პოლიტიკურ სუბიექტებს; 3. ეს ინიციატივა მმართველ კოალიციაში შფოთის თუ უსაფუძვლო ამბიციების შეტანის მშვენიერ საბაბადაც შეიძლება გამოდგეს: ფაქტობრივად, არარსებული საარჩევნო ბარიერის პირობებში, კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს შეიძლება საკუთარ შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენები შეექმნათ და არარეალური ფასიც დაიდონ.

რას ნიშნავს მაგიური 3/4

და მაინც, რატომ მოიწადინეს ასე მოულოდნელად "ნაციონალებმა" პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა 2013 წლის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებში და სანაცვლოდ რა პირობებს აყენებენ?!

ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც ისინი ითხოვენ, არის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო არსებული დეპუტატების ხმათა 2/3-ის შეცვლა 3/4-ზე, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ ცვლილების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო იქნება დეპუტატთა ხმების 3/4-ის მოგროვება. ეს კი რას ნიშნავს?! სულ მცირე იმას, რომ ეს მნიშვნელოვნად ზრდის "ნაციო-ნალთა"“შანსებს, შეინარჩუნონ კონტროლი 1%-იანი ბარიერის მოსურნე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოზე.

მეორე მხრივ, სააკაშვილის გადაწყვეტილება, ტრადიციისამებრ გააგრძელოს სვლა სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ, რა თქმა უნდა, არ ეფუძნება იმ ილუზიას, რომ ის რეიტინგს აკრეფს ან თავისი თავის რეაბილიტაციას მოახდენს. მისი მიზანი ერთადერთია: მაქსიმალურად დათესოს იმედგაცრუება ხალხში ახალი ხელისუფლების მიმართ. ორი დღის წინ "მაესტროს" ეთერში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას, პასუხები ასე განაწილდა: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 52,6%; "ნაციონალური მოძრაობა" - 5,8%; სხვა პარტიები -1,5; გამოკითხულთა უზარმაზარი ნაწილი - ლამის 40% ჩამოუყალიბებელია თავის არჩევანში.

სააკაშვილის დაგეგმილი ვოიაჟების მიზანი სწორედ მოსახლეობის ამ ნაწილში მმართველი კოალიციის მიმართ უნდობლობის დათესვა და მათი შემზადებაა სხვა ახალი ან კარგად დავიწყებული ძველი პოლიტიკური ძალების მისაღებად. აქვე უნდა მოვიყვანოთ ამავე კვლევის კიდევ ერთი მონაცემი, რომლის თანახმადაც მოსაზრებას, რომ უკმაყოფილება და კრიტიკული განწყობები საზოგადოებაში მატულობს, იზიარებს გამოკითხულთა 51% (კვლევა ჩატარებულია საქართველოს მასშტაბით). ასე რომ, შეშფოთების საფუძველი - არა, მაგრამ გასაანალიზებელი ახალ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს.

ახლა მოკლედ, "ნაციონალთა" სტრატეგიის საგარეო მდგენელის თაობაზე. იმაზე, რომ "ნაციონალთა" ქალებს ლამის ლოგინშიც აღარ ასვენებენ მათ მიერვე დაქირავებული ლობისტები, თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ. მაგრამ ის ინფორმაციები, რაც უშუალოდ უცხოეთიდან ჩვენი თანამემამულეებისგან მოდის, სულ მცირე დაკვირვებას და რეაგირებას ნამდვილად იმსახურებს. ბოლო დღეებში ირაკლი კაკაბაძე და სალომე ზურაბიშვილი აქტიურად საუბრობენ საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ მავნებლურ პოლიტიკაზე. კერძოდ, ირაკლი კაკაბაძე თავის "ფეისბუკის" გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სააკაშვილის ლობისტები ცდილობენ კონგრესში შეიტანონ სავაჭრო სანქციები საქართველოზე, რომლის მიზანი და შედეგიც საქართველოში შიმშილის დაწყებაა. ასეთივე მიზნით, ევროპაშიც მუშაობს "ნაციონალ" ლობისტთა ჯგუფი.

გასაგებია, რომ ამერიკისა და ევროპის პოლიტიკური ელიტა "ნაციონალ" ლობისტთა ზომბირებას ნაკლებად ექვემდებარება და იგივე ამერიკელები არანაკლები ყურადღებით ეკიდებიან ახალი ხელისუფლების იდეას სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ზონის თაობაზე, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ საზოგადოება უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს მთავარი პოლიტიკური ფიგურანტების ბრძოლის ფორმებითა და მიზნებით.