"ქალბატონო ხათუნა, ახლა მაინც გაუსწორეთ სიმართლეს თვალი!" - კვირის პალიტრა

"ქალბატონო ხათუნა, ახლა მაინც გაუსწორეთ სიმართლეს თვალი!"

რეპლიკა ხათუნა კალმახელიძის გახმაურებულ წერილზე

ქალბატონი ხათუნა თურმე წიგნებს  პატიმრებისთვის საკუთარი ფულით ყიდულობდა(?!)

წერილი, რომელიც სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ "ფეისბუკში" გამოაქვეყნა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ალბათ იკითხავთ, განა ასეთი რა დაწერა ნამინისტრალმაო. ბოლოს და ბოლოს, ის ადრეც გვიმტკიცებდა, რომ ციხეებში "ნამდვილი სამოთხე" იყო და წარმატებული რეფორმების გამო ქართველების გამოცდილებას ევროპელი კოლეგებიც კი იზიარებდნენ (მაგალითად, კარგად მახსოვს ესპანეთის სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში და ქალბატონი ხათუნას კომენტარი, - სტუმრები  ქართველი კოლეგების მიღწევებისა და გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდნენო).

ამჯერად კალმახელიძის წერილიდან იმ ამონარიდებს გთავაზობთ, რომელიც პატიმრის წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას ეხება: "ჩემთვის ეს კადრები ვინმეს რომ ეჩვენებინა თავის დროზე, გარწმუნებთ, განგაშს ავტეხდი უმალვე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, და ვინ იცის, რამდენ ადამიანს ავარიდებდით მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენას. იმ დღეს, როდესაც კადრები გადიოდა ეთერში, ვიყავი სრულიად ატროფირებული, ნაწყენი, გულდაწყვეტილი".

ამ სიტყვებზე კომენტარი სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურ ადამიანებსაც კი გაუჭირდათ და პასუხად ქალბატონ ხათუნას მხოლოდ დათო ტურაშვილის სიტყვები შეახსენეს, რომლებიც ამ უკანასკნელმა ერთ-ერთი საეთერო გამოსვლისას წარმოთქვა: "ომბუდსმენი არის სახელმწიფო პირი, ნებისმიერ პარლამენტარს (მით უფრო სასჯელაღსრულების მინისტრს) შეიძლებოდა მოესმინა ოფიციალური ფაქტები წამებით დახოცილი ადამიანების შესახებ. შე, დედა...ო, ამას როცა ისმენ და რეაქცია არა გაქვს, წახვალ სახლში, გადაბრუნდები და დაიძინებ, ამ დროს კი იცი, 20 წლის ბიჭს წამებით კლავენ ციხეში, ასეთი ადამიანების არსებობას პარლამენტში რა გამართლება აქვს?! ან როგორ, რა ნამუსით ითხოვენ, ისევ ავირჩიოთ და ხმა მივცეთ? ეს არის აუხსნელი და გამაოგნებელი!".

მოკლედ, ხათუნა კალმახელიძის გრძელი უსტარიც ასეთივე აუხსნელი და გამაოგნებელი დარჩა ქართველი საზოგადოებისთვის. წერილიდან ისიც გაირკვა, რომ კალმახელიძის მინისტრობის დროს ციხის თანამშრომლებს თურმე ტრენინგებს უტარებდნენ და "ძალის მინიმალურ გამოყენებას, აგრესიის მართვას, ეფექტურ კომუნიკაციას ასწავლიდნენ". ის კი, ვინ რა ისწავლა, შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა კარგად დაგვანახა.

ჩემთვის შოკის მომგვრელი წერილის კიდევ ერთი ეპიზოდია, საიდანაც შევიტყვე, რომ ქალბატონი ხათუნა თურმე წიგნებს პატიმრებისთვის საკუთარი ფულით ყიდულობდა. არადა, მისი მინისტრობის პერიოდში გამომცემლობა "პალიტრა L" ქველმოქმედების უფლების მოსაპოვებლად დიდხანს უშედეგოდ იბრძოდა, რომ ციხის ბიბლიოთეკებისთვის ახალთახალი და რჩეული წიგნები საჩუქრად გადაეცა, რის საშუალებასაც სწორედ სასჯელაღსრულების სამინისტრო და დეპარტამენტი არ აძლევდა. ახლა კი ქალბატონ ნამინისტრალს სურს დაგვარწმუნოს, რომ საკუთარი ფულით ყიდულობდა პატიმრებისთვის წიგნებს?! სხვა თუ არაფერი, "კვირის პალიტრაში" წერილები:

"წააკითხეთ წიგნები პატიმრებს!" და "შეუშვით ციხეებში პრესა და წიგნები"

იმ მიზნით გამოქვეყნდა, რომ არსებული პრობლემის შესახებ ფართო აუდიტორიისთვის გვეცნობებინა. კარგად  გვახსოვს, სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა მობილურ ტელეფონებსა და ელექტრონულ მისამართებზე გაგზავნილ შეკითხვას: რატომ არ აძლევენ "პალიტრა L"-ს ქველმოქმედების საშუალებას? არავინ პასუხობდა. ამიტომ ისღა დაგვრჩენოდა, გაზეთის ფურცლებიდან გამოვხმაურებოდით ამ თემას. ერთ-ერთ სტატიაში კი ისიც აღვნიშნეთ: "ქალბატონ მინისტრს, როგორც ჩანს, პატიმრები არასრულფასოვან ადამიანებად მიაჩნია! ეტყობა, ჩვენს სასჯელაღსრულებით სისტემაში "კომბიჟირზე" დამზადებული საკვები და საწოლებზე რიგრიგობით ძილი ევროსტანდარტი ჰგონიათ, წიგნის კითხვა კი პატიმრისთვის ზედმეტ ფუფუნებად მიაჩნიათ. ამ შემთხვევაში ისღა დაგვრჩენია, მოვუწოდოთ მათ, "წააკითხეთ წიგნები პატიმრებს!".

ახლა კი, ჰოი საოცრებავ!.. ქალბატონი ხათუნა თავის გახმაურებულ  წერილში წერს: "მუდამ ვცდილობდით ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებასა და კეთილმოწყობას. მე და ჩემს მოადგილეებს არაერთხელ შეგვიგროვებია ფული წიგნების საყიდლად(?!)".

გულწრფელად გეტყვით, არ ვიცით, ყოფილ მინისტრს ამ სიტყვების დაწერა რამ აიძულა, მაგრამ ხომ შეიძლება მაშინ მაინც, როცა "ტყუილების ქვეყანა" თავზე ენგრევა, სიმართლეს თვალი გაუსწოროს თუნდაც ნანგრევებიდან.