მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

თუ კანონმა მოგიკაკუნა

ყველა ელოდა, როდის მიადგებოდნენ გიგის, და აი, ეს დღეც დადგა. რა თქმა უნდა, არაფერია სასიხარულო. მხოლოდ იმის განცდა, რომ ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინ იქნება და ადრე თუ გვიან, კანონი ყველას კარზე მიუკაკუნებს და მისი უპატივცემლობის გამო პასუხს მოითხოვს. კანონი ეტყვის მას: გინდა მერი იყავი, გინდა მაყვალა, როდესაც დანაშაული გაქვს ჩადენილი, წესით და რიგით, პასუხიც უნდა აგო. ეს ზოგადად, კონკრეტულად კი, რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ და არ ვიჩქაროთ ვინმეს დადანაშაულება. სასამართლომდე ამის მტკიცება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა. ამიტომ "თუ"-ებით უნდა ვილაპარაკოთ. თუ ყველაფერი, რასაც გამოძიება ამტკიცებს, მართალია, ცხადია, საქმე დანაშაულთან გვაქვს. მართალია, ბევრს ეგონა, რომ რიყის საქმიდან გამქრალი 10 მილიონი გიგის და სხვებს სახლში ექნებოდათ წაღებული და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ჯოზეფ კეისთვის გადაურიცხავთ, მაგრამ დანაშაული მაინც სახეზეა: ბიუჯეტის ფული კერძო ტელეკომპანიის გამოსყიდვის საქმეში დაიხარჯა.

დღეს ბატონმა გიგიმ რაც უნდა იძახოს, რიყე ჩემი საამაყო პროექტიაო, დანაშაული თუ დაუმტკიცდა, ალბათ პასუხიც უნდა აგოს. დიახ, რიყე საშინელება იყო "ვარდების რევოლუციამდე" და დღეს ის, მართლაც შეიძლება ითქვას, ხალხს დაუბრუნდა, მაგრამ განა ეს კარგი საქმე ამართლებს ბიუჯეტიდან ათი მილიონის გაფლანგვას? საერთოდ ხშირად ხდება, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ცალკეული წევრების დანაშაულზე იწყებენ საუბარს, მათი მომხრეები მაშინვე მათ მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებს გაიხსენებენ. ეს ორი რამე არ შეიძლება ერთმანეთის საპირწონე იყოს. ყველას გახსოვთ ვიქტორ ჰიუგოს რომანი "ოთხმოცდაცამეტი წელი". იქ არის აღწერილი ასეთი ეპიზოდი: სამხედრო გემზე ერთ-ერთი მეზღვაურის დაუდევრობით, უბედურება დატრიალდება, დაბმული ზარბაზანი მოწყდება, რამდენიმე ადამიანს მოკლავს და გემსაც დალეწვით ემუქრება. ბოლოს თავად დამნაშავე გამოიჩენს უმაგალითო გმირობას და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ზარბაზანს შეაჩერებს. შედეგად გენერალი ამ ადამიანს ჯერ მამაცობისთვის წმინდა ლუდოვიკოს ჯვრით დააჯილდოებს, შემდეგ კი დაუდევრობისთვის დახვრეტს. მე, ბუნებრივია, არავის დახვრეტას არ ვითხოვ. ეს მაგალითი მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ მოვიყვანე, რომ დანაშაულისთვის პასუხი ყველამ უნდა აგოს, გმირიც რომ იყოს.

ბრძოლა თბილისისთვის

პარასკევ საღამოს "რუსთავი 2"-ის წამყვანმა გადაცემა "პოზიციაში" ვანო მერაბიშვილი მიიწვია, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და ხელში შერჩა თბილისის ვიცე-მერი. სანამ სტუდიაში მივიდოდა, ვანო გიგი უგულავამ ახალ თანამდებობაზე დანიშნა. აქაოდა, მე თუ დამიჭირეს, მერიაში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი უნდა იყოს, თბილისის მერიაც "ოცნებამ" რომ არ ჩაიგდოს ხელშიო. ასე სასწრაფოდ ეს დანიშვნა იმიტომ განახორციელეს, რომ ეგონათ, შაბათს გიგის უკვე დაიჭერდნენ, თუმცა რამდენიმე წუთში მთავარმა პროკურორმა "იმედის" ეთერში განმარტა, რომ ამ ეტაპზე უგულავას დაკავებას არ აპირებენ.

მოკლედ, რომ ვთქვათ, იჩქარეს ბიჭებმა, მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ უგულავასთვის ბრალის წაყენებას ისინი თბილისისთვის ბრძოლას არქმევენ. "არ დავუთმობთ თბილისს ივანიშვილს", - განაცხადა პარასკევ საღამოს "ნაციონალური მოძრაობის" მზეთუნახავმა, მარიამ საჯაიამ. რას ნიშნავს, არ დავუთმობთ თბილისს? რატომ არის დღეს თბილისი "ნაციონალების", როდესაც თბილისი მათი მაშინაც კი არ იყო, ხელისუფლებაში რომ იყვნენ? მე მესმის, რატომ ებღაუჭებიან თბილისის მერიას და საკრებულოს. მიშა ხელისუფლებაში ხომ სწორედ საკრებულოს თავმჯდომარეობიდან მოვიდა და ალბათ იმედი აქვთ, თბილისის ხელისუფლებაში თუ დარჩებიან, შანსი ისევ ექნებათ, მაგრამ... აქ ძალიან დიდი მაგრამ არსებობს. თბილისი შენი მაშინ კი არ არის, როდესაც მის ხელისუფლებაში ხარ, არამედ მაშინ, როდესაც თბილისელები მხარს გიჭერენ. 2003 წელს მიშა საკრებულოს თავმჯდომარეობიდან ქვეყნის სათავეში იმიტომ მოვიდა, რომ მას თბილისელებიც და მთელი საქართველოც მხარს უჭერდა. ახლა რა თავში იხლის თბილისის ხელისუფლებაში ყოფნას? ბრძოლა თბილისისთვის მიშას უკვე დიდი ხანია, წაგებული აქვს.

გამოდით, დაგთვალოთ!

რამდენი ადამიანი უჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას", ეს 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოჩნდება. ვანო მერაბიშვილის მიერ ორი თვით ადრე აქციის დაანონსებამ ბევრი კითხვა გააჩინა. ბევრმა მაშინვე გაიხსენა, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც, კანონის თანახმად, სააკაშვილს პარლამენტის დათხოვნის უფლება უჩნდება. ემანდ რამე ჩაფიქრებული არ ჰქონდეთო, შეშფოთდნენ ვიღაცები. ვფიქრობ, საქმე მარტივადაა: '"ნაციონალების" მიერ ორი თვით ადრე აქციის დაანონსების და ამ აქციის თარიღის იმ პერიოდზე დამთხვევის, როდესაც სააკაშვილს პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს, ერთადერთი მიზანი არის ივანიშვილზე ზეწოლა.

გათვლა მარტივია: ვანოს აზრით, ივანიშვილი არის პანიკიორი, ჰოდა, დაეჭვდება, ემანდ რამე პროვოკაციას არ გეგმავდნენ '"ნაცებიო", შეეშინდება და დათანხმდება მათთან მოლაპარაკებას ამნისტიის პროექტზე, ან დაპანიკებული რამე შეცდომას დაუშვებს (ორივე აწყობს). საკმაოდ სულელური გეგმაა, მაგრამ ზოგჯერ ეფექტურიც. მაგალითად, აჭარის რევოლუციის დროს ამან იმუშავა. მაშინ ვანოს იდეით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ტემპერატურა ხელოვურად ასწია, კულმინაციის მომენტში კი ჩოლოქთან ახლოს ჯარის წვრთნა დანიშნა. სულელიც კი მიხვდებოდა, რომ მიშა აჭარასთან ომს და სისხლის ღვრას არ დაიწყებდა, მაგრამ ასლანი დაპანიკდა და ხიდი ააფეთქა. აი, იქ დამთავრდა კიდეც. იმედია, ივანიშვილს მეტი ჭკუა აქვს და მათ პროვოკაციას არ წამოეგება. თუ ხელისუფლება ამ აქციას დაიკიდებს, ის შეიძლება "ნაციონალების" კრახად იქცეს. თუ ხელისუფლება ყველაფერს მშვიდად მოეკიდება და შეეცდება, არავის მისცეს პროვოკაციების უფლება, აქტუალური მხოლოდ სოციალურ ქსელებში გავრცელებული გამოთქმა დარჩება: გამოდით ერთი, უნდა დაგთვალოთ!