"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აღმოჩნდება ბიძინა ივანიშვილი სიტყვის კაცი" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აღმოჩნდება ბიძინა ივანიშვილი სიტყვის კაცი"

"ნაცმოძრაობას" როგორც კი  ჩაგრულის მანტიას მოვასხამთ, როცა მათ სახეზე სისხლის ლაქები გამოჩნდება, ეს ძალიან ცუდად შემოუტრიალდება ჩვენს ქვეყანას

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, გიორგი თარგამაძის აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას" კონტრრევოლუციის მოწყობის არავითარი შანსი არა აქვს, მაგრამ რადგან დასაკარგი ძალიან ბევრი აქვს, შესაძლოა ათასგვარ პროვოკაციაზე წავიდეს:

- პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს შექმნას ილუზია, რომ საქართველოში პოლიტიკურ დღის წესრიგს ის ქმნის. მათ მცდელობას პერსპექტივა არ ექნება, თუკი დღევანდელი სახელისუფლებო პოლიტიკური ბლოკი მოახერხებს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შესთავაზოს არა "ნაცმოძრაობას", არამედ ქართველ საზოგადოებას. ამის მცდელობა უკვე სახეზეა. მარტიდან ფუნქციონირებას დაიწყებს საკონსტიტუციო კომისია, სადაც არა მხოლოდ მმართველ ძალას, არამედ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც გვექნება შესაძლებლობა, საკუთარი წინადადებებით მივიდეთ და ქვეყნისათვის საჭირო საკითხებზე ვიმსჯელოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რა ტიპის ახალ არჩევნებს ჩავატარებთ საქართველოში. საარჩევნო კოდექსის შეცვლასაც პოლიტიკურ პარტიებთან აქტიური მუშაობა სჭირდება. ადრე თუ გვიან, ეს გამოაფხიზლებს მმართველ პოლიტიკურ კოალიციას და დაანახებს, რომ მხოლოდ ამბიციებითა და პოლიტიკური წარსულით გომბეშოსავით გაბერილ "ნაციონალურ მოძრაობას" კი არა, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც შეუძლიათ მისთვის კონსტრუქციული წინადადებების მიწოდება.

- რატომ ჩაიშალა ხელისუფლებისა და "ნაცმოძრაობის" მოლაპარაკებები?

- "ნაცმოძრაობისთვის" უმთავრესია ქონების ხელშეუხებლობის გარანტია. სხვა ყველაფერი: კონსტიტუციის პრეამბულაში ნატოს შესახებ ჩანაწერი და სხვა რამ შესაფუთი მასალაა, რომელიც საგარეო პიარისთვის სჭირდებათ.

- "ქართული ოცნების" წინაშე დილემაა - აღადგინოს სამართლიანობა, რომელსაც ხალხი ითხოვს, თუ შეასრულოს დასავლეთის რეკომენდაციები, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დევნის საშიშროებას ხედავს.

- პოლიტიკური ცხოვრების წესია, როდესაც მაღალი სამართლებრივი პოლიტიკური კულტურით ეპყრობი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ არსებულ პრეტენზიებს, ამას დრო და პროფესიონალური მუშაობა სჭირდება ბრალდებების სამართლებრივი დასაბუთებისთვის. ამ პროცესში უნდა ჩაერიონ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც ობიექტურ სურათს გაიტანენ და თუ ხელისუფლება ამ პირობებს დაიცავს, რომელიმე ყოფილი თანამდებობის პირის წინააღმდეგ წარმოებული საქმის პოლიტიკური ანგაჟირება აღარ მოხდება.

- თქვენ რევანშს გამორიცხავთ, მაგრამ "ოცნების" წევრები სწორედ ამ მიზანს უკავშირებენ 19 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე "ნაცმოძრაობის" დაანონსებულ აქციას.

- 19 აპრილს მიტინგის დანიშვნა იმ ტაქტიკის გაგრძელებაა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს თავისი ფინანსური ჯგუფების ქონებრივი რესურსის ხელშეუხებლობისათვის. "ნაცმოძრაობა" ჩამქრალი ნათურაა, რომელიც ვეღარასოდეს გაანათებს დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული ქართველი საზოგადოების იმედს, რადგან ბოლო წლებში დასავლურ ღირებულებებს დარტყმა სწორედ სააკაშვილმა, მერაბიშვილმა,  ადეიშვილმა და მთელმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიაყენეს. "ნაცმოძრაობას" არა აქვს მორალური უფლება, დასავლური ღირებულებების დაცვის ლოზუნგით მიტინგი ჩაატაროს. ასეთი მეთოდებით ცდილობენ, ასაზრდოონ ის მითი, რომ შეიძლება "ნაცმოძრაობა" ისეთ რისკზე წავიდეს, სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს ან პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვოს და თავისი მინისტრები დანიშნოს. "ნაცმოძრაობა" ცდილობს საზოგადოება მუდმივად დაძაბული ამყოფოს. ასეთ ვითარებაში კი ხელისუფლება შეცდომისაგან დაზღვეული არ არის. შესაძლოა, მან კიდევ დაუშვას ისეთი შეცდომები, როგორიც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა.

"ნაცმოძრაობას" რეაბილიტაციის რესურსი აღარ აქვს. რესურსი გაჩნდება მხოლოდ მაშინ, თუ მმართველი ძალა და ივანიშვილი შეცდომებს დაუშვებენ.  ახალმა ხელისუფლებამ მათ პროვოკაციებს არ უნდა უპასუხოს.

"ნაცმოძრაობა" ის ვირუსია, რომელიც წინააღმდეგობის შემდეგ უფრო აქტიურდება.

როგორც კი მათ ჩაგრულის, უსამართლოდ დევნილის მანტიას მოვასხამთ, როცა მათ სახეზე სისხლის ლაქები გამოჩნდება, ეს ძალიან ცუდად შემოუტრიალდება ჩვენს ქვეყანას. არ ვამბობ, რომ მათ დანაშაული უნდა ვაპატიოთ. პირიქით, ყველაფერს სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება უნდა მივცეთ.

- პარლამენტს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური ძალები ვადამდე საპარლამენტო არჩევნების საკითხს სვამენ.

- ჩვენ რეჟიმთან დაპირისპირების ეტაპი გავიარეთ და მისი დამარცხების შემდეგ დემოკრატიული სისტემის მშენებლობაზე უნდა გადავიდეთ. დემოკრატიული სისტემა ვერ აშენდება რეჟიმის ნარჩენებითა და ნანგრევებზე. ის აშენდება მხოლოდ დემოკრატიული არჩევნებით, სადაც ყველა პარტიას თანაბარი პირობები ექნება. პროცესი ჩიხშია შესული, ქვეყანა პოლიტიკური სტაგნაციის ეტაპზეა. დემოკრატიულ არჩევნებში ჩვენ სერიოზულ შედეგს მივიღებთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აღმოჩნდება ბიძინა ივანიშვილი სიტყვის კაცი, რომლის მთავარი დაპირება მრავალპარტიული დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მშენებლობა იყო. თუ ის სიტყვის კაცია, ხელი უნდა აიღოს დომინანტის როლზე პოლიტიკაში და ეს იქნება მისი აღებული ვალდებულების შესრულება.

- ბიძინა ივანიშვილი თავიდან კრიტიკულად იყო განწყობილი თქვენი პოლიტიკური ძალისადმი.

- პოლიტიკაში შემოსვლამდე ადამიანი შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის მერე მოუწიოს ისეთი ნაბიჯების გადადგმამ, რაც განსხვავდება მისი თავდაპირველი შეხედულებებისგან. ბიძინა ივანიშვილი აღარ არის მხოლოდ ოპოზიციური ბლოკის ლიდერი, ის ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, უზარმაზარი გავლენისა და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია და ჩვენ  ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ამ პოლიტიკური ფიგურის, როგორც ქვეყნის მმართველის, ფორმირება შედეგის მომტანი იყოს. ეს შედეგი მიღწეული იქნება, თუ მისი მმართველობის პირობებში საქართველოში დამყარდება მრავალპარტიული დემოკრატია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მსგავს პოლიტიკურ ძალას არ მისცემს რევანშის საშუალებას.

- როგორც ვიცი, აშშ-ის ელჩს ხშირად ხვდებით. საინტერესოა, რა თემებს განიხილავთ?

- ამ შეხვედრებით სპეკულირება არ მსურს. კერძო საუბრების შინაარსს საჯარო განხილვის თემად ვერ გავხდი, თუმცა არცთუ ძნელი წარმოსადგენია, რაზე უნდა ვსაუბრობდეთ. ინფორმაციას ვცვლით  და საქართველოში არსებულ ვითარებას ვაანალიზებთ.