ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ერთი მხრივ, დაჭერა-გაშვებების სერიალი, მეორე მხრივ - "ნაციონალების" მხრიდან საზოგადოების აგრესიის ინსპირირების განუწყვეტელი მცდელობა, ზედ დართული ქვეცნობიერში სოლივით ჩაჭედილი აპრილი ხალხსა და ქვეყანას ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში მიშვების საშუალებას არ აძლევს.

"ლურჯი აპრილი“

საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგიკულად ცნობილი აპრილი კიდევ ერთ კითხვის ნიშანს სვამს. გაბედავს და გამოიყენებს სააკაშვილი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნის და შემდეგ მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილებას? ან იქნებ უმცირესობის წევრები მაინც დასთანხმდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მისთვის ამ უფლების შეზღუდვას?!

"ნაციონალთა დაანონსებული" 19 აპრილის აქცია არსებული მთავრობისა და პარლამენტის, როგორც ისინი უწოდებენ, საგარეო პოლიტიკური ჩანაფიქრის წინააღმდეგ, თავისთავად ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილი პარლამენტს არ ითხოვს: რომც დავუშვათ, რომ 19 აპრილის აქციით „"ნაციონალები" მთავრობის გადაყენების საბაბს მისცემენ სააკაშვილს, პროცედურულად პარლამენტის დათხოვნა მაინც ვერ ხერხდება: 1-ელ მაისამდე დარჩენილ 10 დღეში სააკაშვილი ვერ ასწრებს პარლამენტისთვის ახალი მთავრობის შემადგენლობის სამჯერ შეთავაზებას, პარლამენტის დათხოვნის უფლება კი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ საკანონმდებლო ორგანო სამჯერ ზედიზედ არ დაუმტკიცებს მთავრობას. ასე რომ, პარლამენტის დათხოვნა სააკაშვილის გეგმაში ნამდვილად არ შედის. პირიქით, მის კოჰაბიტაციურ ბუნებას ასეთი სცენარი დასავლეთში სწორედაც რომ მომხიბვლელად წარმოაჩენს: დატოვოს 1-ელ ოქტომბერს არჩეული პარლამენტი, დაითხოვოს მხოლოდ მთავრობა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთპიროვნულად დანიშნულ მთავრობასთან ერთად მართოს ქვეყანაც და არჩევნებიც. თან პარალელურად პარლამენტში გადახტომა-გადმოხტომას მიჩვეულ დეპუტატებს წაუხალისოს კეთილი ნება უმრავლესობიდან უმცირესობაში გადაბარგებისა.

რამდენად მაღალია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ამ აპოკალიფსური სცენარის განხორციელების ალბათობა?! მე ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით - ნულოვანი. ჯერ ერთი, თავად სააკაშვილმა განაცხადა 8 თებერვალს, რომ ის იმდენად კარგად გრძნობს პოლიტიკურ კონიუნქტურას, რომ იცის, მსგავსი ნაბიჯით ხარაკირის გაიკეთებს. მეორე მხრივ, თუნდაც გაბედოს, დღევანდელი პრემიერი არ და ვერ მიატოვებს მოსახლეობას შურისძიებას მოწყურებული, "ნაციონალების" პირისპირ. მესამეც, 22 თებერვალს, უგულავას ამბის გაგების შემდეგ ქუთაისიდან თბილისში გამოქცეული„"ნაციონალების" სახეებზე ისეთი დაბნეულობა და შიში იკითხებოდა, რომ ძნელი წარმოსადგენია, მათ ხალხის ასეთ ავანტიურაზე გამოწვევა გაბედონ.

თუმცა ის, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ტემპერატურის აწევას, ფაქტია.

ნაციონალური კვალი აფხაზეთიდან ჯავახეთამდე

"ნაციონალური“ ავანტიურის" მთავარი მიმართულება, საიდანაც ზარი რეკავს - ჯავახეთია. სრულებით ცარიელ ნიადაგზე, ბოლო ერთი კვირაა, "ნაციონალთა" სახეები ააქტიურებენ ჯავახეთში სეპარატიზმის თემას სხვადასხვა კონტექსტით: თითქოს ჯავახეთის რუსული დიასპორა ითხოვს, რომ„"ნაციონალებს" აეკრძალოთ ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოებში მუშაობა; გამოკითხვაც კი უდევთ ახალგახსნილ "ნაციონალურ საიტზე" შემდეგი კითხვით:„"თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ჯავახეთში სომხური სეპარატიზმის საფრთხე?!" გუშინ ჩვენმა დე ფაქტო პრეზიდენტმაც გაუსვა ხაზი, - რუსეთის აქცენტი ახლა ჯავახეთზე იქნება გადატანილი, რათა ამჯერად ეს რეგიონი გადავიდეს მათი კონტროლის ქვეშო.

ხელისუფლების ადგილზე, "ნაციონალთა" ბიოგრაფიისა და ხელწერის გათვალისწინებით, სულ მცირე, დავინტერესდებოდი, რაიმე კავშირი ხომ არ არის 19 აპრილსა და „"ნაციონალთა" მიერ ასე უცნაურად აკვიატებულ-გააქტიურებულ ჯავახეთის თემას შორის.

დაბოლოს, მერაბ მეტრეველი პარასკევს "ფეისბუკის" თავის გვერდზე რიტორიკულად კითხულობდა: დღეს პირველ არხს ჰყავს მიშა, "რუსთავი 2"-ს - ვანო, "იმედს" - კბილაშვილი, რომელი უფრო საინტერესო იქნებაო?! ყველასთვის ნათელია, ვინ უკვეთს დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში. ვნახოთ, რა იქნება ხვალ.