"პატრიოტთა თამაშები" თუ დაანონსებული შეტაკების ამბავი - კვირის პალიტრა

"პატრიოტთა თამაშები" თუ დაანონსებული შეტაკების ამბავი

თავშეკავება ისე გვჭირდება, როგორც არასდროს!..

რა კავშირია 19 აპრილს დაანონსებულ "ნაციონალების" მიტინგსა და თბილისის მერ გიგი უგულავასთვის ბრალდების წაყენებას შორის? მაგალითად, ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ კავშირი პირდაპირია - ბიძინა ივანიშვილს აქციის შეეშინდა და "ნაციონალების" ლიდერების დევნა დაიწყო.

"ნაციონალები", ალბათ, ამ მიტინგს დაუკავშირებენ მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებასაც, რომ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების საქმეზე, რომლის "მთავარი გმირი" უგულავაა,  შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხოს. მოკლედ, რაც უფრო მძიმეა სამართალდამცველების ბრალდება ამა თუ იმ მაღალჩინოსნისადმი, მით მეტად ცდილობენ "ნაციონალები", რომ წამებულის მანტია მოისხან და ზეპატრიოტული განცხადებები აკეთონ.

მაგალითად, გიგი უგულავას გამოძიება ედავება, რომ სწორედ მისი ორგანიზებით და დავით კეზერაშვილის მონაწილეობით, საბიუჯეტო სახსრებით ხელში ჩაიგდეს "იმედი", რომელსაც წლების განმავლობაში სააკაშვილის თანაგუნდელი გიორგი არველაძე ხელმძღვანელობდა.

გულზე ხელი დავიდოთ და სიმართლე ვთქვათ, სიურპრიზი იყო ჩვენთვის "იმედის" ხელში ჩაგდების ამბავი? არა, რადგან ჩვენს თვალწინ შევარდა 7 ნოემბერს მერაბიშვილის სპეცრაზმი ტელეკომპანიაში, ასევე ჩვენ თვალწინ გახდა მისი ხელმძღვანელი ჯერ ჯოზეფ ქეი, შემდეგ კი გიორგი არველაძე. მოკლედ, ყველაფერი ნათელი იყო, ოღონდ, ასე ვთქვათ, გვარ-სახელები საჭიროებდა დაზუსტებას.

თუმცა იმ ამბის დეტალების დაზუსტებას, რომლის შესახებაც ასე თუ ისე ინფორმირებული ვიყავით, "ნაციონალების" ორგანიზებული პიარშეტევა მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავასა თუ ვანო მერაბიშვილის განცხადებები, ალბათ, ყველამ მოისმინეთ ან წაიკითხეთ და ციტატების მოყვანით არ დაგღლით.

ოღონდ, ყოფილი მმართველი გუნდი პრაქტიკულიცაა - პირველ ვიცე-მერად დანიშნეს და უგულავას დაჭერის შემთხვევაში, ფასადად მოამზადეს სევდია უგრეხელიძე. თბილისის მერის ფუნქციები კი უგულავას დაკავების შემთხვევაში სინამდვილეში ვანო მერაბიშვილს დააკისრეს, რომელიც დედაქალაქის ხელმძღვანელის "ჩვეულებრივ" მოადგილედ ინიშნება.

სხვათა შორის, ექსპერტები მიიჩნევენ, - კონკრეტული საქმეებით სამართალდამცველთა დაინტერესებაზე პასუხისას, "ნაციონალების" ლიდერები ზოგჯერ ისე გაუტევენ ხოლმე, რომ თავისდა უნებურად გამოძიების ვერსიას ეთანხმებიან.

"მაგალითად, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ "თბილსერვისში" მართლაც ჰყავდა ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმებული და მათ ხელფასს უხდიდა. მან ასევე მოუწოდა ივანიშვილს, შენს შპს-ებს მიხედეო. კი მაგრამ, ივანიშვილი თავის კომპანიებში დასაქმებულებს თავის ფულს უხდიდა, უგულავა კი ჩვენი ბიუჯეტიდან. რაც შეეხება "იმედის" საქმეს,–ამ ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებში მთავარ როლს რომ ყოფილი ხელისუფლება და მისი მაღალჩინოსნები ასრულებდნენ, რად უნდა ლაპარაკი. თუმცა მე როგორც იურისტი, სასამართლოს დაველოდები", - განაცხადა ექსპერტმა კახი კახიშვილმა.

მოკლედ, საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტიკური სეირის მაყურებელია, მაგრამ ათასობით ადამიანისთვის "ნაციონალების" უტიფარი პიარშეტევები პირადი შეურაცხყოფის ტოლფასია. საქმე ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს ქონება წაართვეს, ციხეებში გამოკეტეს შეთითხნილი ბრალდებებით, იქ აწამებდნენ, ან თავად აუპატიურებდნენ, ან ცოლ-შვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

სხვათა შორის, ადამიანების ეს კატეგორია ვერ გრძნობს, რომ სამართალი ზეიმობს. თითქმის ყველა ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსანი, რომლებზეც საქმე აღიძრა, გირაოთი გათავისუფლებული გარეთ დასეირნობს. ყველაზე მტკივნეული კი ალბათ ის არის, რომ ზემოხსენებულ მოქალაქეებს სააკაშვილი, მერაბიშვილი თუ უგულავა კრიმინალებად ნათლავენ. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს (თუმცა, რა თქმა უნდა, მიუღებელია), როდესაც შვილმკვდარი მამა იტყვის, ან აღასრულეთ სამართალი, ან მე პირადად აღვასრულებო.

ამ ფონზე, როდესაც "ნაციონალების" მიტინგს ორი თვით ადრე აანონსებ, ორი ვარიანტია, - ან წარმოდგენა არა გაქვს ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე, ან სპეციალურად აკეთებ. სხვათა შორის, აქციის მიზეზი მერაბიშვილმა ბუნდოვნად ახსნა: "მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა პატრიოტი, რათა დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ სულერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ძველ დროში, სადაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება. ჩვენ გვინდა, შვილებს ჰქონდეთ გარანტირებული მომავალი, საქართველო არ იყოს მონობაში".

თუმცა ვეჭვობთ, რომ მიტინგს კონკრეტული მიზანი აქვს. მაგალითად, შესაძლოა, ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი აქციის ასე ადრე დაანონსებისა ის არის, რომ რაც შეიძლება დიდხანს იტრიალოს ამ თემამ და "მოიხარშოს". განსაკუთრებით იმათში, რომლებმაც პირადად იწვნიეს წინა ხელისუფლების დროს უსამართლობა.

შესაძლოა, დაუსრულებლად მოუწოდო ადამიანებს თავშეკავებისკენ, მაგრამ რად უნდა დიდი ანალიზი იმას, რომ ის ადამიანი, რომელსაც მერაბიშვილის სპეცრაზმი რუსთაველის პროსპექტზე 7 ნოემბერს თუ 26 მაისს ხელებშეკრულს ურტყამდა, რუსთაველზევე მერაბიშვილის მიტინგს მიაკითხავს? ან გაჭრის თავშეკავებისკენ მოწოდება იმის მიმართ, ვისაც საკანში ცოლ-შვილის სურათებს აჩვენებდნენ და ეუბნებოდნენ, ასე და ისე ვუზამთო?

მოკლედ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ 19 აპრილს გვაქვს დაანონსებული შეტაკება (იხ. 8 თებერვლის მოვლენები). ასევე, ერთი-ორი პროვოკატორის მოძებნა რთული არ არის, რომელიც სამართალდამცველებს ან მომიტინგეებს, მაგალითად, ქვას, ბოთლს ან სულაც "მოლოტოვის კოქტეილს" ესვრის.

შემდეგ კი, ალბათ, შემოივლის მსოფლიო მედიას დასისხლიანებული "ნაციონალების" ფოტოები, დაიწერება სტატიები იმაზე, რომ ახალი ხელისუფლება უსუსურია ან მისი ორგანიზებული იყო შეხლა-შემოხლა, პრეზიდენტმა კი, შესაძლოა, განაცხადოს, რომ არ დაუშვებს ქაოსს ქვეყანაში. ძნელი წარმოსადგენია, მან მთავრობის დათხოვნა გაბედოს, მაგრამ შესაძლოა, ძალოვან ბლოკზე კონტროლის დაბრუნებას შეეცადოს.

ასე რომ, თავშეკავება მართლაც ისე გვჭირდება, როგორც არასოდეს.