"მე საქართველომ "ჩამითრია"
30-11-2009
ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიაში საქართველოს ახალ ელჩთან

"უშგულის კოშკების ხილვისას კინაღამ დავმუნჯდი"

გერმანიაში საქართველოს ახალი ელჩის, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგ ლოტრინგენის აზრით, "ივერიის გაბრწყინება" სულაც არ არის აუხდენელი ოცნება. ფილოსოფოსი და მხატვარი, ავსტრიული საიმპერატორო ოჯახის წარმომადგენელი 2001 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 2007 წლიდან კი საქართველოს მოქალაქე ხდება.
გერმანიაში დიპლომატიური მოვალეობის შესასრულებლად წასვლამდე ქალბატონი ელჩი ექსკლუზიურად ესაუბრა "კვირის პალიტრას".

KvirisPalitra.Ge- საქართველოში 11 წლის წინ ჩამოვედი. ერთ გერმანულ ორკესტრში ვუკრავდი. სწორედ იქ
შევხვდი შესანიშნავ ქართველ მუსიკოს გია ქობულაშვილს. ის ჩემი უახლოესი მეგობარია, მისი ვაჟის ნათლიაც ვარ. მაშინ გიამ მითხრა, აუცილებლად უნდა ეწვიო ჩემს ქვეყანასო. რატომაც არა, თუ ჩემი ნახატების გამოფენას მოაწყობ, ჩამოვალ-მეთქი. პირველად რომ ჩამოვედი, თბილისი ბნელი და ჭუჭყიანი  იყო, სამაგიეროდ ძალიან მომეწონა ხალხი.
ამ 11 წლის
განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მცირე დროში დაუჯერებელი ცვლილებები მოხდა. ევროპაში, ფაქტობრივად, არაფერი იციან საქართველოზე. ელჩობა მომცემს შესანიშნავ შანსს, ინფორმაციული ვაკუუმის გაქრობაში წვლილი შევიტანო. მე გერმანიაში დავიბადე, ევროპაში აღვიზარდე, ამიტომაც ვიცნობ ევროპელების აზროვნებას, ვიცი, როგორ ველაპარაკო მათ.

- მეჩვენება, რომ გერმანელი პოლიტიკოსები არ გვწყალობენ.
- პრობლემის ახსნა მარტივად შეიძლება. გერმანელებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ, ეს კონტაქტი განსაკუთრებით გაღრმავდა გერმანიის მთავრობაში სოციალისტების გაძლიერების პერიოდში. 2008 წლის გაზაფხულზეც სწორედ ეკონომიკის მეშვეობით შეძლო რუსეთმა ზეგავლენის მოხდენა გერმანიის მთავრობაზე. ამის გამოძახილი იყო ბუქარესტის სამიტზე გერმანიის მთავრობის წარმომადგენელთა გადაწყვეტილება, მათ არ დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის მაპ-ის მიცემას. ეს იყო რუსეთის გავლენისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის არაორაზროვანი პოლიტიკის შედეგი. ქრისტიან-დემოკრატი მერკელი არ არის სოციალისტი, მაგრამ ის კოალიციაშია სოციალისტებთან, შტაინმაიერთან, რომელიც შრიოდერის პოლიტიკური კურსის გამტარებელია. შრიოდერს კი, დღეს მაღალშემოსავლიანი სამსახური აქვს "გაზპრომში". ისიც იოლი ასახსნელია, რატომ არის გერმანული პრესა კრიტიკულად განწყობილი. ინფორმაცია სწორედ კრემლიდან ვრცელდება და მას რიგით გერმანელ მოქალაქეებს აწვდიან. არადა,  გერმანელ ხალხს სიმართლე სჭირდება. ბუნებრივია, მე ვერ შევძლებ გერმანული პოლიტიკის შეცვლას (ეცინება), ეს შეუძლებელია, მაგრამ შევეცდები, სხვა თვალით დავანახო საქართველო რიგით გერმანელებს. დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა, დრო განვითარებისთვის, რათა მსოფლიოს შესთავაზოს თავისი ფასდაუდებელი, მრავალმხრივი სიმდიდრე.

- რას უპასუხებთ გერმანელს, რომელიც გკითხავთ, რატომ უნდა წავიდე მაინცდამაინც საქართველოში, რა არის იქ განსაკუთრებულიო?
- მე, როგორც ევროპელმა, საქართველოში აღმოვაჩინე უძველესი ქრისტიანული კულტურა. დიახ, ქართული კულტურა დაფუძნებულია ქრისტიანულ ღირებულებებზე. არსად მინახავს მსგავსი რამ, არსად მინახავს ასეთი ხალხი, აქ ყველა ერთმანეთს ჰგავს და თან, რადიკალურად განსხვავდებიან კუთხეების მიხედვით. აღარაფერს ვამბობ ბუნებაზე, კულტურულ ძეგლებზე. როდესაც პირველად რაჭის გავლით სვანეთში გადავედით და უშგულს მივადექით, კოშკების ხილვისას კინაღამ დავმუნჯდი. ეს საოცრებაა. ჰო, მართლა, ჩემი უსაყვარლესი სანელებელია სვანური მარილი. მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და ყველა მეკითხება, რით ანელებ კერძს, ასეთი საუცხოო გემო რომ აქვსო? სანამ მკითხავდეთ, რომელი ქართული კერძი მიყვარს, მანამდე გიპასუხებთ, ქალაქური ხინკალი.

- დანა-ჩანგლით მიირთმევთ ხინკალს?
- არა (ეცინება), მე მხატვარი ვარ და ხელით მუშაობა მიყვარს. 

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.
- ჩემი ოჯახი, ავსტრიელი მეფეების ოჯახი, 800 წელიწადზე მეტხანს ევროპის პოლიტიკის ცენტრში ტრიალებდა. ჩემი ახლანდელი ოჯახის ნახევარი, თუ მეტი არა, დღესაც მოღვაწეობს პოლიტიკაში. მამაჩემი 20 წელიწადზე მეტხანს იყო ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან. ჩემი ერთ-ერთი ძმა კი დემოკრატიულად არჩეული დეპუტატია ევროპარლამენტში ამსტერდამიდან. კიდევ ერთი ძმა უნგრეთის პოლიტიკაშია ჩაბმული. ჩემი ერთ-ერთი და შვედეთის პარლამენტშია. დანარჩენი დები ესპანეთში ცხოვრობენ, ერთ-ერთი დის ვაჟი ესპანეთის პოლიტიკაში მოღვაწეობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ოჯახის ევროპულ პოლიტიკაში ყოფნა მხოლოდ ისტორია კი არა, ტრადიციაა, რომელიც დღემდე გრძელდება. ჩემი ვაჟი სევერინიც პოლიტიკოსია, ის გერმანიაში ცხოვრობს. აი, მე კი საქართველომ "ჩამითრია".

- რამდენი შვილი გყავთ?
- ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. სამივეს ძალიან უყვარს საქართველო. ჩემსავით მათაც "ქართული ვირუსი" აქვთ შეყრილი.
მინდა გერმანელ ხალხს გავაცნო საქართველო-გერმანიის ურთიერთობის ისტორია. მაგალითად, საქართველოში გერმანელი გენერალი შულენბერგი 1918 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სწორედ შულენბერგი მონაწილეობდა თურქეთში გამართულ მოლაპარაკებაში, რომ ბათუმი საქართველოს  შეერთებოდა. შულენბერგის მისია უთუოდ უნდა გაგრძელდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეშიც.

- პატარა საქართველო საუკუნეების განმავლობაში ეძებდა მფარველ მეგობარს.
- საქართველოს ყველასთან სჭირდება კარგი ურთიერთობა, მათ შორის, რუსეთთანაც, უახლოეს მეზობელთან. საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობა  გაცილებით ადვილი მისაღწევი იქნება, თუ ჩვენს ქვეყანას ექნება მჭიდრო კავშირი ევროპასა და ამერიკასთან. მხოლოდ ამის შემდეგ აღარ შეხედავს რუსეთი საქართველოს, როგორც ერთ ციდა ქვეყანას, რომელიც ძალიან ადვილი ჩასაყლაპია.


L
02 დეკემბერი 2009 01:50
opozicia rom ikos aseti patriotebi rogorc es kalbatoni,sakartvelos sakmekargad ikneboda...madloba mag adamians mteli sakartvelos sakhelit....

რედაქტორის რჩევით