მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

საით მივდიოდით

წინა კვირას საგამოძიებო უწყებებმა კიდევ ერთი საქმის გამოძიება დაიწყეს, რომელიც სამხედრო პოლიციას ეხება. როგორც ცნობილი გახდა, არჩევნების წინ სამხედრო პოლიციამ ბითუმად შეიძინა ლილოს ბაზრობაზე იმ დროისთვის არსებული ყველა სატელიტური ანტენა, ზოგი კი, თურმე, ნისიადაც წამოიღეს და მეპატრონეებს ფული არ გადაუხადეს. თუმცა მთავარი ამ საქმეში სულ სხვაა, რაზეც გამოძიება ჯერ არაფერს ამბობს.  რატომაც გააკეთეს ეს, ცხადია - წინასაარჩევნოდ "მაესტრო" და "მეცხრე არხი" ანტენებს მოსახლეობაში უფასოდ არიგებდნენ. მათი შემოტანილი ანტენები საბაჟოზე გააჩერეს, შემდეგ კი ლილოდანაც ამოიღეს, იქ რომ არ შეესყიდათ და არ დაერიგებინათ, ანუ სამხედრო პოლიცია წინასაარჩევნო ბრძოლაში იყო ჩართული, თან - უკანონო ბრძოლაში. ანტენების წინააღმდეგ, მგონი, მხოლოდ ირანში იბრძვიან.

გახსოვთ, ალბათ - სამხედრო პოლიცია კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებს. ეს არის ე.წ. "ფარული ჩანაწერების საქმე". გამოძიების მტკიცებით, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნები ცნობილი ადამიანების  სექსუალურ ცხოვრებას ფარულად იღებდნენ, შემდეგ კი მათ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას აიძულებდნენ. ასეთი რამ კი, ალბათ, ირანშიც არ ხდება.

საბოლოო სიტყვას ამ საქმეებზე გამოძიება იტყვის. მანამდე კი მე ვიტყვი ერთ რამეს: წარმოიდგინეთ, ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც სამხედრო პოლიცია ცნობილი ადამიანების ცხოვრებას ფარულად იღებდა და მერე მათ აშანტაჟებდა; ლილოს ბაზრობაზე სატელიტურ ანტენებს ყიდულობდა, რათა ანტენები მოსახლეობისთვის არ დაერიგებინათ... დღეს კი იმ ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებიან, ჩვენ ქვეყანა ევროპისკენ მიგვყავდა, ახლა რუსეთისკენ მიდისო. უკაცრავად, მაგრამ თქვენ ქვეყანა ევროპისკენ კი არა, უკანალისკენ მიგყავდათ, ბატონებო!

საოცარი ტრანსფორმაცია

კვირის ბოლოს სასამართლომ პროკურატურას კიდევ ერთი პანღური უთავაზა. სააპელაციომაც არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი გიგი უგულავასთვის გირაოს შეფარდებისა და უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. კვირის დასაწყისში ასევე მოიქცა პირველი ინსტანციის სასამართლო. შეიძლება ითქვას, დღევანდელი სასამართლო პროკურატურას სასაცილოდ იგდებს, მაშინ, როდესაც ცოტა ხნით ადრე პროკურორის სიტყვა მათთვის კანონი იყო. მართლაც შესაშური ტრანსფორმაციაა. მორჩილი სასამართლო უცებ გახდა ურჩი. ზოგადად ურჩი სასამართლო ძალიან კარგია, მაგრამ წლების განმავლობაში რომ მორჩილი ხარ და უცებ, არჩევნების შემდეგ, ურჩი გახდები, თავისთავად ჩნდება ეჭვი, რომ შენ თავისუფალი კი არა, ისევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის მსახური ხარ, უბრალოდ, ახლა იმ ჯგუფს სჭირდება, რომ პროკურატურას ეურჩო და შენც ეურჩები.

კოტე კუბლაშვილის ამბავი გასაგებია, მაგრამ ამდენ მოსამართლეს უკვე ოპოზიციონერი "ნაციონალები" როგორ იმორჩილებენ, ვეღარ ვხვდები. არც მაშინ მესმოდა ეს, როცა "ნაციონალები" ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ ჯანდაბას, შევეცდები გავიგო, რომ მათ ადეიშვილი აშინებდა. ახლა ადეიშვილი ქვეყნიდანაა გაქცეული და ვისი ეშინიათ? "ნაციონალები" კი გამოდიან და პროკურორებს დასცინიან. ეს მარაზმია! ის პროკურორები ხომ ადეიშვილის მიყვანილები არიან! ძალიან საინტერესო სიტუაციაა: "ნაციონალები" დასცინიან ადეიშვილის გამოზრდილ პროკურორებს, ეს რა არაპროფესიონალი კადრები გვყოლიაო. არაპროფესიონალები იქნებოდნენ, აბა რა, სასამართლოში მაგათ ტვინის განძრევა და ძალისხმევის გამოჩენა არ სჭირდებოდათ. მოსამართლეს თვალს დაუბრიალებდნენ და გაკეთებული იყო საქმე. ახლა კი ის მოსამართლეები მათ, ფაქტობრივად, აბუჩად იგდებენ. მაგრამ რა მიკვირს, იცით? იმ მოსამართლეებს არ უნდათ კარიერის გაგრძელება? რას ფიქრობენ, "ნაციონალურ მოძრაობას" და კუბლაშვილს უნდა გადაჰყვნენ? ახალ კანონს როდესაც მიიღებენ და ახალი იუსტიციის საბჭო დაკომპლექტება, ის ხომ დაინტერესდება მათი საქმიანობით? თუმცა მანამდე, ვიდრე სასამართლოს შესახებ ახალ კანონს მიიღებენ, ლამისაა პროკურატურამ ყველა საქმე წააგოს. რა თქმა უნდა, პროკურატურასაც მართებს უკეთ მუშაობა. მაგალითად, უგულავასთვის მილიონი ლარი გირაოს მოთხოვნა რას ემსახურებოდა,  ვერ გავიგე. კარგია, იმას რომ იძიებენ,  როგორ წაართვეს ჯოზეფ ქეის "იმედი",' მაგრამ ქეის როგორ ჩაუვარდა ხელში ეს ტელევიზია, ეს არ უნდა გამოიძიონ?

ქოსატყუილა

ოქროს სიტყვები თქვა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსმა: "კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს". ეს სიტყვები ზედგამოჭრილია სააკაშვილზე. მას ტყუილის თქმა სისხლში აქვს გამჯდარი. თუმცა ხელისუფლების ცვლილებამ ერთი კარგი შედეგი მაინც გამოიღო: მის ტყუილს ისეთი მოკლე ფეხები აქვს, რომ პრესკონფერენციის დასასრულამდეც ვერ აღწევს. ადრე თუ ბანკები მოერიდებოდნენ პრეზიდენტის ტყუილში მხილებას, ახლა უმალვე გამოეხმაურნენ მის ნათქვამს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ინფორმაცია არასწორია და არც ერთი მათგანი რუსულ ბანკებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. მგონი, პირველად მოუხდა პრეზიდენტს საკუთარი ტყუილის აღიარება, თუმცა სოციალურ ქსელებში მისი მხარდამჭერები არ ნებდებოდნენ. კიდევ კარგი, მიშას აღიარებამ, ტყუილი ვთქვიო, დროზე მოუსწროთ, თორემ სადამდე წავიდოდნენ, არავინ იცის. თუმცა ბანკებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კიდევ ერთი საინტერესო რამ თქვა: ადრე იპოთეკით დატვირთულ ქონებას ქართული ბანკები მაინც წაიღებდნენ, ახლა კი ამას ''"სბერბანკი"'' წაიღებსო. და რადგან ინფორმაცია ქართული ბანკების გაყიდვის შესახებ არ დადასტურდა, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: ბინას ისევ ქართველი ბანკირი წაგართმევთ.