ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

სააკაშვილის უცნაური აღსარება

რამდენიმე დღის წინ "ინტერპრესნიუსით" გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც სააკაშვილის მმართველობის ცხრაწლიან პერიოდში მისი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის არსს წარმოაჩენს. კერძოდ, მან ბრძანა, რომ საქართველოს სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს არსებობას, თუ ის იქნება დაპირისპირების ობიექტი საერთაშორისო ურთიერთობებში. დაპირისპირებულთა შორის, ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ როგორც დიდი საერთაშორისო მოთამაშეები, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნები! რატომაც არა?!„თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო, - ხომ ჩვენი მოგონილი ანდაზაა და რატომ შევზღუდოთ ჩვენზე ფეხის შეწმენდისა და ჩვენი დაფლეთის მსურველები?! სააკაშვილის ეს უცნაური თვითლუსტრაცია-აღსარება ფარდას ხდის 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიასაც და სხვა რიფებსაც, რომლებიც "ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ" საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არეალზე ჩაულაგა.

აღარაფერს ვამბობ, სახელმწიფოებრივია თუ არა და რამდენად ჯანსაღია მიდგომა, როცა პრეზიდენტი საკუთარი სახელმწიფოს არსებობის ერთადერთ აზრად და მისიად სხვა ქვეყნებს შორის დაპირისპირების ობიექტად ყოფნას მიიჩნევს?! როცა საკუთარ ქვეყანას სხვების მიერ მუდმივად ფეხით გასათელი მიწის ნაფლეთად აღიქვამს?!

სააკაშვილის საგარეო პოლიტიკის ეს უცნაური დედო-აზრი გარკვეულწილად ააშკარავებს იმ მიზეზებს, თუ რატომ მიაჩნდათ იგი ესოდენ სასურველ და იოლ პარტნიორად: სააკაშვილის მუდმივი მზაობა - ხურდაში გაეცვალა საკუთარი ქვეყანა, მას ბევრისთვის მარტივ „გაჭრილ კარტად“ აქცევდა.

„თეთრი კავკასიური შური“

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკაში მრავალკომბინაციური თამაში და შფოთი შეიტანა. სწორედ ამ „შფოთიან მოლოდინს“ მიუძღვნა რამდენიმე დღის წინ „რადიო "თავისუფლების"“ სომხურმა ბიურომ ძალზე საინტერესო სარედაქციო სტატია სათაურით,„"თეთრი კავკასიური შური", რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ახალ მიდგომებს ეხება. კერძოდ, „ერევანში ამბობენ, რომ ქართველებმა პირდაპირ უთხრეს რუსეთს, რას ფიქრობენ მასზე. "ახლა ივანიშვილი რუსეთისთვის თანასწორი პარტნიორია. ჩვენ კი თავს ვუწოდებდით სტრატეგიულ პარტნიორს და რეალურად მხოლოდ ფორპოსტად დავრჩით...

მთავარი ძარღვი მდგომარეობს იმაში, თუ რაოდენ მსუბუქად შეუძლია ივანიშვილს, გადასწიოს კავკასიის ტრადიციული ძალოვანი ხაზები. ადრე საქართველოს პოზიცია გასაგები იყო, ახლა - მრავალვარიანტული გახდა. აქ (იგულისხმება საქართველოს მეზობლები) აღმოაჩინეს, რომ შესაძლებელი ყოფილა, სათანადო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ნახტომის გაკეთება იმ პირობებშიც კი, როცა რუსეთთან ფრონტის ხაზი გაქვს. საქართველო დღეს აღარ არის მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდებარე გეოგრაფიული ელემენტი."

ჩვენმა ტრადიციულად გამჭრიახმა მეზობლებმა ჩვენზე უკეთ და სწრაფად დაინახეს საერთაშორისო არეალზე გაჩენილი ახალი მოლოდინი - საქართველოს საგარეო პოლიტიკა გახდეს უფრო პრაგმატული და მომთხოვნი, ვიდრე აქამდე იყო. როგორ გამოვიყენებთ ამ შანსს, მომავალი გვიჩვენებს.