"ახლა ბოლო შეჯახება იქნება" - კვირის პალიტრა

"ახლა ბოლო შეჯახება იქნება"

"ოპოზიციაში ძალიან ხშირად ღალატი იყო"

"სააკაშვილი კიევში იმიტომ ჩავიდა, რომ პუტინთან შეხვედრა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა"

"ვისაც ჩემი სიტყვები არ მოეწონება, ცივი წყალი დალიოს"

ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ოპოზიცია ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისა და სააკაშვილის რეჟიმისაგან საქართველოს გათავისუფლებისთვის. როგორი წარმოუდგენია ეს ბრძოლა "დაიცავი საქართველოს" ლიდერს და რა მიაჩნია ოპოზიციის წარმატების საწინდრად, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ვისაც ჩემი სიტყვები არ მოეწონება,  ცივი წყალი დალიოს. ცდება, ვისაც სჯერა, რომ სააკაშვილი არჩევნების გზით ჯერ ადგილობრივ და მერე მთელ  ხელისუფლებას დათმობს.

დღეს ისე ატერორებენ ბიზნესს, აქამდე რომ არ მომხდარა და არ გაგვიგია. ასეული მილიონით დააჯარიმეს "მაგთი" და "ჯეოსელი". წვრილი, საშუალო და დიდი ბიზნესი ფეხქვეშ გათელვის ზღვარზეა და ამ დროს არც ერთი ბიზნესმენი ხმას არ იღებს.

არასდროს მსმენია ამდენი ტყუილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი არხებისაგან, ადრე თუ ორი წინადადებიდან ერთი იყო ტყუილი, ახლა მხოლოდ ტყუილს ვისმენთ.

თავს იწონებენ, კორუფცია მოვსპეთო, სინამდვილეში კი სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ ქურდების ფუნქცია აიღო თავზე. ტერორი, წილში ჩაჯდომა, წართმევა, საქმის გარჩევა, სააკაშვილის კრიმინალური გარემოცვის ხელწერა და მოქმედების სტილია. მიუხედავად პოლიციისა და ჯარისკაცებისადმი ჩემი პატივისცემისა, უნდა ვთქვა, რომ მთელი ჯარი და პოლიცია ერთ კაცს ემსახურება. პატრული სიმთვრალისა და კანონის მცირე დარღვევისთვის ქუჩაში ხალხს აჩერებს,  მაგრამ თვალს ხუჭავს კონსტიტუციის დარღვევაზე. პატრულმა 23 ნოემბერს აქციის ჩატარების კი არა, კიბეზე ჩამოჯდომის უფლებაც არ მისცა ახალგაზრდებს, რომელთაც აზრის გამოხატვა სურდათ. ამ ქვეყანაში კანონი აღარ არის. კანონი ისაა, რაც  მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას სურთ. როდესაც მე და ჩემს მეგობრებს საარსებო საშუალება გაგვიჭირდება, ხალხში რა მდგომარეობა იქნება? ეს მძიმე ვითარება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნესზე ძალადობის, ფასების უაზრო ზრდისა და კორუფციის შედეგია. როგორ გვარწმუნებენ, ქვეყანაში კორუფცია აღარ არისო, როდესაც  სააკაშვილის ძმები, დედა, ბებია, მეგობრები, გარემოცვა, მერაბიშვილი, უგულავა, ადეიშვილი მსოფლიო დონის უმდიდრეს ადამიანებად იქცნენ რამდენიმე წელიწადში. რეჟიმი, რომელშიც ვცხოვრობთ, არის ავტორიტარული, რომელიც ძალიან გრძელი ნაბიჯებით მიექანება დიქტატურისკენ. ასეთ ვითარებაში შეიძლება ლაპარაკი თავისუფალ, კონკურენტულ საარჩევნო გარემოზე? როგორ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ სააკაშვილი მზად არის ხელისუფლება ვინმეს დაუთმოს? დროა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.  სააკაშვილს არც არჩევნები გავაყალბებინოთ, არც ძალადობა ვახმარინოთ და არც ადამიანის უფლებები შევალახვინოთ.

- საზოგადოების  განწყობა და ოპოზიციაში არსებული ვითარება მოგცემთ ამის საშუალებას?

- რამდენიმეწლიანმა ბრძოლამ დამანახა, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა თავის საარსებო მინიმუმს მეტი ინტერესით ეკიდება, ვიდრე ქვეყნის ყოფნა-არყოფნას, მაგრამ დღეს იმდენად გაუარესებულია სოციალური ფონი, ვფიქრობ, საქართველო მზად არის მესამე და საბოლოო საპროტესტო ტალღის დასაწყებად და ამ ხელისუფლების მოსაშორებლად. თუ ეს ახლა არ მოხდა, ვაცხადებ, - 2013 წელს ეს ხელისუფლება არ შეიცვლება.

ინტენსიური შეხვედრები მაქვს "შეურიგებლობისა" (ნინო ბურჯანაძის) და არჩევნების მომხრეებთან. ამ ბრძოლაში ორივე გზა გამოდგება. შეურიგებელი ბრძოლის დაწყებას  დიდი საპროტესტო ტალღა და მიზეზი სჭირდება. მიზეზები აქამდეც  იყო: გაყალბებული არჩევნები, ტალიავინის დასკვნა, პატრიარქის შეურაცხყოფა, მაგრამ ამას საპროტესტო ტალღა არ მოჰყოლია. ამას, გარდა მიზეზისა, ოპოზიციისა და ხალხის ერთობა სჭირდება.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორ სთხოვთ საზოგადოებას ერთიანობას მაშინ, როცა თვითონ ოპოზიცია არ არის ერთიანი?

- 9 აპრილსა და 26 მაისს ხალხი ერთიანი იყო. ასეთი დიდი ერთობა პატარა ერთობიდან იწყება. მე, ირაკლი ალასანია, ნინო ბურჯანაძე და სხვები თუ გავერთიანდით, საზოგადოებაც დარწმუნდება, რომ მისი ერთიანობაც შესაძლებელი ყოფილა. როგორც კი ოპოზიცია გაერთიანდება, ხალხიც გაერთიანდება. სხვანაირად ქვეყანას ვერ გადავარჩენთ. გეთანხმებით, საზოგადოება პოლიტიკოსების ერთობას უყურებს. როდესაც ჩვენ ერთად არა ვართ, საზოგადოებაშიც განხეთქილებაა. დღეს ოპოზიციური ამომრჩეველიც კი გაყოფილია, - ნაწილი შეურიგებლობას ემხრობა, ნაწილი კი - არჩევნებს. აუცილებელია ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება გავაერთიანოთ, თორემ  სააკაშვილის ყოველი დღე გვაახლოებს ქვეყნის დაღუპვასთან.

ოპოზიციამაც ამოწურა მშვიდობიანი მანიფესტაციების რესურსი. ახლა ბოლო შეჯახება იქნება. არ ვიცი, სად,  ვის შორის და როგორ, მაგრამ სააკაშვილის მმართველობას ამ ბოლო ტალღით უნდა დაესვას წერტილი.

მიზეზი შეიძლება გახდეს გაზაფხულზე არჩევნების გაყალბება. დარწმუნებული ვარ, თუ საზოგადოებაში ძლიერი საპროტესტო მუხტი იქნება, ოპოზიცია არჩევნებს მოიგებს, მაგრამ სააკაშვილი ამას არ შეეგუება და დაწერს იმ შედეგს, რაც თვითონ უნდა.

ძალიან კარგი იქნება, ოპოზიციამ სააკაშვილს არჩევნებით წაართვას ჯერ დედაქალაქი, მერე კი საქართველო, მაგრამ ამას სააკაშვილი არ დაუშვებს. გამორიცხულია! რადგანაც იცის, რომ ეს მისთვის ბოლო და გადამწყვეტი ბრძოლაა.

რეჟიმები, როგორც წესი, ორი გზით იცვლებიან: ან გიჟი და გადარეული ქარიზმატული ლიდერი უნდა გყავდეს, რომელიც "გარეკავს" და რევოლუციას მოახდენს (ასეთს ოპოზიციაში ვერ ვხედავ და არც გვჭირდება) და მეორე გზა არის ერთობა. ერთობა იმ ხალხისა, ვისაც გვინდა, ამ რეჟიმს ბოლო მოეღოს. ჩემი მთავარი ამოცანაა, ბრძოლის ორი სხვადასხვა გზის მომხრეები დავსვა მოლაპარაკების მაგიდასთან. მივაღწიოთ ერთობას და შემდეგ ოპოზიციის თითოეული ნაბიჯი საფუძვლიანად დაიგეგმოს ხალხის გამოფხიზლებისა და მესამე გადამწყვეტი ტალღის ასაგორებლად. ამ საერთო გეგმაში რა ფუნქციაც დამეკისრება და რა ვითარებაშიც აღმოვჩნდები, იმის შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას. ცალკე გავხტე და პრაიმერში ან არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, ამის სურვილი არა მაქვს.

- შენიშვნა გამოითქვა, ოპოზიცია, რომელმაც გადადგომა აიძულა სააკაშვილს, ახლა იმდენად ძალაგამოცლილია, ადგილობრივ არჩევნებზე ევაჭრება ხელისუფლებასო.

- ეს  უსამართლო ბრძოლა იყო. სააკაშვილს დიდი ფინანსური რესურსი აქვს. მისი და ოპოზიციის შესაძლებლობები რომ შევადაროთ ერთმანეთს, ასეთ სურათს მივიღებთ: მილიონს 10 თეთრი ეომებოდა. მის სამსახურში იყო სატელევიზიო სივრცეც. თავიდან დასავლეთიც მხარს უჭერდა სააკაშვილს და არის  მეოთხე მიზეზიც, - ოპოზიციაში ძალიან ხშირად ღალატი იყო. დრო მოვა და ამაზეც ვიტყვით.

- ღალატში რას გულისხმობთ?

- ინფორმაცია ჟონავდა, იყო კურსის გადახვევა, შეთანხმებული  გადაწყვეტილებების შესრულება მიზეზთა გამო ფერხდებოდა. ამ ორმა წელმა და ბრძოლაში დაღვრილმა სისხლმა ის გააკეთა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა სააკაშვილის სახე, მისი  მორევა შესაძლებელი გახდა.

- ახალი საპროტესტო ტალღა როდის დაიწყება?

- თუ მივაღწიე ოპოზიციის მტკიცე ერთობას, ტალღა ნაახალწლევს აგორდება და გაზაფხულისთვის ძალიან მძიმე დღეები ელის ხელისუფლებას. არჩევნები მიზეზისთვის მჭირდება და გაიგოს ეს სააკაშვილმა.

ახალ ხელისუფლებას ახალი შანსი, ახალი კრედიტი ექნება უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეებისგან. მას ექნება შანსი, საქართველოსა და რუსეთს შორის აღმართული კედელი დაანგრიოს. ყველა საშუალება უნდა მოვნახოთ საქართველოს გასაერთიანებლად, მაგრამ სააკაშვილის მმართველობის დროს  ეს ვერ მოხდება. იცით, რატომ ჩავიდა კიევში? პუტინთან უნდოდა შეხვედრა. ყველა გზას იყენებს, რომ პუტინს შეხვდეს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მიაღწია მიზანს. როგორც კი შანსი გაუჩნდება, მაშინვე გაიქცევა პუტინთან თუ მედვედევთან შეხვედრაზე სკამის გადასარჩენად, მაგრამ იმდენად გააფუჭა რუსეთთან ურთიერთობა, ვეჭვობ, ამის შანსი მიეცეს. ერთადერთი გზა, რაც სააკაშვილს თავისი სკამის გადასარჩენად დარჩა, არის ის, რომ მალე  XXI საუკუნის დიქტატორად მოგვევლინოს. სააკაშვილთან ბრძოლას ლოგიკური წერტილი არ დასმია და ახლა უნდა დაისვას.

დასასრულ, მინდა იმ ბიზნესმენებს მივმართო, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა დაატერორა, - ნუ ხართ ჩუმად! ღირსებისა და კეთილდღეობის დასაცავად ხმა ამოიღეთ. სახლში და ბიზნესში გამოკეტილი ვერაფერს მივაღწევთ. მომაწოდეთ ინფორმაცია, ვინ გერჩით და ერთად ვიბრძოლოთ. თუ ყველა ხმას ამოვიღებთ, გავიმარჯვებთ, რადგან ერთობას ვერავინ მოერევა.