აგვისტოს ომის დღემდე გასაიდუმლოებული სკანდალური დეტალები - კვირის პალიტრა

აგვისტოს ომის დღემდე გასაიდუმლოებული სკანდალური დეტალები

აგვისტოს ომის დღემდე გასაიდუმლოებული სკანდალური დეტალები

"კვირის პალიტრა" გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს ექსპერტ მამუკა არეშიძესთან, რომელიც აგვისტოს ომის აქამდე გაუხმაურებელ და დღემდე აკრძალულ დეტალებზე გვესაუბრება:

- 2008 წლის მაისში შეიქმნა სამშვიდობო ოპერაციების შტაბი, რომლის დისლოკაციის ადგილი თბილისი იყო. შტაბის ხელმძღვანელობა ჩაბარებული ჰქონდა გენერალ მამუკა ყურაშვილს. მასვე ებარა როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის სამშვიდობო ჯარების შტაბის ხელმძღვანელობა. 2008 წლის 1-ლი აგვისტოდან უკიდურესად დაიძაბა ვითარება. ცხინვალის მხრიდან გამუდმებით სროლები ისმოდა, 5 აგვისტოს ორი ქართველი სამშვიდობო დაიღუპა. ეს იყო პირველი პრეცედენტი ცხინვალის კონფლიქტის ზონაში. ამ სროლების დასარეგულირებლად პოლიტიკური ნება არ ჩანდა. გოგა ხაინდრავას სახელმწიფო მინისტრობიდან გადაყენების შემდეგ მერაბ ანთაძე დაინიშნა, ანთაძის შემდეგ დავით ბაქრაძე და მან სამშვიდობო პროცესის სრული ტორპედირება  მოახდინა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებს იგნორირებას უკეთებდა და არ ხვდებოდა. ბაქრაძე ანთაძისა და ხაინდრავასგან განსხვავებით ერთხელაც არ იყო ცხინვალში ნამყოფი. შემდეგმა სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა საერთოდ უარი განაცხადა შერეულ სამშვიდობო კომისიაზე, როგორც ფორმატზე. ამან კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია, რადგან ეს ფორმატი (შსკ) ერთადერთი გარანტია გახლდათ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. რასაკვირველია, ეს არ იყო იდეალური ფორმატი, მაგრამ იმ დროისთვის მასზე უკეთესი არ არსებობდა.

აგვისტოში სიტუაცია ისე იყო მომწიფებული, რომ ომი პრაქტიკულად გარდაუვალი იყო. თუმცა, შსკ-ს ფორმატი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დაძაბულობა შედარებით განმუხტულიყო. ამისთვის საჭირო იყო საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების დროზე შეკრება და კონკრეტულ ფაქტზე კონკრეტული რეაგირება.

- რა მდგომარეობა იყო ომის წინა დღეებში ხეობაში?

- ფაქტობრივად, ორ სამშვიდობო ბატალიონს (რუსულსა და ჩრდილოოსურს) რუსული მხარე აკონტროლებდა. რუსულ ბატალიონში იყო 560 სამხედრო მოსამსახურე, ჩრდილოოსურში - 560 და ქართულშიც ამდენივე. ქვეითთა ჯავშანტექნიკა, ე. წ. ბმპ, ქართულში - 13, ჩრდილოოსურსა და რუსულში კი 22-22 ჰყავდათ. საერთო ჯამში 44 ერთეული ჯავშანტექნიკა ომის დაწყებამდე მომართული იყო ქართული სოფლების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდალმა ყურაშვილმა იცოდა რა შექმნილი მდგომარეობა, 2007 წლის ივლისში ჩამოაყალიბა გეგმა და გეგმაზე მიბმული სწავლება. სწავლების მიზანი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა და უსაფრთხო რაიონში გადმოყვანა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ყურაშვილს უკვე ჰქონდა რუკები და ადგილზე მიბმული სავარაუდო მოქმედებების სქემები, რასაც სამწუხაროდ, გენერალურ შტაბზე ვერ ვიტყვით.

- რა მოხდა 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით?

- ვფიქრობ, დიდი დანაშაული, რომლის სურათიც თანდათანობით იკვეთება და რომელსაც ახლა პირველად ვახმაურებ. ახლახან შევიტყვე გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომ გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით, ცხინვალზე შეტევა დილის 5 სთ-ზე უნდა დაწყებულიყო და სამხედრო ნაწილებს მოქმედების დაწყების ვადა რატომღაც ოთხი საათით უკან, ღამის პირველ საათზე გადმოუწიეს. სწორედ ამან გამოიწვია მთელი გეგმების არევა და სრული დეზორგანიზაცია.

- ვინ გასცა ეს ბრძანება დროის გადმოწევის შესახებ?

- ამის თქმა მე არ შემიძლია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ იმ სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომლისგანაც შევიტყვე ამის შესახებ, დასძინა, ეს რომ ადრე მეთქვა, მომკლავდნენო. ეს ბრძანება სამხედრო ნაწილებმა გენშტაბის უფროსის, ზაზა გოგავასგან მიიღეს. როგორც ჩანს, მან დავალება ზემდგომებისგან ტელეფონით მიიღო. ისე პარადოქსულია, რომ ხსენებულ ბრძანებებს გასცემდა უშიშროების საბჭო, რომლის შემადგენლობაში არ იყო გენშტაბის უფროსი გოგავა და სამაგიეროდ იყო ქალაქის მერი უგულავა!

-  ბრძანება ვადის გადმოწევის შესახებ გოგავამ უგულავასგან მიიღო?

- ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, უგულავა იქ იყო კეზერაშვილთან ერთად. ვადის გადმოწევა გეგმის არევას ნიშნავდა, რაც ოპერაციის ჩავარდნის უტყუარი წინა პირობაა. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საომარი გეგმა უნდა დაშალო. შეტევა მართლაც დაიწყო ღამის პირველ საათზე და როგორც სამხედროები ამბობენ, ამ დროისთვის ყველა ტანკიც კი არ იყო გადმოტვირთული მატარებლიდან.

- როგორი იყო ცხინვალის დაკავების გეგმა?

- ქართულ ჯარს სამი კოლონის საშუალებით უნდა ემოძრავა. მარცხნიდან უნდა ყოფილიყო მე-4 ბრიგადა კალანდაძის მეთაურობით, მარჯვნიდან -  მე-3 ბრიგადა კაპანაძის მეთაურობით, ცენტრალურ მიმართულებას კი ხელმძღვანელობდა გენერალი ყურაშვილი, რომელიც უშუალოდ ცხინვალში უნდა შესულიყო. როგორც ჩანს, მე-3 და მე-4 ბრიგადების ამოცანა გახლდათ ორივე ფლანგზე სოფლებისა და სტრატეგიული სიმაღლეების დაკავება, ასევე ორი სტრატეგიული - გერისა და ზარის გზების გადაკეტვა. ეს საშუალებას მისცემდა ცენტრალურ კოლონას, ცხინვალში შესულიყო, ქალაქი გაეწმინდა ბალა ბესტაევის ე. წ. "ოპოლჩენცებისგან" და თამარაშენის ბლოკპოსტამდე მისულიყო.

- მოახერხეს ქართულმა ნაწილებმა ამ გეგმის შესრულება?

- როგორ მოახერხებდნენ, როდესაც თავიდანვე გეგმა აირია. მოკლედ, ცენტრალური კოლონა შევიდა ქალაქში და რამდენიმე ჯგუფმა თამარაშენის ბლოკპოსტამდეც კი მიაღწია, მაგრამ ფლანგები ჩამორჩნენ. მე-3 ბრიგადის მხოლოდ 31-ე ბატალიონმა მოახერხა და დაიკავა სოფელი დმენისი, მე-4 ბრიგადამ კი, იმის მაგივრად, რომ სიმაღლეები დაეკავებინა, რატომღაც ე.წ. "დუბოვაია როშჩაში" დასასვენებლად განლაგდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვიღაცამ შეგნებულად შეუცვალა ბრძანება ფლანგურ მე-3 და მე-4 ბრიგადებს, რათა დომინირებულ სიმაღლეებზე არ ასულიყვნენ და ცენტრალური კოლონა ხაფანგში აღმოჩენილიყო(!).

- კი მაგრამ, რატომ?

- საქმე ის არის, რომ როგორც ახლა ირკვევა, რუსების ძირითადი ნაწილები უკვე განლაგებული იყვნენ გუფთის მთაზე და ელოდებოდნენ, როდის დაიკავებდნენ ქართული სამხედრო ნაწილები ცხინვალს, რათა დაფიქსირებულიყო ქართველების ძალადობა ქალაქში, მშვიდობიანი მოსახლეობის შევიწროება, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც. რუსებს უნდოდათ, მთელი მსოფლიოსთვის ენახვებინათ ფაქტობრივი მასალა ქართველების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისა. ალბათ, იყო მეორე მიზანიც - ქართული სამხედრო ნაწილების "ტომარაში" მოქცევა, მათი ქალაქშივე განადგურება, რაც მოიტანდა ქართველებისთვის სამაგალითო მსხვერპლს და საბრძოლო მოქმედებების შედეგად ცხინვალის დანგრევას და ესეც ქართველებს დაბრალდებოდათ (სხვათა შორის, ასეც მოხდა, ქართული მხარის მიერ "გრადის" გამოყენებამ რუსულ მხარეს ქართველების მიერ ქალაქის დანგრევის არგუმენტი მისცა).

- უცნაური ტერმინია, რას ნიშნავს სამაგალითო მსხვერპლი?

- ეს ნიშნავს დაღუპულთა დიდ რაოდენობას. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილმა ცენტრალურმა კოლონამ დროზე გამოაღწია ცხინვალიდან. თუმცა, მანამდე რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა ქართულ ნაწილებზე, მათ შორის "დუბოვაია როშჩაში" განლაგებულ მე-4 ბრიგადაზე. აგვისტოს ომში 177 დაღუპული სამხედრო მოსამსახურიდან 135-მდე სწორედ მე-4 ბრიგადაზე მოდის. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - რუსეთის მხარე მუდმივად აპელირებს 11 რუსი სამშვიდობოს დაღუპვის ფაქტით. ამ დროს სამშვიდობოები პირველად ქართველებს დაეღუპათ. გარდა ამისა, 11-ვე სამშვიდობო ცხინვალში განთავსებულ ე. წ. "ვერხნი გარადოკში" დაიღუპა. მანამდე კი, ქართული ჯარის ცენტრალურმა კოლონამ ისე გაიარა რუსი სამშვიდობოებით დაკომპლექტებული 5 საგუშაგო, რომ მათთან საბრძოლო შეხება არ ჰქონია. სწორედ "ვერხნი გოროდოკთან" იდგა ჩრდილოოსური სამშვიდობო ტანკი, რომელიც ქართულ მხარეს ესროდა. ამის შემდეგ მოხდა საბრძოლო შეტაკება, რის შემდეგაც დაიღუპნენ რუსი სამშვიდობოები. ამ შემთხვევაშიც ბურუსით არის მოცული, ვინ გასცა ბრძანება სამშვიდობოებთან საბრძოლო მოქმედებების დაწყების თაობაზე. რიგითი სამხედროები ამბობენ, რომ უშუალო მეთაურმა "ვერხნი გოროდოკთან" მიახლოებისას უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ წარმომადგენელს შეატყობინა, რუსების სამშვიდობო პოსტიდან გვესვრიან და როგორ მოვიქცეთო. რა პასუხი მიიღეს იქიდან, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.

- ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, რა იყო ცხინვალის ოპერაციის მთავარი მიზანი - ქალაქის აღება, საბოლოო იურისდიქციის აღდგენა?

- მართალი გითხრათ, მიზანს კარგად ახლაც ვერ ვხვდები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთ დიდ პროვოკაციაში იყო პატარ-პატარა პროვოკაციათა მთელი წყება. გარდა ამისა, ვფიქრობ, ქართულ მხარეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოწინააღმდეგის ინტერესებს ემსახურებოდნენ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ორივე მხარეს სჭირდებოდა დიდი მსხვერპლი (მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში), რათა თავიანთი მიზნები გაემართლებინათ. ეს უკვე გამოძიების საქმეა. ჩემი აზრით, გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. უნდა გამოიკითხონ ამ ბრძოლებში მონაწილე მაღალი ჩინის ოფიცრები, უპირველესად გენერალი მამუკა ყურაშვილი, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი იყო, ვინც დასახულ ამოცანას კარგად გაართვა თავი და ვისაც ყველაზე ნაკლები მსხვერპლი ჰყავდა. ეს გამოძიება დღეს სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ მავანთ აღარ გაუჩნდეთ პროვოკაციის მოწყობის სურვილი და საქართველოს ინტერესები აღარ შეეწიროს ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსთა გაურკვეველ ავანტიურებს.

თამარ როსტიაშვილი