რატომ მოიხსენია უხამსად ბენდუქიძემ ჟვანია - კვირის პალიტრა

რატომ მოიხსენია უხამსად ბენდუქიძემ ჟვანია

ლაშა ჟვანია კახა ბენდუქიძეს უჩივლებს

უნდა გაემართა თუ არა "ერისიონს" კონცერტები რუსეთში? - ამ თემაზე დისკუსიამ "იმედის" ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში, მწვავე დაპირისპირების გარეშე ვერ ჩაიარა. პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ლაშა ჟვანიამ კახა ბენდუქიძეს 90-იან წლებში კრემლში მოღვაწეობის, რუსეთის იმჟამინდელი მთავრობის მრჩევლად ყოფნის პერიოდი შეახსენა და განუცხადა, შენგან "ერისიონის" მოსკოვში წასვლის გამო კრიტიკას ვერ მივიღებო. როგორც ჩანს, ამან ბენდუქიძე გააღიზიანა. მან უცენზურო რეპლიკით მოიხსენია ლაშა ჟვანია, ხოლო პრეზიდენტს უსაყვედურა: ვაი, შენ, სააკაშვილო, ლაშასთანა ს... რომ დანიშნე მინისტრადო. თურმე ჟვანიას მაშინვე სთხოვეს, ეპასუხა ბენდუქიძისთვის, მაგრამ თავი შეიკავა. მოგვიანებით კი ამის მიზეზი ჩვენთან განმარტა.

ლაშა ჟვანია: - გადაცემის მსვლელობისას შემომთავაზეს, კომენტარს ხომ არ გააკეთებდითო, მაშინ თავი შევიკავე... ჯერ ერთი, ბენდუქიძე არ ჩავთვალე ამის ღირსად.  ამასთან, ვთვლი, რომ მას არ უნდა მიეცეს ასეთი უზრდელობის საშუალება და მისი გამონათქვამები მედიამ წაღმა-უკუღმა არ უნდა ატრიალოს. "კვირის პალიტრას" კი გავუმხელ, რომ პირადი ღირსებისა და პატივის შელახვისთვის აუცილებლად ვუჩივლებ. უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ მას პასუხი მოეთხოვება.

- როგორც ჩანს, ის 90-იან წლებში კრემლში მუშაობის პერიოდის შეხსენებამ გააღიზიანა.

- საზოგადოებამ კარგად იცის, 90-იან წლებში როგორ იყო დაახლოებული ბენდუქიძე რუსეთის ხელისუფლებასთან, რომლის ძალისხმევით, ფაქტობრივად, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ხდებოდა. საქმე ის არის, რომ ბენდუქიძე და კიდევ მისი მსგავსი მარგინალები, რომლებიც ახლა ცდილობენ თავი დიდ პატრიოტებად წარმოგვიდგინონ, სიმართლეს ვერ იტანენ. ამიტომაც ცდილობენ, სიმართლე ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებით გადაფარონ. ასეთების უზნეობას ახალგაზრდები უყურებენ. სამწუხაროდ, საზოგადოება თავად არ უკეტავს მას პოლიტიკური რეაბილიტაციისთვის ჟანგბადს. სხვათა შორის, თამარ ჩერგოლეიშვილს მინდა ვკითხო, - რატომ აფინანსებინებს მის ჟურნალს ("ტაბულას") ბენდუქიძეს, რომელიც  საქართველოს ოკუპაციის წლებში კრემლში მუშაობდა? ნუთუ "ერისიონის" მოსკოვში ვიზიტი უფრო აღმაშფოთებელია, ვიდრე ეს?

რაღაც არ მახსოვს, რომ ბენდუქიძეს თავისი წარსული მოენანიებინოს, ბოდიში მოეხადოს იმის გამო, რომ იდგა იქ, სადაც არ უნდა მდგარიყო საქართველოს ოკუპაციის წლებში. ახლა რა პრინციპით უკითხავს ხელოვანებს მორალს? მისი მოქმედებებიც და საუბარიც ფარსია.

ამ გადაცემის შემდეგ საზოგადოების პატივსაცემი წევრები დამიკავშირდნენ და აღშფოთება ვერ დამალეს. ერთ-ერთი ცნობილი ლექტორისთვის სტუდენტებს უთქვამთ, ჩვენც შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი ბენდუქიძის უზრდელობის გამო, ვინაიდან დარბაზში ვისხედითო. როგორც ვიცი, ისინიც აპირებენ პროტესტის გამოხატვას.