"ვერ გეტყვით, რა უხარია ხიდაშელს" - კვირის პალიტრა

"ვერ გეტყვით, რა უხარია ხიდაშელს"

"ახალაიას კაბინეტი, რომელიც აჩვენეს, არ არის წარმოუდგენელი ფუფუნების კაბინეტი"

კანონპროექტზე "საერთო სასამართლოების შესახებ" ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების მერე თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ათით ნული მოუგო "ნაციონალურ მოძრაობას". ხიდაშელის თქმით, ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობდა, დემოკრატიასთან არ არის თავსებადი და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს ვესაუბრეთ:

- "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის შესაბამისად იყო საფრთხე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შემადგენლობა შეცვლილიყო პოლიტიკური რეალობის შესაბამისად და საკანონმდებლო ორგანოს შესძლებოდა იუსტიციის საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, როგორც მას სურდა. ეს გამოიწვევდა იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა შეიცვლებოდა საპარლამენტო უმრავლესობის სურვილის შესაბამისად. თუ ეს პრეცედენტი დაიშვებოდა, ნებისმიერი გამარჯვებული პოლიტიკური ძალა შეძლებდა იუსტიციის საბჭოს ახლებურად დაკომპლექტებას და შესაბამისად, სასამართლოზე ზეგავლენას. ამ მთავარ კომპონენტზე ვენეციის კომისიის დასკვნაში განმარტებულია, რომ იუსტიციის საბჭოს გადახალისება არ უნდა მიებას პოლიტიკურ პროცესს. ამიტომაც ვერ გეტყვით, რა უხარია ხიდაშელს. მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" იერიში მიიტანა ადგილობრივ თვითმმართველობებზე, პარლამენტარებზე, უზენაესი სასამართლო დარჩა იმ კუნძულად, სადაც პოლიტიკა ასე ძალუმად ვერ ახერხებდა შეღწევას.

ამ კანონპროექტით იყო მცდელობა, უზენაესი სასამართლოსთვის დამოუკიდებლობა ჩამოერთმიათ და ძალიან კარგია, რომ ეს არ მოხდა. ერთია ვენეციის კომისიის დასკვნა და მეორე - მთელი თავისუფალი სამყაროს გამოხმაურება მმართველი ძალის ქმედებებზე. კერძოდ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ევროპარლამენტის განცხადებები. თუ მართლა გვსურს ვიაროთ ევროპისა და თავისუფალი სამყაროსკენ, უნდა გავითვალისწინოთ ის უპრეცედენტო კრიტიკა, რაც იქიდან მოდის არსებული ხელისუფლების არადემოკრატიულობის გამო.

- საგარეო მიმართულებით პიარისთვის ორი ლობისტრი კომპანია ბიძინა ივანიშვილმაც დაიქირავა, რაც თქვენს გუნდს კარგად აქვს აწყობილი.

- თუ გაგრძელდა პოლიტიკური ნიშნით დევნა, ადგილობრივი თვითმმართველობების შევიწროება, სიძულვილის რიტორიკა, ამას ვერანაირი ლობისტური კომპანია ვერ უშველის.

- მიუხედავად იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებთ, თქვენ შორის თანამშრომლობის პრეცედენტი უკვე შედგა იმ რეზოლუციის მიღებისას, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს შეეხებოდა. იგივე ხომ არ არის მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით?

- დოკუმენტი, რომელზეც შეთანხმება მოხდა, თვე-ნახევრის წინ აბსოლუტურად სხვანაირი იყო. ჩვენი ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულ იქნა. კერძოდ, საქართველო არ გაწევრდება პოსტსაბჭოთა არც ერთ წარმონაქმნში, სადაც რუსეთს დომინანტი როლი აქვს, რომ საქართველოს გზა არის ნატო და ევროკავშირი. ცხადია, ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე უკვე გაიმართა დიალოგი და ჩვენ ვთქვით, რომ უპირველესად უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა, ასობით პირი მიჰყავთ პროკურატურაში და აიძულებენ ზემდგომზე ჩვენების მიცემას. ჩვენთვის ასევე აუცილებელია იმ დებულებების ასახვა კონსტიტუციაში, რაც არის საგარეო ვექტორთან დაკავშირებულ რეზოლუციაში. "ქართული ოცნება" რაც უფრო მალე მიხვდება, რომ პოლიტიკა არის არა ადამიანებისთვის ხელების გადაგრეხისა და დაშანტაჟების, არამედ პოლიტიკური შეთანხმებების არეალი, მით უფრო ადვილად მივიღებთ გადაწყვეტილებას. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ არ აპირებს იმ უფლებამოსილების გამოყენებას, რაც კონსტიტუციით აქვს. ჩვენ გვინდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეასრულოს, რასაც დაჰპირდა ქართველ ხალხს და ჩვენ ხელს არ შევუშლით. მზად ვართ, ოპონენტებთან ერთად განვიხილოთ დიდი პაკეტი, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. "ქართული ოცნება" ცდილობდა მუქარით გასულიყო ფონს, ახლა, როდესაც ვერ მოაგროვებს საკმარის ხმებს საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის, დარწმუნებული ვარ, მისი რიტორიკა სხვანაირი გახდება.

- თქვენი ხელისუფლებისდროინდელი საქმეებიც ჩანს ბაჩო ახალაიას კაბინეტისა და დანგრეული ყაზარმების მაგალითზე.

- იყო პერიოდი, რომ ქართველი ჯარისკაცები ზღარბებსა და გველებს ჭამდნენ. დღეს ქართული ჯარი თვისებრივად სხვაა. ის კაბინეტი, რომელიც აჩვენეს, არ არის წარმოუდგენელი ფუფუნების კაბინეტი. იქ ჩვეულებრივი, თბილისში დამზადებული ავეჯი იდგა. ეს იყო ირაკლი ალასანიას იაფფასიანი პიარი. რადგან ივანიშვილმა საჯაროდ რამდენჯერმე შეურაცხყო ირაკლი ალასანია, ის ახლა ამის კომპენსირებას ცდილობს იმ კაცზე თავდასხმით, რომელიც ციხეშია.

- ახალაიამ თურმე თქვენც გაჩუქათ იარაღი.

- ეს იარაღი ოფიციალური ბრძანებით გადმომეცა და ვამაყობ, რომ ის ჩემი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსგან მივიღე.

- იარაღს ალასანიასგანაც მიიღებდით?

- ალასანიას არავითარ შემთხვევაში არ გამოვართმევ, რადგან მიმაჩნია, რომ ის ჩემი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება, ისევე როგორც დღევანდელი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ისე, მგონია, რომ არც ირაკლი ალასანიას ექნება განსაკუთრებული სურვილი, იარაღი მაჩუქოს.