"არსებობდა საჩვენებელი და რეალური საჯარისო ნაწილები" - კვირის პალიტრა

"არსებობდა საჩვენებელი და რეალური საჯარისო ნაწილები"

"ნაციონალურ მოძრაობას" 19 აპრილს ხალხი აკლდება და შაშკინი გამოიძახეს"

"არსებობდა სამხედრო ნაწილები, სადაც ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ერთი თეთრიც არ დახარჯულა"

ბოლო დროს თავდაცვის სამინისტროში თანხების არამიზნობრივად ხარჯვის თემა ძალზე აქტუალურია. მიუხედავად ამისა, არჩევნების შემდგომ აშშ-ში "გაქცეული" დიმიტრი შაშკინი საქართველოში დაბრუნდა და როგორც ამბობს, მზად არის გამოძიების კითხვებს უპასუხოს. კბილაშვილის უწყებამ თავდაცვის სამინისტროში ასობით მილიონი ლარის დანაკლისი მოიძია. თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ვაზიანის სამხედრო ბაზაში ბაჩანა ახალაიას აპარტამენტების ფოტოები აღმოჩნდა, რომელიც ჯარისკაცების ყაზარმებსა და შელახულ საშხაპეებთან გასაოცარ კონტრასტს ქმნიდა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს თავდაცვის უწყებაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ვესაუბრეთ:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო ე.წ. საჩვენებელი და რეალური შეიარაღებული ძალები.

- მართლაც იყო სამხედრო ნაწილები, რომელთაც ყურადღება ექცეოდა არა იმიტომ, რომ ელიტურ ნაწილებს წარმოადგენდნენ, არამედ იმიტომ, რომ საჩვენებელ გამოსვლებში გამოეყენებინათ. არსებობდა სამხედრო ნაწილები, სადაც ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ერთი თეთრიც არ დახარჯულა. სავალალო ვითარებაა ახალციხეში, ფოთში, მარნეულსა და თელეთში. ბევრ სამხედრო ნაწილში გაუსაძლისზე კიდევ უარესი პირობებია. საზოგადოებას წარმოდგენა შეუქმნეს, წინა ხელისუფლებამ სამხედრო ნაწილები მაინც გააკეთაო, ეს ასე არ არის.

ამის გამო ჩვენ მოგვიწევს პასუხისმგებლობა და ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ, საზოგადოებას გავაცნოთ რეალური ვითარება. სხვადასხვა სამხედრო ნაწილში ფანჯარა, კედლები და ტუალეტი არა აქვთ, ჯარისკაცებს თავზე აწვიმთ. ჩვენი ამოცანა არ არის წინა ხელისუფლების გაკრიტიკება. ჩვენი ვალია შეიარაღებულ ძალებში არსებული ვითარების საპარლამენტო კონტროლი, უნდა ვიცოდეთ, რა მდგომარეობაშია შეიარაღებული ძალები და ანგარიში მოვთხოვოთ წინა ხელისუფლებას. თუ დღეს არსებული ვითარება არ გვეცოდინება, გაგვიჭირდება იმის შეფასება, თუ როგორ გაუძღვება საქმეს ახალი ხელისუფლება.

- 9 წლის განმავლობაში რა თანხა დაიხარჯა თავდაცვის უწყებაში და შეესაბამება თუ არა დანახარჯი იქ არსებულ ვითარებას?

- დაახლოებით 5 მილიარდამდეა დახარჯული. ამაში შედიოდა როგორც ხელფასები, ისე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე სხვა მომსახურების ხარჯები. ზოგჯერ თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა როგორც მინისტრების, ისე პრივილეგირებული პირების კომფორტსა და პრემიებზე. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფულის გათეთრება და კორუფციაც არ იყო იშვიათობა. თავდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდულ საწვავს "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა აქტივობისთვის იყენებდნენ. დაიკითხა დაახლოებით 400 პირი, მათ შორის 300 მძღოლი, რომლებიც ამას ადასტურებენ.

გასულ წელს სატელიტური ანტენები ბაზრიდან ამოიღეს, რომ ხალხს თავისუფალი მედიისთვის არ ეყურებინა. თავდაცვის სამინისტროს თანხებით რამდენიმე ათასი სატელიტური ანტენა შეიძინეს, რაშიც 141 ათასი ლარი გადაიხადეს და ანტენები ისე დაასაწყობეს, არც გამოუყენებიათ.

- 1 მილიონ 650 ათასი დოლარი გადაიხადეს ისეთ ჯავშანჟილეტებში, რომლებიც ტყვიას ატარებს?!

- ეს ჯავშანჟილეტები უვარგისად წინა ხელისუფლებამაც აღიარა, მიუხედავად ამისა, ეს თანხა გადაირიცხა და არავის მოუთხოვია მისი უკან დაბრუნება.

ასევე შეიძინეს  50-იან წლებში ნაწარმოები კუსტარულად შეკეთებული "კალაშნიკოვები", რაშიც ათმაგი თანხა გადაიხადეს. ამ ავტომატების რეალური ფასი ბაზარზე ათჯერ ნაკლებია. სავარაუდოდ, ამ საქმეში კორუფციული გარიგება დაიდო.

- მეოთხე ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულმა ახალაიას კაბინეტმა, მოსასვენებელმა ოთახებმა და ძვირად ღირებულმა ავტომობილებმა რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

- ბაჩანა ახალაიას არაფერი ესაქმებოდა სამხედრო ნაწილში, რადგან მინისტრი თავდაცვის უწყების პოლიტიკის გამტარებელი და ზედამხედველია. შეიარაღებული ძალების მზადყოფნასა და მომზადებაზე პასუხისმგებლობა გაერთიანებულ შტაბს ეკისრება. ახალაიას აღრეული ჰქონდა ეს და სამხედრო მმართველად გვევლინებოდა.

რაში სჭირდებოდა ახალაიას პრემია? რაც სჭირდებოდა, იმ თანხას თავდაცვის ბიუჯეტიდან იღებდა და ამის ნათელი მაგალითია მისი აპარტამენტები და ეს მანქანებიც.

- რამდენიმე თვის წინ სოზარ სუბარი ლაპარაკობდა კონსპირაციულ ბინებში გადამალულ იარაღზე. ეს იარაღი ამოღებულია?

- სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვერაფერს გეტყვით.

- თქვენი აზრით, შაშკინი რატომ დაბრუნდა?

- შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობას" 19 აპრილს ხალხი აკლდება და შაშკინი გამოიძახეს, რომ აქციაზე  ერთით მეტი კაცი მივიდეს. ეს ხუმრობით. შაშკინი რატომაც ჩამოვიდა, მალე გახდება ცნობილი, მაგრამ ეს ჩემი სათქმელი არ არის.