"ბატონო ბიძინა, ნუ დაუშვებთ აფხაზეთის მთავრობაში კვლავ კეკლუცთა პარპაშს" - კვირის პალიტრა

"ბატონო ბიძინა, ნუ დაუშვებთ აფხაზეთის მთავრობაში კვლავ კეკლუცთა პარპაშს"

"თუ ჩვენ ვფიქრობთ შერიგებაზე, მაშინ სამწუხაროდ, კიდევ ბევრის დათმობა მოგვიწევს"

"საქართველომ უნდა დააღწიოს თავი იარაღთან საბედისწერო თამაშს"

ყოფილი პარტიზანული შენაერთის, "თეთრი ლეგიონის" მეთაური ზურაბ სამუშია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გია ბარამიას შესაძლო გათავისუფლებასა და მის ადგილზე ბესარიონ მიქელაძის მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ ლაპარაკობს. აცხადებს, რომ მიქელაძეს არ იცნობს არც ქართველი და არც აფხაზი საზოგადოება და მისი დანიშვნა არაფერს მოუტანს ქვეყანას.

- აფხაზეთის მთავრობის სათავეში ისეთი კაცი უნდა მოვიდეს, რომელიც მე და სერგეი შამბას შეგვარიგებს. ჩვენ ვერ დავახლოვდებით შუამავლის გარეშე. შუამავალი კი არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული კადრი კი არა, ბრძენი კაცი უნდა იყოს, რომელსაც აფხაზები პატივს სცემენ და მასთან დალაპარაკებაზე უარს არ იტყვიან, რადგან აფხაზეთში დღესაც გავლენიანია უხუცესთა საბჭო. მათ შეუძლიათ, ომიც კი შეაჩერონ. ლორიკ მარშანია იყო ასეთი კაცი... გასაგებია, რომ ცენტრალური მთავრობა შეიცვალა და აფხაზეთის მთავრობაშიც უნდა მოხდეს ცვლილებები, მაგრამ ისევ მხოლოდ ხელფასის ასაღებად უნდა დაინიშნოს ხალხი? მოვითხოვ, ხელისუფლებამ არ გაიმეოროს წინამორბედების შეცდომა და ე.წ. აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას სათავეში ჩაუყენოს ის, ვისაც აფხაზებთან მიესვლება. ბუტაფორიები არ გვჭირდება!

- ლეგიტიმურ მთავრობას ბუტაფორიულს უწოდებთ?

- ე.წ. აფხაზეთის მთავრობის ლეგიტიმაცია იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა საერთაშორისო ორგანიზაციების დასანახავად ჩამოეყალიბებინათ სიმბოლური სტრუქტურა. სასაცილოდ არ მყოფნის ამ მთავრობის დეპუტაციის მტკიცება, რომ თურმე ჩვენ, დევნილებს, ისინი აგვირჩევია მუდმივად. არადა, მხოლოდ ოთხწლიანი უფლებამოსილება აქვთ, რომელსაც თვითნებურად იგრძელებენ. ვიღაც იტყვის, სამუშიას თანამდებობა მოუნდაო. არაფერი მინდა ჩემს მიწაზე დაბრუნების გარდა. ეს მიქელაძე რომ აცხადებს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და ხალხი მიჭერს მხარსო, ვის მხარდაჭერაზე ლაპარაკობს? ოდესმე ყოფილა იმ ბიჭებთან, ვინც სისხლი ანთხია აფხაზეთის შესანარჩუნებლად და ვინც დღეს, სახელმწიფოს სამარცხვინოდ, გაჭირვებით ცხოვრობს? მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: გენდეთ, როდესაც არჩევნების წინ ზუგდიდში ყოფნისას თქვით, რომ ააშენებდით უნივერსიტეტს, სადაც კავკასიელები, აფხაზები ისწავლიდნენ, ყველაფერს გავაკეთებთ მათთან შესარიგებლადო. გენდეთ, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე დაიწყეთ ლაპარაკი და გთხოვთ, ნუ დაუშვებთ აფხაზეთის მთავრობაში კვლავ კეკლუცთა პარპაშს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის დეპუტაციიდან არც ერთთან აფხაზები მოსალაპარაკებლად არ დასხდებიან.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ამ დეპუტაციასა და აფხაზებს შორის კონფლიქტი ომამდე არსებობდა. ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. იმის თქმა მინდა, რომ შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. ყველას უნდა მოგვეკითხოს ჩვენი ცოდვების გამო.

- აფხაზები ხომ მიიჩნევენ, რომ მათ არც ცოდვები აქვთ და არც შეცდომები.

- უამრავი ცოდვა და შეცდომა აქვთ და ყველა ანტისახელმწიფოებრივი. რკინიგზის ათონი-გუდაუთის მონაკვეთზე რასაც სჩადიოდნენ, მარტო ის რად ღირს?! ყველა სატვირთო შემადგენლობა იძარცვებოდა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, თენგიზ სიგუას მონაცემებით, სახელმწიფოს სამ-ნახევარი ტრილიონი რუბლის ზარალი მიადგა. ასე რომ გაგრძელებულიყო, ვალებს თავს ვერასოდეს დავაღწევდით, ამიტომ გამართლებული იყო იქ კანონდამცავი ღონისძიებების გატარება.

- რა აზრის ხართ რკინიგზის შესაძლო აღდგენის თაობაზე?

- 2001 წელს სომხეთის ახალარჩეული პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა თბილისში და ნინო ბურჯანაძეს მოსთხოვა აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა. მაშინ ვთქვი, რომ მისი განცხადება იყო უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა, ბურჯანაძემ კი ბრძანა, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას წინ უნდა უსწრებდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაო. თავის დროზე ამ მაგისტრალის მონიტორინგი გავაკეთე, მისი უფუნქციობით წელიწადში დაახლოებით მილიარდი დოლარით ზარალდება საქართველო, რუსეთი კი 13 მილიარდს კარგავს.

- დღეს ხომ არ არის მოგვარებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, გამართლებულია რკინიგზის აღდგენა?

- მაგ საკითხს 2001 წელს სოჭში შევარდნაძე, პუტინი და არძინბას მთავრობის წარმომადგენელი რომ შეხვდნენ ერთმანეთს, მაშინ მოეწერა ხელი. გავაპროტესტე, აფხაზეთი მხარედ არ უნდა წარმოჩენილიყო, რადგან აფხაზეთის რკინიგზა საქართველოს რკინიგზაა-მეთქი. მაშინ ასე ამიხსნეს, ფსოუდან ენგურის ხიდამდე კონტროლი აფხაზურ მხარეს დაეკისრება და ამიტომაც იახლეს რუსებმა აფხაზი თანო.

- თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზას მხოლოდ აფხაზები გააკონტროლებენ, ეს ხომ ფაქტობრივად საზღვრის აღიარებას ნიშნავს?

- თუ ჩვენ ვფიქრობთ მოლაპარაკებებსა და შერიგებაზე, მაშინ კიდევ ბევრის დათმობა მოგვიწევს, სხვა შემთხვევაში ომის ენაა გამოსავალი, 21-ე საუკუნეში კი ომს შედეგი არ მოაქვს. სამწუხაროდ, აფხაზეთი რუსეთმა აღიარა და ახლა სხვა რეალობაა.

- აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რკინიგზა რომც გაიხსნას, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება არ გვინდაო...

- აფხაზები ყოველთვის ასე იჭერდნენ თავს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ალასანია რომ ჩავიდა, ხომ მიიღეს? მათ ირაკლი ჩათვალეს მისაღებ ფიგურად. სამწუხაროდ, ირაკლის არ დააცალეს საქმის კეთება, მეტიც, აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების და ალასანიას გეგმები ერთმანეთს ვერ ემთხვეოდა, რადგან 2006 წლის შემდეგ აფხაზებთან ფაქტობრივად შეწყდა დიალოგი. ვიცით, რითაც დასრულდა ეს 2008 წლის აგვისტოში. რუსეთმა აღიარა აფხაზეთი, იმის გაკეთების შესაძლებლობა მივეცით, რასაც მანამდე ვერ ახერხებდა, მიუხედავად იმისა, რომ 1993 წლიდან რუსეთი ტერიტორიულად და იურიდიულადაც აკონტროლებდა აფხაზეთს. ეს აღარ უნდა განმეორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ომამდე მივა საქმე, ავანტიურისტი პოლიტიკოსები ისევე მოიქცევიან, როგორც არაერთხელ და ბოლოს, 2008 წლის ომში მოიქცნენ.

- ამბობენ, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი ახლობელი, ყოფილი ჩინოსანი მეგის ქარდავა სამეგრელოს ტყეებშია გახიზნული და ნიშანს ელოდება, რომ ბუნტი დაიწყოს.

- არ ვიცი, სად არის მეგის ქარდავა, მაგრამ თუ ქვეყნის არევას აპირებს, ვეტყვი, ყველამ კარგად იცის, ასეთმა ბრიყვულმა საქციელმა საქართველო რა დღეშიც ჩააგდო. შეცდომებს პოლიტიკოსები უშვებდნენ, მათზე აყოლილი ზოგიერთი უგუნური კი ქვეყანას ანგრევდა, მარტო სამეგრელო რად ღირს? მერე აფხაზეთი... სოხუმში სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომელი ვიყავი და რომ არიეს ქვეყანა, იძულებული გავხდი, იარაღი ჩემი ოჯახის დასაცავად ამეღო და პარტიზანი გამხდარიყავი. ახლა იმავეს გაკეთების უფლება, თანაც წინასწარი განზრახვით, რომ ქვეყანა უნდა აირიოს ვიღაცის ინტერესების გამო, არ შეიძლება.

პოლიტიკოსებს შეუძლიათ ქვეყანა დაპირისპირების ზღვარზე მიიყვანონ და ყველაზე მძიმე წუთებში მიატოვონ, ისტორია კი არა მხოლოდ მათ, ჩვენც არ გვაპატიებს შეცდომას. ტყეში გავარდნა და ქვეყნის არევა კი არა, სტაბილურობის დაცვა უნდა იყოს ჩვენი საფიქრალი. თუ გარედან არ დაგვემუქრება საფრთხე, საქართველომ უნდა დააღწიოს თავი იარაღთან საბედისწერო თამაშს.