ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

დასავლური ექსპერიმენტი: "დემოკრატიის შუქურიდან" "კოჰაბიტაციამდე"

პირველ ოქტომბერს საქართველოში დასავლეთის ერთი პროექტი " "დემოკრატიის შუქურა", ჩაანაცვლა მეორემ "კოჰაბიტაციამ". ქართველი ხალხის არჩევანისადმი  დასავლეთის ასეთი უპირობო მხარდაჭერის მიზეზი სწორედ ეს იყო: მათ ძალიან ოპერატიულად გათვალეს, რითი შეიძლებოდა დასავლეთისთვის ყოფილიყო სარგებლიანი საქართველოში ხელისუფლების ცვლილება " ძალაუფლების გაყოფა ორი პოლიტიკური ძალის მიერ და შესაძლებლობის ფარგლებში მათი თანამშრომლობა. ანუ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ უშუალოდ არჩევნების მომენტი, არამედ შემდგომი პროცესიც, როგორც მისი ძალისხმევის დაგვირგვინება. დასავლეთის სურვილი, რომ ორ პოლიტიკურ სუბიექტს ერთობლივად ეთანამშრომლა და ემართა ქვეყანა, საქართველოს პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის ნამდვილად საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ არა "ნაციონალური მოძრაობის" წარსული. კოჰაბიტაციის სახელით ცნობილ დასავლეთის ამ მორიგ ექსპერიმენტში სურვილი და რეალობა ერთმანეთს გადაეჯაჭვა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, დასავლეთს ერთი მოტივიც ამოძრავებს: რაც შეიძლება მაქსიმალურად დააზღვიოს ახალი ხელისუფლებაც და საკუთარი თავიც, რომ "ქართულ ოცნებას" არ გაუჩნდეს ცდუნება ძველის შეცდომების გამეორებისა.

ჩვენ დღეს ვიღებთ იმ რეალობას, როდესაც დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესია, რომ საქართველოში პროცესები წარიმართოს ორი პოლიტიკური სუბიექტის თანამშრომლობის თუ არა, თანაარსებობის ფორმატში. მეტიც, ისინი ახალი ხელისუფლებისგან ითხოვენ აღიარონ და დაეყრდნონ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობის საუკეთესო ნაწილს", როგორც ეს ახლახან "ეკონომისტში" გამოქვეყნებულ ძალზე მწვავე წერილშია ხაზგასმული. დასავლეთის მთავარი პრეტენზია მმართველი კოალიციის მიმართ "ეკონომისტის" პირით ასე ჟღერს: "გაურკვეველია, არსებობს თუ არა, და ახალ ხელისუფლებას აქვს თუ არა ცვლილებების მამოძრავებელი საბაზისო ხედვა".

გაცილებით მძიმეა 18 თებერვლით დათარიღებული აშშ"ის კერძო სადაზვერვო სამსახურის "ლიგნეტის" მოხსენება, რომელშიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი დირექტორებიც მოღვაწეობენ. "ლიგნეტის" ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ "აშშ"ს კავკასიაში პარტნიორის დაკარგვა ემუქრება..." და საქართველოს აშშ"ის ორბიტაზე დამაგრების გზებს ეძებენ. "ტაგესცაიტუნგი" იტყობინება "ლიგნეტის" ანალიტიკოსთა დასკვნებზე: "როდესაც ნატოსა და ევროკავშირის პოტენციური წევრი საქართველო, როგორც მოწამლული ეკალი, ისე განიხილება რუსული დათვის რბილ ქვედატანში", სააკაშვილის ძალაუფლების დაკარგვა მოსკოვის წინააღმდეგ აშშ"ის გეგმებს ჩაშლიდა. ამიტომ მათ სურთ გადაარჩინონ ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება. მაგრამ თუ სააკაშვილი ისევე გააგრძელებს მოქმედებას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, მაშინ აუცილებლად წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს ოქტომბერში. ამიტომ ის უფრო მორიდებულად უნდა მოიქცეს და უსწრაფესად გამოაცხადოს ივანიშვილის კოალიციასთან კომპრომისის მზაობა. მხოლოდ ასე ექნება მას შანსი დარჩეს ხელისუფლებაში. ყველაფერი დანარჩენი დასავლეთისათვის მხოლოდ ხელიდან გაშვებული ხელსაყრელი შესაძლებლობა იქნება",- ასკვნის "ლიგნეტი".

ვფიქრობ, ეს არის საეტაპო სტატია იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ რამეს თვალსაჩინოს ხდის საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც საგარეო აქტივობების კუთხით, ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე.

ამ მხრივ განსაკუთრებით დატვირთული იყო პრემიერ"მინისტრის ბოლო ინტერვიუ "იმედზე", სადაც მან ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომელიც დღეს აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში არსებობს: "ჩემი სურვილიც ასეთი იყო, რომ პირველად ამერიკაში წავსულიყავი... ბოლომდე გააზრებული არა გვაქვს ჩვენს გუნდს, რა ხმები ჩადის დასავლეთში... ახლაც ელჩი ჩამოვიდა და მითხრა, რომ იქ მიდის დიდი ომი, ასეთ სიტუაციაში არ ვაკადრებ არც საქართველოს და არც აშშ-ს, იქ ჩავიდე ამ გაუგებრობაში, ყველაზე ცოტა, გაუგებრობა დავარქვათ. მინდა დავალაგო შიდაპოლიტიკური ურთიერთობები, რომ იქ ჩვენს ხელწერასთან დაკავშირებით ეჭვები აღარ იყოს, რის გავრცელებასაც ყოფილი ხელისუფლება ოსტატურად უწყობს ხელს". როგორც ამ ციტატიდან ჩანს, დასავლეთთან ურთიერთობის მოწესრიგების პირობა შიდაპოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირება ყოფილა.

არანაკლებ ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პრემიერისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების თემაც სწორედ ის დეზინფორმაცია იყო, რომელიც მიზანმიმართულად გადის დასავლეთში. როგორც ჩანს, სიტუაცია სერიოზულია, რადგან ამ შეხვედრის შემდეგ ივანიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა, პრემიერმა და პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო კურსის თაობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთონ. აქამდე პრემიერი პრეზიდენტთან ერთობლივი აქტივობებისგან თავს იკავებდა, დღეს კი ამაზე თანახმაა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: უმრავლესობა დიდი ხანია ცდილობდა, დაეთანხმებინა უმცირესობა საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმართულებების შესახებ ერთობლივ რეზოლუციაზე, სადაც საუბარია საქართველოს საგარეო კურსის ურყევობასა და ევროატლანტიკური მიმართულებით სვლაზე. ამ რეზოლუციის პირველ ვარიანტში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ საქართველო არ უნდა იქცეს დაპირისპირების ობიექტად საერთაშორისო ურთიერთობებში. "ნაციონალების" პრინციპული მოთხოვნა იყო, ეს ფრაზა ამოღებულიყო რეზოლუციის პროექტიდან. საბოლოო ტექსტში ეს ფორმულირება შეცვლილია უფრო რბილი ფორმულირებით, რომ "საქართველოს საგარეო ევროატლანტიკური კურსი უპირველესად ქვეყნის მდგრად დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება და არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომ საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში აშშ"ის, ევროკავშირისა და რუსეთის ფედერაციის ინტერესების დაახლოებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად".

თუმცა ამ რეზოლუციის საბოლოო ხელმოწერილი ტექსტი, სადაც დაფიქსირებულია, რომ "საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. საქართველო არ გაწევრდება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრიორიტეტს", მნიშვნელოვანი ფარია ახალი ქართული ხელისუფლებისთვის, რადგან იგი ნათლად ადასტურებს მის ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსისადმი და ფაქტობრივად საფუძველს აცლის ეჭვებს მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე.