მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ღირსების საკითხი

დიდი აჟიოტაჟი ატყდა იმის გამო, რომ ანსამბლი "ერისიონი" მოსკოვში, თანაც - კრემლის საკონცერტო დარბაზში კონცერტის გასამართად გაემგზავრა და  ვფიქრობ, ეს აჟიოტაჟი უნდა ატეხილიყო. რა თქმა უნდა, მოღალატედ კონცერტის გამო არავინ უნდა გამოაცხადო, მაგრამ ამაზე მსჯელობა აუცილებელია. ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიიდან დამპყრობლის გაძევება ყველა ქართველის ვალია და ეს პოლიტიკაში ჩარევა კი არა, ქვეყნის ინტერესების დაცვაა, ხოლო იმის მტკიცება, რომ რუსებისთვის ჩვენი კულტურის ჩვენება რამე შედეგს გამოიღებს - გულუბრყვილობა. ვინმემ ამიხსნას, რატომ უნდა ვუმტკიცოთ რუსებს, რომ დიდი კულტურა გვაქვს? თუ ვინმეს ჰგონია, რომ  რუსები იტყვიან: ვა, ქართველებს რა მაგარი კულტურა ჰქონიათო, გული აუჩუყდებათ და პუტინს მოსთხოვენ, საქართველოს წართმეული ტერიტორიები დაუბრუნეო? რატომ უნდა ეგონოთ რუსებს, რომ მათ გარეშე ვერ ვძლებთ, რომ რაც უნდა დაგვმართონ, მაინც არაფერი გვეწყინება და კვლავაც მათ გართობაზე ვიზრუნებთ? სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ის ხალხი, ვინც სააკაშვილის დროს ღირსების წართმევაზე მოთქვამდა, დღეს რატომ არის მზად, საკუთარი ღირსება კრემლის სცენაზე დააგდოს. ამაზე ვწუხვართ, თორემ დარწმუნებული ვარ, "ერისიონის" კრემლში გამოსვლით რუსეთ-საქართველოს გაფუჭებულ ურთიერთობებს არც არაფერი შეემატება და არც არაფერი დააკლდება.

არის თუ არა ეს დიპლომი?!

ესე იგი, ერთი - სულიკოს საფლავს ეძებს მთელი ქართველი ხალხი და მეორე - წულუკიანის დიპლომს ელოდა სულმოუთქმელად. და "პირველი არხის" ეთერში ეს დიპლომიც გამოჩნდა! წულუკიანი იმ გადაცემაში ისე იყო გაწიწმატებული, რომ მეგონა, როდესაც დიპლომები შემოუტანეს, იპოლიტე ხვიჩიასავით შესძახებდა: "არის თუ არა ეს დიპლომი?!" ისე, ცოტა დააკლდა, თუმცა სკეპტიკოსები მაინც ვერ დაარწმუნა. საბოლოო პასუხი, ალბათ, მაინც განათლების სამსახურის აკრედიტაციის ცენტრმა უნდა გაგვცეს, რომელსაც ევალება საზღვარგარეთული დიპლომების აღიარება, მაგრამ მას არავინ მიმართავს. წულუკიანი ირწმუნება, იურისტი ვარო, წერილებსაც უკვე ხელს ასე აწერს: "გკოცნით თქვენი იურისტი თეა წულუკიანი".  მას საფრანგეთის ელჩიც ეთანხმება, მაგრამ ოპონენტები მაინც ჯიუტად გაიძახიან, დაიდოს იურისტის დიპლომიო. მე მგონი, ეს ისეთი საკითხია, სადაც "კეისრის ცოლის პრინციპი" უნდა მოქმედებდეს. ხომ გახსოვთ, კეისარი ცოლს რომ გაეყარა, ჰკითხეს, რას ერჩოდი, ხომ იცოდი, რომ ხმები მისი ღალატის შესახებ მხოლოდ ჭორები იყო და მეტი არაფერიო. კი, ვიცოდი, მაგრამ კეისრის ცოლზე ეჭვიც არ უნდა არსებობდესო. რადგან ეჭვი გაჩნდა, ის უნდა გაიფანტოს. თუ კანონის უზენაესობაა, კანონი რასაც ითხოვს, ის უნდა გავაკეთოთ.

წულუკიანს ოთხი დიპლომი ჰქონია, ორი - ქართული, ორიც - საზღვარგარეთული. მე კიდევ ერთი მაქვს და ისიც - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამაგიეროდ - არანაირი პრობლემა!

მოგვატყუეს?

ამას წინათ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დავრეკე, გადაცემაში მინისტრის მოადგილის - ლევან იზორიას მოწვევა მინდოდა. მკითხეს, რა თემაზეო. ვუპასუხე, საწვავის ფასებზე-მეთქი. კი გაუკვირდათ, მაგრამ რა მექნა - წინასაარჩევნოდ სწორედ ბატონი ლევან იზორია აკეთებდა საწვავის ფასებზე განცხადებებს, თან დოკუმენტებით ასაბუთებდა, რომ საქართველოში საწვავის ფასი გაბერილია, მონოპოლიები და ოლიგოპოლიები არსებობს და ამიტომ სულ ცოტა, 30-40 თეთრით იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე უნდა ღირდესო.

აჰა, შეიცვალა ხელისუფლება, გავიდა ოთხი თვე, მაგრამ ამ მხრივ ძვრა არ არის. საახალწლოდ კი დაიკლო ცოტათი, მაგრამ ორი კვირის წინ ისევ მოიმატა. მეგონა, ფასი კაი ხანს თავქვე ივლიდა, ვიდრე რეალურ ნიშნულს არ მიაღწევდა, მაგრამ, როგორც სააკაშვილი იტყოდა - ნურას უკაცრავად! საწვავი საქართველოში ისევ ძალიან ძვირია.

რა მოხდა? სწორედ ამის კითხვა მინდოდა ბატონი ლევანისთვის, რადგან, როგორც გითხარით, "ქართულ ოცნებაში" სწორედ მას ებარა ეს თემა, მაგრამ რად გინდა? რამდენიმე დღეში მიპასუხეს, ბატონმა ლევანმა დიდი მოკითხვა შემოგითვალა, მაგრამ გადაცემაში ამ თემაზე სასაუბროდ ვერ მოვა, რადგან უხერხულია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საწვავის ფასებზე საუბრობდესო. კი მაგრამ, ის არ არის უხერხული, ყველანი მოტყუებულები რომ  აღმოვჩნდით? ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი? წინასაარჩევნოდ გვატყუებდნენ და არ იყო ბენზინის ფასი გაბერილი თუ ახალი ხალხი ჩაჯდა წილში? კითხვები თუ არსებობს, პასუხიც უნდა გაეცეს, თორემ მარტო საკუთარი თავისთვის პრემიების გამოწერა საკმარისი არ არის.