"პირადად არასოდეს დავჯდები ხიშტებზე"
30-11-2009
"დაპირებები სრულდება!" - ბილბორდები ამ წარწერით დედაქალაქში არაერთგან შეგხვდებათ. ხელისუფლება თავს იწონებს გაკეთებული საქმეებით. ეს კი იმის სიმპტომია, რომ საარჩევნო კამპანია უკვე ძალას იკრებს. ხელისუფლების სამზადისი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილს ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. გასულ კვირას ოპოზიციის ნაწილის განაწყენების მიზეზი 30%-იანი საარჩევნო ბარიერი გახდა, მაგრამ როგორც უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განგვიცხადა, ოპოზიციას განაწყენებულის პოზა არ წაადგება:
- საარჩევნო კოდექსზე მუშაობაში ყველა ოპოზიციური პარტია რომ ჩართულიყო, კომისიის
მუშაობა უფრო ნაყოფიერი იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეგონათ, ქუჩიდან შეიძლებოდა პოლიტიკური ვითარების  კარდინალურად შეცვლა. ახლა ეს ბავშვური ფანტაზიები წარსულს ჩაჰბარდა და ოპოზიციის ნაწილმა  გადაწყვიტა, კონსულტაციების  პროცესს შემოერთებოდა. შედეგად, თუ აქამდე მერის არჩევნები არაპირდაპირი წესით ხდებოდა, ახლა პირდაპირით ჩატარდება. აქამდე არც საარჩევნო ბარიერი იყო, ამჯერად კი
30%-იანი დაწესდა. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ მერის კანდიდატურას წარადგენენ არა საზოგადოებრივი ჯგუფები, არამედ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები. ეს ოპოზიციის მოთხოვნა იყო და გავითვალისწინეთ. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც კონსულტაციებში მონაწილეობდა და შემდეგ გამოეთიშა,  "ალიანსი" აღმოჩნდა. ჯერ 50-იანი, მერე კი 45%-იანი ბარიერის მოთხოვნა, ჩემი აზრით, მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციები იყო. აქამდე სულ გვესმოდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების დანიშნულია, პრეტენზიები ჰქონდათ ლევან თარხნიშვილთან. საზოგადოების იმ ნაწილის აზრს გავუწიეთ ანგარიში, რომელიც ამბობდა, ოღონდ ეს კაცი არ იყოს ცესკოს თავმჯდომარეო.
კონსულტაციებზე გადაწყდა, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს წარადგენს და ოპოზიციური პარტიები მათგან ყველაზე მისაღებს აირჩევენ.
ოპოზიციური პარტიები გვეუბნებიან, ადგილობრივ არჩევნებში ცალ-ცალკე მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ თუ დავმარცხდით და ვერც თქვენ დააგროვეთ 50%, დაინიშნოს მეორე ტური, რომელშიც ეს წინააღმდეგობით აღსავსე განსხვავებული პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან ერთადერთი ნიშნით, როგორმე დაამარცხონ ერთი პოლიტიკური ძალა. თბილისი არ უნდა ვაქციოთ არენად, სადაც არაჯანსაღი დაპირისპირება გაიმართება. ის, რომ პირველი ტურის შემდეგ სიძულვილით გაერთიანებული კონგლომერატი შეეცდება, დაამარცხოს ერთი პოლიტიკური ძალა, არა მგონია, თბილისისა და, საზოგადოდ, საქართველოსთვის კარგი იყოს.   
ქართველი საზოგადოება მოწმე იყო ოთხთვიანი პოლიტიკური პროცესისა, რომელიც, ძირითადად, ქუჩაში მიმდინარეობდა. ეს დაფუძნებული იყო ქუჩების გადაკეტვაზე, რკინიგზის ლიანდაგებში აგურების ჩაჭედვასა და მოწოდებებზე, მაგისტრალები გადავკეტოთ, რომ საქართველომ სატრანზიტო ფუნქცია დაკარგოს და ტვირთების გადაზიდვა ვერ შეძლოსო. არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ უთქვამს, სააკაშვილის ხელისუფლება იმიტომ არ მომწონს, რომ მე უკეთ შემიძლია ამა და ამ საქმის გაკეთებაო.
ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლება ომის დამწყებადაც კი გამოაცხადა.  თურმე აგრესორი საქართველო თავს დაესხა რუსეთს. პუტინმა განაცხადა, საბჭოთა კავშირის დაშლა  XX საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფააო. ცხადია, ასეთი ლიდერი მუდამ ეცდება თავისი ქვეყნის გავლენის სფეროები განავრცოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე.

- პუტინმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეც ისაუბრა.
- როგორ შეიძლება საქართველოს გაერთიანებაზე ფიქრობდეს კაცი, რომლის მიზანი რუსული იმპერიის აღდგენაა? სინამდვილეში, რუსეთი გვთავაზობს, რომ მის ვასალებად ვიქცეთ და არ გვქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა.

- ბოლო დროს ქართული სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან  და კონცერტებშიც მონაწილეობენ.
- არ მივესალმები ასეთი ტიპის კონტაქტების გაღრმავებას, სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და დევნილების დაბრუნების საკითხი არ არის გადაწყვეტილი. გასაგებია, რასაც ემყარება რუსული საგარეო პოლიტიკა. ისინი აპელირებენ ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარე თემებით: მართლმადიდებლობითა და ჩვენი ურთიერთობებით სახელოვნებო სფეროში. ჩვენ არ გვინდა ომი რუსეთთან. გვინდა ვიყოთ თავისუფალი და  ჩვენს სამშობლოში მშვიდად ვიცხოვროთ. რატომ არის ეს რუსეთისთვის მიუღებელი? საქართველოს ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ უნდა თავისუფალი იყოს. შეგვიძლია თავისუფლებაზე უარის თქმა? მაშინ მოიყვანოს ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში ვაჟა ლორთქიფანიძე, იგორ გიორგაძე, ნინო ბურჯანაძე და ამ ტიპის მოწითალო-მოვარდისფრო პირები და დავიწყოთ სხვანაირად ცხოვრება. ასეთი საქართველო მე არ მინდა!
რა თქმა უნდა, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და არც მედიაშია ყველაფერი კარგად, მაგრამ თქვენთან მოსულა ვინმე და უთქვამს, ეს სტატია რატომ დაწერეო? პრობლემები ბევრ სფეროში იქნება, მაგრამ განვასხვაოთ ერთმანეთისაგან მეორეხარისხოვანი და მთავარი. კრიტიკას მივიღებთ, მაგრამ კრიტიკა არ ნიშნავს თოფებისა და ზარბაზნების სროლას. თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ჩვენზე წარმატებული აღმოჩნდება, ის მოვა ხელისუფლებაში. გამორიცხულია ხელისუფლების ხიშტებით შენარჩუნება. არის ერთი ძველი გამოთქმა: ხიშტებით შეიძლება რამე მოიპოვო, მაგრამ ხიშტებზე ვერასოდეს დაჯდები. პირადად არასოდეს დავჯდები ხიშტებზე და თუ მაინცდამაინც არჩევანი მექნება გასაკეთებელი, გადავჯდები გამომცემლის სკამზე და წიგნებს გამოვუშვებ ბავშვებისთვის.

- დასასრულ, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დამდგენ კომისაზე მინდა გკითხოთ. თქვენ ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერი იყავით და უცნაურია, რომ ამ კომისიის წევრი არა ხართ.
- კონსტანტინე გამსახურდია ყოველთვის დისტანცირებული იყო ეროვნული მოძრაობისაგან, რომელსაც სათავეში მამამისი ედგა. კონსტანტინე გამსახურდია არ მინახავს არც თბილისის ომის დროს, არც ჩეჩნეთში, არც სამეგრელოში, როდესაც საქართველოში დაბრუნდა ზვიად გამსახურდია; არ მინახავს არც ზვიად გამსახურდიას დაკრძალვაზე გროზნოში, სადაც 3500 ქართველი ჩავიდა. კონსტანტინე  გამსახურდიას არ ვიცნობ და ვერც მის შესაძლებლობებზე ვილაპარაკებ. მე ვიყავი ყველგან, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამოცანები წყდებოდა და ის არსად მინახავს. თუმც, რადგან კონსტანტინე გამსახურდია მამისაგან დისტანცირებული იყო, შეიძლება მეტად ობიექტური იყოს. ამ კომისიის წევრი იმიტომ არა ვარ, რომ პირდაპირ ვაღიარებ, - ობიექტური ვერ ვიქნები, რადგან ჩემი აზრი მაქვს იმაზე, რაც საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა.


zo-na zonadze
04 დეკემბერი 2009 12:21
ბოცო, უკვე ზიხარ ხიშტზე და ვერ გაგიგია!!!
giorgi miminoshvili
03 დეკემბერი 2009 01:47
სასწრაფოდ ასათიანზე, გაურეკავს ამ თვითკმაყოფილ სუბიექტს.
izo
02 დეკემბერი 2009 16:32
მადლობა ჩემს მკითხველს გამოხმაურებისათვის.
თქვენს კომენტარებს დიდი ინტერესით ვეცნობი. ასევე სიამოვნებით გავეცნობი თქვენ წინადადებებს. რომელ პოლიტიკოსთან და რა თემებზე გსურთ ინტერვიუ. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.
პატივისცემით იზო რიკაძე.

რედაქტორის რჩევით