სქელი კედელი...
30-11-2009
"შესაძლოა, საახალწლოდ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს"

ქსპრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მოსკოვში სიარულს მოუხშირა. იგი ერთმანეთზე მიყოლებით უკვე ორჯერ იყო რუსეთში. თბილისში დაბრუნებულს მოსკოვური შეხვედრების დეტალებზე ექსკლუზიურად "კვირის პალიტრა" ესაუბრა.
- 27 სექტემბერს მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩავატარეთ, რომელიც საქართველოს გაერთიანების საკითხს ეხებოდა. ყველა ექსპერტის რჩევა იყო, გაგვეხმაურებინა ჩვენი ინიციატივა სახალხო დიპლომატიის როლთან დაკავშირებით, რაც აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დათბობას უკავშირდება. ამას მოჰყვა ჩვენი ვიზიტები რუსეთში, სადაც ქართულ, აფხაზურ, ოსურ დიასპორებს შევხვდით. ჯერჯერობით, უშუალოდ
სოხუმთან და  ცხინვალთან  კონტაქტებისგან თავს ვიკავებთ, რადგან მოგეხსენებათ, ამ რეგიონებში წინასაარჩევნო პერიოდია. ნაკლებად მაშფოთებს ჩვენს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნა. ეს არის კედელი, რომელიც ბერლინის კედლის მსგავსად შეიძლება დაინგრეს. ბევრად უფრო მაშფოთებს კედელი, რომელსაც  ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის სააკაშვილი აშენებს. ეს კედელი შესაძლოა,
იმდენად სქელი აღმოჩნდეს, რომ საქართველოს  გაერთიანების შანსი ხელიდან გავუშვათ.
როდესაც პირველად ჩავედით მოსკოვში,  ხელახლა და მით უფრო სწრაფად ჩასვლას არ ვგეგმავდით. მაგრამ იქ  დაგვხვდა დიასპორების და ასევე საქართველოს ხალხთა ასამბლეის მიერ მომზადებული (გოჩა ძასოხოვის ხელმძღვანელობით) ძალზე საინტერესო წინადადებები. შევხვდი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის გრეგორი კარასინს; ცალკე შეხვედრა მქონდა ევგენი პრიმაკოვთან, ასევე რუსეთის სათათბიროში "სპრავედლივაია რასიას" და "ედინაია რასიას" წარმომადგენლებთან. მათ ვესაუბრე ტირძნისელი მოსწავლეების გათავისუფლების საკითხზე. ჩემი აზრით, ჩვენს თანამოსაუბრეებს კარგად ესმოდათ, რომ მოზარდები სასწრაფოდ უნდა გაეთავისუფლებინათ. მეორე საკითხი გახლდათ რუსეთ-საქართველოს დახშული საჰაერო სივრცის გახსნა. შედეგად შესაძლოა მივიღოთ ის, რომ მინიმუმ საახალწლოდ და საშობაოდ, ხანმოკლე ვადით მაინც მოხდეს საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.…

- ახლახან ახსენეთ, რომ ჯერჯერობით აფხაზეთთან და ცხინვალთან კონტაქტებს ერიდებით... მაგრამ ამდენი თუ შეგეძლოთ, პრემიერმინისტრობის დროს რას აკეთებდით?

- ჩემი პრემიერმინისტრობის დროსაც  მქონდა მოლაპარაკებების მცდელობები აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთოებათა დათბობის თვალსაზრისით და საზოგადოებისათვის ყველაფერი ცნობილია.

- ბატონო ზურაბ, თქვენ ხომ ისევ პრემიერ-მინისტრი არ ბრძანდებით. როგორ უნდა დაიწყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენა ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებისა და ქართული ოპოზიციის ურთიერთობით?

- სწორად შენიშნეთ. ამ საკითხებზე მთავრობა უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ, მაინც მაქვს შედეგების მიღწევის იმედი.

- ახლახან ერთ-ერთ ინტერვიუში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, - სინამდვილეში ნოღაიდელი სააკაშვილმა გაგზავნა რუსეთშიო.
- გოგა ხაინდრავამ საკუთარ თავს მიხედოს. მის ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ.
რუსეთში მილიონ ორასი ათასამდე ქართველი ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, ისინი არჩევნებში ვერ მონაწილეობენ და მათ ხმებს სააკაშვილის ხელისუფლება აყალბებს. მოსკოვში იმასთან დაკავშირებითაც გვქონდა მსჯელობა, რომ  მოხდეს არალეგალი ქართველებისთვის ლეგალიზაციის გაადვილება, უკვე რეგისტრირებულებს კი არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცეს. რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას საარჩევნო უბნები და ამ გზით, წარმოიდგინეთ, რამდენი ხმის გაყალბების უფლებას აღარ მივცემთ  ხელისუფლებას.

- რა აზრის არიან რუსეთში პუტინის ცნობილ გამონათქვამზე საქართველოს გამთლიანებასთან დაკავშირებით?
- არავინ არავითარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის რუსეთში. საქმე ასე მარტივად არ არის. ჩვენ თავად თუ არ აღვადგენთ ურთიერთობებს აფხაზებთან და ოსებთან, არც არაფერი შეიცვლება. ისე კი პუტინის იმ ცნობილ გამონათქვამზე, საქართველოს გამთლიანებაზე გვქონდა საუბარი რუსეთის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრიმაკოვთან. ჩვენი ხედვა და სტრატეგია ამ საკითხის გადაწყვეტისადმი თანამიმდევრული გახლავთ.

- უფრო კონკრეტულად?
- მეტს ჯერჯერობით ვერ მოგახსენებთ.

- ნუთუ რუსეთში არ დაინტერესდნენ, - თქვენი პრემიერმინისტრობისას იმავე პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით თანამიმდევრულ პოლიტიკას რატომ არ ახორციელებდით?
-…ყველამ მშვენივრად იცის, ჩემი პრემიერმინისტრობის დროს ამ მიმართულებით ძალისხმევა არ დამიკლია.
მე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიყავი და კონსტიტუციაშიც შეგიძლიათ წაიკითხოთ, პრემიერ-მინისტრის მოვალეობა რაც არის. ამის გარდა ყველამ მშვენივრად იცის, როგორია ძალთა რეალური განლაგება საქართველოს სახელისუფლებო პირამიდაში.

- აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დათბობის ძალისხმევაზე საუბრობთ... გვახსენდება თქვენი წინამორბედის მცდელობები ამ თვალსაზრისით, ჟვანიას ვიზიტი ცხინვალის რეგიონში. თქვენი მცდელობა კი არ გვახსენდება...

- ეს შეკვეთილი კითხვაა, მაგრამ ამას აღარა აქვს მნიშვნელობა...

- შეკვეთილი კითხვა რას ნიშნავს, ვინ შეგვიკვეთა?
- არა, მე უშუალოდ თქვენ არაფერს გაბრალებთ. ზოგადად,  ეს შეთხზული და მოგონილი კითხვაა.

- საინტერესოა, წარდგებით თუ არა სახალხო სასამართლოს წინაშე "მაესტროს" ეთერში, როცა ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით მამხილებელი აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდება?
- ჟვანიას გარდაცვალების გარემოებასთან დაკავშირებით რაიმე სათქმელი რომ მქონდეს, დიდი ხანია ვიტყოდი. არ მესმის, თუ ვინმეს აქვს ასეთი ჩანაწერი, ამდენ ხანს რატომ არ გამოაქვეყნა?

- ძალიან ხშირად ისმის შეკითხვა, - როგორ დააგროვა ზურაბ ნოღაიდელმა 70 მილიონი პრემიერმინისტრობის დროს, რაც მისი ქონებრივი დეკლარაციებით აისახა.
- სამწუხაროდ, არ მაქვს დეკლარირებული 70 მილიონი. ეს თემა პრესაში ბეჟუაშვილმა შეუკვეთა... მაშინ ეს ამბავი განვიხილე  სააკაშვილთან და კატეგორიულად არ მოვითხოვე - ან მე და ან ბეჟუაშვილი-მეთქი. სამწუხაროდ, იმხანად ვერ მივხვდი, რომ ამ პიარში მთავარი გმირი ბეჟუაშვილი კი არა, სააკაშვილი იყო.

- ბოლო დეკლარაციაში რამდენი მილიონის ქონება გაქვთ დაფიქსირებული?
- სამწუხაროდ, მილიონები არ მაქვს. ადრე შევსებული დეკლარაციები კი თავად შეგიძლიათ მოიძიოთ. დღეს ჩემი შემოსავლის  მნიშვნელოვან ნაწილს პოლიტიკური საქმიანობისთვის ვხარჯავ.


machabeli
05 დეკემბერი 2009 00:21
დაწყნარდით ხალხო ნუ დაჭამთ ერთამნეთს

ყველამ იცის რომ ნოღიდელი ბელადმა მადლობებით გაუშვა თანამდებობიდან
თან, იმ პერიოდში მიშაც თითქოს არაფერს აშავებდა

მერე გარეკა მაგრამ რა გარეკააააა

ნოღაიდელი იქნება თუ ფურცხვანიძე, ვინც ამ მხეცების გასტუმრებაში მონაწილეობას მიიღებს, ყველას გაუმარჯოს ღმერთმა
lexo
04 დეკემბერი 2009 20:27
ზურაბ ნოგაიდელი არ მომწონს მაგრამ, საერთოდ, შეურაცმკოფელი ეპითეტების გამოყენება პოლიტიკოსის ან საზოგადო მოგვაწის მიმართ არასწორი მგონია... რა თქმა უნდა, მათ გაკეთებული საქმეების მიხედვით უნდა მოვკითხოთ პსუხი...
eka asatiani
04 დეკემბერი 2009 13:23
თქვენს ასეთ პოლიტიკურ ვნებათაღელვას მხოლოდ დემოკრატიის სიო თუ დააცხრობს... მადლობა ყველას, ვინც საკუთარი აზრი გამოთქვა და გამოგვეხმაურა. დაე, ერთად ვეძებოთ პრობლემებიდან გამოსავალი.

რედაქტორის რჩევით