გრიგოლ ვაშაძეს "ბასტა?!" - კვირის პალიტრა

გრიგოლ ვაშაძეს "ბასტა?!"

"მსგავს აღიარებას სააკაშვილი და მისი გარემოცვა არავის აპატიებს"

გასული კვირის სკანდალურ გმირად შესაძლოა მივიჩნიოთ საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ლონდონში ვიზიტისას, საერთაშორისო სემინარზე ღიად განაცხადა, - საქართველოს ხელისუფლება ქართულ დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს ეხმარებაო.…

"ქართველი მინისტრი აღიარებს, რომ "რუსთავი 2"-სა და "იმედს" სახელმწიფო აფინანსებს" - ამ სათაურით  გამოაქვეყნა პუბლიკაცია საქართველოს მედიაცენტრმა  თავის ვებგვერდზე. სკანდალურ განცხადებას სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა.  "რუსთავი 2"-ის ყოფილი ხელმძღვანელი და "მაესტროს" ამჟამინდელი მმართველი ეროსი კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ ვაშაძის ასეთი "თავგანწირული სულისკვეთება უკვალოდ არ ჩაივლის" და მას თანამდებობიდან გადაყენება არ ასცდება.…

ეროსი კიწმარიშვილი: - მე ტექსტის ინგლისური ვარიანტი წავიკითხე, სადაც ვაშაძე ამბობს, - სახელმწიფო დახმარების გარეშე მედია ვერ განვითარდებაო. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, ამაში რა იგულისხმა...  მინისტრს სახელმწიფოს მიერ ტელევიზიების დაფინანსება თუ ჰქონდა მხედველობაში, ეს დიდი კანონდარღვევაა და საქმე გვაქვს მაღალი დონის კორუფციასთან.

სკანდალური ის გახლავთ, რომ ასეთი აღიარება საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, თორემ ყველამ ისედაც კარგად იცის ყველაფერი. აქ იმ ტელევიზიების  ფინანსურ დახმარებაზეა  ლაპარაკი, რომლებიც სააკაშვილის საკუთრება გახლავთ! პრობლემაა ისიც, რომ ამგვარად დაფინანსებული მედია გავლენას ახდენს სხვა ინსტიტუტებზე. …

- პრეზიდენტის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ვაშაძემ საკანონმდებლო დონეზე დახმარება და საგადასახადო შეღავათები იგულისხმა.

- ასე თუ არის, მაშინ კიდევ ერთ უბედურებასთან გვაქვს საქმე: საგადასახადო შეღავათები თუ ვრცელდება მხოლოდ ერთ ან  ორ კომპანიაზე  და არა  ყველა ტელევიზიაზე, ამას კორუფციული გარიგება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება ჰქვია.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ს პირდაპირი შესყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად  გადაეცა უზარმაზარი კომპლექსი, სადაც "ვარსკვლავების აკადემიის" ჩაწერა მიმდინარეობდა და შენობა თავზე ჩამოექცათ. "მაესტროს" ან "კავკასიას" არასდროს მიუღია მსგავსი დახმარება.

- ბატონო ეროსი, იქნებ ისიც გვითხრათ, ვინ არიან "რუსთავი 2"-ის და "იმედის" ოფიციალური მფლობელები და რატომ მიგაჩნიათ, რომ ეს ტელევიზიები სააკაშვილის საკუთრებაა?

- ოფიციალურად ცნობილია, რომ "იმედის" მფლობელია არაბული კომპანია "რაკიინ დეველოპმენტი". ჩემი ინფორმაციით,  ამ კომპანიას არაბულ "რაკიინთან" არავითარი  კავშირი არა აქვს და მხოლოდ მის სახელს იყენებს.  არაბული კომპანიის სათავო ოფისის წარმომადგენლები "იმედთან" კავშირს თავადვე უარყოფენ. დღეს  ამ არაბული "რაკიინის" ვითომდა წარმომადგენლად  გვევლინება გოგი გეგეშიძე. ფორმალურად მასზე და ირაკლი ჩიქოვანზეა გაფორმებული სააკაშვილის წილები.

ცხადია, "იმედის" კანონიერი მფლობელი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივია, რომელსაც ქონების დაბრუნების თაობაზე დავა აქვს საერთაშორისო სასამართლოებში. როგორც იცით,   გოგი გეგეშიძე გახლავთ დღევანდელი "რუსთავი 2"-ის დირექტორი, ირაკლი ჩიქოვანი კი ყოფილი  დირექტორი. გოგი გეგეშიძე ამ შემთხვევაში სააკაშვილის "ჯიბის" ფუნქციას ასრულებს.

ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ "რუსთავი 2", "იმედი," "ალანია", "საქართველო", აჭარის ტელევიზია პირდაპირი მაგალითებია იმისა, თუ როგორ ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან არაკანონიერი გზით, სახელმწიფო შემოსავლების გადაქაჩვა კერძო იურიდიული პირის სასარგებლოდ. ცალკე საკითხია, თუ როგორ იყენებენ ამ მედიასაშუალებებს ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი მიზნებისთვის. აქ ადგილი აქვს როგორც კორუფციის ასპექტებს, ასევე  არასამართლიანი, არაჯანსაღი კონკურენციის დანერგვას მედიაში.

- ბატონო ეროსი, ასეთი მაღალი დონის კორუფციის არსებობაზე როცა ლაპარაკობთ, იმასაც გულისხმობთ, რომ სახელმწიფოს მიერ ტელევიზიებისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვაზე კონტროლს არავინ ახორციელებს?

- ჩემთვის უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია, სააკაშვილი საკუთარ თავს კიდევ მოჰპარავს თუ არა ფულს.

მეტი კორუფცია რაღა გინდათ, როცა სააკაშვილი ფულს თავის კომპანიაში რიცხავს, ის პირები კი, რომლებიც სახელმწიფო ფულსა და სააკაშვილს შორის დგანან, "რაღაცას" სახლშიც ეზიდებიან.…თუ არ გჯერათ, წადით ბეთანიაში და ნახავთ მშენებარე აგარაკებს. ფაქტობრივად, იმ ფულის მიმოქცევის გაკონტროლება, რომელიც ზემოთ ხსენებული ტელევიზიებისთვის იხარჯება, შეუძლებელია.

დღეს "ალანიას" დამფუძნებელია ერთ დროს ჩემთან მომუშავე ოპერატორი, რომელიც ვანოს თანასოფლელობის გამო აღმოჩნდა ამ "საპატიო ადგილას". იგი სოფელ უდეს მკვიდრია და მერაბიშვილისთვის ისეთივე "ჯიბეს" წარმოადგენს, როგორსაც სააკაშვილისთვის გეგეშიძე.

- "კავკასიის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ სატელევიზიო ეთერში რეკლამების განთავსებაზეც ხორციელდება კონტროლი.

- ეს  ცალკე სერიოზული თემაა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, სამინისტროები ხალხისავე ფულით რატომ აწონებენ თავს ხალხს. ამისთვის კოლოსალური თანხები იხარჯება. ასეთი სატელევიზიო რგოლები განსაკუთრებით ხშირად წინასაარჩევნო პერიოდებში ტრიალებს. ბუნებრივია, ესეც, გარკვეულწილად, ტელევიზიებისათვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას წარმოადგენს.

- როგორ ფიქრობთ, გრიგოლ ვაშაძემ რატომ ისაუბრა სახელმწიფოს მიერ ტელევიზიებისთვის გაწეულ დახმარებებზე?

- ვერ გეტყვით! თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გრიგოლ ვაშაძეს ამ სკანდალის გამო სერიოზული პრობლემები ელოდება. მალე ნახავთ, მას სულ სხვა საბაბით გაათავისუფლებენ თანამდებობიდან. თუმცა, ეს ახლახან აგორებული სკანდალის ლოგიკური შედეგი იქნება. აბა, ჩემზე უკეთ ვინ იცის, რომ ამ ტიპის აღიარებებს და თუ გნებავთ, გულუბრყვილო განცხადებებს, სააკაშვილი და მისი გარემოცვის მებრძოლი შემადგენლობა არავის აპატიებს.