მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
18-03-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
წერილების ომი

ჯერ ოცდასამმა დეპუტატმა მოგვწერა, მერე იყო უსუფაშვილის პასუხი, მერე ივანიშვილმა გრძელი ახსნა-განმარტება გამოაცხო (ისეთი გრძელი, რომ მე ძლივს გავედი ბოლოში) და იმავე დღეს მოვიდა ევროპიდან პასუხთა პასუხი. ამ პროცესს ქართულ მედიაში უკვე უწოდეს "წერილების ომი" - "ქართული ოცნება" "ევროპის სახალხო პარტიის წინააღმდეგ". მოკლედ "ოცნებას" ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა: აქეთ "ნაციონალები" ესხმიან თავს, იქიდან - "ნაციონალთა" მეგობარი ევროპელები. მე მაინც  ვფიქრობ, რომ დრო იყო! დიახ, ვინც რა უნ
და თქვას და დრო იყო, "ქართულ ოცნებას" "ევროპის სახალხო პარტიისთვის" მკაცრი პასუხი გაეცა. ასეთი ევროპელები პირველად ვნახე (ვერ დავიჩემებ, რომ ბევრი მინახავს):

სულ არ ადარდებდათ 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, სასამართლოსა და პრესის დამოუკიდებლობის შეზღუდვა, ადამიანების წამება და ახლა გვიკიჟინებენ: დემოკრატიას საფრთხე დაემუქრაო.

გასაგებია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მათი წევრია, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! სასამართლოს არ შეეხოთო, საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელი არ ახლოთო. რა გამოდის: ყველაფერს, რაც დემოკრატიის საფუძვლად ითვლება, ისევ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა აკონტროლებდეს. მიკვირს, როგორ მოახერხა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა და რომლის ლიდერები დღეს უმძიმეს დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილნი, ქვეყნის გარეთ "დემოკრატიის შუქურის" იმიჯის შექმნა? თან ეს იმიჯი ისეთი მყარი აღმოჩნდა, "ქართულ ოცნებას" მის დასანგრევად  შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდეს, ვიდრე არჩევნებში გასამარჯვებლად დასჭირდა. თუმცა ეს მიზანიც მისაღწევია და ამ გზაზე მარტო ბოდიშებით ვერაფერს გახდება. გასაგებია, რომ ევროპაა, გასაგებია, რომ ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება ის, ვიდრე ჩვენ - მას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უსამართლო კრიტიკა მოითმინო, ზოგჯერ სიმტკიცის გამოჩენაც საჭიროა. ამიტომაც
მივესალმები "ოცნების" ამ საქციელს.

დაუჯერეთ ვანოს!

ვანო მერაბიშვილმა გასულ პარასკევს ეპოქალური სიტყვები თქვა: "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა, ესწავლა ჩვენს შეცდომებზე, ამიტომ მოუწევს, საკუთარზე ისწავლოსო. ბატონი მერაბიშვილი პირველ რიგში პოლიციაში დაუსჯელობის სინდრომის გაღვივებას გულისხმობდა.

მან და მთელმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ცხვირი სწორედ მაშინ წაიტეხეს, როდესაც გადაწყვიტეს, რომ პოლიციელების დაცვა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მათი დასჯა კანონდარღვევის გამო. ასე მოხდა რობაქიძის საქმეზე, ასე მოხდა გირგვლიანის საქმეზეც. ისინი რიგითი თუ მაღალი რანგის პოლიციელებისთვის ხელის დაფარებას ცდილობდნენ. ამან კი, ფაქტობრივად, ბოლო მოუღო რეჟიმს.
ღვთის მადლით, ჯერჯერობით ახალი ხელისუფლების ხელში ახალი "გირგვლიანი" და "რობაქიძე" არ მომხდარა, მაგრამ პოლიციისთვის ხელის დაფარების ფაქტები უკვე გვაქვს. ყბადაღებული გუნავას საქმე ამის მხოლოდ ერთი მაგალითია. მას იარაღის ტარებისა და ნარკოტიკების შენახვის ბრალდება მოუხსნეს, არ დაუმტკიცდაო, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, პოლიციამ ჩაუდოო, არც ეს მტკიცდებაო. პოლიციელები პროცედურული გადაცდომების გამო სამსახურიდან გავუშვითო, თუმცა ამ პოლიციელების გვარებს არ ასახელებენ, რომ ჟურნალისტებმა შევამოწმოთ, მართლა გაუშვეს თუ არა. თუმცა რომც გაეშვათ, ეს არაფერს ცვლის. იარაღის და ნარკოტიკის ჩადება გაცილებით მძიმე დანაშაულია და ამ დროს საკმარისი არ არის სამსახურიდან გათავისუფლება, მაგრამ ამას ვერ ვუმტკიცებთო. ეს ხომ სასაცილოა! აბა, იარაღი და ნარკოტიკი თავისით მოფრინდა? კაცს თუ არ ჰქონდა და მისთვის არც არავის ჩაუდვია, მაშ, საქმეში როგორ გაჩნდა? ფეხი აიდგა და თავისით მოვიდა?

გუნავას საქმეს დაემატა გურჯაანში მომხდარი ფაქტი, რომლის შესახებ უკვე პირადად პრემიერ-მინისტრს ჩემმა კოლეგამ, გელა მთივლიშვილმა პრესკონფერენციაზე მოახსენა. საქმე პოლიციაში ორი ადამიანის ცემას ეხება. ცნობილია იმ პოლიციელთა გვარებიც, ვინც ეს ჩაიდინა, მაგრამ არანაირი რეაგირება! ახლა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჩააყენეს საქმის კურსში, იქნებ ვინმეს მოსთხოვონ პასუხი, მაგრამ ფაქტს რომ წაუყრუეს, ამას ვერსად გავექცევით.

თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ისევ  მოჯადოებულ წრეზე ვიტრიალებთ, ისევ მივიღებთ თავნება ხელისუფლებას, პოლიციას, რომელიც კანონზე მაღლა დგას. როდესაც მიხვდებიან, რომ პოლიციელებისთვის ხელის დაფარება არა მარტო ქვეყანას,  არამედ მათაც ღუპავს, მერე გვიან იქნება. ეს ყველაზე უკეთ ვანომ იცის, ამიტომ დაუჯერეთ მას და ისწავლეთ მის შეცდომებზე.

ქარიშხალი ჭიქაში

თუ რამეს შეიძლება ეწოდოს "ქარიშხალი ჭიქაში", ეს წინა კვირას აგრარული უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.

ჩემი აზრით, ორივე მხარე, უბრალოდ, ვირზე შეჯდა და იქიდან ჩამოსვლა არ სურდა, თორემ რა პრობლემა იყო უნივერსიტეტისთვის ერთი-ორი ხარვეზის გამოსწორება, ან რა საჭირო იყო ასეთი სიმკაცრის გამოჩენა და მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებლისთვის ავტორიზაციის გაუქმება?
მიეცათ დრო და ასეთ სკანდალსაც ავცდებოდით. მაგრამ არა, ყველაფერი გაართულეს! ერთმა არ გაასწორა, მეორემ ვადა არ გაუგრძელა და მივიღეთ პოლიტიკური პროცესი, რომელიც მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" თუ აძლევს ხელს: სტუდენტები ქუჩაში გამოვიდნენ, ჩვენ კი მთელი კვირა ვილაპარაკეთ იმაზე, რაც სალაპარაკო არ უნდა გამხდარიყო. ახალ ხელისუფლებას უნივერსიტეტის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით ბრძოლა დაჰბრალდა, კახა ბენდუქიძე  დაჩაგრულის როლში მოგვევლინა, ყველაფერი კი მილენიუმის პროგრამით დაიწყო, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნას ითვალისწინებს. ამ პროექტში ამერიკელები ლამის ორას მილიონს დებენ. დაფინანსების რაღაც ნაწილს ის ქართული უნივერსიტეტი იღებდა, რომელიც ამ საქმეში ამერიკელების პარტნიორი იქნებოდა. სააკაშვილმა ასეთ პარტნიორად ბენდუქიძე დაასახელა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი მარგველაშვილმა ის ამ პროგრამიდან ამოაგდო, როგორც მითხრეს, იმ მოტივით, რომ ჯობდა, ეს ფული არა კერძო, არამედ სახელმწიფო სასწავლებელს მიეღო. როგორი გადასატანი იყო ბენდუქიძისთვის ამერიკული მილიონების დაკარგვა. სწორედ აქედან დაიწყო მისი და მარგველაშვილის დაპირისპირება. არის ვერსია, რომ ეს სკანდალი ბენდუქიძის შურისძიება იყო. ამ ვერსიის თანახმად, ბენდუქიძემ სპეციალურად არ შეასრულა მონიტორინგის ჯგუფის აღმოჩენილი დარღვევები და საქმე მიზანმიმართულად მიიყვანა აქამდე, რომ მერე ხმაური აეტეხა, თუმცა ბუნებრივია, ძნელია, რაიმე გადაჭრით ამტკიცო.

კვირის ბოლოს პრობლემა თითქოს მოგვარდა, მაგრამ რაღა აზრი აქვს? ხელისუფლებას მინუსი უკვე დაეწერა. სტუდენტების ნაწილი მის წინააღმდეგ განეწყო.
12333
26 მარტი 2013 15:04
აუ ამ ბიძინას ნუ ეფოფინებით რა ამ კომენტარებში უკვე შემაჯავრეთ თქვენი კერფთაყვანისმცემლობით ეს მთავრობა რა მართლა პინგვინები ხართ
nia
21 მარტი 2013 00:04
ივანიშვილმა გრძელი ახსნა-განმარტება გამოაცხო (ისეთი გრძელი, რომ მე ძლივს გავედი ბოლოში...

უკაცრავად მაგრამ ამას ჟურნალისტური არაკორექტულობა ქვია თუ ადამიანური
levani
20 მარტი 2013 10:59
"ყველაფერი კი მილენიუმის პროგრამით დაიწყო, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნას ითვალისწინებს. ამ პროექტში ამერიკელები ლამის ორას მილიონს დებენ."

აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული!!!

განა რუსეთი (რომლისთვისაც, მისივე პრეზიდენტის სიტყვებით, ეს ქვეყანა და საბჭოთა კავშირი სინონიმებია) ნებას გვაძლევს, რომ კურსი დასავლეთისაკენ იქნეს აღებული, მით უფრო როცა საქმე ახალგაზრდობას ეხება?!

რედაქტორის რჩევით