ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

"ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან?!"

აგრარული უნივერსიტეტის გარშემო დატრიალებულმა მოვლენებმა ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ამოიტანა ზედაპირზე, რომლის შესახებაც თითქოს ყველამ ვიცოდით, მაგრამ რომლისთვისაც "კოჰაბიტაციის" პროცესში ჩაძირულებმა, ვერ მოვიცალეთ: საქმე ის გახლავთ, რომ ყველაზე მძლავრად ფესვი "ნაციონალებმა" სწორედ განათლების სისტემაში გაიდგეს. მათი ტაქტიკა შემდეგი გახლდათ: უმაღლესი განათლების ერთი დიდი სეგმენტი მთლიანად დაიქვემდებარეს "ილიაუნის" თუ იმავე აგრარული უნივერსიტეტის ორბიტაზე მოტრიალე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სახით და იქ ცდილობენ შექმნან ღრმად იდეოლოგიზირებული ექსპერიმენტული ლაბორატორია, სადაც ახალი ჯიშის პროდუქტს, ე.წ. "ნაციონალ-ლიბერტარიანულ", მკაცრად ორგანიზებულ მოქალაქეს გამოიყვანენ, რომელიც მათი "გურუს" ერთი ხელის დაქნევაზე მზად იქნება, "ნაციონალებისთვის" ჩვეული სიძულვილით შეესიოს და გაანადგუროს საზოგადოების მისთვის მიუღებელი ნაწილი.

სწორედ ამ ექსპერიმენტულ ლაბორატორიებშია "ნაციონალური" იდეოლოგიის მუდმივობის საიდუმლო და არა კონსტიტუციაში ჩადებულ გარანტიებსა და საზოგადოებისთვის მიუღებელ დღევანდელ სახეებში. უმაღლესი განათლების სისტემის დანარჩენი ნაწილი, რამდენიმე კერძო უმაღლესი დაწესებულების გარდა, უბრალოდ გაანადგურეს, რათა მან ვერ და არ იტვირთოს ღია, განათლებული, წარმატებული, თანამშრომლობაზე და არა დაპირისპირებასა და თვითგანადგურებაზე ორიენტირებული მომავალი თაობების აღზრდის ფუნქცია.

სწორედ ამიტომ, განათლების სისტემის რეფორმირება არის ის უმთავრესი პრობლემა, რომლის მოგვარებითაც დღევანდელი ხელისუფლება უნდა დაკავდეს, თუ მას მართლაც ანაღვლებს ამ ქვეყნის მომავალი. "ნაციონალებმა" განათლების სისტემის "იღლიაში ამოდებით" 5, 10 თუ 20 წლით წინ გაიხედეს. გასაგებია, რომ ახალი ხელისუფლება არ სწყალობს ანალიტიკურ და სტრატეგიულ ხედვებს და მათი მართვის სტილი, სამწუხაროდ, უფრო ოპერატიულია, ვიდრე მომავალზე ორიენტირებული, რადგან ამ ეტაპზე მიიჩნევენ, რომ უახლოესი ეტაპის ამოცანა "ნაციონალური" რისკების განეიტრალებაა. მაგრამ სწორედ ამ ახლომხედველობის გამო, მთავარ, დროში გაწერილ რისკებს ვერ ხედავენ. სპონტანური ქმედებები რომ არასწორი და უშედეგოა, ეს "აგრარულთან" დაკავშირებულმა სახელისუფლებო გადაწყვეტილებებმა ნათლად გამოკვეთა:

როგორ უნდა მოახერხო, რომ ბენდუქიძესთან ბრძოლაში სტუდენტობა ბენდუქიძის მხარეს აღმოჩნდეს და არა შენ გვერდით, რომელთანაც უპირობოდ დიდი მორალური და ზნეობრივი უპირატესობაა, აღარაფერს ვამბობ საზოგადოების მხარდაჭერაზე.

და მით უმეტეს არ შეიძლება სტუდენტების "იმათად" და "ჩვენად" დაყოფა და ერთმანეთზე წაკიდება - ეს ყველაზე დიდი ამორალობაა. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ზომბირებულია სტუდენტი თუ მართლაც ზედმიწევნით გონიერი და გულწრფელი - სტუდენტებთან დაპირისპირება მომავალთან დაპირისპირებაა ყოველთვის. ხელისუფლების მოვალეობაა, არ დაუშვას მომავალ თაობებზე ექსპერიმენტების ჩატარება და მათი ზომბირების მცდელობა. განათლების დღევანდელმა მინისტრმა, თავისი ინტელექტითა და გამოცდილებით, უნდა უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც მას განათლების სისტემაში დახვდა: გასაგებია, რომ მიმდინარე კოჰაბიტაციის ფარგლებში რეფორმის დაჩქარებული ტემპით გატარება შეუძლებელია, მაგრამ მზადება სისტემური ცვლილებებისთვის აუცილებელია.

უნიტარიზმიდან ფედერაციამდე?!

"ნაციონალური" დღის წესრიგის გამო ყურადღების მიღმა გვრჩება ისეთი უმნიშვნელოვანესი პროცესიც, როგორიც არის ახალი ხელისუფლების მიერ ინიცირებული დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების პრინციპები, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მოწყობის გლობალურ ცვლილებებს და ადგილობრივი თვითმმართველობის რეალურ არჩევითობას გვთავაზობს. ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმა ითვალისწინებს ფუნქციების, უფლებებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას ცენტრიდან ქვემოთ, მმართველობის ქვედა დონეებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმის შედეგად ხალხი უშუალო სიახლოვეში იგრძნობს საკუთარი არჩევანის სისწორეს ან პირიქით - შეცდომას. როცა მისი სოფლის საბჭო თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო მის მიერვე იქნება არჩეული და მათზე გადავა ძალიან ბევრი ადგილობრივი მნიშვნელობის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების უფლებამოსილება, ეს ამომრჩეველს საშუალებას მისცემს, ყოველდღიურ ყოფაში იხილოს, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ არჩევანს.

მაგრამ ხელისუფლების ეს ინიციატივა ითვალისწინებს ქვეყნის ფაქტობრივად ახლებურ ტერიტორიულ მოწყობასაც და აქ ჩნდება მთავარი პრობლემა, რადგან ვფიქრობთ, რომ ასეთ მოკლე დროში მისი გადაჭრა შეუძლებელია. საუბარია იმაზე, რომ არსებული მუნიციპალური ერთეულების საზღვრები შეიცვალოს და არსებული დასახლებების ერთობლიობიდან ჩამოყალიბდეს ახალი თვითმმართველი ერთეულები - თვითმმართველი ქალაქები და თემები. შესაბამისად, როგორც პროექტში წერია, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე უნდა  დადგინდეს ახალი ერთეულების დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და ა.შ. ჩარჩოები. ანუ ძალიან ბევრი პროცესია ისეთი, რაც ერთ წელიწადში შეუძლებელია სერიოზული დარღვევებისა და ლაფსუსების გარეშე მოესწროს. მესმის და უკრიტიკოდ ვიღებ იმას, რომ არჩევითი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მაგრამ მეორე მხრივ, არის კი აუცილებლობა იმისა, რომ მუნიციპალური ერთეულების ფარგლები შეიცვალოს? თანაც მთავრობის ამ ინიციატივის თანახმად, მუნიციპალიტეტების ზუსტი ნუსხის და საზღვრების შესახებ დოკუმენტების შემუშავება და დამტკიცება დაგეგმილია 2014 წლის მარტისათვის. არსებული კანონმდებლობით არჩევნები უნდა ჩატარდეს 2014 წლის მაისში. ორ თვეში როგორ უნდა მოესწროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება, სრულიად ახალი ტერიტორიული მოწყობის მქონე ქვეყანაში? თუკი იცვლება მუნიციპალური ერთეულების საზღვრები, ორ თვეში როგორ უნდა შეძლო ახლად ჩამოყალიბებული ტერიტორიული ერთეულის ფარგლებიდან კანდიდატურების შერჩევა, წამოყენება და შემდეგ საარჩევნო კამპანიის წარმოება? - ეს ხომ სრულიად წარმოუდგენელია.

გარდა ამისა, ახალ კონცეფციას აქვს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - სამხარეო დაყოფა, რომელიც ყოველთვის ბევრ კითხვის ნიშანს ბადებდა, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, სადაც გყავს მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", რომლებიც ცდილობენ ცარიელ ადგილზე შექმნან პრობლემები ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. წარმოვიდგინოთ, რომ ჯავახეთი იყოს ცალკე მუნიციპალური ერთეული და შემდეგ მხარის წარმომადგენლობითმა ორგანომ მიიღოს ქვეყნის დეცენტრალიზაციისკენ მიმართული არაკანონიერი მოთხოვნები, მაშინ რას ვაკეთებთ?! ამ რისკებს ითვლის რეფორმის ხელდახელ მოწადინე საქართველოს მთავრობა?! დამანგრეველი არ აღმოჩნდეს ქვეყნის დეცენტრალიზაციის ხელაღებით და დაჩქარებულ დროში ჩატევა. მით უმეტეს, ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე უნდა გაიმიჯნოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეალური არჩევითობის საკითხი და ქვეყნის დეცენტრალიზაციის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის თემა. ანუ შევიტანოთ შესაბამისი ცვლილებები კანონში და 2014 წლის მაისში არსებული მუნიციპალური ერთეულების ფარგლებში ავირჩიოთ რეალურად დამოუკიდებელი და თვითმმართველი ადგილობრივი ორგანოები შესაბამისი საბიუჯეტო-ფინანსური უზრუნველყოფით. პარალელურად კი დავიწყოთ ფიქრი უფრო მასშტაბურ რეფორმაზე, რომელიც, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, შემდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განხორციელდება.